თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017 17:52

მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ - ციენ ქემინგმა, ჩინეთის მთავრობის სახელით საზეიმოდ განაცხადა, რომ 2017 წლის მაისში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2018 წლის 1 იანვარს ოფიციალურად ამოქმედდება.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია ვაჭრობაზე ბარიერების მოსახსნელად, პროდუქციისა და სერვისებზე თავისუფალი წვდომისა და ეკონომიკური სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის და სრულად შეესაბამება ეკონომიკური გლობალიზაციის განვითარების დღევანდელ შეუქცევად ტენდენციას. ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, ჩინეთმა და საქართველომ 2015 წლის დეკემბერში დაიწყეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ერთობლივი მუშაობის შედეგად, სულ რაღაც ორწლიან პერიოდში დასრულდა მოლაპარაკებებთან, ხელმოწერასა და ძალაში შესვლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ევრაზიის რეგიონში პირველად სწორედ საქართველოსთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამასთანავე, 2013 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთმა მსგავს შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამიტომ ეს შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მონაწილე ქვეყნებს შორის კავშირების გასამყარებლად.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება - დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ყველაზე დიდი საჩუქარია. 9 ივნისს ჩინეთმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე იზეიმეს. თვალს თუ გადავავლებთ ერთად განვლილ მეოთხედ საუკუნეს, დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყნები ურთიერთობების განვითარების კარგ ტენდენციას ინარჩუნებენ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა მუდმივად იზრდება, ორ ერს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობაც ძლიერდება. ამ წლის ინვარი-ოქტომბრის მონაცემებით, ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 728 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას. დღესდღეობით რამოდენიმე ათეული მსხვილი ჩინური კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, ფინანსებისა და სხვა სფეროებში. ისინი ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას და მოგებიდან მიღებული გადასახადების ზრდას. წელს გაიხსნა ჩინური კომპანიების მიერ აშენებული ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი სამხრეთ კავკასიაში და ყველაზე დიდი გვირაბი საქართველოში. ამავდროულად, კულტურისა და განათლების მიმართულებით კავშირებიც იზრდება. გახშირდა გაცვლითი ვიზიტები ხელოვნებისა და კულტურის წრეებს შორის. დღესდღეობით საქართველოს 28 უნივერსიტეტსა და სკოლაში ისწავლება ჩინური ენა, ხოლო შემსწავლელთა რაოდენობა 1100-ზე მეტია. ჩინური ინსტიტუტებიც აქტიურად განიხილავენ ქართული ენის სპეციალობის გახსნის შესაძლებლობას. ორი ქვეყნის მეგობრობა თაობიდან თაობას გადაეცემა. დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ისტორიულ მომენტში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ამოქმედება - ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში მიღწეულ წარმატებას წარმოადგენს და ჩინელი და ქართველი ხალხისადმი მიძღვნილი საუკეთესო საჩუქარია.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება დიდ სტიმულს მისცემს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ერთობლივ მშენებლობას. 2013 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიცირების შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო მასში. მხარეებმა „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპის დაცვით ნაყოფიერ შედეგებს მიაღწიეს პოლიტიკური კოორდინაციის, ინფრასტრუქტურული კავშირების, ბარიერების გარეშე ვაჭრობის, ფინანსების ბრუნვისა და ხალხთაშორისი კავშირების ხუთივე მიმართულებით. 2014-2016 წწ. ჩინეთსა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს, ხოლო ჩინეთის მიერ ამ ქვეყნებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 50 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინურმა კომპანიებმა ოცზე მეტ ქვეყანაში 56 ეკონომიკური თანამშრომლობის ზონა შექმნეს, გადასახადების სახით 1.1 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოუტანეს და 180 000 სამუშაო ადგილი შექმნეს. საქართველო თავიდანვე აქტიურად ჩაერთო „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში; ძალას არ იშურებს, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მიერ ცოტა ხნის წინ ორგანიზებული თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელმაც ხუთი კონტინენტის 2000-მდე დელეგატი, მათ შორის მთავრობის, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები შეკრიბა თბილისში. მათ თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშნებლობას. ჩინურმა მხარემ ამ ფორუმს ძალიან მაღალი შეფასება მისცა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სავაჭრო ოპერაციების თვითღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო თანამშრომლობა არსებითად გამოცოცხლდება და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა წამყვან როლს შეასრულებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობაში. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ორმხრივი თანამშრომლობის ამომავალი წერტილი იქნება. ძველი აბრეშუმის გზის მარგალიტი - საქართველო კიდევ უფრო გაბრწყინდება.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ყოველმხრივ აყვავებას შეუწყობს ხელს. ჩინელმა მეჩაიემ - ლიუ ძძუინჭოუმ ასი წლის წინ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის, ციტრუსისა და ტუნგის მოყვანა დაიწყო, რითაც ჩინეთ-საქართველოს შორის სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის ისტორიაში ახალი გვერდი გადაფურცლა. დღეს საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ჩინური სტანდარტის თანამედროვე სასათბურე მეურნეობა. ჩინურ კომპანიებს თვალსაჩინო პროგრესი აქვთ ჩაის მეურნეობის აღდგენის მხრივაც. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად, სულ მალე ჩინურ ოჯახებში ქართულ ღვინოსთან, მინერალურ წყალთან და ჩირთან ერთად, ვიხილავთ „დამზადებულია საქართველოში“-ს ეტიკეტის მქონე ბოსტნეულს, ჩაისა და სხვა კულტურებს. ორმხრივი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვნად გაიზრდება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშნებელობაში მიღწეული პროგრესის გამო, უფრო და უფრო მეტ ჩინელს უჩნდება საქართველოს მიმართ ინტერესი. წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს. ისტორიულად ყველასთვის ცნობილია ჩინეთის „ოთხი დიდი გამოგონება“. დღეს კი მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს „ახალი ოთხი დიდი გამოგონება“: ჩქაროსნული რკინიგზა, „ალიფეი“, საზოგადოებრივი ველოსიპედი, იგივე „ბაიკშეარინგი“ და ინტერნეტ-ვაჭრობა. ჩინეთმა და საქართველომ უკვე დაიწყეს „ახალი ოთხი დიდი გამოგონების“ საქართველოში დანერგვის საკითხის შესწავლა. იმედი გვაქვს, რომ ეს ოთხი გამოგონება, ჩინელების მსგავსად, ქართველებსაც მალე მოუტანს კომფორტს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება სტიმულს მისცემს ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის ათვისებას, გააფართოვებს თანამშრომლობის სფეროებსა და მიმართულებებს და ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის „გამყარებასა“ და „სრულ დაფარვას“.

2018 წელი ჩკპ მე-19 ყრილობაზე მიღებული ქვეყნის სამომავლო განვითარების გეგმის იმპლემენტაციის დაწყების წელია. ამავდროულად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში მეორე ოცდახუთწლიანი პერიოდის დაწყების წელიცაა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებით ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ძველი ჩინური ანდაზის მიხედვით: „ათასი ლი ნაბიჯის გადაუდგმელად არ დაილევაო“. ქართველები კი ხშირად ამბობენ: „კარგ საძირკველზე კარგი კედელი ამოვაო“. ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან ერთად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებით მიღებული კარგი შესაძლებლობა, განაგრძოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოება, რათა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობით მეტი რეალური სარგებელი მოუტანოს ორ ერს და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების 2.0 ვერსია შექმნას.

ქუმსიშვილმა მსხვილ ჩინურ კორპორაციებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 ივნისი 2017 11:00
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ ჩინურ კორპორაციებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კორპორაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ მოწვევით იმყოფებიან. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინელ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებულად დიდი შეფასება მისცა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელმაც, მისი თქმით, ახალ სიმაღლეზე აიყვანა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტექსტილის წარმოება, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი, საბანკო-საფინანსო სექტორი და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისინი ეწვევიან დასავლეთ საქართველოს, მათ შორის, ქუთაისსა და წყალტუბოს, სადაც კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაათვალიერებენ. საქართველოში ჩინელი ინვესტორების სტუმრობის მიზანია, გაეცნონ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს და კონკრეტულ პროექტებს. ჩინური კერძო ინვესტორების დაინტერესება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩინეთიდან პოტენციური ინვესტორების წარმომადგებლობითი დელეგაციის შემადგენლობაში ორი მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კონგლომერატის - “Wuhan Contemporary Science and Technology Industry Group”-ისა და „Shenzhen LanRun Financial Holding Group“-ის ხელმძღვანელი პირები შედიან.

 

 

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 ივნისი 2017 10:46

2017 წლის 13 მაისს ქ. პეკინში, ხელი მოეწერა „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის“ (იხილეთ ტექსტი). შეთანხმება ამოქმედდება (ძალაში შევა) ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.
 
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი ჩინეთის ბაზარზე  საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური