ქართველი სინოლოგი, რომელიც ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს ჩინურ ენაზე კითხულობს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 22 მაისი 2020 10:03

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი სინოლოგი მარინე ჯიბლაძე, რომელიც ასევე არის პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ჩინურ ენაზე უკითხავს ლექციებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის პეკინის ენების უნივერსიტეტში, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტში.

ამჯერად კი, იგი მიიწვიეს სამაგისტრო ონლაინ ლექციის წასაკითხად პეკინის  მასობრივი მედიისა და კომუნიკაციის უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულები არიან ჩინეთის ცნობილი ჟურნალისტები, მათ შორის, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის ახალი ამბების წამყვანებიც. ლექციის თემა იყო „ჩინური ენის სწავლება და ჩინური ენის პედაგოგი“, სადაც შეეხო ჩინური ენის ფონეტიკის, გრამატიკის, ლექსიკისა და იეროგლიფიკის სწავლების სპეციფიკას, ასევე ისაუბრა სწავლების მიდგომებზე, მუდმივ კვლევებსა და ახალ აღმოჩენებზე.

ჩინეთში არაერთხელ აღინიშნა, რომ ქალბატონი მარინე საუბრობს სალიტერატურო ჩინურ ენაზე ყოველგვარი აქცენტის გარეშე, ყველა ტონის ზედმიწევნით დაცვით, რაც ჩინეთის წამყვან გაზეთ „China Daily”-შიც კი აღნიშნეს „Georgian Sinologist Marine Jibladze, who speaks Mandarin like a native Chinese TV news anchor...“ (ქართ. ქართველი სინოლოგი, მარინე ჯიბლაძე, რომელიც ჩინურ ენაზე  საუბრობს როგორც სატელევიზიო ახალი ამბების ჩინელი წამყვანი). მარინე ჯიბლაძე ასევე  მრავალჯერ მიიწვიეს ჩინეთში საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის ფინალური ტურის ჟიურის წევრად ჩინეთის ცნობილ პროფესორებთან, მსახიობებთან და წამყვანებთან ერთად. 

მარინე ჯიბლაძემ სადოქტორო ხარისხი დაიცვა ჩინეთში ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩინური ენის სპეციალობით, რა დროსაც მან გამოაქვეყნა სტატიები ჩინეთის სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის რეფერირებად ჟურნალებში. მისი სადოქტორო ნაშრომის ნაწილი ჩინური ენის გრამატიკის შესახებ გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში „ლინგვისტიკა“, რაც საკმაოდ რთული იყო არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ჩინელი მეცნიერებისთვისაც კი.

მარინე ჯიბლაძემ, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩინური ენის ექსპერტმა, მოამზადა ეროვნული სასწავლო გეგმა და საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. იგი მუშაობს როგორც ჩინური ენის, ისე ჩინეთის ისტორისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.

“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 10:08

დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლებიც პირველ ნაწილში საზოგადოების წინაშე ჩინურ ენაზე სიტყვით წარსდგნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, მეორე ნაწილში კი წარადგინეს მხატვრული ნომრები.

“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლილიკო მოწონელიძე გახდა, ის გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე და წარადგენს საქართველოს.

მეორე ადგილი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ფაცურიამ დაიკავა, რომელიც გაემგზავრება გულშემატკივართა 2 კვირიან ბანაკში ჩინეთში და დაესწრება ფინალურ კონკურსს.

მესამე ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთა გაფრინდაშვილი გახდა.

კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იეროგლიფების კონკურსის პირველი ადგილი თბილისი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანი მაჩაიძემ მოიპოვა.

კონკურსს ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს მრჩეველი წუო ხუნგპო და სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ რომ “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

 

 

სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ რიგით მერვე შესარჩევი ტური

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 18:40

15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ რიგით მერვე შესარჩევი ტური, პირველ ადგილზე გავიდა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნატალია ხარაბაძე, რომელიც გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად, ხოლო მეორე ადგილზე გავიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ჩახაია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ქვლივიძე. მარიამ ჩახაია გაემგზავრება ჩინური ენის ხიდის საზაფხულო ბანაკში დამკვირვებლად. მესამე ადგილზე გავიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ სონიშვილი.
კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. მათი ინიციატივით, შეიცვალა შესარჩევი ტურის ფორმატი და, ფინალური კონკურსის მსგავსად, რომელიც ტარდება ჩინეთში, ჩინურ ენაზე მოხსენებას, კითხვა-პასუხსა და კულტურულ პროგრამას დაემატა ახალი, წერითი ნაწილი. ეს არის სასიხარულო ცვლილება, რადგან, ამიერიდან, მონაწილეები უფრო მრავალმხრივ შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და უკეთ იქნებიან მომზადებულნი დასკვნითი კონკურსისათვის. 
ჩინური ენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია იეროგლიფური დამწერლობა. შესარჩევი ტურის პირველ ნაწილში სტუდენტებმა დაწერეს თემა ჩინურ ენაზე. მანამ, სანამ ჟიურის წევრები და დამსწრე საზოგადოება დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა წერის პროცესს, თავისუფალი უნივერსიტეტის ორმა ქართველმა კურსდამთავრებულმა წარადგინა პრეზენტაცია ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალური კონკურსისა და საზაფხულო ბანაკის შესახებ. მათ უკვე წარმატებულად იასპარეზეს ჩინეთში და, შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ თავგადასავლების შესახებ ისტორიების მოსმენა, რაც წინ ელით შესარჩევ ტურში გამარჯვებულ კონკურსანტებს. 
მეორე ნაწილში სტუდენტებმა წარადგინეს მოხსენება ჩინურ ენაზე და უპასუხეს ჟიურის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ჩინეთის შესახებ. თუ სკოლის მოსწავლეები უფრო მეტად საუბრობდნენ მოლოდინებზე და საკუთარ წარმოსახვაში არსებულ ჩინეთზე, ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა მსმენლებს გაუზიარეს თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრებიდან დანახული ქვეყანა და შთაბეჭდილებები რეალური გამოცდილებიდან. აუდიტორიამ მათთან ერთად იმოგზაურა პეკინში, ხანჭოუში, დალაშქრა ჩინეთის დიდი კედელი, დააგემოვნა ჩინური კერძები და მაქსიმალურად შეიგრძნო ის ემოციები, რომელთა გადმოცემაც სცადეს სიტყვებით კონკურსის მონაწილეებმა. დასახული მიზნის მიღწევა არასდროს არის მარტივი პროცესი და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდენტებმა ისაუბრეს დაბრკოლებებსა და მათი გადალახვის გზებზეც. როგორც აღმოჩნდა, მათ საკუთარი ძალისხმევითა და სხვა ადამიანების მხარდაჭერით შეძლეს სირთულეებთან გამკლავება და დაამტკიცეს, რომ შეუძლებელია იმ პიროვნების დამარცხება, რომელსაც აქვს ოცნება. 
კონკურსის შემდეგი ნაწილი დაეთმო კულტურულ ნომრებს და საქართველოს პატარა სცენაზე აუდიტორიამ იხილა უზარმაზარი სულიერი ღირებულებებისა და ტრადიციების მქონე ჩინეთის მცირე ნაწილი. სიმღერით, მუსიკალური აკომპანემენტით, ჩინური და ქართული ცეკვის შერწყმითა და იუმორისტული მონოლოგით წარსდგნენ კონკურსანტები ჟიურისა და მსმენლების წინაშე. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ხელოვნება არის საერთაშორისო ენა და მისთვის არ არსებობს გეოგრაფიული თუ პოლიტიკური საზღვრები.
როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად იზრდება ქართველი სტუდენტების ჩინური ენის დონე. ეს სასიხარულო ტენდენციაა და, იმედი გვაქვს, მომავალშიც მსგავსი მიმართულებით განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება 2017 წლის ,,ჩინური ენის ხიდის’’ კონკურსს, შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტი ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალურ კონკურსში, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი ათი დღით გაემგზავრება საზაფხულო ბანაკში და დაესწრება დასკვნით ტურს. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

თბილისში ჩატარდა მეორე სიმპოზიუმი "საქართველო და ერთი სარტყელი, ერთი გზა"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2017 06:33

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში 24 იანვარს ჩატარდა მეორე სიმპოზიუმი "საქართველო და ერთი სარტყელი, ერთი გზა".
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა: საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. სიმპოზიუმზე განიხილეს ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ტენდენციები, გამოცდილების გაცვლა; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ახალი სტრატეგიული გეგმის ქვეშ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები.
სიმპოზიუმს დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იენჩი. ასევე მასში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტები ეკონომიკის დარგში, ს.ს. საპარტნიორო ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, საქართველოში მოღვაწე მსხვილი ჩინური კორპორაციები, ჩინელი და ქართველი ექსპერტები ეკონომიკის დარგში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
სპეციალური მოწვევით სიმპოზიუმს დაესწრო ლანჭოუს უნივერსიტეტის პროფესორი ვანგ სიაოვენი, რომელიც 24 იანვარს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.

"ერთი სარტყელი-ერთი გზა", - ვანგ სიაოვენის საჯარო ლექცია

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 22 იანვარი 2017 18:07

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით, სამშაბათს, 24 იანვარს 17:00 საათზე, ლანჭოუს უნივერსიტეტის - პროფესორი ვანგ სიაოვენი, წაიკითხავს ლექციას: "ერთი სარტყელი, ერთი გზა", ანუ, ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი.
ვანგ სიაოვენის კველვის სფეროა: რეგიონული ეკონომიკა, ფინანსები, საერთაშორისო ეკონომიკა, სავაჭრო, სამრეწველო და სასოფლო ეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
ლექციაზე განხილული იქნება:
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის დაფარვის გეოგრაფიული ზონა;
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის აშენების სტრატეგიული მნიშვნელობა;
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საფუძველზე დამყარებული სავაჭრო თანამშრომლობა საქართველოს მაგალითზე;
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საფუძველზე დამყარებული ინდუსტრიული თანამშრომლობა;
რჩევები, თუ როგორ გავამყაროთ ვაჭრობა და ინდუსტრიული თანამშრომლობა “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” საფუძველზე.

სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.

სალომე მამალაძის ლექცია "ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსი - უკანასკნელი ტენდენციები"

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 12:15

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით, ლექცია "ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსი - უკანასკნელი ტენდენციები" წაიკითხა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებულმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, სალომე მამალაძემ.
სალომე მამალაძემ გაგვაცნო, თუ როგორია მზარდი გავლენის მქონე ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსი და პრინციპები; რა ტენდენციები და მოლოდინები არსებობს ამ მიმართულებით; როგორია შეფასებები; ასევე, როგორია საქართველოს ადგილი ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაში.
როგორც ს. მამალაძემ აღნიშნა, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ღრმა და სერიოზული შესწავლის საგანი გახდა. მსოფლიოს მნიშვნელოვან აქტორ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ნამდვილად არის თანამედროვე ჩინეთი.

ლანჭოუს უნივერსიტეტის დელეგაცია კამპუსში

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 11:17

თავისუფალი უნივერისიტეტის კონფუცის ინსტიტუტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პარტნიორი უნივერსიტეტის - ჩინეთის ლანჭოუს უნივერსიტეტის დელეგაცია. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტების რექტორებს შორის.

გურამ ჩიქოვანმა და ბატონმა ფანმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და შეხედულებები სასწავლებლებზე, ასევე განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩინური მხარემ კონფუცის ინსტიტუტისადამი დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი მარინა ქარჩავა და უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსიტუტი არის ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა 2011 წელს. მისი დამფუძნებელი და დირექტორია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე. ინსტიტუტის ნიადაგზე ფუნქციონირებს საერთაშორისო ჩინური ენის დონის HSK და YCT საგამოცდო ცენტრი, ჩინური ენის კურსები, ასევე აქტიურად ტარდება საგანმანათლებლო, კვლევითი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური