უცხოელი სპეციალისტები ქართველ რესტავრატორებს გადაამზადებენ

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 16:34

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან ივ ლავუარი და საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე საქართველოში ანტუან ბარდონი მიიღო. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს რესტავრატორთა მოსამზადებელი „საველე სკოლის“ პროექტი, რომელიც რესტავრატორთა უძველესი ფრანგული ასოციაციის მიერ არის ინიცირებული. პროექტი მიზნად ისახავს რვა ქართველი რესტავრატორის მომზადებას, რომლებიც სამომავლოდ რესტავრატორების სხვა ჯგუფებს მოამზადებენ.

აღნიშნული პროექტი თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ოქტომბრის დასაწყისში, ქალაქ ტუნისში, დასამატკიცებლად წარუდგინა ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომლის გადაწყვეტილებითაც ასოციაციამ პროექტის სარეალიზაციო ხარჯების 80% დააფინანსა. ,,საველე სკოლა'' თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებისთვის ერთ-ერთ სარესტავრაციო ისტორიულ შენობაში განთავსდება.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს ქართველ რესტავრატორთა ახალი თაობის მომზადებას და წვლილს შეიტანს ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. ფრანკოფონიის მერების ასოციაცია გვეხმარება, რომ მათი გამოცდილება გავიზიაროთ. ისინი გვიფინანსებენ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისის განვითარების ფონდში მომზადდებიან რესტავრატორები. აღებული იქნება ერთი შენობა, სადაც ჩატარდება სავალე მოსამზადებელი სამუშაოები, რათა უშუალოდ რესტავრაციის პროცესს გაეცნონ და უცხოელი პარტნიორების გამოცდილება გაიზიარონ ჩვენმა თანამშრომლებმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის ჟან ივ ლავუარის განცხადებით, ქართული კულტურული მემკვიდრეობა მდიდარია, თუმცა ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი და პროექტი ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია.

„პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა რესტავრატორთა მომზადებას, რომლებიც შემდგომ წარმართავენ თავიანთ საქმიანობას ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში. ყველას ხიბლავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრე, მაგრამ ამ სფეროში ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია და ვფიქრობ, ეს პროექტი თავის წვლილს შეიტანს ამ მნიშვნელოვან საქმეში. პროექტის შედეგი არ იქნება ერთჯერადი. მომზადდება რამდენიმე ახალგაზრდა რესტავრატორი, რომელიც თავის გამოცდილებას გაუზიარებს მომავალ თაობას“, - განაცხადა ჟან ივ ლავუარიმ.

თბილისის მერია ღვინის აღმართის რეაბილიტაციას ახორციელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 16:14

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის განვითარების ფონდის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებს რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. ამასთან, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა - თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა უკვე დაასრულა ღვინის აღმართზე არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ამჟამად ბაზალტის ახალი ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. პროექტი, როგორც საავტომობილო გზის, ასევე საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 200 მ2-ს მოიცავს.

„ღვინის აღმართის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოეწყობა როგორც გზა, ასევე რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს. ძალიან მალე ღვინის აღმართი კიდევ უფრო საინტერესო გახდება ტურისტებისთის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

ღვინის აღმართზე მდებარე შენობა-ნაგებობების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დეკემბრის ბოლოს, ნაწილი კი 2016 წლის მარტში დასრულდება. გზის სავალი ნაწილი სრულ ექსპლუატაციაში თვის ბოლოს შევა.

თბილისის საკრებულოში დიდი ლილოს ნაგავსაყრელის შესახებ იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 10:15

საკრებულოში დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს წარმომადგენლებსიგან დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

როგორც შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს დირექტორმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, აღნიშნულ სამსახურს წინა ხელისუფლებიდან მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რადგან პოლიგონზე თავიდანვე არასწორად წარიმართა პროცესები.

ნაგავსაყრელზე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს დირექტორის პირველმა მოადგილემ ისაუბრა.

როგორც ლევან ჯღარკავამ პროექტის პრეზენტირებისას განმარტა, ნაგავსაყრელის პოლიგონზე პირველ რიგში დაგეგმილია უჯრედის გადაფარვა, ბიოგაზის შეგროვების, ასევე გადამუშავების სისტემის მოწყობა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა.

,,აღნიშნული პროექტი, ექპერტიზისათვის გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომ დაგეგმილია სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება შესაბამისი სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად“- განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

პრეზენტაციაზე ასევე საუბარი შეეხო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობას.

,,თბილსერვის ჯგუფის’’ წარმომადგენლების განცხადებით, მერიის მიერ გამოვლენილ სამ კომპანიას დაევალა სრული პროექტის წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მათ მიერ შემოთავაზებული პროექტების ტექნოლოგიურ-ეკონომიკური კვლებები და გეგმა-გრაფიკი. საუკეთესოსთან კი გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ ,,თბილსერვის ჯგუფის’’ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია დადებითად შეაფასა.

გულიკო ზუმბაძის თქმით, თავდაპირველად უნდა გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც აქამდე არსებობდა, ამისათვის კი აუცილებელია ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა.

,,ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ უცხოელი მარალკვალიფიციური ექსპერტები. ჩატარდეს ტენდერი, თუმცა თუ ამ სამუშაოებს კვლავ ის კომპანიები განახორციელებენ, რომლებიც აქამდე იყვნენ ჩართულები, პრობლემები არასოდეს არ მოგვარდება. ჩვენთვის კი პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემო“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულო მონიტორინგს გაუწევს დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განსახორციელებელ ღონისძიებებს.

თემის ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის განხილვას კომისიის წევრების გარდა სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

სხდომაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ჩიქვინიძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, შპს ,,გამას“ წარმომადგენლები და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ,,დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

თბილისის მეტროში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 16:59

თბილისის მეტროში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა. დედაქალაქის მეტროპოლიტენის სადგურში "სადგურის მოედანი" თბილისის მერიის სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდისა" და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ერთობლივი ინოვაციური პროექტის "უფასო QR ბიბლიოთეკის" პრეზენტაცია შედგა.

თბილისის პირველი უფასო QR ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" დირექტორმა ირინა ჯავახაძემ და ფონდის პროექტის მენეჯერმა მარიამ მექვაბიშვილმა გახსნეს.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსახლეობაში კითხვის ჩვევის პოპულარიზაცია.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკის ბანერების მეშვეობით, მეტროს რამდენიმე სადგურში მგზავრებს შეეძლებათ სპეციალური QR კოდების გამოყენებით უფასოდ ჩამოტვირთონ სასურველი წიგნის ელექტრონული ვარიანტი.

წიგნის კითხვა სპეციალური უფასო აპლიკაცია SABA Readers-ის საშუალებითაა შესაძლებელი. პროექტის შემდეგ ეტაპზე მსგავსი ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობა სწრაფი კვების ობიექტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებშიც იგეგმება.

ფონდის ინფორმაციით, QR ბიბლიოთეკას სხვა დამატებითი ფუნქციაც აქვს - სპეციალური კოდების მეშვეობით შესაძლებელია თბილისში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების კატალოგების ჩამოტვირთვა და სასურველი წიგნების დისტანციურად ძებნა.

"ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა" და "საბამ" აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყეს. სპეციალურად შეირჩა თბილისის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგური და პროექტში მონაწილე ელექტრონული წიგნები ქართული და უცხოური ლიტერატურიდან.

თბილისის მერი სტრასბურგში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 15:44

თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა.

პლენარული სესიის მიმდინარეობისას კენჭი ეყრება სხვადასხვა რეზოლუციასა და რეკომენდაციებს. კერძოდ: მიმოიხილავენ ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობას ლუქსემბურგში, მონტენეგროში, მოლდოვის რესპუბლიკასა და ალბანეთში. ასევე იმსჯელებენ ახალგაზრდებისთვის მმართველობის პროცესში მონაწილეობის მიღებისას  ბარიერების აღმოფხვრაზე, ისაუბრებენ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებზე.

"იმართება ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესია, სადაც საუბარი იქნება სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებზე, მათ შორის საქართველოში. ჩვენ ვისაუბრებთ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გატარდა, კერძოდ, საზოგადოების აქტიური ჩართულობის ინსტრუმენტები, რაც სულ ახლახანს შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში და მის გავლენაზე ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხზე. იქნება მსჯელობა და დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, რომელშიც ასევე მივიღებთ მონაწილეობას'', - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც  უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა იგეგმება, რის შემდეგაც გაიმართება დებატები.

თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 19-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარედ სანიაღვრე კოლექტორი მოეწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 14:20

ვახუშტი ბაგრატიონის  ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.

სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, ძლიერი ნალექების დროს, სანიაღვრე კოლექტორი ვერ ატარებდა მოვარდნილ ნიაღვარს, რის გამოც ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები იტბორებოდა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მოეწყო 1000 მმ-იანი სანიაღვრე კოლექტორი, ჭები და ბეტონის ცხაურები.

დიდუბის რაიონში წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციაც აქტიურად მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის 7 მისამართზე უკვე დასრულდა სამუშაოები,ხოლო წლის განმავლობაში  მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 68 ობიექტზე განხორციელდა.

წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაციის შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 12:51

თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა.  სპეციალურად ამ პროგრამისთვის   ბაღის გადამზადებული მეთოდისტები და აღმზრდელები 5-6  წლიანი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის იმ უნარ-ჩვევების შესწავლას დაიწყებენ, რომელიც მათთვის ხელისშემწყობი იქნება სკოლაში ტრანზაციის პროცესის დროს.

სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც თამაშით სწავლებას გულისხმობს, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით  განვითარებას ითვალისწინებს. პროგრამა ხელს შეუწყობს აღსაზრდელის მოტორული,  სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას,  კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას.

რაც შეეხება საჯარო სკოლებში გამოყოფილ ფართებში სასკოლო მზაობის პროგრამის გავლის მსურველებს, მათი რეგისტრაცია 12 ოქტომბერს  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე  www.kids.org.ge  დაიწყო, რომელიც 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მდინარე ვერეს ხეობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 16:57

მდინარე ვერეს ხეობაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, დასასრულს უახლოვდება.

მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც, დღეიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, გმირთა მოედნიდან ხილიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე არსებული გზის მონაკვეთი ორივე მიმართულებით ჩაკეტილი იქნება.

საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში ნოემბერის დასაწყისში შევა.

დავით ნარმანიამ კრწანისის რაიონში რეაბილიტირებული სკვერი გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 14:39

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის №7-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.

სკვერის გახსნას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი დაესწრნენ. სკვერის სრული რეკონსტრუქცია მერიის ინიციატივით მიმდინარე სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„ქალაქის გამწვანებისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გარდა თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს  დედაქალაქში რეკრეაციული ზონების განვითარებაზე, ჩვენი მიზანია ქალაქში იყოს მეტი, არა მარტო გამწვანებული, არამედ კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი. ეს ზრდის ქალაქის მიმზიდველობას, ქმნის მის ესთეტიკურ იერ-სახესა და, საბოლოოდ, ქალაქის იმიჯს. ამ სკვერის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი მიმზიდველი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეემატა",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერში დამონტაჟდა ახალი სკამები და ურნები, ასევე თანამედროვე სარწყავი და დეკორატიული განათების სისტემები. მოეწყო საბავშვო და სავარჯიშო კაუჩუკის საფარიანი მოედნები, სავალი ბილიკები კი მაღალი ხარისხის ფილებით მოპირკეთდა. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკვერში მწვანე საფარიც განახლდა და 200-მდე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო. 

პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 10-მდე სკვერის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

სკვერი „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში გაიხსნა. „თბილისობა 2015“ 16 ოქტომბერს „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოებით გაიხსნა და 18 ოქტომბერს გალა-კონცერტით დასრულდება.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "თბილისობა 2015" გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 11:14

"თბილისობა 2015" “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.

“საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გიორგი ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ. დაჯილდოების ცერემონია, "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. “დედაქალაქის მერია ყოველწლიურად ზრუნავს და დაუზოგავად შრომობს, რათა შემოდგომის დღესასწაული იყოს კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბური. ჩვენ გადავწყვიტეთ, წლევანდელი თბილისობა განსაკუთრებული ყოფილიყო, არა მხოლოდ მრავალფეროვანი პროგრამით, არამედ სიახლეებით, რომელსაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ვთავაზობთ. შემოდგომის 36-ე დღესასწაულის დაგეგმვაში წელს, თავად, მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და დავაფასოთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს და სრულიად საქართველოს ასახელებენ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა საპატიო მოქალაქეებს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ „ბორჯღალოსნებს“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა. „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება "თბილისობის" განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს, თბილისობის პირველ დღესასწაულზე ჩაეყარა. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ხელოვნების, სპორტის და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს ყოველწლიურად ენიჭებათ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური