GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 11:54

ფარმაცევტული კორპორაცია  GM Pharma („ჯი-ემ-პი“) და დანიური საინჟინრო კომპანია NNE-ს (Novo Nordisk Engineering SA) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება GM Pharma-ს არსებული ფარმაცევტული ქარხნის წარმოების მოცულობის გაზრდისა და ახალ, მათ შორის ევროკავშირის,  ფარმაცევტულ ბაზრებზე შესვლისთვის.

კომპანია NNE (Novo Nordisk Engineering SA) წარმოადგენს საერთაშორისო საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება ფარმაცევტული ქარხნების განვითარება-მშენებლობაში. NNE არის დანიური ფარმაცევტული გიგანტის, ინსულინებისა და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების მწარმოებლის, „ნოვო ნორდისკის“ შვილობილი კომპანია. NNE-ს სხვადასხვა წლებში დაპროექტებული და აშენებული აქვს მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების ქარხნები: დანიური Novo Nordisk-ის სამი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით, შვეიცარული Roche-ს ქარხნები შვეიცარიაში, გერმანული კომპანიების - Beohringer Ingelheim-ისა და Merk KgaA-ს - ქარხნები გერმანიაში, Celltrion-ის ქარხანა სამხრეთ კორეაში, გერმანული Fresenius-ის ონკოპრეპარატების მწარმოებელი  ქარხანა და ა.შ. ყველა აღნიშნული ქარხანა აკმაყოფილებს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) და აშშ-ს კვებისა და სამკურნალწამლო სააგენტოს (FDA) მოთხოვნებს და ამავე დროს, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინით.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

ამჟამად GM Pharma აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გააჩნია ოფიციალური წარმომადგენლობა 5 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და წარმატებით ხორციელდება GM Pharma-ს ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია. 2019 წელს  GM Pharma-ს ექსპორტზე გატანილმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ პირველად გადააჭარბა საქართველოში რეალიზებულ მაჩვენებელს და 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული მრეწველობისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება GM Pharma-სა და დანიურ საინჟინრო კომპანია  NNE-ს შორის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს განვითარების  საშუალო-გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც 2020-2025 წლებში GM Pharma-ს   წარმოების მოცულობის 5-ჯერ გაზრდის, სულ მცირე ხუთ ახალ ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლისა (ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ გერმანიისა და ესპანეთის, ჩათვლით) და ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის საშუალებას მისცემს.

GM Pharma-ს სხვა სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა. ასევე NNE-სთან კონსულტაციის შედეგად 2020 წლის ბოლომდე გადაწყდება, თუ რომელ ქვეყანაში აშენდება ახალი ფარმაცევტული საწარმოები. 

ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 18:11

ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება. თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

• ძლიერი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბება გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად
• სამართლიანი დამოკიდებულება სამსახურში ქალებისა და კაცების მიმართ- ადამიანის უფლებების დაცვისა და არა-დისკრიმინაციული მიდგომის პატივისცემა და მხარდაჭერა
• თითოეული ქალისა და კაცის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა
• ქალების განათლების სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
• საწარმოს განვითარებაში, მიწოდების ჯაჭვსა და მარკეტინგულ საქმიანობაში ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ინსტრუმენტების დანერგვა
• საზოგადოებრივი ინიციატივებისა და ადვოკატირების გზით თანასწორობის ხელშეწყობა
• პროგრესის გაზომვა და საჯარო ანგარიშგება გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მიღწევების შესახებ

ლიბერთის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ თანასწორობა ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის გაუმჯობესება ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. UN Women-თან თანამშრომლობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრიორიტეტების დანერგვას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გლობალური მანდატი აქვს. მასთან პარტნიორობით, კერძო კომპანიები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მუდმივად იღებენ საერთაშორისო აღიარებას იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - თანაბარუფლებიანობას, რომ არც ერთი გოგონა და ქალი არ დარჩეს უკანა პლანზე.

 

თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ივნისი 2019 18:10

თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

ლიბერთი ბანკი და Educare Georgia ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგებს აჯამებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 13:49
27 დეკემბერს, ლიბერთი ბანკის და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ლიბერთი ბანკი 2017 წელს შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარება გაუწია ხანის აკადემიის (Khan Academy)  ქართულად თარგმნასა და პლატფორმის პოპულარიზაციაში.
 
ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები. Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე.  ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია როგორც სასკოლო კლასების, ასევე თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ.
 
2017 წელს Educare Georgia-ს ძალისხმევით ქართულ ენაზე შეიქმნა მათემატიკის 2,000 ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი. ამავე წელს ორგანიზაციის ძალისხმევით ხან აკადემია გამოიყენა 65,000 მომხმარებელმა მთელი საქართველოდან. გარდა ამისა, მათემატიკის მასწავლებლებმა აქტიურად გამოიყენეს Khan Academy სასწავლო პროცესში შემდეგ ქალაქებში: გორი, ქუთაისი, რუსთავი, ბორჯომი, ბადიაური, თოხლიაური, დაბა ჟინვალი, დუშეთი, სალხინო, სამეგრელო, სერგიეთი, სამეგრელო, ფასანაური, დუშეთი.
 
სულ პროექტში მონაწილეობდა 375 მოსწავლე. მათ სემესტრის განმავლობაში "დაახელოვნეს" ("დახელოვნება" - ხანის აკადემიაზე საკითხის სრულფასოვნად შესწავლის სტატუსის სახელწოდება) 11,728 ახალი საკითხი/უნარი.
 
ხანის აკადემიის პოპულარიზაციასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში დიდი როლი სწორედ მასწავლებლებს ენიჭებათ. ხანის აკადემიის პლატფორმას საქართველოში 3,000 მდე მასწავლებელი იყენებს. ლიბერთი ბანკმა და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა შეარჩიეს 5 წარმატებული მასწავლებელი: მარინა კაპანაძე, რუსთავი - N7 საჯარო სკოლა, ქეთევან ტყეშელაშვილი, თბილისი - იუჯი სკოლა, შორენა ადუაშვილი, თბილისი - ათასწლეულის სკოლა, იოსებ გოგიჩაიშვილი, თბილისი - ათასწლეულის სკოლა, ნინო ლომსაძე, თბილისი - კლასიკური გიმნაზია.
მასწავლებლებს შესაბამისი სიგელი და ფულადი პრიზები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ ის მასწავლებლები, რომლებმაც ყველაზე მეტი მოსწავლე ჩართეს და რომელთა მოსწავლეებმა ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს უნარების დაუფლების კუთხით.
 
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს ასეთი კარგი შედეგი გვაქვს ხანის აკადემიის პოპულარიზაციის კუთხით. მომავალ წელს ვგეგმავთ ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას, რაც კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაიღრმაონ ცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში. ასევე ვგეგმავთ უფრო მეტ სკოლაში შევიტანოთ ხანის აკადემიის გამოყენების პრაქტიკა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პარტნიორობისთვის, რადგან Educare Georgia-ს წარმატება მხოლოდ პარტნიორი დონორების და მოხალისეების ძალისხმევით არის შესაძლებელი“ - აღნიშნა Educare Georgia-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჯიბლაძემ.
 
 
„ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების მიღებას. ვფიქრობ, რომ ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა დავით ვერულაშვილმა.
 
ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/ და YouTube არხზე (Khan Academy Kartuli)

თანამშრომლობის ახალი ეტაპი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2016 12:05
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის დარგობრივი შეთანხმება დაიდება. გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის განხილვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეთა აზრის, კომპეტენციებისა და გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიის ფორმატში, მუხლობრივად იქნა განხილული პროექტი, რის შემდეგაც ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა საერთო პოზიცია. დარგობრივი შეთანხმების პროექტში ასახულია ყველა ის მიმართულებები, რაც აწესრიგებს სამინისტროსა და პროფკავშირს შორის თანამშრომლობას, რომელიც 2012 წლიდან აქტიურად ხორციელდება. დარგობრივი შეთანხმება სრულყოფაში მოიყვანს სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას და სოციალურ დიალოგს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომით, სოციალურ–ეკონომიკურ, სამართლებრივ და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით.

სატელიტური კომპანია SES-ი და IN DEMAND-ი თანამშრომლობას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 23:14

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ლიდერი SES-ი და IN DEMAND-ი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ოპერაციული გასართობი კონტენტის მიწოდების მიმართულებით, შეთანხმებას ანახლებენ. შეთანხმების მიხედვით, კვლავაც გაგრძელდება სპორტული გადაცემების და ასევე Pay-Per-View (PPV) ღონისძიებების HD ხარისხით მიწოდება  ამერიკის კონტინენტის საკაბელო მაუწყებლებისათვის.
IN DEMAND-ი მაყურებლებს გასართობ პროგრამებს PPV, Video On Demand (ვიდეო მოთხოვნით) და ციფრული პლატფორმების მეშვეობით აწვდის.  კომპანია ფლობს SES-3 თანამგზავრის ორ C-band ტრანსპონდერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს IN DEMAND  PPV ბიზნესის მხარდაჭერაში და სხვადასხვა პროფესიონალური პაკეტების მიწოდებაში. საუბარია ისეთი სპორტული პაკეტების მიწოდებაზე, როგორიცაა: Major League Baseball (MLB), NBA, NHL (National Hockey League), MMA (Mixed Martial Arts), ფეხბურთი და სხვა გასართობი ღონისძიებები, რომელიც მიეწოდება 60 მილიონ ოჯახს, რომელსაც აქვს ციფრული საკაბელო მაუწყებლობა.
IN DEMAND-ი ენდობა SES-ის შესაძლებლობებსა და გამოცდილებას, რომელიც მის მოთხოვნებს უზრუნველყოფს სპორტისა და გასართობი პროგრამების მაუწყებლობაში. განახლებული შეთანხმება, მხარეების შეფასებით, კიდევ ერთი მიღწევაა არსებული 30 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე.

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან სპეციალური თანამშრომლობის გეგმა დამტკიცდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 17:19

ევროპელი დემოკრტების ლიდერის პაატა დავითაიას ინფორმაციით ,ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთან სპეციალური თანამშრომლობისა და მოქმედების გეგმა დაამტკიცა. პაატა დავითაიას თქმით, კომიტეტმა ასევე მიიღო გეგმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, რაც არჩევნების პროცესის აქტიურ დაკვირვებასა და პარტიებთან თანამშრომლობას გულისხმობს.

ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია თბილისში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 20:40

პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 21-ე კონფერენციის (COP21) გახსნის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მოეწყო კონფერენცია, რომელზეც განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები კლიმატის ცვლილების სფეროში.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის გამოცდილებისა და გეგმების განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობს და თავის წვლილს შეიტანს გლობალურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია საშუალო  გლობალური  ტემპერატურის  ზრდის შეზღუდვაში 2°C-ის ფარგლებში პრე-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, რათა თავიდან იქნას აცილებული საშიში, შეუქცევადი ცვლილებები კლიმატურ სისტემაში და უზრუნველყოფილი იქნას ადაპტირება ცვალებად კლიმატთან.
კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და პროექტ ‘კლიმა ისტ’ მიერ (‘კლიმა ისტ: კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის დახმარება’).
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენცია ჩატარდება 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პარიზში, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 200-მდე ქვეყნის დელეგაცია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დამკვირვებლები, საერთო რაოდენობით დაახლოებით 40 000  ადამიანი.

თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე საქართველოსა და იაპონიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 10:57

იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იაპონიის თავდაცის მინისტრმა გენ ნაკატანიმ თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გააფორმეს.

 

დოკუმენტის ხელმოწერამდე იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას ოფიციალური დახვედრა მოუწყო. შესრულდა იაპონიისა და საქართველოს ჰიმნები, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრები ჯარისკაცებს მიესალმნენ.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი პირველად საქართველოსთან გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად საქართველო და იაპონია თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე ითანამშრომლებენ. მემორანდუმი ექსპერტთა გაცვლითი შეხვედრების ორგანიზებას, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში მონაწილეობას, სემინარების გამართვასა და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას.

გენ ნაკატანიმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარ უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იაპონიის თავდაცვის სამინისტროში. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ ეს შეხვედრა შედგა. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პირველი შეხვედრა - მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, რომელიც ორ სამინისტროს შორის გაფორმდა, დაგვეხმარება პროექტებისა და იდეების კონკრეტულ რეალიზებაში,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრის დასრულებისას იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართული დელეგაცია ოფიციალურ სადილზე მიიწვია. თინათინ ხიდაშელმა კი გენ ნაკატანი საქართველოში დაპატიჟა. იაპონიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სურვილი გამოთქვა, საქართველოს ესტუმროს და ადგილზე გაეცნოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.

ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა პატივი მიაგო სამაშველო ოპერაციებსა და სამხედრო წვრთნებში დაღუპული იაპონიის თავდაცვითი ძალების ჯარისკაცების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღესვე, ქართული დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, იაპონიის თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ესტუმრება.

ხალვაში R2-ში ხელფასების შემცირებას, გარკვეული ჟურნალისტებისა და დაცვის თანამშრომლების გათავისუფლებას აპირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 17:44

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ში სახელფასო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, არღვევს სამართლიანობის პრინციპს.

„თანამშრომელი რომელიც დასთანხმდება იმ ხელფას რომელიც კომერციულად გამართავს კომპანიას დარჩება და იმუშავებს. შეიძლება ვიღაცას გული დაწყდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ 30 ათასი ან 45 ათასი რეალური ხელფასი იყოს,“ - ამბობს ქიბარ ხალვაში.

მისი თქმით, ტელეკომპანიაში ასევე იგეგმება დაცვის სამსახურის შეცვლაც.

„არ ვთვლი, რომ სააკაშვილის დაცვის სამსახურის ყველა სპეცრაზმელი, თუ მისი კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი შეინარჩუნებს იქ სამსახურს, მაგის პირობას ნამდვილად ვერ მოგცემთ. ასევე მე ვთვლი, რომ აფეთქებული ავტობუსებისა და აჩეხილი ვაზის დამდგმელი ჟურნალისტიც არ უნდა დარჩეს, ოღონდ ამას გადაწყვეტილებას მიიღებს დავით დვალი,“ - ქიბარ ხალვაში.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური