თსუ-ს 61 სტუდენტს თბილისის მერია პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლაში დაეხმარება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 15:13
ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს პროექტ იურუდიულ კლინიკაში ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის სამაგისტრო პროგრამის 61 სტუდენტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალში პრაქტიკულ კურსს გაივლის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თსუ-ს II კორპუსში, „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს ხელმძღვანელები ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატებთან და მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების უფროსს ვერიკო ხელისუფალთან ერთად სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მომხსენებლებმა სტუდენდებს პრაქტიკული კურსის ძირითადი ეტაპები და პროექტის პერსპექტივები გააცნეს. პრაქტიკულ კურსში მონაწილე სტუდენტებს ტრენერ-ადვოკატებთან ერთად მოსახლეობისთვის, უფასო, იურიდიული კონსულტაციის გაწევა შეეძლებათ. როგორც ა(ა)იპ-ის დირექტორმა მარინა ბერაძემ სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, იურიდიული კლინიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თსუ-ს სტუდენტებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კუთხით პროფესიის დაუფლებასა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. „თსუ-სა და ჩვენს ა(ა)იპ-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და წელსაც ჩვენი სამსახური სტუდენტებს მომავალ დასაქმებაში დაეხმარება. მე მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენს ორგანიზაციაში გაივლიან პრაქტიკულ კურს ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო მაგისტრანტი სტუდენტები,“ - განაცხადა მარინა ბერაძემ. აღნიშნულ პროექტში თსუ-ს უნივერსიტეტი ორგანიზაციის დაარსების დღიდან, 2009 წლიდან არის ჩართული. პროექტი 4თვიან პრაქტიკულ კურსს მოიცავს. ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს პროექტი „იურუდიული კლინიკა“ მოსახლეობას სამოქალაქო-ადმინისტრაციული და სამეწარმეო-საგადასახადო პრობლემური საკითხების გადაჭრაში უსასყიდლოდ ეხმარება.

თბილისის მერია სტიქიით დაზარალებული მეწარმეებისთვის იაფი სესხის გაცემის პირობებს ამარტივებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 14:40
თბილისის მერია „მეწარმეობის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებული მეწარმეებისთვის იაფი სესხის გაცემის პირობებს ამარტივებს. დედაქალაქის მთავრობამ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში („მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე”) ცვლილების პროექტი მოიწონა, რომელიც გარკვეული კატეგორიის მეწარმეებისთვის სესხის შეღავათიანი პირობებით გაცემას ითვალისწინებს. ცვლილება მეწარმეებს საშუალებას მისცემს იაფი სესხი წლიური 6%-ის ნაცვლად 3%-ად მიიღონ. ცვლილება ასევე ითვალისწინებს სესხის პერიოდის 60-დან 84 თვემდე გაზრდას. სესხის გადახდის შეღავათიანი პერიოდი კი 6-12 თვის ვადით საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად დადგინდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოწონებული ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ განახლებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობას შეძლებენ როგორც სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ასევე ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად დაზარალებული მეწარმეები.

დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 13:35
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო და დედაქალაქის მთავრობა მუშაობს, რათა თბილისი კიდევ უფრო თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარდეს. რაც შეეხება მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ძალიან მალე დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით. კონკურსი 3 თანამდებობაზე უკვე გამოცხადებულია, არსებულ, კიდევ რამდენიმე ვაკანტურ ადგილას კი, დედაქალაქის მერის განცხადებით, უახლოეს მომავალში მაღალი კვალიფიკაციის მქონე მენეჯერები დაინიშნებიან. მთავრობის სხდომაზე განსახილველ თემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი იყო. დედაქალაქის მერიამ გაითვალისწინა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა, ოქტომბერში დამატებით ელექტროენერგიის კორექტირებული ტარიფის სხვაობას მიიღებენ. რაც შეეხება ყველა სხვა აბონენტს, მათ სუბსიდია იგივე რაოდენობით დაერიცხებათ, როგორც ეს 2015 წლის იანვარ-მარტში განხორციელდა - თვეში 20 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ქალაქის მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ბენეფიციარებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001-ს არ აღემატებოდა, კომუნალური სუბსიდია გაორმაგდა და 250 ლარის ნაცვლად 500 ლარი გახდა.

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 14:10
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნიკა მელიას განცხადებით, დღეს თბილისელების წარმოდგენაში დედაქალაქის მერი, მერიის სამსახურები და გამგეობები ასოცირდებიან გადათხრილ ქუჩებთან, გაჩერებულ პროექტებთან, კორუფციასთან და ა.შ. "ვერც ერთმა მოქალაქემ 15 თვის განმავლობაში ვერ იგრძნო ამ უწყების ფუნქცია. თავქუდმოგლეჯილები გარბიან დღეს თანამდებობის პირები მერიიდან, ან იძულებით ატოვებინებენ თანამდებობებს. ეს ის პირები არიან, ვინც 9 მილიონი ლარი მიიღეს პრემიის სახით არაფრის კეთებაში. ამ ფონზე დავით ნარმანია არც კი თვლის საჭიროდ და მეტიც, ვერ არის აღჭურვილი შესაბამისი ავტორიტეტით, რომ აუხსნას თბილისელებს რა ხდება მის უწყებაში. ამ ვითარებაში დარჩა ერთადერთი გამოსავალი - დაინიშნოს თბილისში დედაქალაქის მერის ვადამდელი არჩევნები. ეს თბილისელებს საშუალებას მისცემს აირჩიონ ის მერი, რომელიც მოემსახურება ქალაქს. ამით თავად ნარმანია იგრძნობს უდიდეს შვებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეიდან ვითხოვთ თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს"', - აღნიშნა მელიამ. მისი თქმით, დღეს მერიაში გადაწყვეტილებებს დავით ნარმანიას მაგივრად სუს-ი იღებს.

გელა ჩივიაშვილი: „ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 11:40
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. „ამაზე მე გუშინ გავაკეთე კომენტარი და მერიამაც გაავრცელა, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

დღეს ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 11:15
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე ჯოკია ბოდოკიას დაკითხვა და ბრალდების წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი აიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯოკია ბოდოკია ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.

დავით ნარმანია მერიაში საკადრო ცვლილებებზე შექმნილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 10:29
თბილისის მერი დავით ნარმანია მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს "სრულიად უსაფუძვლოს" უწოდებს. როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებული ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში კვალიფიციური კადრებით შეივსება. "მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ შექმნილი აჟიოტაჟი ეს არის სრულიად უსაფუძვლო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც შეეხება მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ისინი უახლოს მომავალში შეივსება კვალიფიციური კადრებით, მათ შორის სამ ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად, თანმიმდევრულად ვმუშაობთ და ეფექტურად განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 10:10
თბილისის მერიაში თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გუშინ, ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია საღამოს 9 საათისთვის მთავრობის კანცელარიაში იყო დაბარებული, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არც მთავრობის კანცელარიის და არც თბილისის მერიის პრესსამსახურებს არ დაუდასტურებიათ. ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, შეხვედრის თემას მერიაში მიმდინარე პროცესები წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ დატოვა. არსებული ინფორმაციით კი, დღეს თანამდებობას მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დატოვებს. თუმცა, ოფიციალურად არც ამ ინფორმაციას ადასტურებს თბილისის მერიის პრესსამსახური.

"თბილსერვის ჯგუფმა" კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 17:45
შპს "თბილსერვის ჯგუფმა" მასშტაბური დასუფთავებითი სამუშაოები თბილისის ერთ-ერთ რეკრეაციულ ზონაში - კუს ტბაზე მოაწყო. ტერიტორია დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისაგან გაიწმინდა. "თბილსერვის ჯგუფის" ტექნიკური დირექტორის, დავით დოლიძის ინფორმაციით, მსგავსი სახის დასუფთავებითი სამუშაოები დედაქლაქის სხვა (კერძო) ტერიტორიებზე მომავალშიც განხორციელდება. "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ ნარჩენების დაყრისგან, დაიცვან კანონი და ნარჩენები განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში - ურნებში.

მერიის პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის 400 წარმომადგენელი გადამზადდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 17:25
თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ მერიის ხელშეწყობით გადამზადებულ მეწარმეებს სერტიფიკატები გადასცა. სასწავლო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერის“ ფარგლებში მიმდინარეობს და სამ სასწავლო მოდულს მოიცავს: საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსების მართვა, სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობა და სახელმწიფო შესყიდვები. ამ დროისათვის ტრენინგში მონაწილეობა 70-მდე მეწარმემ მიიღო. "თბილისის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამეწარმეო განათლების მიმართულებით გარკვეული აქტივობების განხორციელება. ეს არის წარმატებული პროექტი. მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიარონ პროფესიული გადამზადება ისეთ წამყვან მიმართულებებში, როგორიც არის საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები და საგადასახდო კანონმდებლობა. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამის გავლა აამაღლებს მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და გაუადვილებთ საქმიანობას იმ ბიზნესგარემოში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია",- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. კურსის მიმდინარეობისას ეტაპობრივად 400 მეწარმის გადამზადება იგეგმება. ტრენინგში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მონაწილეებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც ერთ, ასევე, რამდენიმე სასწავლო მოდულს. სასწავლო კურსი უფასოა. მონაწილეები ტრენინგის სალექციო მასალასაც უსასყიდლოდ იღებენ. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური