განცხადება არ დამიწერია და არც ვაპირებ დაწერას, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 16:10

"განცხადება არ დამიწერია და არც ვაპირებ დაწერას. ეს არის ისევ და ისევ ჭორები, რომელსაც, ალბათ, გარკვეული ძალები შეგნებულად ავრცელებენ. თუმცა, ფაქტი და რეალობა სხვა არის - უფრო მეტი შემართებით და უფრო ენერგიულად ვაგრძელებ მუშაობას," - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, გავრცელებულ ინფორმაციას.

თბილისში გამართული უეფას სუპერთასი უეფამ წლის მატჩად დაასახელა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 11:24

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა საშობაოდ გულშემატკივართა შორის რამდენიმე გამოკითხვა ჩაატარა. ერთ-ერთი მათგანი წლის მატჩს მიეძღვნა: ქომაგებმა 2015 წლის საუკეთესო შეხვედრად „ბარსელონას" და „სევილიას" თბილისური დაპირისპირება აღიარეს!

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა „ბარსელონამ" და ევროპალიგის გამარჯვებულმა „სევილიამ" კონტინენტის სუპერთასი თბილისში 11 აგვისტოს გაითამაშეს. „ბარსელონამ" დამატებით დროში 5:4 გაიმარჯვა!

გარდა იმისა, რომ ეს იყო ყველაზე შედეგიანი მატჩი ევროპის სუპერთასის ისტორიაში, ესპანელების თბილისური დაპირისპირება კიდევ არაერთი რეკორდით აღინიშნა: 3 - სევილიელმა ევერ ბანეგამ მესამე წუთზე სუპერთასის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა; 3 - ესპანურმა კლუბებმა მესამედ გაითამაშეს სუპერთასი. ესეც რეკორდია. საგულისხმოა, რომ სევილია სამივე გათამაშებაში მონაწილეობდა; 3 - „ბარსელონას" ლიდერს ლეო მესის სუპერთასზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. ეს არი ჰაანის, ფრანკი ვან დერ ელსტის, გერდ მიულერის, ოლეგ ბლოხინის, ტერი მაკდერმოტის, რობ რენსენბრინკის და რადამელ ფალკაოს რეკორდის გამეორებაა; 3 - „სევილია" პირველი გუნდია, რომელმაც სუპერთასზე სამგოლიანი ჩამორჩენა გააბათილა; 4 - „ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სუპერთასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო. აქამდე ეს მხოლოდ კარლო ანჩელოტიმ, ხოსეპ გვარდიოლამ და დიეგო სიმეონემ შეძლეს. ამ ოთხი მწვრთნელიდან მხოლოდ ლუის ენრიკეს გაუტანია გოლი სუპერთასის მატჩში - 1997 წელს; 4 - „ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა მეოთხედ მოიგო სუპერთასი და იტალიელი პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა; 4 - ოთხი გოლის გატანის მიუხედავად, „სევილიამ" მაინც წააგო. ასეთი რამ სუპერთასზე პირველად მოხდა; 5 - „ბარსელონამ" მეხუთედ მოიგო სუპერთასი და რეკორდსმენ „მილანს" გაუთანაბრდა; 5 - „ბარსელონა" პირველი გუნდია, რომელმაც ერთმატჩიან სუპერთასზე ამდენი გოლი გაიტანა; 5 - დანი ალვეშმა მალდინის კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა - მეხუთე სუპერთასზე ითამაშა!; 9 - ამდენი გოლი ევროპის სუპერთასის მატჩში პირველად გავიდა; 9 - „ბარსელონამ" მეცხრედ ითამაშა ევროპის სუპერთასზე; 12 - ესპანურმა კლუბმა მეთორმეტედ მოიგო სუპერთასი; 51490 - ერთ მატჩში და ნეიტრალურ მოედანზე გათამაშებულ ევროპის სუპერთასს პირველად დაესწრო ამდენი მაყურებელი.

„ბარსელონა"-„სევილიას" ბრწყინვალე მატჩმა გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების 45% მიიღო. მეორე იყო ლონდონის „ჩელსის" და პარიზის „პარი სენ-ჟერმენის" საგაზაფხულო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა - ხმათა 20%; მესამე ადგილი კი წილად ხვდა მადრიდის „რეალის" და გელზენკირხენის „შალკე 04"-ის პაექრობას ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და გერმანელების 4:3 გამარჯვებით დასრულდა.

UEFA.com-ის გამოკითხვაში 75233 გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა.

UEFA.com
-ის 2015 წლის მატჩი
11 აგვისტო, 2015. ევროპის სუპერთასი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 51490

„ბარსელონა" 5:4 (დდ) „სევილია"
გოლები: 0:1 ევერ ბანეგა (3), 1:1 ლეო მესი (7), 2:1 ლეო მესი (16), 3:1 რაფინია (44), 4:1 ლუის სუარესი (52), 4:2 ხოსე ანტონიო რეიესი (57), 4:3 კევინ გამეირო (72), 4:4 ევგენი კონოპლიანკა (81), 5:4 პედრო როდრიგესი (115)
„ბარსელონა": მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ხერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, ანდრეს ინიესტა (კაპ) (სერხი რობერტო 63), ლუის სუარესი, ლეო მესი, რაფინია (მარკ ბარტრა 78), ხავიერ მასკერანო (პედრო როდრიგესი 93), ჟერემი მატიო
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
„სევილია": ბეტო, ბენუა ტრემულინასი, ადილ რამი, გრჟეგორჟ კრიხოვიაკი, მიქაელ კრონ-დელი, ვისენტე იბორა (ჩირო იმობილე 80), კევინ გამეირო (მარიანო 80), ხოსე ანტონიო რეიესი (კაპ) (ევგენი კონოპლიანკა 68), ევერ ბანეგა, ვიტოლო, კოკე
მწვრთნელი: უნაი ემერი
გაფრთხილება: გრჟეგორჟ კრიხოვიაკი, ჟერემი მატიო, კოკე, ევერ ბანეგა, ჩირო იმობილე, პედრო როდრიგესი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, მიქაელ კრონ-დელი
მსაჯები: უილიამ კოლამი (შოტლანდია); ფრანსის კონორი (შოტლანდია); დემიენ მაკგრათი (ირლანდია)

თბილისში იტალიური კომპანია CINECA-ს სპეციალისტები იმყოფებიან

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 11:06
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მოწვევით, თბილისში იტალიური კომპანია CINECA-ს სპეციალისტები იმყოფებიან. საინფორმაციო პორტალის სისტემის შემქმნელი მეცნიერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ.

საინფორმაციო პორტალი მოიცავს მეცნიერთა რეესტრს, მათ „პროფილებს“ უნივერსიტეტების და ინსტიტუტების სიებს, პროექტებს, გრანტებს, სამეცნიერო შრომების ელექტრონულ რეპოზიტარიუმს (არქივს) და სხვა. საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკის სერვერზე ეს სისტემა უკვე დაინსტალირებულია და ნიმუშისათვის დაწყებულია ქართველი მეცნიერების მონაცემების შეყვანა. სისტემაში ქართველ მეცნიერთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი, რაც ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას უცხოელი პარტნიორებისათვის.

იტალიელი სპეციალისტების მასპინძლობის მიზანია დაზუსტდეს მათთან აღნიშნული სისტემის განვითარებისა და მართვის ზოგიერთი დეტალი. ასევე შეთანხმებულ იქნას ამ პროგრამის საქართველოში სრულფასოვნად ასამოქმედებლად თანამშრომლობის დეტალები. 2016 წელს იგეგმება, რომ სისტემას ანტიპლაგიატის დეტექტირების პროგრამაც გადაებას.

Cineca იტალიური კონსორციუმია. მას ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება წევრი უნივერსიტეტების რექტორებისა ან მათი მოადგილეების, ეროვნული კვლევითი საბჭო (CNR ) და განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს (MIUR) წარმომადგენლებისაგან.  

Cineca-ს ფუნქციაა კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერა სუპერ-კომპიუტერებისა და კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით. დღეს Cineca მაღალი ტექნოლოგიების ხიდია იტალიის აკადემიურ საზოგადოებას, მკვლევართა, მსოფლიოს სამრეწველო და საჯარო ორგანიზაციებს შორის.

 

თბილისის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 15:36

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებს ა(ა)იპ „თბილისის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის“ დაფუძნებაზე თაობაზე ინფორმაცია მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარდიაშვილი წარმოუდგინა.
კომისიების წევრებმა არგუმენტაციის ნაკლებობის გამო ცენტრის შექმნას ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირეს. 
დეპუტატებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე ასევე დადებითად შეფასდა საკითხები თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთისა და ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისა და არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის “WORLD VIZION INTERNATIONAL”-ის ფილიალი საქართველოში“ იჯარის ვადის გაგრძელების თაობაზეც.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას მისცეს თანხმობა.

ნუ გამოიყენებთ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებს, - თბილისის მერიის მოწოდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 11:51

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგებლის მაოდგილის დაკავებას ეხმაურება. თბილისის მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ადამიანები, რომელთაც აქვთ მცდელობა საკუთარი უფლებამოსილება გამიყენონ არაკეთილსინდისიერად, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციას არ აქვს გაღვივების შესაძლებლობა და ჩანასახშივე ხდება მისი აღკვეთა.

თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას,  ყველა იმ უპასუხისმგებლო და კანონის წინაშე არაკეთილსინდისიერი თანამშრომლის, მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა, გამოვლენაში და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის პროცესში.

ამასთან, მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, 16 დეკემბერს, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების სპეციალისტის დაკავებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის გადაწყვეტილებით, სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთ თვეს გასტანს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 10:24

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 18 დეკემბერს, შემდეგ რაიონებში,  დროებით შეიზღუდება:

 

ისნის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის  (ნაწილობრივ) და წინანდლის ქუჩის მაცხოვრებლებს (150 აბონენტს).

ვაკის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და  კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს  (1 961 აბონენტს).

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს (996 აბონენტს).

დღეს თბილისი საახალწლოდ განათდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 12:58

 დღეს, 17 საათსა და 38 წუთზე თბილისი საახალწლოდ განათდება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.
ახალ 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული.
ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა. წელს, 19 დეკემბერს, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე საცდელმა მატარებელმა წარმატებით გაიარა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 15:33

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა" და „აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალის ერთობლივი ორგანიზებით მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო მატარებლის საცდელი გავლა წარმატებით განხორციელდა. როგორც "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" წარმომადგენლები აცხადებენ, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია პროექტის წარმატებით დასრულებისკენ.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის და მას დიდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. პროექტის განხორციელების შედეგად გაიხსნება მნიშვნელოვანი სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ.

 

"ერთი წლის განმავლობაში 1 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 11:53

"მიმდინარეობს გზების კაპიტალური მშენებლობა. ამ დროისათვის დასრულებულია შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა - ელბაქიძის ქუჩა (ელბაქიძის აღმართი), თამარ მეფის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა, კოჯრისა და სამადლოს გზის მონაკვეთი, თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელი გზა, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა (11 კმ), მეტეხის საგვირაბე კომპლექსის გაგრძელებაზე არსებული ხიდები, მდინარე დიღმულაზე არსებული ხიდი და სხვა...  გრძელდება მუშაობა ბარათაშვილის, ზაჰესის და მუხათგვერდების ხიდების მოდერნიზაციაზე“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ  სასტუმრო "რედისონში” ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.  

თბილისის მერის განცხადებით,  ერთი წლის განმავლობაში 1 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერი სხვა წინა წლის მაჩვენებელს. 

პეკინის გამზირზე 11 დან 18 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება-მერიის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 11:29

თბილისში მოსალოდნელი საგზაო შეზღუდვების შესახებ დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს:

"საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი(ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთი ორივე მიმართულებით) შაბათს, 5 დეკემბერს 11 საათიდან 18 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

ასევე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ: ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ყავლაშვილის ქუჩაზე, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული ქვაფენილისა და განივი დამჭერების მოხსნას და ახლით ჩანაცვლებას. სარემონტო სამუშაოებს შ.პ.ს „ბაზალტი 2011“ აწარმოებს."- აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური