თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 მარტი 2019 13:00

დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს აქვს ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას.

თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით - უშუალოდ ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

20-25 წლის განმავლობაში, ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა: ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად.

რა თქმა უნდა, წლობით დაგროვილ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას.

გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.

ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავალშიც. ჩვენ   თბილისელებთან ერთად დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევცვლით და ჩვენი ქალაქისთვის უკეთეს მომავალს შევქმნით.

თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 16:33

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. 19 აპრილს, SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე – Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ღარაჩოღელებსა და სხვა ამონარიდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.

კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. სელექციის შედეგად, 10-მდე ახალბედა დიზაინერი წარდგება მაყურებლის და ჟიურის წინაშე დამწყებ დიზაინერთა კონკურსზე 20 აპრილს, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც   სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან.

ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: Martini და Sobranie after party გაიმართება Museum Hotel-ში, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე მოეწყობა კაფეში „შავი ლომი“, Flying Painters პრეზენტაცია გაიმართება ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია/პერფორმანსი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაღში იქნება წარმოდგენილი, ახალგაზრდა არტისტების Authentic Art Lab გამოფენას “ელემენტარული ნაწილაკები“ რესტორანი „სტრადა“ უმასპინძლებს მარჯანიშვილზე. კვირეულის განრიგშია ასევე ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

გრძელდება პროექტი – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 21 აპრილს გაიმართება. SOLO-ს ლაუნჯი ჭავჭავაძეზე 100-მდე მარკეტოლოგსა და მოდის მიმდევარს გაუღებს კარს, რათა INSTITUTO MARANGONI-ის ხელმძღვანელის გიუზი ლარას და მოდის საერთაშორისო პორტალის NOWFASHION მთავარი რედაქტორის ელიზაბეტა ტუდორის გამოსვლა მოისმინონ. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრების უფლების მიღება, მხოლოდ კვირეულის ორგანიზატორებისგან და Marketer.ge-სგან არის შესაძლებელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა  Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D’AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco),  Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).

თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებსა და ვებ გვერდებზე.

ოფიციალური მასპინძელი:  თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Check in Georgia.

პარტნიორები: არტ ჰაუსი, INGLOT, გაბუნია და პარტნიორები, SOBRANIE, მეიდან ჯგუფი, Martini,  სასტუმრო მუზეუმი, SOLO, Weekend Max Mara, შავი ლომი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, Garden Hall, საქართველოს ხელოვნების სასახლე.

საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია “იმედი”, “ნარგისი საქართველო“,  Marketer.ge, “Music Box”, „რადიო ფორტუნა” ,„არტარეა”, Georgia Today, “ალმა – alma”.

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბერს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 13:18

 30 ნოემბერს 19:30 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის “მოირას” პრემიერით გაიხსნება. ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს. თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
ფესტივალის გახსნას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია,პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თბილისში კინოფესტივალზე მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფები დაესწრებიან.
თბილისის მ-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. “ქალთახედვა “ სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.  ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. ფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 9  სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა  ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია. მხატვრული ფილმის “ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა რალფ ფაინსი ასრულებენ.
წელს მესამედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება, და მასში წინა წლებისგან გნსხვავებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად  გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი “ბედნიერების ღმერთი” დახურავს.  ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.ფესტივალის გენერალური სპონსორი - აჭარანეტი.

თბილისის ყველა ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 15:24

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინიძე და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს თბილისის 63-ე ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.

სასკოლო მზაობის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროგრამა, რომელიც რამდენიმე დღეა თბილისის ყველა ბაღში ამოქმედდა, თამაშით სწავლების მეთოდიკის საშუალებით, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს.

სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში, დღეში სამ საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში ხორციელდება. ამ პროგრამისთვის სასწავლო ოთახები განსხვავებულად მოეწყო, სივრცეებად დაიყო ჯგუფები და შეიქმნა სხვადასხვა აქტივობის ცენტრები. თითოეული მათგანი შსაბამისი მეთოდოლოგიური მასალით აღიჭურვა.

სასკოლო მზაობის პროგრამა ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას. პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის სათანადოდ მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის. იგი ეხმარება თითოეულ მათგანს, მაქსიმალურად განივითაროს თავისი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ-ჩვევები მომავალი ცხოვრებისა და წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის.

ბავშვები, რომლებიც ბარში არ დადიან სასკოლო მზაობის პროგრამას სკოლებში სპეციალურად გახსნილ ჯგუფებში გაივლიან. მსურველთა რეგისტრაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე kids.org.ge უკვე დაიწყო და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური