თბილისში 175 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 15:12

თბილისში 175 ერთეული ახალი ავტობუსი აგვისტოში შემოვა, -  ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

"აგვისტოში უკვე შემოვა სრულიად ახალი, თანამედროვე უსაფრთხო ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ავტობუსები. ,,მიმდინარე წელს დედაქალაქში 175 ერთეული ახალი ავტობუსი  შემოვა. ხოლო მომდევნო წლებში ავტობაზის სრული შეცვლა იგეგმება," - განაცხადა ვიცემერმა.

თბილისის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე განცხადებას ლაშა აბაშიძე აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 14:26

თბილისის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე განცხადებას აკეთებს ვიცე მერი. ლაშა აბაშიძის თქმით, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის ეფექტურ მუშაობას ემსახურება.

"საკადრო ცვლილებები ეს არის ბუნებრივი პროცესი, მერია არის ძალიან დიდი ორგანიზაცია, შესაბამისად, გარკვეული საკადრო ცვლილებები ყოველთვის არის და უნდა იყოს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ყოველთვის ეს არის მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.   

თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასები იზრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 12:59

2016 წლის თებერვლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ გააცნეს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დასაქმებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამეურნეო ნაწილისა და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორების, აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების, მუსიკისა და ცეკვის პედაგოგების, მზარეულების, მზარეულის დამხმარეების, დამლაგებლების, მრეცხავების, საქმეთა მწარმოებლების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედთა შრომის ანაზღაურება იზრდება.
საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება შემდეგი პროცენტულობით გაიზრდება: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი – 5%; სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – 10%; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი – 15%; აღმზრდელი – 10%, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) – 10%; მუსიკისა და ცეკვის პედაგოგები 7-7%; მზარეული – 20%; მზარეულის დამხმარე – 20%; დამლაგებელი – 20%; მრეცხავი – 20%, საქმისმწარმოებელი – 15 %; ფსიქოლოგი – 15%, ლოგოპედი – 10%.
გარდა ამისა, ბაღების დირექტორების ხელფასები გათანაბრდება, მთლიანობაში კი, შრომის ანაზღაურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 6 585 ადამიანს გაეზრდება. ბაღის თანამშრომელთა ხელფასის ზრდისთვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტიდან 3 642 470 ლარი აქვს გამოყოფილი.

თბილისის მერია ტაქსების აღრიცხვას იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 20:45

თბილისის მერია ტაქსების აღრიცხვას და რეგისტრაციას იწყებს. მერიაში აცხადებენ, რომ პროცესი ქალაქში ასრებული ქაოსს და მგზავრთა უსაფრთხოებას მოაწესრიგებს. არ არის გამორიცხული გარკვეული რეგულაციების შემოღებაც. გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატები გამოხმაურნენ. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ტაქსის მძღოლებს გარკვეული გადასახადი დაუწესდეთ. მერიის ინიციატივას ბუნდოვანს უწოდებენ საკრებულოს უმცირესობა. რეგისტრაციის დაწყებას აპროტესტებენ ტაქისის მძღოლები.

"დღეს ტაქსის მოძრაობა არის აბსოლუტურად არარეგულირებული, ეს დაკავშირებულია რიგი უსაფრთხოების საკითებთან, საკითხის აქტუალურობიდან და მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეიძლება დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ ვინ მოძრაობს თბილსში, ვინ არის მანქანის მფლობელი და ვინ არის მანქანის მძღოლი“-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვიანძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით, რეგულაციები მას შემდეგ დაწესდება, რაც მოხდება ტაქსების აღრიცხვა თბილისის მაშტაბით.

ერთიან ნაციონალური მოძრაობას მიაჩნია, რომ რეგულაციები მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

“ტაქსების კვლევას თუ არ მოჰყვა მისი რეგულაცციების შემოტანა ისე ამას აზრი არ აქვს, თუ რეგულაციები მოჰყვება ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება როგორც ტაქსებს, ასევე მგზავრებს და რიგი ადამიანებისა დარჩება უმუშევარი და რიგი ადამიანები ვეღარ მოიხმარენ ტაქსს,“ - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.   

ბიუროს სხდომა საკრებულოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 17:54

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ბიუროს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით წარმოდგენილი 19 საკითხი კენჭისყრის შედეგად  დაამტკიცეს. 

თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 15:33

თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. 27 იანვარს შეხვედრები გაიმართა ვაშინგტონის მუნიციპალიტეტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის უფროსთან კეი ანდერსონთან,   ამავე დეპარტამენტის სპეციალისტებთან, ასევე ვაშინგტონის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორთან ერიკ შაუსთან და ამავე უწყების სხვადასხვა დარგების სპეციალისტებთან. 

აღნიშნულ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელზეც  ყურადღება ისეთ თემებზე გამახვილდა, როგორიცაა: ქალაქის კეთილმოწყობა, მწვანე სივრცეების დაგეგმარება და აშ.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი შენობების მშენებლობის რეგულაციებზე და ქალაქის სწორი დაგეგმარების, ასევე განვითარების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის თაობაზეც იმსჯელეს.

ვაშინგტონის მუნიციპალიტეტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის უფროსთან კეი ანდერსონთან გამართული  შეხვედრის დროს მხარეებმა ისეთი მნიშველოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში არსებული პარკების მოვლა - პატრონობა და მართვა, მუნიციპალური სარეკრეაციო ზონების განვითარება და მათი ფუნქციონირება, ასევე კერძო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების მოჭრა და განაშენიანება. 

ამავე დღეს შეხვედრა ვაშინგტონის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორთან, სეტ მილარ გაბრიელთან და ამავე უწყების საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელთან ჯონათან ბრადისთან გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა  სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის რეგულაციებზე, მათ შორის მცირე მეწარმეების წახალისებასა და უმუშევრობის შემცირების საკითხებზე ისაუბრეს. 

 ყურადღება გამახვილდა დედაქალაქის ეკონომიკური ზრდის, ინვესტორების მოზიდვის, საბაზრო - ეკონომიკური ლიბერალიზაციის მხარდაჭერის საკითხებზეც.  

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მათ შორის,  მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც, მოწვეული სტუმრები ქართულ მხარეს ქალაქის ეკონომიკური განვითარების სფეროში კონსულტაციებს გაუწევენ.  

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ექვსი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დღეიდან კი შეხვედრები ატლანტასა და ნიუ-იორკში შედგება.

თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 14:18

თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია . ადიდებულმა მდინარემ თერჯოლის მიმდებარედ მოწყობილი დროებითი გზა ბოლო პერიოდის განამვლობაში უკვე მეხუთედ წაიღო.

მონაკვეთი ცენტრალური ავტობანის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად რამდენიმე თვის წინ მოეწყო.

ადგილობრივი ხელსუფლების განცხადებით, თბილისის-სენაკი-ლესელიძის 206 კმ-ის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ამ დროისთვის ტრანსპორტი შემოვლითი გზით ბაღდათის გავლით გადაადგილდება.

უბედური შემთხვევა თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 14:08

თბილისში, ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ფაქტს ადასტურებს საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. 

მისი ინფორმაციით, მოხდა გაუგებრობა, რადგან ორივემ საკუთარი სურვილით განაცხადა უარი ახლად აშენებულ თავშესაფარში გადასვლაზე და დარჩა ყოფილი კარვების ქალაქის ტერიტორიაზე. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი ყინვა გახდა. 

ნარმანია თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების საპროტერსო აქციას ისევ გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 16:14

დედაქალაქის მერი თბილსის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების საპროტერსო აქციას გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათი მოთხოვნები არ გადაიხედება და იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლები არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, მათი ჩანაცვლება მოხდება.

"მნიშვნელოვანია, რომ არავინ შეგვიშალოს ხელი ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში. როგორც კი დავინახავთ, რომ ცალკეული თანამშრომლების ქმედება ნეგატიურად აისახება ქალაქის დასუფთავებაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ მათგანს ჩავანაცვლებთ ახალი კადრებთ," - განმარტა დავით ნარმანიამ. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი უკვე მეორე დღეა გაფიცულია. ისინი კვლავ ხელფასების მომატებას და მეცამეტე ხელფასის დარიცხვას ითხოვენ.

წინასაახალწლოდ თბილისის ანძა ახლებურად განათდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 10:20

წინასაახალწლოდ თბილისის ანძა  ახლებურად განათდა. მის ანთებას თბილისის მერი ბავშვებთან ერთად საახალწლო ქალაქიდან ადევნებდა თვალს.

ანძაზე 200-მდე ახალი სანათი იტალიურმა კომპანიამ დაამოტანჟა, რაც თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს საახალწლო განწყობის შექმნაში დაეხმარება.

პარალელრუად, თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. კონცერტები და სხვადასხვა სახის წარმოდგენები ვარდების მოედაზე მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე კი სცენა მონტაჟდება, სადაც 31 დეკემბრის ღამეს გალა კონცერტი ჩატარდება. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური