არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 15:54

2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.

31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. შეგახსენებთ, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ.

ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის!

 

ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020 16:42
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრაზე პანდემიის პირობებში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სახალხო დამცველი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით, არჩევნების დღისთვის მიღებული უსაფრთხოების რეგულაციებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ და აღნიშნა, რომ შესაბამისი დადგენილება ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. მისივე თქმით, ასევე ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, უკვე შემუშავებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით მიიღონ. „ყველა იმ კატეგორიის ამომრჩევლებს, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებული, კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში, ჩვენი შეთავაზებით ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელონ. ამავდროულად, შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ ზომებზე, რომელიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა ქვეყანაში. ცესკოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოების კუთხით იყო დადებითად შეფასებული და ჩვენ, ცხადია, ყველა უწყებასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ და დაცული იყოს როგორც ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისე მოქალაქეების უფლებები იყოს მაქსიმალურად რეალიზებული“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ. „როგორც ვხედავ ტექნიკურად და რეგულირების თვალსაზრისით ყველაფერი მზად არის. იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეს, ყველა, როგორც კომისიის წევრები და დამკვირვებლები, ისე ამომრჩევლები, დაიცავენ უსაფრთხოების ზომებს. თუ ყველა დავიცავთ იმ წესებს, რაც იმოქმედებს, რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს ინფექციის გავრცელების რისკები იქნება ნაკლები. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება პროცედურები, რაც მისცემს საშუალებას ყველა პირს, მიუხედავად იმისა არის თუ არა კოვიდინფიცირებული, იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში თუ თვითიზოლაციაში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. პანდემიის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ხმა მისცეს არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო საფრთხე რომ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე მრჩება განცდა, რომ ცესკო აკეთებს ყველაფერს, რომ არცერთი მოქალაქის ხმა არ დაიკარგოს არჩევნებზე“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 16:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და 13 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

„ეს არის მნიშვნელოვანი მემორანდუმი. ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის გარდა უკვე 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა მას ხელი და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული ინიციატივა და ტრადიცია ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.  

მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ქვემოთ მოყვანილი ნორმები მათ მიერ განმარტებულია მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად და ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს იხელმძღვანელებენ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით. 

როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა: „მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი და ღირებული იმდენად რამდენადაც ემსახურება არამარტო ერთიანი აღქმის ფორმირებას, არამედ ერთიანი საარჩევნო კულტურის ფორმირებას. მეტი ზიარი გაგება საარჩევნო პროცესში ჩართული აქტორების მხრიდან ეხმარება იმას, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, რაც არის ისეთი საარჩევნო გარემო, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია თავისი ნების თავისუფლად გამოხატვა.“

მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

როგორც შეხვედრის დასრულებისას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ აღნიშნა - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აგრძელებს ამ პროცესის ფასილიტაციას, - „ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ არჩევნები ბევრად უფრო თავისუფალი იქნება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტებისგან“, - განაცხადა IFES-ის ხელმძღვანელმა.  

ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 12:20

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

მარკ კლეიტონი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ ბრიტანეთის ელჩს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების თაობაზე. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა.

ბრიტანეთის ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა დააკვირდეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და არჩევნებზე მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.

დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა როგორც პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსსა და მისი შესრულების მნიშვნელობაზე, ისე ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილ ქცევის კოდექსზე. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტები დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მათი შესრულება საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020 20:08

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის უსაფრთხოების პრიორიტეტების გათვალისწინება და მეორე მხრივ კი, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების მაქსიმალურად შენარჩუნება იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შეხვედრის მონაწილეებმა დღეს დეტალურად განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის,  საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრა მოხდება.

ცესკოს ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე დღეს უკვე მეორედ შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტში აისახება დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრებები და  კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.

სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020 20:50

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი მედიის მონიტორინგს ახორციელებს, რომლის მიზანია, გამოკვეთოს რა ტიპის ყალბი ამბები თუ დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესებთან მიმართებით.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობას დღეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე გაეცნენ. მათ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში, როდესაც გამორჩეულად მაღალია ინტერესი საარჩევნო პროცესების მიმართ, აუცილებელია გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ანალიზი.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გაიხსნა. 

„ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან - IFES-სთან და USAID-თან ერთად გავხსენით ინფორმაციის დაცულობის ცენტრი. ამ ცენტრში იმუშავებენ ახალგაზრდები, რომლებიც დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ ყველა ინფორმაციას, რაც არჩევნებს უკავშირდება, იქნება ეს დეზინფორმაცია, თუ ყალბი, დაუზუსტებელი ან არასწორი. ამ მონაცემების ანალიზის მიზანია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარე, და პირველ რიგში ამომრჩევლები, ზუსტად და სწორად იყვნენ ინფორმირებული არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულებისას.

როგორც USAID-ის დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა განაცხადა, ინფორმაციის სანდოობა უნდა იყოს დაცული, ვინაიდან არიან წყაროები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. „ძალიან კმაყოფილი ვარ ცესკოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრით, რადგან ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ მნიშვნელოვან ინიციატივას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცენტრი საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს, ასევე ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას და რა თქმა უნდა, გაზრდის ქართველი ამომრჩევლების მოტივაციას არჩევნებში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა ადამ შმიდტმა. 

ცენტრი პირველი ოქტომბრიდან ამუშავდა და მონიტორინგს საარჩევნო პერიოდში განახორციელებს. მათ მიერ მომზადდება როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიში.

 

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 13:48

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც კომისიების წევრებმა საკუთარი საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ. როგორც საოლქო ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. საარჩევნო კანონმდებლობის (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) თანახმად, მათ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა; სწორედ ამ ნორმების გათვალისწინებით მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა განიხილებოდეს როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედება; მათ შორის სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენება პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციისთვის, ასევე პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა. ცესკოს თავმჯდომარე მიმართავს თითოეულ მოხელეს გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

თამარ ჟვანიას წერილობითი რეკომენდაცია გადაეცა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელთაც, თავის მხრივ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე უნდა მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

 

თამარ ჟვანია: საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 12:47

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით.

„მინდა მოვუწოდო მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. მივმართავ თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ ცივილიზებული ფორმები. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად დაშავდნენ მათ შორის მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მისი ოჯახის წევრი, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა. ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. თავის მხრივ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაცია ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას“, - წერს თამარ ჟვანია.

ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2020 14:24

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ ინიცირენბული და პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.

 „გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება“, – წერს თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 სექტემბერი 2020 12:26

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და მასში მონაწილეობის წესების დარღვევის პრევენციის  უზრუნველსაყოფად, ხელი შეეწყოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციისათვის შექმნილი დისტანციური სასწავლო კურსის განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც ცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ, ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემუშავდა. სასწავლო კურსი განკუთვნილია საჯარო მოსამსახურეებისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მემორანდუმი ეხება ვებპლატფორმას, იმ სასწავლო კურსს, რომელიც გახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის და კამპანიის წესების შესახებ. ამ კურსის გათვითცნობიერებით საჯარო მოსამსახურეები მიიღებენ იმ ცოდნას, გამოცდილებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და სანდო არჩევნები“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ვაჰაგ მურადიანმა, გოჩა ლორთქიფანიძემ და ეკატერინე ქარდავამ. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა კი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“  პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით გაიმართა.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დაცული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური