შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 10:49

საქართველოას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს „Baikal MP-654“-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი, დანა და „Haenel Shmeiser“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას მიეკუთვნება და სასროლად ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 22:31

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს. დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კობიაშვილმა 18 ხმა მიიღო, რევაზ არველაძემ - 15, ხოლო მამუკა კვარაცხელიამ - 0.
„ძალიან ვნერვიულობ... ემოციური წუთებია... ალბათ, დაახლოებით იგივეს ვგრძნობდი, როცა პირველად მივედი ფეხბურთზე, როდესაც თქვენ, ბატონო საშა ეროვნულ გუნდში მიმიწვიეთ და პირველად ვითამაშე ნაკრებში... მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ასევე მადლობელი ვარ ჩემი კონკურენტების - რევაზ არველაძის, მამუკა კვარაცხელიასი... ეს მხოლოდ ჩემი ან ჩემი გუნდის გამარჯვება არაა, პირდაპირ ვიტყვი - ეს ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა! ვიმედოვნებ, დღევანდელი დღე იქნება ათვლის ის წერტილი, რომლითაც ჩვენი ფეხბურთი წინსვლას დაიწყებს", - ასეთი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი, რიგით მეექვსე პრეზიდენტის პირველი კომენტარი.
სფფ-ს რიგით XXIV საარჩევნო ყრილობას სასტუმრო „ჰოლიდეი ინმა" უმასპინძლა. დელეგატთა რეგისტრაცია დილის 10 საათზე დაიწყო, უშუალოდ არჩევნები კი საათით გვიან, 11 საათზე უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ყრილობა 8 საათის დაგვიანებით, 19 საათზე დაიწყო. ამის მიზეზი არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი დელეგატის, ინვალიდ-ამპუტანტთა ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლის გერმანე (გეგა) გობეჯიშვილის გუშინდელი დაკავება გახლდათ.
პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რევაზ არველაძემ და არჩევნებში მონაწილე კიდევ რამდენიმე დელეგატმა სახელდახელო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სანამ სიტუაციას ნათელი არ მოეფინებოდა და გერმანე გობეჯიშვილი არჩევნებზე არ გამოცხადდებოდა, ისინი ყრილობის მუშაობაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებდნენ. იმ დროისთვის 35 დელეგატიდან 18 იყო რეგისტრირებული.
სიტუაციის დარეგულირებას სპეციალურად სადღეისოდ საქართველოში ჩამოსული უეფას წარმომადგენლები ცდილობდნენ, მათ შორის უეფას ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გრიგორი სურკისი. მისი ძალისხმევით, დაძაბულობა განიმუხტა და რამდენიმესაათიანი დაგვიანების შემდეგ ყრილობაც დაიწყო.
უშუალოდ ყრილობაზევე, ბატონი სურკისის რეკომენდაციით, კენჭი უყარეს კიდევ ერთ, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების საკითხს. ამ ორი რეგიონული ფედერაციის დელეგატები, შესაბამისად კახაბერ ებრალიძე და გია შარაბიძე, საარჩევნო ყრილობის დელეგატთა წინასწარ, 35-კაციან სიაში იყვნენ, თუმცა კენჭისყრის შემდეგ მათ ხმის უფლება ჩამოერთვათ.
პრეზიდენტობის კანდიდატთა 15-წუთიანი მოხსენებების შემდეგ, ხმის მიცემის პროცერდურა დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 33-დან 18 ხმა მიიღო. რევაზ არველაძეს 15-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მამუკა კვარაცხელიას - არავინ.
ნოდარ ახალკაცის, მერაბ ჟორდანიას, ნოდარ ახალკაცი უმცროსის, გიორგი ნემსაძის და დომენტი სიჭინავას შემდეგ ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეექვსე პრეზიდენტია. შეგახსენებთ: ლევან კობიაშვილი წლების განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ გუნდში და ის დღემდე ერთადერთია, რომელმაც ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის მაისურა 100-ჯერ მოირგო.
XXIV საარჩევნო ყრილობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩივაძემ დასასრულს დელეგატებს შეახსენა, რომ წლის ბოლომდე გაიმართება კიდევ ერთი ყრილობა, სადაც არაერთი საკითხი განიხილება, იმავდროულად კი სფფ-ს ახალი აღმასრულებელი კომიტეტიც დამტკიცდება.

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 10:23

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 2 ოქტომბერს, შემდეგ რაიონებში დროებით შეიზღუდება:

 

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერჩულეს, თელეთის, ცურტაველის, ქუმსიაშვილის და ხუციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის დასახლების, მინდელის, საირმის და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ევდოშვილის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, კონიაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის, მოლოკოვის და ჯავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 15 საკითხი განიხილეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:35

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.

დეპუტატებმა კომისიაში შემოსული კორესპოდენციები მიმოიხილეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტებს გაეცვნენ.

დღესვე კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის, შესახვევისთვის და ჩიხისთვის ახალი სახელების მინიჭებას.

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სულ 15 ქუჩისთვის ახალი სახელების დარქმევის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხების ბიუროსა და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას დაუჭირეს მხარი.

დასასრულს, კომისიის წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომისთვის მოსამზადებელი 10 საკითხის თაობაზე იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

ძლიერი სეტყვა თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 16:04

ამ წუთებში თბილისში ძლიერი სეტყვაა. საბურთალოს რაიონში რამდენიმე წუთის წინ ძლიერი წვიმა დაიწყო, ახლა კი სეტვაა. ჯერ უცნობია რა ზარალი მიაყენა სეტყვამ დედაქალაქს. newsday.ge  დეტალებს არკვევს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილებიც დააყადაღა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:19

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილებიც დააყადაღა. შპს ტელეკომპანია საქართველო ტელეკომპანია რუსთავი2-ის 51-პროცენტიანი წილის მფლობელია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ, განაცხადა, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისება იგეგმებოდა.

კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები ტელეკომპანია საქართველოში მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის, გადაცემას გეგმავდნენ.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია, დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია რუსთავი2-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.

"მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი, ეს იყო ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა, ხოლო მეორე და უმთავრესი მიზანი ტელეკომპანიარუსთავი2-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო.

"სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა რუსთავი2-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა.

"როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებული იქნა რუსთავი2-თვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე," - განაცხადა პაატა სალიამ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის 51-პროცენტიანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოსგაყიდვის შესახებ ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოს მფლობელებმა გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა 100-პროცენტიანი წილი დიმიტრი ჩიქოვანს 400 ათას დოლარად მიჰყიდეს.

ჩიქოვანი თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას, ტელეკომპანია საქართველოს კუთვნილ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ში 6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიცია/ფინანსირება განეხორციელებინა.

rustavi2.com

თბილისის ჯაზ-ფესტივალი 23 ოქტომბერს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 13:40

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, და „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორ გიორგი კერესელიძესთან ერთად რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის პრესკონფერენციას დაესწრო. თბილისის ჯაზ-ფესტივალში, რომელსაც 23-29 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

„თბილისის მერია მიესალმება დედაქალაქში ასეთი სახის ფესტივალების  ჩატარებას. ჯაზ-ფესტივალის სტუმრები, წელსაც, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები იქნებიან. გარდა იმისა, რომ ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი დედაქალაქისთვის, ასევე, ეს ყველაფერი დადებითად აისახება თბილისის საერთაშორისო იმიჯის შექმნაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ წელსაც  გამოვთქვამთ მზაობას, ვითანამშრომლოთ კულტურის სამინისტროსთან და ხელი შევუწყოთ თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის ჩატარებას.“ - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ.

წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის, რომელიც პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს ახალი ალბომიდან „Wallflower“ შეასრულებს. მორიგ საკონცერტო დღეს კი, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით, ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი წარდგება.

„მინდა, ყველას მივულოცო ჯაზ-ფესტივალის მოახლოება. წლებია, ეს ფესტივალი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟულია, არა მხოლოდ ჯაზის, არამედ, ზოგადად, მუსიკალური ფესტივალების ოფიციალურ კალენდარში. წელსაც , ტრადიციულად,  გამორჩეული მონაწილეები არიან. სხვადასხვა ფორმატის კონცერტები როგორც დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე საკლუბო სივრცეში გაიმართება“,  - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის 6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე იქნებიან : მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და  ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.

დედაქალაქის მერიასთან ერთად, ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  ისრაელის საელჩო საქართველოში და თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS. 

საკრებულოს დელეგაციამ ტურიზმის განვითარების თემაზე შეხვედრა ჯონ პირცისთან გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 12:35

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციამ, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქ  ბრისტოლში ვიზიტით იმყოფებოდა, ქალაქის ტურიზმის განვითარების თემაზე შეხვედრა „დესთინეიშელ ბრისთოლის“ დირექტორთან  ჯონ პირცისთან გამართა.

ჯონ პირცმა ქართული დელეგაციის წევრებთან -  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მალხაზ მჭედლიშვილთან, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან ნუგზარ მალაღურაძესთან,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთნ ქეთევან ჯოხაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კობა კობალაძესთან ბრისტოლში ტურისტების მოზიდვის მეთოდებზე ვრცლად ისაუბრა.

კერძოდ, მოუთხრო ვებ-გვერდზე, სადაც ბრისტოლის შესახებ სრული ინფორმაციაა განთავსებული.  ასევე აცნობა, რომ ბრისტოლში ჩატარდა კვლევა და გამოვლინდა ქვეყნები და ქალაქები, საიდანაც  ბრისტოლში მეტი ტურისტი ჩადიოდა.

„ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა, რათა ბრისტოლსა და ამ ქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისთვის მიგვეღწია. ამ ეტაპზე ჩვენ 12 ქალაქთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვაქვს. შედეგად მათ აქ  თავიანთი წარმომადგენლობები გახსნეს და  ტურისტული თანამშრომლობა ამ ქალაქებთან მნიშვნელოვნად გააქტიურდა“, - განაცხადა ჯონ პირცმა.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში ასევე არსებობს ფონდი, სადაც ტურიზმის ბიზნესით დაინტერესებული ორგანიზაციები და პირები ტურიზმის განვითარებისთვის შემოწირულობებს აკეთებენ.

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეუწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 15:03

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც  "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განაცხადეს,, საბურთალოს რაიონში, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, კარტოზიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მ2-ის ტერიტორიასთან გამავალ საშუალო წნევის დ-450 მმ გაზსადენზე, ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება შევარდენიძის, საბურთალოს ქუჩის 57-67 კორპუსების, ყაზბეგის გამზირის 18, 20, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზირის 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხის #3, 5, ვ.ფშაველას I შეს. 7, 9-ში მდებარე კორპუსების, ნუცუბიძის ქუჩის 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის 9/7-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. 

ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: ვაჟა-ფშაველას გამზირზე - რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, საბურთალოს ქუჩაზე - სასტუმრო ,,ბატესტას", ასათიანის ქუჩაზე მდებარე დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სხვა; სულ 3200-მდე აბონენტს. 

გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოს დასრულებისთანავე.

11.00 საათიდან 17.00 საათამდე, ლილოს დასახლებაში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #351-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება ლილოს დასახლების I კვ-ში 5, 15, 16, II კვ-ში 1, 2, 3, 4, 5, 8, 10, 11, 12, IV კვ-ში 1, 2, 5, 6, 7, 10, 12, 13, V კვ-ში 1, 2 კორპუსების, ლილოში - ფრანგულიანის და ორახელაშვილის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს. სულ 2000-მდე აბონენტს. 

გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე. 

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისათვის და მოუწოდებს მოსახლეობას გაზმომარაგების აღდგენამდე ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

 

თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვების განახლებული რაციონი შემუშავდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 10:28

ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღისათვის, სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ, ბავშვთა კვების განახლებული რაციონი შემუშავდა. აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი მენიუ, გასულ წლებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი იქნება და ყველა იმ საჭირო საკვებ პროდუქტს მოიცავს, რაც ბავშვის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის იქნება აუცილებელი. ასევე, გასულ სასწავლო-სააღმზრდელო წელთან შედარებით, საკვები რაციონის შემადგენლობა 300 კილო კალორიით გაიზარდა. განხორციელებული რეფორმით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, ბავშვთა კვება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის # 78-ე დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მაქსიმალურად მოვიდა.

 ახალი მენიუსთვის საჭირო საკვები პროდუქტების შესყიდვა, წელს, ელექტრონული ტენდერების საშუალებით განხორციელდა, რაც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიწოდებული პროდუქციის მონიტორინგს გაუმარტივებს და აღსაზრდელებს უხარისხო საკვების მიღებისგან დაიცავს. წინა წლებში საჯარო ბაგა-ბაღებისთვის პროდუქტების შეძენა ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე ხდებოდა.

„უკვე მესამე კვირაა, რაც ბაღებში აღნიშნული რეფორმა ხორციელდება. კვების რაციონი გახდა კალორიული დარაც მთავარია მრავალფეროვანი, ბავშვს აქვს არჩევანის საშუალება.ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესს, რამდენად მოსწონთ აღსაზრდელებს ახალი მენიუ, რა რაოდენობის საკვების ათვისება ხდება, გაზრდილი კალორიულობისდა საკვების მრავალფეროვნების ფონზე. ასევე, ვაკვირდებით, თუ რამდენად უმკლავდება ბაღის პერსონალი ახალი რაციონით განსაზღვრული კერძების მომზადებას, მომავალში პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინების მიზნით“ - განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური