დავით ნარმანიამ კრწანისის რაიონში რეაბილიტირებული სკვერი გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 14:39

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის №7-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.

სკვერის გახსნას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი დაესწრნენ. სკვერის სრული რეკონსტრუქცია მერიის ინიციატივით მიმდინარე სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„ქალაქის გამწვანებისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გარდა თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს  დედაქალაქში რეკრეაციული ზონების განვითარებაზე, ჩვენი მიზანია ქალაქში იყოს მეტი, არა მარტო გამწვანებული, არამედ კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი. ეს ზრდის ქალაქის მიმზიდველობას, ქმნის მის ესთეტიკურ იერ-სახესა და, საბოლოოდ, ქალაქის იმიჯს. ამ სკვერის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი მიმზიდველი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეემატა",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერში დამონტაჟდა ახალი სკამები და ურნები, ასევე თანამედროვე სარწყავი და დეკორატიული განათების სისტემები. მოეწყო საბავშვო და სავარჯიშო კაუჩუკის საფარიანი მოედნები, სავალი ბილიკები კი მაღალი ხარისხის ფილებით მოპირკეთდა. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკვერში მწვანე საფარიც განახლდა და 200-მდე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო. 

პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 10-მდე სკვერის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

სკვერი „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში გაიხსნა. „თბილისობა 2015“ 16 ოქტომბერს „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოებით გაიხსნა და 18 ოქტომბერს გალა-კონცერტით დასრულდება.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "თბილისობა 2015" გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 11:14

"თბილისობა 2015" “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.

“საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გიორგი ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ. დაჯილდოების ცერემონია, "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. “დედაქალაქის მერია ყოველწლიურად ზრუნავს და დაუზოგავად შრომობს, რათა შემოდგომის დღესასწაული იყოს კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბური. ჩვენ გადავწყვიტეთ, წლევანდელი თბილისობა განსაკუთრებული ყოფილიყო, არა მხოლოდ მრავალფეროვანი პროგრამით, არამედ სიახლეებით, რომელსაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ვთავაზობთ. შემოდგომის 36-ე დღესასწაულის დაგეგმვაში წელს, თავად, მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და დავაფასოთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს და სრულიად საქართველოს ასახელებენ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა საპატიო მოქალაქეებს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ „ბორჯღალოსნებს“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა. „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება "თბილისობის" განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს, თბილისობის პირველ დღესასწაულზე ჩაეყარა. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ხელოვნების, სპორტის და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს ყოველწლიურად ენიჭებათ.

მეტროს თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურეობის დანამატი აღდგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 15:49

თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან წელთა ნამსახურეობის დანამატი აღდგება.

დანამატის აღდგენა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეტროს თანამშრომლებისთვის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი თავდაუზოგავი შრომის დაფასების მიზნით მოხდება.

აღნიშნული დანამატის გადახდა 2006 წელს შპს "თბილისის მეტროს" გადაწყვეტილებით შეწყდა, სანაცვლოდ, ეს თანხა დაემატა თანამშრომლების  ყოველთვიურ ხელფასებს.

მომავალი წლიდან მეტროს თანამშრომლების არსებულ ხელფასებზე ისევ გაკეთდება დანამატი წელთა ნამსახურეობის მიხედვით, რისთვისაც ქალაქის მერია 2016 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიონ ლარს გამოყოფს.

თბილისში საბავშვო ბაღების აღდგენა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 11:53

თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა მიმდინარეობს. 2 ნოემბერს ჩუღურეთის რაიონში, კიევის ქუჩაზე 132-ე საბავშვო ბაღი დაიწყებს მუშაობას.

შენობაში რამდენიმე თვის წინ სარემონტო სამუშაოები დაიწყო და აღსაზრდელთა სამი ჯგუფი შეიქმნა.

132-ე საბავშვო ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 15 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია მოხდება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე კიდს.ორგ.გე.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები კიდევ ორ დახურულ ბაგა-ბაღში მიმდინარეობს, კრწანისის რაიონში N206 ბაგა-ბაღში და 109-ე ბაგა-ბაღის დახურულ ფლიგელში, სადაც უახლოეს მომავალში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება.

„თბილისიმარათონი 2015“ 25 ოქტომბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 15:32

თბილისის მერი დავით ნარმანია საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში სოციალური პროექტის - „თბილისიმარათონი 2015“-ის პრესკონფერენციას დაესწრო.

დედაქალაქის მერია, ტრადიციისამებრ, წელსაც „თბილისიმარათონის“ მხარდამჭერია.

“ჰაიდელბერგცემენტის” მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი “თბილისიმარათონი 2015” 25 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ ჩატარდება და ნაცვლად თბილისის ზღვისა, ღონისძიების მარშრუტი ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავს. მარათონში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება 6 წლის ასაკიდან შეეძლებათ.

ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება და ქველმოქმედებაა. „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგდება და სპეციალურად შერჩეულ ბენეფიციარს გადაეცემა.

„ღონისძიების მიზანი - საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება, თბილისის მერიის ამოცანებს უკავშირდება. მოქალაქეებში ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია აქტიურად მუშაობს ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავსი სახის მარათონებს. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა, ამასთან, გარბენის მარშრუტი მოიცავს თბილისის ძირითად ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს, რაც, თავისთავად, გულისხმობს ქალაქის პოპულარიზაციას ტურისტული თვალსაზრისითაც. დედაქალაქის მერია მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს მომავალშიც მხარს დაუჭერს“. - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 10:38

შპს „სინათლის ქალაქმა“ თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა შპს „სინათლის ქალაქი“-ს დირექტორთან, ვასილ ხორავასთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.

„დღეიდან, ანძის ძველი ნაწილების დემონტაჟი დავიწყეთ. სანათების დიდი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. ახალ „ლედ სანათებს“ ჩვენს მიერ შერჩეული იტალიური კომპანია ეტაპობრივად, სამ ნაწილად მოგვაწვდის. ყველა პირობის გათვალისწინებით, ახალ წელს თბილისის ანძა ახლებურად იქნება განათებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შპს „სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, დაზიანებული სანათების დემონტაჟი 20 დღეს გასტანს, რის შემდეგაც ახალი სანათები დამონტაჟდება.

„ეს არის უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ტექნიკურმა პერსონალმა მუშაობა დღეიდან დაიწყო და დაზიანებული სანათების დემონტაჟს დაახლოებით 20 დღე დასჭირდება. ამის შემდეგ, ჩვენ აღდგენით სამუშაოებს და ახალი სანათებისთვის სისტემურ მომზადებას დავიწყებთ“, - განაცხადა შპს „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ - „გრივენმა“ დააკმაყოფილა, რომლის სახელსაც არაერთი მასშტაბური პროექტი უკავშირდება, მათ შორის - „გრივენის“ მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი,  6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად.

თბილისის ანძა, დღეს, 5 000 ცალი „ფლეშ“ სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. თბილისის მერიის ინფორმაციით სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული.

კომპანია "გრივენი"-ს მიერ შემოთავაზებული პროექტის ღირებულება 635 000 ევროს ოდენობისაა.

ირაკლი ლექვინაძე ტუნისში საერთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 17:48

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ტუნისში ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.

ღონისძიება ეძღვნება თემას ,,ინოვაცია, პასუხი ახალ ურბანულ გამოწვევებზე". თბილისის მერიას განსახილველად და დასაფინანსებლად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული პროექტი ,,საველე სარესტავრაციო სკოლა" აქვს წარდგენილი. გარდა ამისა, დელეგაციამ ასამბლეაზე ლანდშაპტების ინოვაციური კომისიის წევრების თბილისში მოწვევის საკითხი დააყენა.

მათივე ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში ტარდება სემინარები ურბანული ინოვაციების და საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური და სოლიდარული ეკონომიკის საკითხებზე, ასევე ქალების როლზე ინოვაციის პროცესში. განიხილება ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების და 2016 წლის ბიუჯეტის მიღების საკითხსაც.

ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია ამჟამად 225 ქალაქსა და ქალაქთა გაერთიანებას აერთიანებს, რომელიც ასამბლეას ყოველწლიურად მართავს. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ასოციაცია მუნიციპალური მოდერნიზაციის, ჯანმრთელობის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, დაცვისა და აღდგენის, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სისტემის მიმართულების პროექტებს აფინანსებს.

ასოციაციას თბილისი 2001 წლიდან საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიცირებით და შუამდგომლობით შეუერთდა.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა გუშინ ღამე გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 12:35

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრაობა გუშინ ღამე სრულად აღდგა. პროექტის ფარგლებში, არსებულ გზის მონაკვეთზე დაიგო ახალი ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები.

მოასფალტების სამუშაოები ქუჩაზე არსებულ რამდენიმე იტალიურ ეზოშიც განხორციელდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა ასევე დიღმის მასივის მე-3, მე-4 და მე-5 კვარტლებში.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის ამორტიზებულ დამოძველებულ ქსელებს.

შეცვლილ ქსელებზე კი მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა ხალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობამ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთობლივად განახორციელა.

აუდიტის სამსახურის განცხადება თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებში მიმდინარე აუდიტის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 18:16
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარე პროცესებს მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული საკითხებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასაჯაროვებს გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევა-ნაკლოვანებებს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირებას საჭიროებენ, თბილისის მერიის ადმინისტრაციის აუდიტის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი არასწორი საკადრო პოლიტიკისა და არაეფექტური მართვის პრობლემები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება აუდიტის დასრულების შემდეგ. სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ: სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები. მათ შორის, უმწეო მოქალაქეების უფასო სასადილოებით მომსახურების შესყიდვისას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევებს, რამაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია. უფასო სასადილოს მომსახურებაზე გამოცხადებული ზოგიერთი ტენდერის შედეგები (ლარი) უფასო სასადილოებისთვის 2013 წელს გამოცხადებული ტენდერების მონაწილეები ძირითადად შპს „ილი“ („ილი ჯგუფი“) და შპს „ლიზი“ არიან. როგორც ცხრილიდან ჩანს, მომსახურების შესყიდვისას გამგეობის სატენდერო კომისიამ ოთხჯერ მოახდინა შპს „ლიზის“, ხოლო ერთხელ - შპს „ილის“ დისკვალიფიკაცია. დისკვალიფიკაციის მიზეზი ხუთივე შემთხვევაში იდენტურია - ფასების ცხრილისა და ტექნიკური დოკუმენტაციის, კერძოდ, სასადილოს მოსაწყობად საჭირო ფართის ფლობის დამადასტურებელი საბუთის დაუზუსტებლობა. ჩვენს ხელთ არსებული სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, როცა პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მიწოდების საბოლოო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს არ აქვს წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია. კომისიამ, დაბალი ფასის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველზე, ხელშეკრულება უფრო მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაააფორმა, რამაც შესყიდვის ღირებულების გაზრდა გამოიწვია. დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაციითა და უფრო მაღალი ფასის პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება გაიზარდა 92.4 ათასი ლარით. არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ პრეტენდენტებმა დაარღვიეს საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული აფიდავიტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, კონკურენტებს ეკრძალებათ კომუნიკაცია, შეთანხმება, ან მოლაპარაკება, სატენდერო წინადადების ფასის და წინადადების წარდგენის, ან წარდგენისაგან თავის შეკავების შესახებ. შპს „ლიზი“ და შპს „ილი“, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აუდიტის ობიექტი ვალდებული იყო შეესწავლა აღნიშნული საკითხი და გაეტარებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები. მნიშვნელობიდან, უკვე გამოვლენილი გარემოებებიდან და შეფასებული რისკებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ. 3. სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ: სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ხარვეზები ამხანაგობების მეშვეობით ქალაქ თბილისის ახალშემოერთებულ სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში. წყალმომარაგების ქსელის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“. ამხანაგობებმა სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება გააფორმა იმავე კომპანიასთან. საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ სამგორში შეადგინა 6907.2 ათასი ლარი, ხოლო გლდანში - 5595.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სამგორის რაიონში - 2736.3 ათასი ლარი, ხოლო გლდანის რაიონში - 2238.0 ათასი ლარი. დოკუმენტაციის შესწავლით იკვეთება რიგი უზუსტობები, კერძოდ: ფარული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებთან შედარებით, ხოლო ფარული სამუშაოების აქტები არ არის შედგენილი; ხარჯთაღრიცხვა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თავად მოამზადა, მიუხედავად ამისა, შესრულებულია 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვებით; არსებობს მაღალი რისკი, რომ თავდაპირველად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ერთეულის ფასები გაზრდილი ღირებულებით იყო გათვალისწინებული და შემდეგ ანაზღაურებული. აღნიშნულ რისკს ამყარებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რაც გულისხმობდა სამუშაოების ღირებულების დათვლას ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. დასკვნის შედეგად ერთეულის ფასებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები; მიმწოდებელს 2014 წლის 9 ივნისს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტით ანაზღაურებული თანხიდან 75.6 ათასი ლარი ჩაერიცხა ისე, რომ სამუშაოების დასახელებები ფორმა N2-ში არ იყო მითითებული (გლდანის რაიონი). ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად განსხვავდება შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებული მოცულობებისგან; მაგალითად, აუდიტის ჯგუფის მიერ სამუშაოების ადგილზე შემოწმებით და ამხანაგობების თავმჯდომარეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ შეუსრულებელია ფორმა №2-ში დაფიქსირებული ასფალტობეტონის საფარის აყრის სამუშაოების ნაწილი. (სამგორის რაიონში 20.2 ათასი ლარი); შესრულებული სამუშაოების ნაზარდ ჯამში (ფორმა N3) წარმოდგენილი მოცულობები განსხვავდება ფორმა N2-ში წარმოდგენილი ნაკრები მოცულობებისგან. შესრულებული სამუშაოების აქტები შეიცავს სხვა უზუსტობებსაც. 2015 წლის 3 ივნისს შემსრულებლის დაკვეთით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც შეეხო შესრულებული სამუშაოს აქტებისა და ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების შესაბამისობას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამგეობების მიერ გადახდილ თანხებსა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 3.784 მილიონი ლარი. აუდიტის პერიოდში მიმწოდებლის მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნებულია 3.672 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ საექსპერტო გამოკვლევები არ შეხებია შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტი დაეყრდნო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ანუ სამუშაოების შემსრულებლის) გენერალური დირექტორის წერილს, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები სრულად იყო შესრულებული. აგრეთვე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თანხით 904.2 ათასი ლარი ფორმა №2-ში მოცემულია გაუშიფრავი სახით. შედეგად, ექსპერტიზის მიერ ვერ მოხდა ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული 904.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების პირდაპირი დანახარჯების შემოწმება, შესაბამისი დოკუმენტაციის არ/ვერ წარმოდგენის გამო. საექსპეტო დასკვნით, მანქანა მექანიზმებზე დაანგარიშება ვერ განხორციელდა ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. ღირებულება გამოყვანილი იქნა სამშენებლო რესურსებზე არსებული სტატისტიკური ფასებით. ზემოთ მოყვანილ გარემოებებზე დაყრდნობით, უკვე გამოვლენილი და ექპერტიზით დადასრურებული სხვაობების გარდა, წყალმომარაგების სისტემის სრული ექსპერტიზის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს დამატებითი სხვაობები. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 20 მაისს სამგორის რაიონში ამხანაგობა „დიდი ლილოს“ თავმჯდომარესა და მიმწოდებელ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თანხით 538.1 ათასი ლარი. ამხანაგობის თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. აუდიტის ჯგუფის მანდატიდან გამომდინარე (რადგანაც დამკვეთი არის ამხანაგობა, ხოლო შემსრულებელი - კერძო კომპანია.), სრული სურათის დასადგენად, ხელი არ მიგვიწვდება კერძო სამართლის სუბიექტების პირველად დოკუმენტაციაზე. თემის მნიშვნელობიდან და წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ. გარდა აღნიშნული შესყიდვისა, არსებობს მაღალი რისკი, რომ 2014 წელს სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ღირებულებით - 431.8 ათასი ლარი, ასევე ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების მიერ აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, ტენდერზე ყველაზე დაბალი ფასი - 302.5 ათასი ლარი წარმოადგინა შპს „არსაკიძე-2000“-მა. აღნიშნულმა კომპანიამ გამარჯვების შემდეგ უარი განაცხადა სატენდერო წინადადებაზე და მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. შემდეგმა პრეტენდენტმა, - შპს „კომფორტ მშენმა“ არ დააზუსტა სატენდერო დოკუმენტაცია, რის გამო ასევე მიიღო დისკვალიფიკაცია. გამარჯვება მიეკუთვნა შემდეგი ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანიას შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიას“, ღირებულებით - 325.4 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიამ“ სამი სარეაბილიტაციო ქუჩიდან ორის შესრულებაზე, ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს „არსაკიძე 2000“.

ჯოკია ბოდოკია უარყოფს ინფორმაციას, რომ ქრთამის სახით აღებული თანხა ნარმანიას ძმისთვის უნდა მიეტანა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 17:30
დღეს ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, რომელზეც ბოდოკია უნდა დაეკითხათ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი, ბრალდებულმა ჯოკია ბოდოკიამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის თანახმადაც დავით ნარმანიას ძმისთვის, ირაკლი ნარმანიასთვის ქრთამის სახით აღებული თანხა უნდა მიეტანა. როგორც ბოდოკიამ დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას განაცხადა, აღნიშნული სიცრუეა. მისი თქმით, ირაკლი ნარმანიას 3 წელია რაც იცნობს. "ირაკლი ნარმანიას ამ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მოუწია პრესკონფერენციის გამართვა და აღნიშნული ცრუ ინფორმაციის უარყოფა. ვეთანხმები მის პრესკონფერენციის დროს გამოთქმულ ყველა სიტყვას", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ. რაც შეეხება დავით ნარმანიას, როგორც მან ჩვენების მიცემისას აღნიშნა, ნარმანიას 1999 წლიდან იცნობს, თუმცა ახლო მეგობრობა არასოდეს აკავშირებდა. ბოდოკიამ ალექსანდრე მარგიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც ბოდოკიამ აღნიშნა, ალექსანდრე მარგიშვილს არ იცნობს, მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი, როდესაც ყოფილი ვიცე-მერი თანამშრომლებთან მივიდა და 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომა მიულოცა. რაც შეეხება მერიის ზედამხედველობის სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს გეგი ნიჟარაძეს, როგორც ბოდოკიამ აღნიშნა, იგი სწორედ ნიჟარაძის შეთავაზების საფუძველზე მივიდა ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის მოვალეობის თანამდებობაზე და გაიარა კონკურსი. ბოდოკიას დაკითხვა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური