თბილისის განვითარების ფონდის განცხადება ბეთლემის ქუჩა N10-ში გზის ჩამოშლაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 16:45
თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის ქუჩა N10 -ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე გზის ჩამოშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გავრცელებული განცხადებით თანახმად, ბეთლემის ქუჩა N10-ში, სადაც თბილისის განვითარების ფონდი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, 3 ოქტომბერს უსაფრთხოების მიზნით, პროექტით გათვალისწინებული მიწის მოჭრის სამუშაოების ჩასატარებლად კონტრატორმა კომპანია "GBC"-იმ სამშენებლო ღობე საავტომობილო გზაზე 3 მეტრით გადაწია (რაც პროექტით გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო). "ღობე მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ თვითნებურად მოშალა, რის შედეგადაც, ავტომანქანების მოძრაობამ გზის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. კონტრაქტორი კომპანიის მიერ უსაფრთხოების ზომები დროულად იქნა მიღებული, აღნიშნულ მონაკვეთზე დაიდგა მედროშე-გამაფრთხილებლები და გამოძახებული იქნა საპარტულო პოლიცია, ოპერატიულად მოხდა თბილისის განვითარების ფონდისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მობილიზება. ბეთლემის ქ.N10-ში სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების მიზნით უკვე აღდგენილია დროებითი სამშენებლო ღობე და დაზიანებული საკანალიზაციო მილი, რომლის აღდგენაც ინციდენტიდან 1 საათში ოპერატიულად მოხდა. ბეთლემის ქუჩა N10-ის ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის დემონტაჟი 2014 წლის ივლისში დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდა. დემონტაჟის პროცესში, გზის ჩანგრევის თავიდან ასაცილებლად, ჩატარდა სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, საჭირო იყო საყრდენი კედლის შენარჩუნება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. პროექტირებისას გათვალისწინებული იქნა გზის ამ მონაკვეთზე განიერი საყრდენი კედლის მოწყობა, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მოჭრის სამუშაოების ჩატარება. კედლის აშენების შემდეგ მოხდება სავალი გზის აღდგენა, რასაც დასჭირდება არაუმეტეს 3 თვე. აღნიშნული გზის შეზღუდვის მიუხედავად, ბეთლემის ქუჩაზე მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს არსებული ალტერნატიული გზით. გარდა ამისა, კონტრაქტორ კომპანია "GBC"-ისა და გზის აღნიშნული მონაკვეთის მომიჯნავე მიწის კერძო მესაკუთრეს შორის მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება და მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება, რათა მოსახლეობისთვის დამატებით მოეწყოს შედარებით მოკლე საავტომობილო გზა, რომლის მშენებლობაც 10 დღის ვადაში განხორციელდება. ბეთლემის ქ.N10-ში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება და აღნიშნულ მისამართზე 13 ბინათმესაკუთრე, რომელსაც ფონდი ყოველთვიურად ბინის ქირას - 400 ლარს უხდის, ახალ რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდება", - ნათქვამია თბილისის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2016 წლიდან თბილისში ყვითელი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება მოხდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 12:31

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქის ავტოპარკი  სრულად, თუმცა დროში გაწერილი სქემის მიხედვით 2016 წლიდან განახლდება.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვეულ უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობთ "იბიარდისთან". გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხარდაჭერაც და მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი",- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

"როგორი იქნება ქმედებები, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, რადგან ამ საკითხთან მიმართებაში პროგრესი გვაქვს", - დასძინა თბილისის მერის მოადგილემ.

თბილისის მეორე ტრიენალე დღეს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:40

საქართველოს კულტურის მინისტრი დღეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეში, თბილისის მეორე ტრიენალეს გახსნას დაესწრება, რომლის მთავარი თემაა „თვითორგანიზებადი სისტემები“.

წლევანდელ ტრიენალეში 14 სხვადასხვა ქვეყნიდან 109 ქართველი და უცხოელი არტისტი იღებს მონაწილეობას. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია გამოფენები 8 საგამოფენო და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში.

ტრიენალე საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი. პირველი ტრიენალე CCA 2012 წელს გაიმართა და მის მთავარ თემას არაფორმალური სახელოვნებო განათლება წარმოადგენდა. პროგრამა ერთი თვის განმავლობაში გამოფენების, ვორკშოპებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობის სერიას აერთიანებდა, რომელშიც ჩართული იყვნენ არტისტები, კურატორები, შემოქმედებითი კოლექტივები და თეორეტიკოსები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. 2014 წლის ივლისში თბილისის ტრიენალე მსოფლიო ბიენალეების საერთაშორისო ასოციაციის ასოცირებული წევრი გახდა.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ.

თბილისის მერიაში ორ მაღალ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 16:45

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებობებზე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, თანამდებობის დასაკავებლად, განაცხადის შევსება 15 დღის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე hr.gov.ge შეეძლებათ.

ირაკლი ლექვინაძემ „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრებს 13 ივნისის სტიქიის შესახებ ანგარიში წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 14:35

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრებს 13 ივნისის სტიქიის შესახებ ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა  სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.

ირაკლი ლექვინაძემ კლუბის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების განკარგვის შესახებ. პრეზენტაცია შეეხო ასევე იმ საჭიროებებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

„თბილისის მერიის სახელით შეხვედრაზე წარვადგინე პრეზენტაცია, სადაც იყო ერთგვარი ანგარიში შემოწირული თანხების განკარგვის შესახებ. დღეს აქ იმყოფებოდა თითქმის ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლებმაც უდიდესი კონტრიბუცია გაიღეს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. პრეზენტაცია შეეხო ასევე იმ საჭიროებებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

დაზარალებულების დასახმარებლად ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, თუ რა მიმართულებით შეიძლება სხვადასხვა კომპანიების მხრიდან განხორციელდეს მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიებას კლუბის წევრებთან ერთად, 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც 2015 წლის 27 მაისს დაფუძნდა, წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან, პარტნიორებთან, დონორებთან ერთობლივი  სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კლუბის წევრია 50 ბიზნეს, არასამთავრობო, მედია და საჯარო ორგანიზაცია.

საბურთალოს გამგებელმა 2016 წლის ბიუჯეტის დეტალები საზოგადოებრივი საბჭოს წევრებთან განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 14:20

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ რაიონის გამგეობასთან შექმნილ საზოგადოებრივი საბჭოებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მათი შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინა.

შეხვედრები სამ დღეს გაგრძელდა და გამგებელმა საზოგადოებრივი საბჭოების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად თითოეულ საუბნო სამსახურის ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალები შესაბამისი უბნის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს გააცნო.

შეხვედრებს მათი საარჩევნო უბნის მიხედვით ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები - შორენა ბუხრაშვილი, დავით ზურაბიშვილი და ალეკო ელისაშვილი და ამავე საუბნო სამსახურების ხელმძღვანელები.

დისკუსიები კონსტრუქციული აღმოჩნდა და საზოგადოებრივი საბჭოების წევრებმა მოიწონეს ბიუჯეტში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა შეთანხმდნენ, რომ უფრო დეტალურ და არგუმენტირებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გამგეობას უახლოეს დღეებში, წერილობითი ფორმით წარუდგენენ.

„შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან ჩვენი ხედვები რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით თითქმის სრულად დაემთხვა ერთმანეთს. იყო გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩვენი მიზანია მომავალი წლის ბიუჯეტი იყოს სწორად და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილი,“ - განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ ბექა მიქაუტაძემ.

დღეს ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 12:20

ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება, რომელზეც მისი დაკითხვა იგეგმება.. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული.

ბოდოკიას ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ჩვენების მიცემის დროს, ბრალდებული ვრცლად ისაუბრებს ყველა დეტალთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოდოკიას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში მიღება გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:55

28 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩეხეთის ელჩმა საქართველოში  მიღება გამართა.

სადღესასწაულო მიღებას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი ალიბეგაშვილმა  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება ქართველი და ჩეხი ხალხის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე გაამახვილა.

„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხ ხალხს კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ.

დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ხანგრძლივი მეგობრული კავშირები  ორმხრივი  თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას ორივე ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ კვლავაც მოგვცემს,“–განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული,  ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ხვალ საღამოს აღდგება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 14:26

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს  გაიხსნება.  

 ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს. შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალსადენის ახლით შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე  700 მეტრს შეადგენს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ ,ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე  2 ფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე მიმდინარეობს  ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხვალ კი აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დაიგება მეორე ფენა ასფალტის საფარი.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთობლივად ახორციელებენ.

 

 

დავით ნარმანია - "კაბინეტში მერის გარდა, ბრიფინგს არავინ ატარებს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 14:10

“ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს, პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე, მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს," - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ის სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისთვის საკუთარ კაბინეტში ბრიფინგის ჩატარებაზე უფლების არ მიცემას გამოეხმაურა. ნარმანიას თქმით, "კაბინეტში მერის გარდა, არავინ ბრიფინგს არ ატარებს".

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. მას კაბინეტში ბრიფინგის ჩატარების უფლება არ მისცეს. ხაბეიშვილს განუმარტეს, რომ ბრიფინგი პრესამსახურთან არ იყო შეთანხმებული. თუმცა, ხაბეიშვილის თქმით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ ბრიფინგის ჩატარება საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის უფროსს თინათინ მგელაძეს შეუთანხმა. მისი თქმით, ის იმ გუნდთან ერთად მუშაობას არ აპირებს, ვინც "თბილისელებზე არ ზრუნავს". ლევან ხაბეიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს ხაბეიშვილი მერიიდან გაათავისუფლეს და თანამდებობაზე სასამართლომ აღადგინა.

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური