თბილისის მერმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 ნოემბერი 2019 13:31

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში გააცნო. კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობით აგვირჩიეს და უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შევუდექით. ამ ორი წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ყველას აინტერესებს, თუ რა იქნება ხვალ - როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი. იმისთვის, რომ ქალაქში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელო, მნიშვნელოვანია ქალაქის ბიუჯეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

„მომავალი წლის პროექტებისთვის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ. 2020 წლის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 300 მილიონი ლარით მეტი ღირებულების მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. მინდა, ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ურთიერთთანამშრომლობით, საინტერესო პროექტები უკვე განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

„ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქალაქში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება. ბიუჯეტის დაახლოებით, 27-28% მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ჩვენ წამოვიწყეთ და წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და დღეს ცხრა მოქალაქე, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა ჩვენს ღონისძიებას ესწრება. მინდა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ამ ადამიანებს. ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით. არავინ არასდროს მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით და ვეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მხარდაჭერისთვის მადლობა 100 წლის მერი მაღრაძესაც გადაუხადა, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო რიგით მოქალაქეებს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე და ვისაც გული შესტკივა, თუ როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი და რა პრობლემები არსებობს ქალაქში. რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც მისაღებია. არსებობს გამოწვევები, თუმცა ძალიან დიდი შემართებით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს და აღნიშნული უწყების დაახლოებით, 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად გადავლახოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომელიც გვაწუხებს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ კახა კალაძე. ჩემს უკან დგას 29 000 ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად, თავიანთი საქმიანობით აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს განსხვავებული, ლამაზი და შენარჩუნებული ის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ქალაქს გააჩნია. ესაა ის დიდი გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი - ყველას ძალისხმევით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თქვენი - რიგითი მოქალაქეების თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი მართლაც განსხვავებული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობებს გაეცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2019 13:06

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე გამართულ სახანძრო-სამაშველო საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალკვალიფიციური ფრანგი ინსტრუქტორები 22 ქართველ მეხანძრე-მაშველს ერთკვირიან სწავლებას უტარებენ და ხანძრის ქრობის მიმართულებით ამზადებენ. საჩვენებელი სწავლება აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში გაიმართა.
მეხანძრე-მაშველებმა სასწავლო მოედანზე სიმაღლიდან დაშვება განახორციელეს და „დაშავებული“ მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, ასევე, ძლიერი დაკვამლიანების პირობებში და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გაჩენილი იმიტირებული ხანძრები ჩააქრეს.
ვახტანგ გომელაური და კახა კალაძე იმ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფს შეხვდნენ, რომლებმაც მაღაროებში სამაშველო ოპერაციების წარმოების ინტენსიური წვრთნა სამხრეთ აფრიკაში გაიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ დროისთვის უკვე ჰყავს მაღაროში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით მაღალ დონეზე მომზადებული პროფესიონალები, რომლებსაც წვრთნა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბაზაზე აქვთ გავლილი და სამომავლოდ ქართველ კოლეგებს გადაამზადებენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები სამსახურში მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნენ და სამაშველო დრონები დაათვალიერეს, რომლებიც წელს, პირველად ჩაერთნენ სამაშველო ოპერაციებში. მათი მეშვეობით შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საზღვაო სეზონზე, შტორმის დროს 2 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. მულტიფუნქციური სამაშველო დრონები გამოიყენება როგორც წყალზე სამაშველო ოპერაციების დროს, ასევე, ხანძრის გავრცელების არეალის შესასწავლად, სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციების დროს ტერიტორიის დაკვირვებისა და მონიტორინგის წარმოების მიზნით.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და თბილისის მერმა ბაზაზე არსებული ფსიქოლოგის ახალი კაბინეტი დაათვალიერეს. აღნიშნული კაბინეტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ოქტომბრიდან ამოქმედდა და მეხანძრე-მაშველებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. ფსიქოლოგთან შეხვედრა მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად.
გარდა ამისა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს უკვე შეემატა Toyota Hilux-ის მარკის 15 ახალი მანქანა. ავტომანქანების ნაწილი დეპარტამენტის რეგიონულ სამსახურებს გადაეცა. ამასთანავე, გაიზარდა საშტატო ერთეულები და გადამზადდნენ თანამშრომლები, რომლებიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობების სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებული სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის ეფექტიან მუშაობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირებას.
შინაგან საქმეთა მინისტრი და დედაქალაქის მერი, ასევე, გაეცნენ ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანის შესაძლებლობებს, რომელიც წელს, პირველად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების მიზნით, სამორიგეოდ დააყენა.
ღონისძიების დასასრულს, სახანძრო-სამაშველო ბაზაზე გამწვანების აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და ფრანგმა ინსტრუქტორებმა, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ფიჭვის 100 ნერგი დარგეს.

თბილისის მერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 13:27
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისის მერის დავით ნარმანიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ადგილობრივი მმართველობის პოლიტ-ეკონომიკური საფუძვლები". აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული და ლექტორები.

ცვლილებები მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 12:30

თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. განახლებული ცენტრი დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. სმენადაქვეითებული ადამიანები საინფორმაციო მონიტორით ისარგებლებენ. ასევე, მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი, უსინათლო მოქალაქეებისათვის სივრცის რუკა, ასევე ადაპტირებული ოპერატორის მაგიდები.

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ. გარდა ამისა, დაწყებულია ელექტრონული მომსახურების დანერგვა და უახლოეს პერიოდში  ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ასევე, იზრდება სამუშაო საათები და ცენტრი მოქალაქეებს  09:00- დან 20:00 საათამდე მოემსახურება. განახლებული ცენტრი შაბათსაც,  10:00 - დან 14:00 საათამდე იმუშავებს.  

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის მომსახურების გამარტივებული პრინციპით მიწოდებას გულისხმობს. აქ არის თავმოყრილი ყველა ძირითადი სერვისი, როგორც დოკუმენტაციის ჩაბარების და მიღების, ასევე, სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდების კუთხით. აქ იქნება განლაგებული ყველა მნიშვნელოვანი სამსახური, მათ შორის, თბილისის ადვოკატი, ქონების მართვის სამსახური, არქიტექტურის სამსახური. მნიშვნელოვანია ის, რომ სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ ადრე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობდა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს და დამატებით იმუშავებს ასევე შაბათ დღეს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, რათა მეტ მოქალაქეს მოვემსახუროთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, მერიაში ახალი წლიდან დაინერგა (MSDA) დოკუმენტბრუნვის ახალი, ელექტრონული პროგრამა, რამაც შეამცირა  მოქალაქეების მომსახურების ტრანზაქციის ხანგრძლივობა და განახლებულ ცენტრში ფიზიკური და იურიდიული პირები სწრაფი სერვისის მიღებას შეძლებენ. მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი მოქალაქეებს ხვალიდან მოემსახურება.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი 2008 წლის შემდეგ, პირველად განახლდა. ცენტრში

ამორტიზებული იყო ინტერიერი, დარღვეული იყო მომსახურების სტანდარტები, არ იყო ადაპტირებული შშმ პირებისათვის და ისინი ვერ ახერხებდნენ სერვისების სრულყოფილად მიღებას. 

ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტო მაჩვენებელი გვქონდა, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 11:48

მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ბიუჯეტის შესრულების  უპრეცედენტო მაჩვენებელი გვქონდა, 99%, რაც იმას ნიშნავს, რომ განხორციელდა ყველა პროექტი და პროგრამა, რაც ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. საგზაო სამუშაოების თვალსაზრისით, მილიონნახევარი კვადრატული მეტრი გზა დაიგო ქალაქის მასშტაბით, რაც 5-6 წლის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. მნიშვნელოვანი იყო სამება-მახათასა და შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა," - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

 

ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ მინდინარეობს, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 12:54

თბილისი მერის განცხადებით, ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ მინდინარეობს, თუმცა შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს:

”ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ  ძირითადი ჩარჩო და მონახაზი გვაქვს. ჯერჯერობით, ფართო მსჯელობა და კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

„სითი პარკის“ მოსაზრებები საღ აზრს მოკლებულია, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 11:50

„სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის შეთანხმება ვერ მოხედრხდა, - ამის შესახებ მის შესახებ ჟურნალისტებს საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. 

„სითი პარკის“ დამფუძნებლები სამჯერ იყვნენ ჩამოსული ჩემთან შეხვედრაზე, თუმცა ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით, რადგან ჩვენმა წინამორბედებმა „სითი პარკს“ კაბალური ხელშეკრულება დაუდეს, რომელშიც ცვლილებების შეტანა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ცალმხრივად შეუძლებელია. მათგან გონივრული და საღი თანხმობა ვერ მივიღეთ. საერთოდ მათი ქმედებები და მოსაზრებები საღ აზრს მოკლებულია,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივნისი 2016 16:36

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიში წარადგინა. ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის მერმა საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია. მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ცოცხალი კოლექციის დიდი ნახილი.

„14 ივნისს, გამთენიიდან დავიწყეთ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები: 480 დაზარალებული მოქალაქე განვათავსეთ სასტუმროებში და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყავით. ასევე, გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავეცით მედიკამენტები, საკვები. 14 ივნისიდანვე დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები. დაფიქსირდა უპრეცედენტო სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეც. სამსახურებთან ერთად, 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილებდა, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით - 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები გადმორიცხეს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბანკებმა, ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადმორიცხულ მოცულობით ფულად სახსრებს, რომელმაც 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერით, 35 ბინის მიღება დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმაც შეძლეს.

დაზარალებული მოსახლეობა აღიწერა ოჯახებისა და სულადობის მიხედვით. მიყენებული ზიანის მიხედვით დადგინდა დატბორვის ზონა და განისაზღვრა კატეგორიები - პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც სრულად განადგურდა, ხოლო მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. პირველი კატეგორიის დიდი ნაწილი, ამ დროისათვის, თითქმის სრულად დაკმაყოფილებულია. დაზარალებული ოჯახების დიდმა ნაწილმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და შესაბამისად, უზრუნველყოფილნი არიან. პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს სარემონტო სამუშაოები უტარდება. შემუშავდა დაზარალებულ პირთა (ოჯახების) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი. ამასთან, დადგინდა დაუკანონებელი ფართის მქონე დაზარალებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც, მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. დაზარალებულებმა ფულადი დახმარებები მიიღეს საოჯახო ნივთების შესაძენადაც.

რაც შეეხება დაზიანებულ ავტომანქანებს, 117 ფიზიკურ პირს გაუფორმდა ხელშეკრულება და ფულადი დახმარების სახით, ჯამში 880 291 ლარი იქნა გაცემული. აღნიშნული პროცესი ახლაც გრძელდება.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დედაქალაქის მთავრობას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. მათ შორისაა : წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება და ა.შ. დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში, ახალი ხიდის მშენებლობა ვერეს ხეობაში, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე და ა.შ. დასრულების ეტაპზეა დაზიანებული გვირაბების რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში. მიმდინარეა - ნატანდამჭერი ცხაურის მშენებლობა ვერეს ხეობაში და კოჯორი-სამადლოს გზის მშენებლობა.

სტიქიით დაზარალებულთათვის დაწესდა სხვადასხვა სახის შეღავათები. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მდ. ვერეზე ჰიდრომეტეოროლოგიური ღონისძიებები განხორციელდა - დამონტაჟდა ქ.თბილისის მერიის მიერ შეძენილი წინასწარი შეტყობინების (განგიშის) სისტემა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური საგუშაგოები და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები, რათა თავი დავიზღვიოთ და მაქსიმალურად ვიყოთ მზად მომავალში მსგავსი სახის მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

მომზადდა მდ. ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, რომლის შემდეგაც დაგეგმილია პარკის მშენებლობა.

„ბუნებრივია, პროცესი ახლაც მიმდინარეობს და დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, ძალას არ დაიშურებს, რათა მომავალში ჩვენი დაზარალებული თანამოქალაქეების კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებს, კერძო კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ დედაქალაქის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით ნარმანიამ მდინარე ვერეს ხეობაში ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 15:14

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მდინარე ვერეს ხეობაში ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამა. მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლები და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი დაიხარჯა.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს (ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილი), აშენდა ახალი ხიდი, ნაპირდამცავი კედელი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების ასფალტის საფარი, განათების სისტემა, მოეწყო ახალი თვალამრიდები და გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები. გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მდ. მტკვრის მოაჯირები.
„სტიქიის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და დასრულდა ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება. ჩვენ სწრაფად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის აღდგენა. ყველაზე უმთავრესი, რაც გავაკეთეთ, იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა, იქ, სადაც ყველაზე დიდი იყო წყლის დარტყმა. გზა და გვირაბი მთლიანად განადგურდა. გავაკეთეთ სახიდე გადასასვლელი, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყველა გვირაბის სათავისი კეთილმოეწყო, რათა მათი მდგრადობა და უსაფთხოება გაუმჯობესებულიყო. სვანიძის ქუჩაზე დაიგო გზის საფარი, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდა გმირთა მოედანი, ზოოპარკის უკანა ნაწილი, სადაც ასევე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა სამუშაო არის დასრულებული, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. შეიძლება, დღევანდელ დღეს ვუწოდოთ წყალგამყოფი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მეორეს მხრივ, სამომავლო განვითარებას შორის. ჩვენ უკვე გვაქვს მზა კონცეფცია მზიურის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით. კეთდება კონკრეტული პროექტი მზიურის ტერიტორიის გამწვანებისა და მისი შემდგომი განაშენიანებისა, რომლის საფუძველზეც დაიწყება მზიურის განვითარება და მზიური იქცევა თანამედროვე, ძალიან გამწვანებულ და ლამაზ პარკად. ასევე მოხდება მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, რომელიც ერთის მხრივ, ადიდების შემთხვევაში მდინარის გადმოსვლას ხელს შეუშლის და მეორეს მხრივ, დაიცავს გარშემო ტერიტორიებს. ეს ორი პროექტი არის ის პროექტები, რომელსაც ჩვენ მომავალში განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა სალიკვიდაციო სამუშაოები გასული წლის 14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნების გაწმენდა-გასუფთავების და შემოტანილი მასის (გრუნტი, ლამი, მერქანი) გატანით დაიწყო, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს ერთ მილიონ ლარამდე დაუჯდა. დაზიანებული შენობების დემონტაჟი, მათი გატანა და ლანდშაფტის მოწესრიგება, ახალი სანიაღვრე ქსელისა და წყალამრიდი ნაგებობების მოწყობა სტიქიის ზონაში - სვანიძის ქუჩაზე და მზიურის ტერიტორიაზე.
გასული წლის ივნისში დაიწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორების რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები: ბაგების ელ.სადგურის ტერიტორიაზე, ძოწენიძისა და გრიშაშვილის (წყნეთი) ქუჩებზე.
ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ (წყნეთის ქუჩის #3 -თან) აშენდა 220 მ. სიგრძის დამცავი ნაპირსამაგრი კედელი.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განხორციელდა ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილზე მდ.ვერეს გამტარი გვირაბების აღდგენა რეკონსტრუქცია:
ვერეს ხეობაში სულ შვიდი ფოლადის გვირაბი არსებობდა. 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გვირაბები სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა გვირაბების სათავისების (მდინარის შესასვლელი და გამოსასვლელი) გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეორე გვირაბის ნაცვლად (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე) აშენდა ხიდი, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა 19 ცალი 60 ტონიანი კოჭა (ახალი ხიდის მშენებლობის ღირებულებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა).
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მდ.ვერეს ხეობაში მიმდინარე წელს აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთვევაში, ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს.
მიმდინარეობს კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი 6 კმ-ანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, წყნეთი-ახალდაბის გზის გაფართოების და სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულდა წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა, ასევე, წყნეთში მდებარე „მასწავლებელთა გადამზადების ცენტრთან“ დამცავი კედლის მოწყობა.

მიმდინარე წლის 13 ივნისს იხსნება ტენდერი და დაიწყება მუშაობა მდ.ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე - ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობაზე.
თბილისის მერი სვანიძის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც 13 ივნისის სტიქიით მეორე კატეგორიის დაზარალებულთათვის სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაზარალებულთა მეორე კატეგორიას 19 ოჯახი მიეკუთვნება. დასრულებულია 6 სახლის კეთილმოწყობა, ამ დროისთვის 6 სახლს აღდგენა-რეაბილიტაცია უტარდება. 4 ოჯახთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის პროცესი გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც სახლების რეაბილიტაცია დაიწყება. 1 ოჯახთან დაკავშირებით ქონების ლეგალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

დავით ნარმანია ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმს დაესწრო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 16:40

თბილისის მერი დავით ნარმანია ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმს დაესწრო. ფორუმი სახელწოდებით ’’Welcome to Georgia! National Tourism Award 2016“-ის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმზე თბილისის მერმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში მიმდინარე პროექტები თბილისის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

„თბილისის მერია ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს დედაქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ მიმართულებით კეთდება, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება და ამ მხრივ წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან აღმაშენებლის გამზირზე 38 კულტურული ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე წესრიგდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, მოწესრიგდება დედაენის ბაღი, 9 მარტის სახელობის ბაღი, ღვინის აღმართზე მიმდინარეობს ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები, სადაც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. ეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის ჩვენს ქალაქს ტურისტებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო მეტად მოიმატებს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფორუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ’’Welcome to Georgia! National Tourism Award“-ის დამფუძნებელი და დირექტორი მარინა ჩაიკა.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური