თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიას, ,,თბილსერვის ჯგუფსა” და “კა დე ვე ჯორჯიას” შორის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 მაისი 2016 16:09

ქალაქ თბილისის მერიას, შპს ,,თბილსერვის ჯგუფსა” და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” დირექტორმა ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს. 

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ინდუსტრიულ სფეროში - ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მართვის მიზნით. 

„ინტერესთა გამოხატვის წესების შესაბამისად, კომპანიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც შპს “კა დე ვე ჯორჯია” იღებს ვალდებულებას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეათანხმოს დოკუმენტაცია და წარმოადგინოს ამის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის, ისევე როგორც, საბანკო გარანტია უნდა იქნეს წარმოდგენილი დადგენილი მოთხოვნების მიხედვით, რათა ამის შემდგომ უკვე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადავიდეთ, ამიტომაც დადგენილი წესის მიხედვით მივყვებით ყველა პროცედურას ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა, სწორედ, წესების მიხედვით მოხდეს კომპანიასთან შეთანხმების გაფორმება“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. 

თანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, შპს “კა დე ვე ჯორჯია” უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და მშენებლობის ნებართვის წარმოდგენას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოეწყობა საჯარო განხილვები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

თბილისის მერია საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში1 446 ბავშვს აფინანსებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 14:45

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსების“ ქვეპროგრამის მიმდინარეობის პროცესის გასაცნობად ერთ-ერთ საცურაო აუზს ეწვია.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ქვეპროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 726 500 ლარია, რაც თვეში მაქსიმუმ 1446 ბავშვისა და მოზარდის დაფინანსებას ხმარდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით თბილისის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომელთაც საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დასაფინანსებლად თითო სახეობის არჩევის უფლება აქვთ. თბილისის მერია საცურაო აუზებში ერთი ბავშვის სწავლებას თვეში 70 ლარით აფინანსებს, ფეხბურთს - 50 ლარით, ტანვარჯიშს - 35 ლარით, ხოლო სხვა სახეობებს - 30 ლარით. როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერიის ქვეპროგრამის ფარგლებში, საცურაო აუზში „sport time”, თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 116 ბავშვის სწავლება ფინანსდება. აღნიშნული საცურაო აუზის გარდა, თბილისში ბავშვებს 5 საცურაო აუზი ემსახურება, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მსურველები თავად ირჩევენ. სულ, საცურაო აუზებში თვეში მაქსიმუმ 700 ბავშვის სწავლება ფინანსდება.

თბილისის მერიასა და „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მარტი 2016 18:15

თბილისის მერიასა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს. დღესვე, თბილისის მერმა საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული ახალი დაზგა-დანადგარები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მიწისქვეშა კომუნიკაციების ლაბორატორია დაათვალიერა და სტუდენტებს გაესაუბრა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებში, ასევე, რაიონების გამგეობებში კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს. ამასთან, მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სიახლეების დანერგვასა და კადრების გადამზადებას.

„ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ პროფესიულ კოლეჯთან, ვინაიდან, ძალიან საინტერესო ლაბორატორიები აქვთ, ასევე, საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ ჩვენს სისტემაში დასაქმებული კადრები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც აქტიურად ემზადებიან აქ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობენ, შემდეგ ტენდერების შესაბამისად, ასრულებენ სამუშაოებს მუნიციპალიტეტისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ვიყოთ უკეთ მომზადებულები და კერძო სექტორიც, რათა უფრო ხარისხიანად გამოგვივიდეს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,“ - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

კოლეჯი „სპექტრი“ მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს სამშენებლო და ბიოლოგიურ სპეციალობებში ამზადებს. კოლეჯში სწავლა, საავტომობილო, სამშენებლო, ბიზნეს ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვის, ასევე სახელოვნებო და სხვა მიმართულებებით უფასოდ არის შესაძლებელი. 
სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით კოლეჯის პარტნიორები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები.

დღესვე, თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებელთან, მამუკა ჩოქურთან ერთად, კოლეჯის ეზოში არსებული სკვერი დაათვალიერა, რომელიც „სპექტრისა“ და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ერთობლივად მოაწყვეს. კოლეჯის დირექტორის განცხადებით, ეს იქნება უფასო სივრცე, სადაც მსურველები სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვას შეძლებენ.

ამასთან, კოლეჯის ტერიტორიაზე, ამ დროისათვის, სასტუმროს, ტრენინგ ცენტრისა და 70 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასტუმრო უცხოელ სპეციალისტებს უმასპინძლებს, რომლებიც კოლეჯის პედაგოგებსა და სტუდენტებს ადგილზე გადაამზადებენ.

გამწვანების აქცია საბურთალოს რაიონში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 მარტი 2016 13:01

საბურთალოს რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ნუცუბიძის N14ბ-ს მიმდებარედ ახლადმოწყობილ სკვერში კიპარისის ნერგები დარგეს. 

ახლადგაშენებულ უბანში რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლებმა სკვერისა და სათამაშო მოედნების მოწყობის თხოვნით თბილისის მერს დავით ნარმანიას გასულ წელს მიმართეს, თუმცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. მერიასა და მესაკუთრეს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, თვითმმართველის საკუთრებაში გადავიდა. 

„თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მსგავსი ტიპის სკვერების და პარკების მოწყობა. ეს სკვერი არის კერძო სექტორთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. აქ უნდა აშენებულიყო კორპუსი და მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა ადგილმონაცვლეობა და მოეწყო სკვერი. დღეს ამ სკვერში დაირგო ხეები. ეს არის თბილისის მერის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომელიც თბილისის შემოგარენში ერთი მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ საპროექტო სამუშაოები პროცედურების დასრულებისთანავე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დაასრულა. სკვერში კეთილმოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა საპარკე სკამები, სათამაშო და სპორტული ინვენტარი. დღეს კი სკვერში 20 ერთეული წიწვოვანი ნერგი დაირგო.

დედამიწის საათი 2016

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 13:44

შაბათს, 19 მარტს, 20:00 – 21:30 საათზე, მრგვალი ბაღი თბილისში უმასპინძლებს დედამიწის საათს.
გაიმართება ჯგუფის The Wisky  კონცერტი და ჩრდილების თეატრის წარმოდგენა.
ღონისძიება ღიაა ყველა მსურველისათვის, ვინც მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და WWF კავკასია.
ღონისძიებას დაესწრებიან: შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი; გიგლა აგულაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი; დავით ნარმანია - თბილისის მერი;  ნანა ჯანაშია - CENN აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი სანადირაძე - WWF კავკასიის რეგიონული დირექტორი.  
დედამიწის საათის დროს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით გამოხატავს თანადგომას ჩვენი პლანეტის მიმართ.   
წელს საქართველო მერვედ უერთდება დედამიწის საათს. 19 მარტს 20:30 საათზე გარე განათება გამოირთვება სამთავრობო შენობებში, საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობების ფასადებზე.

თბილისის მერია ჟესტური ენის სწავლების პროექტს აფინანსებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 16:40
თბილისის მერიამ, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდა თარჯიმან დაქტილოლოგების მომზადების პროექტი დააფინანსა. 

თბილისის მერიამ და „ყრუთა კავშირმა“  ჟესტური ენის ახალგაზრდა თარჯიმნების სწავლება-დასაქმების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და „ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისის საკრებულოს წევრი, მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებლი მდივანი რატი იონათამიშვილი. 

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 18 ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადებით მერია ჟესტური ენის ინსტიტუტის გაძლიერებას და ახალგაზრდა კადრების მომზადებას უწყობს ხელს. 

„ახალგაზრდებს ამ პროფესიის დასაუფლებლად დავაინტერესებთ, რათა მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის. მერიამ მსგავსი ხელშეკრულება გასულ წელსაც გააფორმა და მომავალშიც გააგრძელებს ამ თემის წარმომადგენელთა მხარდაჭერას“, - აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა. 

18 ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადება-დასაქმების პროექტის ბიუჯეტი 19 800 ლარია. პროექტი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

 

ახალი პროექტი თბილისის მერიაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 11:09

თბილისის მერია ახალი პროექტის -"ახალი ტფილისის" განხორცილებას იწყებს. პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება. მას საზოგადოებას  პრემიერი და თბილისის მერი წარუდგენენ.    

პროექტი „ახალი ტფილისი“ გულისხმობს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებას და განვითარებას. 

ნუ გამოიყენებთ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებს, - თბილისის მერიის მოწოდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 11:51

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგებლის მაოდგილის დაკავებას ეხმაურება. თბილისის მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ადამიანები, რომელთაც აქვთ მცდელობა საკუთარი უფლებამოსილება გამიყენონ არაკეთილსინდისიერად, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციას არ აქვს გაღვივების შესაძლებლობა და ჩანასახშივე ხდება მისი აღკვეთა.

თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას,  ყველა იმ უპასუხისმგებლო და კანონის წინაშე არაკეთილსინდისიერი თანამშრომლის, მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა, გამოვლენაში და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის პროცესში.

ამასთან, მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, 16 დეკემბერს, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების სპეციალისტის დაკავებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის გადაწყვეტილებით, სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთ თვეს გასტანს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს," - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის განცხადება მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 15:37

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური დ.სარაჯიშვილის გამზირიდან დ.გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე (გზაგამტარი N1) დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლას იწყებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე სამშაბათს, 8 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

შემოვლითი რკინიგზის ახალი პროექტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 15:21

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამიშვილმა დედაქალაქის მერიაში შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს რკინიგზამ დედაქალაქის მერიას შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების სამი შესაძლო ვარიანტი შესთავაზა, გამომდინარე იქიდან, რომ პირველადი პროექტი გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა და მშენებლობა ამ მიზეზით შეჩერებული იყო.

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, არსებობს სამი შესაძლო ვარიანტი შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისა, კერძოდ, განიხილება არსებული შემოვლითი რკინიგზის მცირეოდენი რეკონსტრუქციისა და ქალაქში გამავალი ხაზის ნაწილობრივ შენარჩუნების ვარიანტი, ასევე, შემუშავებულია აშენებული შემოვლითი რკინიგზის ძირეული რეკონსტრუქციის ორი სხვადასხვა ვარიანტი.

მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სამივე შემთხვევაში რკინიგზის პარამეტრები უმჯობესდება, თუმცა აუცილებელია, რომ ის შესაბამისობაში იყოს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან, რომელზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გენერალური გეგმის ანგარიშებს შერჩეული კონსორციუმი თბილისის მერიას პერიოდულად აბარებს და შესაბამის საკითხებზე ერთობლივი მსჯელობა მიმდინარეობს, ნომერ პირველ პრიორიტეტად გენერალური გეგმის ფარგლებში, სწორედ, შემოვლითი რკინიგზის პროექტი განიხილება და საქართველოს რკინიგზის მიერ შემოთავაზებული სამი ვარიანტიდან საუკეთესო შეირჩევა.

შემოვლითი რკინიგზის ახალი პროექტი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდება. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური