თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებულია „საუკეთესო კულტურული ქალაქი 2020“

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 10 მარტი 2020 10:20

✅ ბერლინში, LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო კულტურულ ქალაქად დასახელდა.

✅ LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

✅ LCD Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო.

✅ 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.

► კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო.

 

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 14 თებერვალი 2020 13:51

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახლადგარემონტებულმა ფილიალმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

ლიბერთის ცენტრალური ფილიალის განახლება დასრულდა და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. 

ახალი კონცეფციის ცენტრალურ ფილიალში ხელმისაწვდომია 365 სივრცე, რომელიც 24/7-ზე მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ფილიალის მეორე სართულზე შესაძლებელია პრემიუმ მომსახურების ფილიალით სარგებლობა.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინhttps://www.libertybank.ge/ka/booking

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 74

თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 დეკემბერი 2019 10:27

2019 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა. 

ღონისძიება წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს მასპინძლობს საქართველო.

3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს ინიცირებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვედრები იმართება, როგორც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების, ასევე უმაღლეს - პრეზიდენტების დონეზე. მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისათვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები. 

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს. 

თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ივნისი 2019 18:10

თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე - 1983 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული თ.რ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც კარაბინის სისტემის შაშხანა, სანადირო თოფი, გადაჭრილი თოფი, 2 მჭიდი და 232 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 14:05

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

თბილისსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი რადარები 10 ადგილზე ამოქმედდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018 10:07

2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საავტომობილო გზის 319 კმ. კონტროლდება.

ახალი სექციური რადარების მდებარეობა:

თბილისი:

1. ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

2. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

3. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

4. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის სასაფლაო) - თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

5. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ჩასასვლელი) - ვანათის ქუჩამდე (თბილისის ზღვის მოედანი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

6. ვანათის ქუჩიდან (თბილისი ზღვის მოედანი) - მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

7. კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთიდან (ქალაქის გასასვლელი) - კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთამდე (ქალაქის გასასვლელი ლილოს დასახლება), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

8. კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთიდან (ქალაქში შემოსასვლელი ლილოს დასახლება) - კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთამდე (ქალაქში შემოსასვლელი), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:

9. თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ცაიში) - თბილისის-სენაკი-ლესელიძის 325-ე კმ-მდე (ზუგდიდი სოფ. ჭითაწყალი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

10. თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 325-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყალი) - თბილისის-სენაკი-ლესელიძის 320-ე კმ-მდე (ზუგდიდი, სოფ. ცაიში), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ამოქმედებული ჭკვიანი კამერების რიცხვი 248-მდე გაზარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018 14:56

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეიდან თბილისში სიჩქარის მზომი კიდევ 6 "ჭკვიანი კამერა" აამოქმედა.

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე "ჭკვიანი კამერები" დაემატა. ამ დროისთვის თბილისში ჯამურად 248 ე.წ. "ჭკვიანი კამერა," მათ შოროს სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის კონტროლის სისტემით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება.

დღეიდან დედაქალაქში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია შემდეგ ადგილებში ამოქმედდა:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან - ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან - ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია ჯამში 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

​თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ივლისი 2018 13:20

სახელმწიფო ვიზიტით თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
იტალიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს “ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.

ინიციატივის „იტალიური ივნისი“ და თბილისი-ბოლონიის ავიარეისის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 20:32

2018 წლის 4 ივნისს, ორშაბათს, 11:00სთ-ზე სასტუმროში Iota Hotel Tbilisi (მისამართი: ლერმონტოვის ქ. 10) ჩატარდება პრესკონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE), ქ. ბოლონიის ტურიზმის ორგანიზაციასთან Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტთან თანამშრომლობით.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინიციატივა „იტალიური ივნისი“ და ავიაკომპანია Georgian Airways-ის თბილისი-ბოლონიის ახალი, პირდაპირი რეისის შესაძლებლობები. პრესკონფერენციაში, რომელსაც გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მონაწილეობას მიიღებენ სააგენტო ICE-ს დირექტორი, ორგანიზაციის Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტის წარმომადგენლები.

ინიციატივის „იტალიური ივნისი“ მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიაში წარმოებული პროდუქციის (Made in Italy) პოპულარიზაციას საქართველოში. Made in Italy, რომელიც ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზი და ხარისხის, კრეატიულობის, სილამაზისა და სანდოობის სინონიმია, იტალიური ცხოვრების წესის (Vivere ALL'italiana) მთავარი შემადგენელი ნაწილია. ინიციატივაში მონაწილეობენ სხვადასხვა სექტორებთან - პარფიუმერიასთან, კოსმეტიკურ ნაწარმთან, მოდასთან, ოპტიკასთან, აქსესუარებთან, ავეჯთან, დიზაინთან, საკვებ პროდუქტებთან და სხვ. - დაკავშირებული ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები და იმპორტიორები. ინიციატივაში ჩართული კომპანიები, რომლებიც საქართველოში იტალიური პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ, მომხმარებელს შესთავაზებენ სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს მთელი ივნისის თვის განმავლობაში. სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე www.italiuriivnisi.ge შესაძლებელია ინიციატივაში მონაწილე მაღაზიების ჩამონათვალის ნახვა. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური