შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020 13:14

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020 18:54

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით, პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს, საღამოს შემოვიდა შეტყობინება თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის ღონისძიებები, ხოლო 19 ივლისს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით.

სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის "ჭკვიან" კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის მიერ საძიებო სამუშაოები გაგრძელდა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას.

გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი.

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები.

გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად მოვახდენთ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020 12:29

ხუთი დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხის" ტელევიზია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ტყეში, მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილს ბოლო დღეების განმავლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ეძებდნენ.

ოჯახმა გოგოს გარდაცვალების შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. ახლობლების თქმით, ოჯახს ოფიციალური უწყებიდან ამ დრომდე არ შეხმიანებიათ.

ბაჩალიაშვილის ახლობლები დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში წავლას აპირებდნენ, რათა სამძებრო სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა. 

ცხედარი, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში ძებნა მიმდინარეობდა. უცნობია, თუ რატომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე აღმოჩენა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.ოჯახის ინფორმაციით, მას თან მხოლოდ პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი, საფულე და პირადობის მოწმობა ჰქონდა წაღებული.

წყარო: https://mtavari.tv/news/11135-23-clis-programisti-tetricqaros-tqeshi

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური