თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 16:26

თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი  დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი წარუძღვნენ. პროექტის ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

“წლევანდელი ფესტივალის პროგრამა წინა წლებისგან გამორჩეულია და განსაკუთრებულია, როგორც მონაწილეების თვალსაზრისით, ასევე იმით, რომ წელს ღია ცის ქვეშ ჩატარდება ღონისძიებების საკმაოდ დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტურისტი, ვიზიტორი, ვინც ჩვენს დედაქალაქში ჩამოვა, შეძლებს, რომ ერთის მხრივ, თეატრალური ფესტივალის პროგრამით მიიღოს ძალიან დიდი სიამოვნება და მეორეს მხრივ, დაათვალიეროს ჩვენი ქალაქი, ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ამითაც შორს გაიტანოს ჩვენი ქალაქის სახელი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალი წელს მერვედ იმართება, ღონისძიებათა ციკლი 24 სექტემბერს დაიწყება და  8 ოქტომბრამდე გასტანს.  ფესტივალი შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, როგორც ჩვენთან, ასევე, შავი ზღვის ქვეყნებში.

 ფესტივალი მაყურებლის წინაშე წელსაც ტრადიციული და ამავდროულად განახლებული პროგრამებით წარსდგება:

  • საერთაშორისო პროგრამა  24 სექტემბერი - 6 ოქტომბერი
  • პროგრამა  New 27  სექტემბერი – 1, 3 ოქტომბერი
  • ქართული სპექტაკლების პროგრამა  4 – 8 ოქტომბერი

გარდა ამისა,  გაიმართება გამოფენები, სამუშაო შეხვედრები და სემინარები.  

 

„შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე არქეოლოგიურ სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 16:47

დავით ნარმანია  „შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგიური საბჭოს  წევრებთან ერთად გაეცნო. „დედაციხის“  მიმდებარედ  არქეოლოგიური კვლევის  მეორე ეტაპი დღეს  დასრულდება.  ჩატარებული გათხრების  შედეგად უკვე აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, უკვე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების გარდა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილია, ასევე, ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. პროექტი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, პირველად, 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად,  კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“ და „თრელიგორების  ნასახლარის“  მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. 2016 წლის მარტში გამოცხადებული კონკურსის თანახმად, არქეოლოგიური  სამუშაოები  „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ განახლდა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭო 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.

 

თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 17:00

18 ივლისიდან თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.

„თბილისის მიკროავტობუსი“ თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

თბილისის მერიის დახმარებით ბაკურიანში 3 000 ბავშვი დაისვენებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 17:46

თბილისის მერიის „ბავშვთა საკურორტო–გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ ქვეპროგრამების ფარგლებში, 2016 წელს, ბაკურიანში, 10–დან 17 წლამდე ასაკის 3 000 ბავშვი და მოზარდი დაისვენებს.

ბავშვების დასასვენებლად განსაზღვრულია 12 დღე; ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით თბილისიდან განთავსების ადგილამდე და უკან; დღეში სამჯერადი კვება; პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო მეთვალყურეობა და შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

7 ივლისს, ბაკურიანში დასასვენებლად მეოთხე ნაკადი - 550 ბავშვი და მოზარდი გაემგზავრა.

„თბილისობა 2016“ 15-16 ოქტომბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 15:44

„თბილისობა 2016“  15-16 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს. ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი  (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 31 ივლისამდე მიიღება.

შემოსული განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.

მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავისი აზრი დააფიქსირონ თბილისობის თემასთან დაკავშირებით. შარშან დანერგილი ტრადიციის თანახმად, ყოველწლიურად თბილისობა კონკრეტულ თემას ეძღვნება. შარშან დღესასწაული გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას მიეძღვნა. თემასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ წინადადებები წარადგინონ თბილისის მერიაში. გარდა ამისა, მიმართონ  მერიის ან კულტურის საქალაქო სამსახურს FACEBOOK გვერდზე.

თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წევრებით დაკომპლექტდება. აღნიშნული კომისია, მოქალაქეების მხრიდან შემოსულ წინადადებებზე იმსჯელებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს, ღონისძიების სრულყოფილად, შეუფერხებლად ჩატარებას.

„როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 17:39

კრეატიული ბიზნესის ხელშეწყობისა და ინდუსტრიის გაძლიერების მიზნით, თბილისის მერიამ, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, "Creative Business Workshop" გამართა.

სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით „როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“, კულტურულ და კრეატიულ სექტორში (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი) დასაქმებული და დასაქმების სურვილის მქონე პირებისთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, რათა განსაზღვრონ ბიზნესის პოტენციალი, განავითარონ საკუთარი იდეები და გარდაქმნან ისინი ბიზნეს საქმიანობაში.

პროექტის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან ირაკლი ლექვინაძესთან და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დაესწრო. თბილისის მერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ძალიან საინტერესო იდეები, რომლებიც შესაძლოა მომავალში განახორციელონ. დავით ნარმანიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა მიიღონ უცხოური გამოცდილება და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემოგვთავაზონ საინტერესო პროექტები, რომელთა განხორციელებაც სამომავლოდ ძალიან საინტერესო იქნება.

პროექტი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისა და ბელორუსში მოქმედი ორგანიზაცია Balki Loft Project“-ის მიერ არის ორგანიზებული.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მეწარმეებმა, პროექტის მენეჯერებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.

წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 13:32

ხშირი ნალექის გამო, წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ აშენებულმა დამცავმა კედლებმა  ჩამოშლილი მასის შეჩერება უზრუნველყო. 2015  წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ააშენა რკინა-ბეტონის მონოლითური დამცავი კედლები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. თბილისი მერიის ინფორმაციით, კლდის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

შშმ და სოციალურად დაუცველი მოზარდები ბაკურიანში გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 13:48

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოზარდებს დედაქალაქის მერია ულოცავს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველი ნაკადი მთის კურორტზე დასასვენებლად გააცილეს. ბავშვების ბაკურიანში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ. 

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურებისა“ და „ბავშვთა კულტურულ – გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ ქვეპროგრამების ფარგლებში, ბაკურიანში, სასტუმროებში – „თბილისსა“ და „ვერე პალასში“ 3 600 ბავშვი და მოზარდი დაისვენებს, მათ შორის 600 შშმ პირი და მათი მომვლელია. ორივე ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეს, ბაკურიანში 200 დამსვენებელი გაემგზავრა.
დავით ნარმანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში შშმ და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა კურორტზე მთელი ზაფხულის განმავლობაში დაისვენებენ.

კურორტებზე ყველა ავტობუსს სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანების ეკიპაჟები, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გააცილებენ, რომლებიც დამსვენებელთა დაბინავებამდე ადგილზე დარჩებიან.

თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიას, ,,თბილსერვის ჯგუფსა” და “კა დე ვე ჯორჯიას” შორის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 მაისი 2016 16:09

ქალაქ თბილისის მერიას, შპს ,,თბილსერვის ჯგუფსა” და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” დირექტორმა ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს. 

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ინდუსტრიულ სფეროში - ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მართვის მიზნით. 

„ინტერესთა გამოხატვის წესების შესაბამისად, კომპანიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც შპს “კა დე ვე ჯორჯია” იღებს ვალდებულებას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეათანხმოს დოკუმენტაცია და წარმოადგინოს ამის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის, ისევე როგორც, საბანკო გარანტია უნდა იქნეს წარმოდგენილი დადგენილი მოთხოვნების მიხედვით, რათა ამის შემდგომ უკვე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადავიდეთ, ამიტომაც დადგენილი წესის მიხედვით მივყვებით ყველა პროცედურას ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა, სწორედ, წესების მიხედვით მოხდეს კომპანიასთან შეთანხმების გაფორმება“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. 

თანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, შპს “კა დე ვე ჯორჯია” უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და მშენებლობის ნებართვის წარმოდგენას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოეწყობა საჯარო განხილვები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

თბილისის მერია საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში1 446 ბავშვს აფინანსებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 14:45

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსების“ ქვეპროგრამის მიმდინარეობის პროცესის გასაცნობად ერთ-ერთ საცურაო აუზს ეწვია.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ქვეპროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 726 500 ლარია, რაც თვეში მაქსიმუმ 1446 ბავშვისა და მოზარდის დაფინანსებას ხმარდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით თბილისის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომელთაც საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დასაფინანსებლად თითო სახეობის არჩევის უფლება აქვთ. თბილისის მერია საცურაო აუზებში ერთი ბავშვის სწავლებას თვეში 70 ლარით აფინანსებს, ფეხბურთს - 50 ლარით, ტანვარჯიშს - 35 ლარით, ხოლო სხვა სახეობებს - 30 ლარით. როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერიის ქვეპროგრამის ფარგლებში, საცურაო აუზში „sport time”, თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 116 ბავშვის სწავლება ფინანსდება. აღნიშნული საცურაო აუზის გარდა, თბილისში ბავშვებს 5 საცურაო აუზი ემსახურება, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მსურველები თავად ირჩევენ. სულ, საცურაო აუზებში თვეში მაქსიმუმ 700 ბავშვის სწავლება ფინანსდება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური