თბილისში, ღოღობერიძის ქუჩაზე ავეჯის საწარმო შეიქმნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 16:33

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ვუდმასტერს“ თბილისში, ღოღობერიძის ქ. N 67-ში 12 895 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.

შპს „ვუდმასტერი“ უზრუნველყოფს ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების მწარმოებელი საწარმოს შექმნას. წარმოების დაწყებიდან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში საწარმო განახორციელებს პროდუქციის წლიური მოცულობის არანაკლებ 3000 ერთეული ავეჯის, არანაკლებ 1500 ერთეული მერქნის ნაწარმის და არანაკლებ 50 ერთეული საათის და მათი ნაწილების წარმოებას.

საწარმოს შექმნისთვის შპს „ვუდმასტერი“ 1 793 760 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ჯამში 50 სამუშაო ადგილს შექმნის.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 176 საწარმო დაფინანსდა, რის შედეგადაც 7500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. მთლიანი ინვესტიციების მოცულობა 400 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

 

დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივნისი 2016 16:36

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიში წარადგინა. ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის მერმა საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია. მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ცოცხალი კოლექციის დიდი ნახილი.

„14 ივნისს, გამთენიიდან დავიწყეთ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები: 480 დაზარალებული მოქალაქე განვათავსეთ სასტუმროებში და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყავით. ასევე, გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავეცით მედიკამენტები, საკვები. 14 ივნისიდანვე დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები. დაფიქსირდა უპრეცედენტო სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეც. სამსახურებთან ერთად, 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილებდა, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით - 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები გადმორიცხეს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბანკებმა, ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადმორიცხულ მოცულობით ფულად სახსრებს, რომელმაც 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერით, 35 ბინის მიღება დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმაც შეძლეს.

დაზარალებული მოსახლეობა აღიწერა ოჯახებისა და სულადობის მიხედვით. მიყენებული ზიანის მიხედვით დადგინდა დატბორვის ზონა და განისაზღვრა კატეგორიები - პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც სრულად განადგურდა, ხოლო მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. პირველი კატეგორიის დიდი ნაწილი, ამ დროისათვის, თითქმის სრულად დაკმაყოფილებულია. დაზარალებული ოჯახების დიდმა ნაწილმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და შესაბამისად, უზრუნველყოფილნი არიან. პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს სარემონტო სამუშაოები უტარდება. შემუშავდა დაზარალებულ პირთა (ოჯახების) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი. ამასთან, დადგინდა დაუკანონებელი ფართის მქონე დაზარალებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც, მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. დაზარალებულებმა ფულადი დახმარებები მიიღეს საოჯახო ნივთების შესაძენადაც.

რაც შეეხება დაზიანებულ ავტომანქანებს, 117 ფიზიკურ პირს გაუფორმდა ხელშეკრულება და ფულადი დახმარების სახით, ჯამში 880 291 ლარი იქნა გაცემული. აღნიშნული პროცესი ახლაც გრძელდება.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დედაქალაქის მთავრობას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. მათ შორისაა : წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება და ა.შ. დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში, ახალი ხიდის მშენებლობა ვერეს ხეობაში, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე და ა.შ. დასრულების ეტაპზეა დაზიანებული გვირაბების რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში. მიმდინარეა - ნატანდამჭერი ცხაურის მშენებლობა ვერეს ხეობაში და კოჯორი-სამადლოს გზის მშენებლობა.

სტიქიით დაზარალებულთათვის დაწესდა სხვადასხვა სახის შეღავათები. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მდ. ვერეზე ჰიდრომეტეოროლოგიური ღონისძიებები განხორციელდა - დამონტაჟდა ქ.თბილისის მერიის მიერ შეძენილი წინასწარი შეტყობინების (განგიშის) სისტემა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური საგუშაგოები და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები, რათა თავი დავიზღვიოთ და მაქსიმალურად ვიყოთ მზად მომავალში მსგავსი სახის მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

მომზადდა მდ. ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, რომლის შემდეგაც დაგეგმილია პარკის მშენებლობა.

„ბუნებრივია, პროცესი ახლაც მიმდინარეობს და დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, ძალას არ დაიშურებს, რათა მომავალში ჩვენი დაზარალებული თანამოქალაქეების კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებს, კერძო კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ დედაქალაქის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით ნარმანიამ მდინარე ვერეს ხეობაში ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 15:14

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მდინარე ვერეს ხეობაში ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამა. მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლები და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი დაიხარჯა.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს (ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილი), აშენდა ახალი ხიდი, ნაპირდამცავი კედელი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების ასფალტის საფარი, განათების სისტემა, მოეწყო ახალი თვალამრიდები და გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები. გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მდ. მტკვრის მოაჯირები.
„სტიქიის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და დასრულდა ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება. ჩვენ სწრაფად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის აღდგენა. ყველაზე უმთავრესი, რაც გავაკეთეთ, იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა, იქ, სადაც ყველაზე დიდი იყო წყლის დარტყმა. გზა და გვირაბი მთლიანად განადგურდა. გავაკეთეთ სახიდე გადასასვლელი, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყველა გვირაბის სათავისი კეთილმოეწყო, რათა მათი მდგრადობა და უსაფთხოება გაუმჯობესებულიყო. სვანიძის ქუჩაზე დაიგო გზის საფარი, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდა გმირთა მოედანი, ზოოპარკის უკანა ნაწილი, სადაც ასევე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა სამუშაო არის დასრულებული, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. შეიძლება, დღევანდელ დღეს ვუწოდოთ წყალგამყოფი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მეორეს მხრივ, სამომავლო განვითარებას შორის. ჩვენ უკვე გვაქვს მზა კონცეფცია მზიურის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით. კეთდება კონკრეტული პროექტი მზიურის ტერიტორიის გამწვანებისა და მისი შემდგომი განაშენიანებისა, რომლის საფუძველზეც დაიწყება მზიურის განვითარება და მზიური იქცევა თანამედროვე, ძალიან გამწვანებულ და ლამაზ პარკად. ასევე მოხდება მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, რომელიც ერთის მხრივ, ადიდების შემთხვევაში მდინარის გადმოსვლას ხელს შეუშლის და მეორეს მხრივ, დაიცავს გარშემო ტერიტორიებს. ეს ორი პროექტი არის ის პროექტები, რომელსაც ჩვენ მომავალში განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა სალიკვიდაციო სამუშაოები გასული წლის 14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნების გაწმენდა-გასუფთავების და შემოტანილი მასის (გრუნტი, ლამი, მერქანი) გატანით დაიწყო, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს ერთ მილიონ ლარამდე დაუჯდა. დაზიანებული შენობების დემონტაჟი, მათი გატანა და ლანდშაფტის მოწესრიგება, ახალი სანიაღვრე ქსელისა და წყალამრიდი ნაგებობების მოწყობა სტიქიის ზონაში - სვანიძის ქუჩაზე და მზიურის ტერიტორიაზე.
გასული წლის ივნისში დაიწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორების რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები: ბაგების ელ.სადგურის ტერიტორიაზე, ძოწენიძისა და გრიშაშვილის (წყნეთი) ქუჩებზე.
ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ (წყნეთის ქუჩის #3 -თან) აშენდა 220 მ. სიგრძის დამცავი ნაპირსამაგრი კედელი.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განხორციელდა ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილზე მდ.ვერეს გამტარი გვირაბების აღდგენა რეკონსტრუქცია:
ვერეს ხეობაში სულ შვიდი ფოლადის გვირაბი არსებობდა. 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გვირაბები სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა გვირაბების სათავისების (მდინარის შესასვლელი და გამოსასვლელი) გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეორე გვირაბის ნაცვლად (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე) აშენდა ხიდი, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა 19 ცალი 60 ტონიანი კოჭა (ახალი ხიდის მშენებლობის ღირებულებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა).
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მდ.ვერეს ხეობაში მიმდინარე წელს აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთვევაში, ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს.
მიმდინარეობს კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი 6 კმ-ანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, წყნეთი-ახალდაბის გზის გაფართოების და სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულდა წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა, ასევე, წყნეთში მდებარე „მასწავლებელთა გადამზადების ცენტრთან“ დამცავი კედლის მოწყობა.

მიმდინარე წლის 13 ივნისს იხსნება ტენდერი და დაიწყება მუშაობა მდ.ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე - ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობაზე.
თბილისის მერი სვანიძის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც 13 ივნისის სტიქიით მეორე კატეგორიის დაზარალებულთათვის სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაზარალებულთა მეორე კატეგორიას 19 ოჯახი მიეკუთვნება. დასრულებულია 6 სახლის კეთილმოწყობა, ამ დროისთვის 6 სახლს აღდგენა-რეაბილიტაცია უტარდება. 4 ოჯახთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის პროცესი გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც სახლების რეაბილიტაცია დაიწყება. 1 ოჯახთან დაკავშირებით ქონების ლეგალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

პარკებსა და ბაღებში გამწვანების სამუშაოები დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 მაისი 2016 14:36

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ პარკებსა და ბაღებში გამწვანების სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე, „9 აპრილის ბაღსა“ და „ვერის პარკში“ დაიგო მწვანე გაზონი, დაირგო დეკორატიული ბუჩქები, მოეწყო საყვავილე თარგები და ახალი სარწყავი სისტემა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, "თბილსერვის ჯგუფი" - "9 აპრილის სახელობის ბაღის", "დედა ენის ბაღის", "დიღმის ტყე-პარკის", "ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღის", "მზიურის პარკის", "რიყის პარკის", "თბილისის ზღვის პარკის", "ვაკის პარკის", "ვერის ბაღის" და "ვეტერანთა ბაღის" მოვლა-პატრონობას განახორციელებს.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 12:25

სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე (ფილარმონიამდე) საზოგადოებრივი  ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს კოსტავას ქუჩა (ფილარმონია) - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ვაკე-საბურთალოსკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის მეშვეობით.

ასევე, კოჯრის გზატკეცილიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩა 11-თან, ნაცვლად ორბელიანის მოედნისა.  

“ვარდობისთვე თბილისში”

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 12:23

2016 წლის 26 მაისს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ყოველწლიური ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში” მეთორმეტედ ტარდება. წელს ფესტივალი დამთვალიერებელს 11:00 საათიდან ტრადიციულად სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში და მიმდებარე ქუჩებზე უმასპინძლებს.

2016 წლის ფესტივალის თემაა ურბანული გამწვანების მცირე ზომის კომპოზიციები და ზაფხულის აქცენტები აგარაკებისათვის, რაც ბოლო ხანს საკმაოდ აქტუალური გახდა.

წელს ფესტივალს გამწვანების სფეროში მოღვაწე 180-მდე მონაწილეს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი ასევე ბევრ მეყვავილესა და მცენარეების კოლექციონერს მასპინძლობს რეგიონებიდან.

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე საცობია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 11:21

ამ დროისთვის დედაქალაქში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეფერხებულია. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, რამაც  მიმდებარე ქუჩებზე საცობები შექმნა. 

"თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება თბილისის ქუჩებში იაროთ" - მოქალაქემ ნარმანიას მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 მაისი 2016 14:53

”მე, როგორც მოქალაქეს და თბილისის მკვიდრს მიმაჩნია, რომ თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება თბილისის ქუჩებში იაროთ და თბილისელებს შეხვდეთ, ვინაიდან თქვენ ხალხის ტერიტორია ქურდულად, მიეცით ბიძინა ივანიშვილს. თქვენ უნდა გადადგეთ”, -  ასე მიმართა ”თავისუფალი ზონის” ერთ-ერთმა წევრმა ვაკის პარკში მისულ დავით ნარმანიას.  
”ეს თქვენი პირადი  აზრია და შეგიძლიათ თქვათ,” - უპასუხა  დედაქალაქის მერმა მოქალაქეს. 
დავით ნარმანიამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

„ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“ - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 მაისი 2016 12:00

„ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ  წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. 

ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი, თბილისის მერის განცხადებით, საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე შეიზღუდება, გენ. გეგმის საბოლოო ვარიანტში კი, დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს. 

რაც შეეხება სხვა უბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს  განვითარების საშუალება მიეცეს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც  საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება. 

„ქალაქში აქტიური უნდა გახდეს „მწვანე სახურავების“ თემა, შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით! დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან!“, - ამის შესახებაც თბილისის მერმა დედაქალაქის მერიაში დღეს გამათულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დავით ნარმანიას თქმით, დარეგულირდება ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები. ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), რაც იქნება  კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.

თბილისის განვითარების ფონდის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 აპრილი 2016 17:12
 აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის განვითარების ფონდის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცველეად გავაზობთ:
"პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე სრულიად ახლდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები - უფრო კონკრეტულად: წყლის, დენის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის, სანიაღვრე და სუსტი დენების ქსელები.
გარდა ამისა, პირველად, დ. აღმაშენებლის გამზირზე მონტაჟდება სადრენაჟე სისტემა, რომელიც შეკრებს დ. აღმაშენებლის განაშენიანების ქვეშ, კლდოვან ზედაპირსა და შედარებით რბილ ქანებს შორის არსებულ მიწისქვეშა წყლის ნაკადებს და მოუხსნის ისტორიულ უბანს და მასში მდებარე ძეგლებს კონსტრუქციული მდგრადობის პრობლემას.
მოსახლეობის შეუფერხებელი მომარაგებისთვის, დ. აღმაშენებლის სარეაბილიტაციო არეალის სრულ მონაკვეთზე, დროებით დამონტაჟდა, ალტერნატიული ქსელები. კერძოდ, ტროტუარებზე მოეწყო წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული სისტემა.
აღნიშნული სისტემები არის დროებითი და იმოქმედებს მანამდე, სანამ არ დასრულდება გამზირის ქვეშ არსებული ძირითადი ქსელების რეაბილიტაცია.
წყლის და დენის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით, მოკლევადიანი შეფერხება შესაძლებელია გამოწვეული იყოს არსებულ სარეაბილიტაციო და დროებით ალტერნატიულ ქსელებს შორის გადართვების აუცილებლობით, მათი მონტაჟის, ტესტირების და დატვირთვის პროცესში.
თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი წინასწარ უხდის ბოდიშს მოსახლეობას შესაძლო დისკომფორტისთვის,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური