„საქართველოს რკინიგზა“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს
„საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს. როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებებით ახალი შემადგენლობა ემატება, ხოლო თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით - სხვადასხვა კლასის ვაგონები.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 13 აპრილიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№878/877) თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე.
ოთხ ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:15 საათზე, ზუგდიდან გამოვა 19:15 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.
ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653 და №12/11) მიმართულებით, ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები.
ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.
თბილისი მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლებს
19 აპრილს თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეექვსედ უჭერს მხარს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას. თბილისის მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც 18 ქართველი დიზაინერი აუდიტორიას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა: Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London), რომლებიც ქართველი დიზაინერების კოლექციებსა თუ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაეცნობიან. კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ლაზეთი, ვოგი და ლევანტო.
საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოში, შპს „ჯეო-ემ- ტექსში“ დიზაინერ მარიამ გვასალიას ჩვენებაც შედგა, რამაც მნიშვნელოვანდ შეუწყო ხელი ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის ცნობადობის ზრდასა და იტალიელ ბაიერებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ, რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება.
თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ირანიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ირანის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ძლიერი ქარი თბილისში
თბილისს ესტონეთის კულტურის მინისტრი სტუმრობს
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ცვლილებები მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში
თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. განახლებული ცენტრი დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. სმენადაქვეითებული ადამიანები საინფორმაციო მონიტორით ისარგებლებენ. ასევე, მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი, უსინათლო მოქალაქეებისათვის სივრცის რუკა, ასევე ადაპტირებული ოპერატორის მაგიდები.
მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ. გარდა ამისა, დაწყებულია ელექტრონული მომსახურების დანერგვა და უახლოეს პერიოდში ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
ასევე, იზრდება სამუშაო საათები და ცენტრი მოქალაქეებს 09:00- დან 20:00 საათამდე მოემსახურება. განახლებული ცენტრი შაბათსაც, 10:00 - დან 14:00 საათამდე იმუშავებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის მომსახურების გამარტივებული პრინციპით მიწოდებას გულისხმობს. აქ არის თავმოყრილი ყველა ძირითადი სერვისი, როგორც დოკუმენტაციის ჩაბარების და მიღების, ასევე, სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდების კუთხით. აქ იქნება განლაგებული ყველა მნიშვნელოვანი სამსახური, მათ შორის, თბილისის ადვოკატი, ქონების მართვის სამსახური, არქიტექტურის სამსახური. მნიშვნელოვანია ის, რომ სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ ადრე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობდა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს და დამატებით იმუშავებს ასევე შაბათ დღეს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, რათა მეტ მოქალაქეს მოვემსახუროთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, მერიაში ახალი წლიდან დაინერგა (MSDA) დოკუმენტბრუნვის ახალი, ელექტრონული პროგრამა, რამაც შეამცირა მოქალაქეების მომსახურების ტრანზაქციის ხანგრძლივობა და განახლებულ ცენტრში ფიზიკური და იურიდიული პირები სწრაფი სერვისის მიღებას შეძლებენ. მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი მოქალაქეებს ხვალიდან მოემსახურება.
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი 2008 წლის შემდეგ, პირველად განახლდა. ცენტრში
ამორტიზებული იყო ინტერიერი, დარღვეული იყო მომსახურების სტანდარტები, არ იყო ადაპტირებული შშმ პირებისათვის და ისინი ვერ ახერხებდნენ სერვისების სრულყოფილად მიღებას.
თბილისმა კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიამ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს, "კოლხეთის თასს" უმასპინძლა K-1 დისციპლინაში. "კოლხეთის თასი" საქართველოში მე-5 ჩატარდა. შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა და მათი საერთაშორისო სარბიელზე, პრესტიჟულ ტურნირებზე მივლინებაა, სადაც ისინი ტიტულოვანი სპორტსმენების წინააღმდეგ იბრძოლებენ.
"კოლხეთის თასის" გათამაშების ფინალურ ორთაბრძოლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის და რუსეთის კიკბოქსიორებმა. ტურნირის შესარჩევი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს კი დასკვნითი ორთაბრძოლები გაიმართა და ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენები გამოვლინდა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:" სასიხარულოა, რომ საქართველო არაერთ საერთაშორისო ტურნის მასპინძლობს. ბოლო პერიოდში დაიწყო კომერციული ტურნირების ჩატარებაც, რაც სპორტის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან სპორტული ტურიზმისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია. ასეთი ტურნირები ჩვენი გულშემატკივრისთვის ახალი, საინტერესო სანახაობაა. თავად სპორტსმენებს კი საშუალება აქვთ საქართველოში თავის გამოჩენის შემდეგ, ძალები საზღვარგარეთ მოსინჯონ და დიდი გამცდილებაც მიიღონ".
თბილისში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
უბედური შემთხვევა თბილისში. რამდენიმე საათის წინ რკინიგზაზე დიდუბე-ავჭალის გადასასვლელთან შუახნის მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი, ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისში ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ინდოეთის მოქალაქე გ.მ.-ს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N31-ში მდებარე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში შეჰყვა, სადაც დაზარალებულმა 100 აშშ დოლარი შესაბამისი ოდენობის ლარზე გადაცვალა. გამოსვლისას ე.მ. მას უკან გამოჰყვა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება, პიროვნების დადგენა და დაკავება.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).