ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017 15:37

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს. 
ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე - იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.

გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. "უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მოგესალმოთ და უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ამ საზეიმო ცერემონიაზე მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი შეკრება ეძღვნება ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას. დღეს ოფიციალურად ვხსნით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რაც ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითი გახლავთ.

პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და მეგობარი ქვეყნების ლიდერების მოწვევისთვის, რაც საერთო ხედვისა და ინტერესების საუკეთესო დემონსტრირება გახლავთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრეზიდენტ ერდოღანს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს მივულოცო რესპუბლიკის დღის ნაციონალური დღესასწაული.

თურქეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების დასწრება, ასევე მთავრობის წევრების დასწრება თურქმენეთიდან და ტაჯიკეთიდან, მეტყველებს აღნიშნული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, დამატებით მიმზიდველობას აჩენს ამ პროექტის მიმართ და ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

დღეს, როდესაც რეგიონი და მსოფლიო მრავალი გამოწვევის და საფრთხის წინაშე დგას, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებასა და გაფართოებაზე და, აქედან გამომდინარე, სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს.

ჩვენი ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას. ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო  სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, ყოველწლიურად, ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, გამარტივდება ახალი ბაზრების ათვისება და ხელი შეეწყობა ტურიზმისა და გადამამუშავებელი სექტორების განვითარებას, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საწინდარია.

ჩვენ მივესალმებით იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა მიაღწიეს ბოლო წლების განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანის წინსვლა ყველა დანარჩენის განვითარების, სტაბილურობის და უსაფრთხოების საწინდარია. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკასა და სავაჭრო პოტენციალს, არამედ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან. მით უფრო, რომ სწრაფად მზარდი ბაზრები და ჭარბი პროდუქცია - მათ შორის ერთობლივად წარმოებულიც - კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების დამატებით არხებს საჭიროებს.

საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებულის მოდერნიზებას და მის ეფექტიან მუშაობას.

რკინიგზის მშენებლობასა და მოდერნიზებასთან ერთად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას. ჩვენ გვსურს, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის" აღორძინებისა და ,,ერთი გზა - ერთი სარტყელის" ინიციატივის განხორციელების საქმეში.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო-სატრანსპორტო რუკაზე ეს მარშრუტი იკავებს "შუა კორიდორის" ადგილს, როგორც ამ კორიდორს უწოდა პრეზიდენტმა ერდოღანმა სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ აბრეშუმის გზის სამიტზე.

დღეს, საკონტეინერო მატარებელს ჩინეთიდან საქართველომდე, ყაზახეთის და აზერბაიჯანის გავლით, 8 დღე სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნაზარბაევს მისი პირადი ყურადღებისთვის, რომელსაც უთმობდა და უთმობს ამ მარშრუტის განვითარებას. ვიმედოვნებთ, "ერთი გზა - ერთი სარტყელის" პოზიტიური ეფექტი გავრცელდება შუა აზიის სხვა ქვეყნებზეც. ახლა უკვე არის შესაძლებლობა, კონტეინერებმა განაგრძოს რკინიგზით მოძრაობა თურქეთის მიმართულებით. ჩვენ გვსურს, რომ ამ გზით საქართველო და ჩვენი რეგიონი მაქსიმალურად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან.

დარწმუნებული ვარ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მოგახსენებთ, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისში გაიმართება "აბრეშუმის გზის" (Belt and Road) მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი. ეს უკვე მეორე შეხვედრა იქნება საქართველოში, რომელიც თავს მოუყრის 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. სწორედ ასეთი მასშტაბის შეხვედრაზე მოგვეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ზემოხსენებული დერეფნის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი გახლავთ აქ წარმოდგენილი ქვეყნების აქტიური ჩართულობა.

კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი ღონისძიებისთვის, ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, მთავრობის წევრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი დაუღალავი შრომით, შესაძლებელი გახდა ამ რთული პროექტის წარმატებით დასრულება.

რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აქ წარმოდგენილი ქვეყნების ერთობის დემონსტრირება ხდება სწორედ ამ პროექტით, რასაც დღეს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტებით და რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდით დგომით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს, რომლებიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი რეგიონისთვის".

ზურაბ სოტკილავას ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 11:29

გვიან ღამით მოსკოვიდან თბილისში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავას ცხედარი ჩამოასვენეს. აეროპორტში გარდაცვლილი მომღერლის ოჯახის წევრები, საპატიო ყარაული და ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლი იმყოფებოდა.

ზურაბ სოტკილავას შაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი ოპერის თეატრში 23 სექტემბერს დილიდან გაიმართება. ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სპეცოპერაცია თბილისსა და რუსთავში - დაკავებულია სამი პირი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 31 ივლისი 2017 14:32

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავების სპეცოპერაციები თბილისსა და რუსთავში ჩატარდა.
”ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 3 პირი, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით”, - აცხადებენ შსს-ში.

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 12:17

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ნაფარეულის, შროშის, ქობულეთის და კეკელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და რაფიელ დვალის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, სამგორის ჩიხი №5, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გიორგი ნადარეიშვილის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, გორგასლის და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IX კვარტლის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის და ურეკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის IV მიკრორაიონის №23, №24 კორპუსების და დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის №13 კორპუსის და გლდანის მასივის V, VI, VII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ხანძარი თბილისის ცენტრში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 12:10

თბილისში, თაბუკაშვილისა და ვასო აბაშიძის ქუჩების კვეთასთან, მშენებარე საცხოვრებელ სახლთან, სამშენებლო ნარჩენებს ცეცხლი გაუჩნდა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადა და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 მაისი 2017 17:13

მიმდინარე წლის 27 – 28 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მონაწილეობით, თბილისში, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართა. მას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, 100-ზე მეტი დიასპორის წარმომადგენელი დაესწრო.

ფორუმი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას ისახავდა მიზნად.

ფორუმის მონაწილეებს სასტუმრო „ბილტმორში“ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმედოვნებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად რთული პროცედურის გავლა აღარ მოუწევთ

პრემიერმა ინიციატივისთვის მადლობა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სალომე ზურაბიშვილს გადაუხადა. პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სპეციალური ჯილდოებით წახალისდებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. „უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შევუწყობთ ხელს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები სამშობლოში იხილა. „გასული წლებისგან განსხვავებით, მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც” - მიმართა ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას უწმინდესმა და უნეტარესმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ფორუმის მონაწილეებს, სამინისტროს მიერ შემუშავებული, დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია - „ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ გააცნო. 

მისი განცხადებით, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება სახელმწიფოსგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური რესურსი კი პრობლემების ეფექტიანად და დროულად გადაჭრის საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ განხორციელდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორასთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა აიღო. 

ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ქართული ენის ონლაინ შესწავლის პროექტის მიმდინარეობა. ისაუბრა ქართული საკვირაო სკოლების პრობლემატიკასა და საქართველოში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ახალგაზრდების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის პროექტებზე. მან ასევე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დიასპორული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საკითხებზე ისაუბრა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ ფორუმის მონაწილეებს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 26 მაისი და ქართული დიასპორის დღე 27 მაისი, რომლებსაც ქართველი ერი სიმბოლურად თანმიმდევრულად აღნიშნავს. „თქვენ გერგოთ მძიმე, თუმცა საპატიო ხვედრი - იმოღვაწეოთ, იშრომოთ უცხოეთში, დედასამშობლოსგან განშორებით, მაგრამ მუდამ სამშობლოზე ზრუნვაში და საქართველოს საკეთილდღეოდ. მიუხედავად არსებული სირთულეებისა და რიგ შემთხვევაში თქვენი ობიექტური გულისწყრომისა, დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, დანიშნულება და მისია არის დიასპორაზე ზრუნვა, მისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ერთიან ქართულ სივრცეში ინტეგრაცია” - მიმართა მან უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. 

„მძიმე ისტორიულმა ხვედრმა, მსოფლიო და რეგიონული მასშტაბის უმწვავესმა გამოწვევებმა, მათ შორის უახლოესი პერიოდის მეზობელი სახელმწიფოს იმპერიულმა და საოკუპაციო პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ დაახლოებით მილიონნახევარი ქართველი გასულია უცხოეთში და სწორედ ამიტომ ქართული დიასპორა ეს არის ქართული სახელმწიფოს დიდი ტკივილი. თუმცა, ამავე დროს ჩვენი დიასპორა ეს არის ჩვენი დიდი ლობი, წარმომადგენლობა და მხარდაჭერა უცხოეთში. წარმოუდგენელია ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქართული სახელმწიფო ქართული დიასპორის გარეშე. საქართველო და ქართველობა მთელს მსოფლიოში განუყოფელია,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მან ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს აცნობა, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ასახვას ჰპოვებს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დიასპორაზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და დანიშნულებად განისაზღვრება. ზვიად კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრს, ქართული ემიგრაციის ყოფილ თვალსაჩინო წარმომადგენელს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომლის საკონსტიტუციო ინიციატივითაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლება მიეცემათ.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტი, საკანონმდებლო და საკონტროლო ფუნქციების განხორციელებისას, უპირველეს ყოვლისა, შეიმუშავებს და მხარს დაუჭერს იმ ახალი სამართლებრივი რეგულაციების შემოღებასა და პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავენ სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კონტაქტების შენარჩუნება-გაღრმავებას, დიასპორის პრობლემატიკის გადაწყვეტას.

ერთმანეთს ჩავჭიდოთ მჭიდროდ ხელი და ვემსახუროთ საქართველოს“ - მიმართა ფორუმის მონაწილეებს ზვიად კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორული ფორუმის ფარგლებში, სამუშაო თემატურ ჯგუფებში მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები: დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია, დიასპორა და ეკონომიკა, თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა. თემატურ ჯგუფებში გაიმართა დისკუსიები. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვაში, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.

თბილისი უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 15 მაისი 2017 16:38

თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-20 მაისს უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება. 

ევროპის ჩემპიონატში 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. 14-15 მაისს ტურნირი სახეობა ვინჩუნჩში ჩატარდა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით კი სპორტსმენები ტრადიციულ უშუში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეჯიბრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ჩემპიონატი ტარდება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.

თბილისის საკრებულოს წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 17:56

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და საკრებულოს წევრებმა 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

საკრებულოს წევრებთან ერთად ვეტერანებს გამარჯვების დღე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 11:42

კომპანია თელასის ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

გლდანის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების და გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის შესახვევის და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის და ალასანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: I ხეივნის ქუჩის, II ხეივნის ქუჩის, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, დიდი ხეივნის, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ნინუას და ცისარტყელას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გედევანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ცაბაძის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 “დ” ქუჩის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, კალოუბნის, შუამთის, გუმათგესის, თრიალეთის, საცხენისის, ედისის, რაზიკაშვილის, აბაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩაჩუას და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 მაისი 2017 00:13

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 
წინასწარი ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამაშველო და ხანძარსაწინაარმდეგო სამსახურის თანამშრომლები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ავტომაგისტრალზე ავარიის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური