თბილისის განვითარების ფონდის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 აპრილი 2016 17:12
 აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის განვითარების ფონდის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცველეად გავაზობთ:
"პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე სრულიად ახლდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები - უფრო კონკრეტულად: წყლის, დენის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის, სანიაღვრე და სუსტი დენების ქსელები.
გარდა ამისა, პირველად, დ. აღმაშენებლის გამზირზე მონტაჟდება სადრენაჟე სისტემა, რომელიც შეკრებს დ. აღმაშენებლის განაშენიანების ქვეშ, კლდოვან ზედაპირსა და შედარებით რბილ ქანებს შორის არსებულ მიწისქვეშა წყლის ნაკადებს და მოუხსნის ისტორიულ უბანს და მასში მდებარე ძეგლებს კონსტრუქციული მდგრადობის პრობლემას.
მოსახლეობის შეუფერხებელი მომარაგებისთვის, დ. აღმაშენებლის სარეაბილიტაციო არეალის სრულ მონაკვეთზე, დროებით დამონტაჟდა, ალტერნატიული ქსელები. კერძოდ, ტროტუარებზე მოეწყო წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული სისტემა.
აღნიშნული სისტემები არის დროებითი და იმოქმედებს მანამდე, სანამ არ დასრულდება გამზირის ქვეშ არსებული ძირითადი ქსელების რეაბილიტაცია.
წყლის და დენის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით, მოკლევადიანი შეფერხება შესაძლებელია გამოწვეული იყოს არსებულ სარეაბილიტაციო და დროებით ალტერნატიულ ქსელებს შორის გადართვების აუცილებლობით, მათი მონტაჟის, ტესტირების და დატვირთვის პროცესში.
თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი წინასწარ უხდის ბოდიშს მოსახლეობას შესაძლო დისკომფორტისთვის,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის 700 ახალი მოსაცდელ კონსტრუქცია განთავსდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 17:18

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე აუქციონში გამარჯვებული კომპანიის - „ალმა-ტრანსპორტის“ ხელმძღვანელს გიორგი ტრაპაიძეს შეხვდა. კომპანია „ალმა-ტრანსპორტი“ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის 700 ახალ მოსაცდელ კონსტრუქციას განათავსებს.

თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი მიმდინარე წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ალმა-ტრანსპორტი“ მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე დაასრულებს.

ავტობუსის მოსაცდელების ნაწილი ლედ ეკრანებით აღიჭურვება. მიწის ნაკვეთები 20 წლიანი იჯარის უფლებით აუქციონის ფორმით გაიცემა. იჯარის საზღაური თვეში 1 კვ.მ-ზე 7 ლარით განისაზღვრა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსის მოსაცდელების განთავსებისთვის არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის პირობების თანახმად, დაახლოებით 1,3 მეტრი სიგანის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

 

თბილისში ხეების მოჭრა იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 აპრილი 2016 13:03

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გეგმავს გადაბერებული, ფაუტი, ხმობადი და ავარიული ხეების მოჭრას და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებას სამსახური იწყებს კიევის ქუჩაზე, სადაც უშუალოდ სპეციალისტების მიერ მოხდა ხე-მცენარეების დათვალიერება და მათი მდგომარეობის შესახებ შეადგინეს შესაბამისი ოქმი. სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე გამხმარი და ავარიული ხეები უახლოეს დღეებში ჩანაცვლდება 3-მეტრიანი წაბლის ხეებით

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 17:33

თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ერთიანი ელექტრონული სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. 
დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მოაწერეს. 
მემორანდუმის თანახმად, დედაქალაქის მერია ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გამოცდილებას ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების მიმართულებით გაუზიარებს. 
„თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის ფორმატში, წევრ მუნიციპალიტეტებს ვეხმარებით, რომ სივრცითი ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით მოხდეს ელექტრონული სერვისების დანერგვა. ჩვენთან აპრობირებული და პრაქტიკაში დანერგილი მექანიზმები დაეხმარება მათ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უკეთ მოემსახურონ, ხელმისაწვდომი იყოს ის სერვისები, რომელსაც ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან იღებენ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისში მიმდინარე პროექტების მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 08 აპრილი 2016 16:25

თბილისში მიმდინარე პროექტების მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რაიონების მიხედვით, მიმდინარე სამუშაოებსა და მოსახლეობის საჭიროებებს პირადად ეცნობა. დავით ნარმანია დღეს ნაძალადევის რაიონში გამგებელთან, ზაზა გაბუნიასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, ჯაბა სამუშიასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

„ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ საჭიროებებს, გარდა ამისა, ვაკეთებთ პროექტების მონიტორინგს, ძალიან ბევრი რამ კეთდება ნაძალადევის რაიონში, როგორც შიდა კვარტალური გზები, ასევე, სათამაშო მოედნები, შადრევნები. გამწვანდება ის ტერიტორიები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს, როგორც გასამწვანებელი ტერიტორიები, დამატებით, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ვიწყებთ თემქაზე, რომლის პროექტიც უკვე მზადდება და წელსვე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს პროექტის საფუძველზე. ასე რომ, ძალიან აქტიურად ვხვდებით ხალხს, ვუსმენთ, ვინიშნავთ მათ საჭიროებებს და მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად ვაგვარებთ ამ საკითხებს“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ნაძალადევის რაიონში, უიარაღოს ქუჩაზე წესრიგდება გზის საფარი, იგება ასფალტი 7524 კვადრატულ მეტრ ფართობზე. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებს და მოეწყობა ბორდიურები. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემური მონაკვეთები. აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 346,304 ლარია.

პარალელურად, ნაძალადევში, გუდამაყრის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები თემქის ცენტრალურ გზებსა და შიდაკვარტალურ ეზოებშიც ტარდება.

მიმდინარეობს ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერის აღდგენითი ღონისძიებები, ტერიტორიაზე მთლიანად იცვლება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოპირკეთდება ზედაპირი. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია უტარდება სკვერში არსებულ აუზსა და შადრევანს. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მონტაჟდება ხის პანელები, სკამები, იცვლება სკვერში არსებული განათებები. წესრიგდება მწვანე საფარი. 

ამ დროისათვის, ნაძალადევის რაიონში კიდევ 6 სკვერისა და გზის გამყოფის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

1 მილიონი ლარი თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 15:06

თბილისის სატრანსპორტპ კომპანიაკომპანიის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, გამოიყო 1 მილიონი ლარი თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის წელთანამსახურების ანაზღაურების მიზნით, - ამის შესახებ  თბილისის სატრანსპორტპ კომპანიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი,რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავზობთ.

"მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია შეზღუდული ფინანსური რესურსები, კომპანიის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, გამოიყო 1 მილიონი ლარი თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის წელთანამსახურების ანაზღაურების მიზნით. აღნიშნული მოლაპარაკებები კომპანიის მენეჯმენტსა და მეტროს პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს შორის დაიწყო გასული წლიდან და ამ ეტაპზე კომპანია მზად არის დასაქმებულებს გადაუხადოს დანამატი მათი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მას შემდეგ რაც შეთანხმდება გადახდის პირობები და ტექნიკური საკითხები.

რაც შეეხება მემანქანეების მხრიდან წამოსულ დამატებით მოთხოვნებს ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს, რომ მეტროს მემანქანეების სახელფასო განაკვეთი შედგება საათობრივი ანაზღაურებისგან, ასევე მავნე და მძიმე პირობების დანამატის, დღესასწაულებზე და ღამის საათებში შესრულებული სამუშაოს, კლასის (თანრიგის) დანამატის, ასევე მეცამეტე ხელფასისა და სააღდგომო პრემიისგან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აქვე წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასებს:

დეპოს მორიგე - 1 455 ლარი;

დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწე  - 981 ლარი;

დეპოს მანევრის მემანქანე - 1 300 ლარი;

მემანქანე ინსტრუქტორი - 1 986 ლარი;

ხაზის მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;

ხაზის მემანქანე - 1 731 ლარი;

ხაზის მემანქანის თანაშემწე - 1 096 ლარი;

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ასევე  გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან (პროფესიულ კავშირებთან), რომელიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანებების წევრებს კომპანია დამატებით უნაზღაურებს ერთჯერად ხარჯებს:

  • დაოჯახების შემთხვევაში - 250 – 400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
  • დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 375 – 700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში - 250 -375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
  • თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში - 1000 ლარიანი დახმარება ოჯახს;
  • კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო) და კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65%-ს. აქედან გამომდინარე, კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის (მემანქანეები) ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. შესაბამისად, ხელფასის მატება  ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია.

თავის მხრივ,  სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე და ზუსტად გააანალიზონ გაფიცვის შედეგები, რომელიც გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან შეფერხებას, ვინაიდან თბილისის მეტროს მომსახურეობით ყოველდღიურად 300 ათასამდე მგზავრი სარგებლობს,' - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 10:01

დღეს თბილისს ფილიპ ჰამონდი  ეწვევა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში,  პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლი სიტყვით გამოვა ასევე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე.  

თბილისის მერიასა და „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მარტი 2016 18:15

თბილისის მერიასა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს. დღესვე, თბილისის მერმა საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული ახალი დაზგა-დანადგარები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მიწისქვეშა კომუნიკაციების ლაბორატორია დაათვალიერა და სტუდენტებს გაესაუბრა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებში, ასევე, რაიონების გამგეობებში კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს. ამასთან, მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სიახლეების დანერგვასა და კადრების გადამზადებას.

„ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ პროფესიულ კოლეჯთან, ვინაიდან, ძალიან საინტერესო ლაბორატორიები აქვთ, ასევე, საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ ჩვენს სისტემაში დასაქმებული კადრები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც აქტიურად ემზადებიან აქ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობენ, შემდეგ ტენდერების შესაბამისად, ასრულებენ სამუშაოებს მუნიციპალიტეტისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ვიყოთ უკეთ მომზადებულები და კერძო სექტორიც, რათა უფრო ხარისხიანად გამოგვივიდეს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,“ - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

კოლეჯი „სპექტრი“ მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს სამშენებლო და ბიოლოგიურ სპეციალობებში ამზადებს. კოლეჯში სწავლა, საავტომობილო, სამშენებლო, ბიზნეს ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვის, ასევე სახელოვნებო და სხვა მიმართულებებით უფასოდ არის შესაძლებელი. 
სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით კოლეჯის პარტნიორები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები.

დღესვე, თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებელთან, მამუკა ჩოქურთან ერთად, კოლეჯის ეზოში არსებული სკვერი დაათვალიერა, რომელიც „სპექტრისა“ და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ერთობლივად მოაწყვეს. კოლეჯის დირექტორის განცხადებით, ეს იქნება უფასო სივრცე, სადაც მსურველები სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვას შეძლებენ.

ამასთან, კოლეჯის ტერიტორიაზე, ამ დროისათვის, სასტუმროს, ტრენინგ ცენტრისა და 70 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასტუმრო უცხოელ სპეციალისტებს უმასპინძლებს, რომლებიც კოლეჯის პედაგოგებსა და სტუდენტებს ადგილზე გადაამზადებენ.

მოხატული ზებრა გადასასვლელი თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 14:30

დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე, პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, დიდუბის რაიონის გამგეობა შეუერთდა პროექტით „მოხატე უსაფრთხოება“.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელი მოხატეს. 
იმისათვის, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულიყო, ბელიაშვილის ქუჩა ღამით ნაწილობრივ გადაიკეტა.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.
საგანმანათლებლო აქციის ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეითებსა და მძღოლებს მოძრაობის წესების შესახებ კამპანიის სტიკერები დაურიგეს და მოუწოდეს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
მოხალისე სტუდენტებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან მადლობის სიგელები გადაეცათ.
დიდუბის რაიონის გამგეობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე, გათვალისწინებულია კიდევ ერთი ზებრა ხაზის მოხატვა.

თბილისის გრან პრი 2016 იწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 მარტი 2016 10:21

რამდენიმე წუთში ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოს პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - თბილისის გრან პრი 2016 დაიწყება. 
საბოლოო საორგანიზაციო სამუშაოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის გრან-პრიზე მსოფლიოს 67 ქვეყნის 395 ტიტულოვანი ძიუდოისტი ასპარეზობს.

საქართველოს ღირსებას 32 ძიუდოისტი (28 ვაჟი და 4 ქალი) დაიცავს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია, თბილისის გრან პრიზე გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს 300 სარეიტინგო ქულა დაერიცხებათ, ვერცხლის პრიზიორებს 180, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 120.

ტურნირი 25 მარტს 10:30 საათიდან აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათზე დაიწყება. გრან პრის პირველ დღეს, 25 მარტს 16:25 წუთზე დაგეგმილია ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

თბილისის გრან-პრიზე დასწრება უფასოა. ძიუდოს გრან პრის თბილისი 2014 წლიდან მასპინძლობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური