საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 თებერვალი 2019 16:33

მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს - ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2018 წლის 28 ივნისს, ჰონგ კონგში „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. 

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება გაზრდის საქართველოსა და არსებული ბიზნეს კლიმატის შესახებ ცნობადობას და ხელს შეუწყობს ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას  და წარმოადგენს ერთ - ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო საფინანსო საერთაშორისო  ცენტრს. 

წარმოდგენილი შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

კორეის საქმეთა დროებითი რწმუნებული თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 18:31

კახა ბენდუქიძის კამპუსს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობა ეწვია. საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ სე ვუნგი თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ვახტანგ ლეჟავას შეხვდა. მათ განიხილეს უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები კორეული ენის სწავლებისა და კორეული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით.

 

სასტარტო სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 დეკემბერი 2018 14:24

გასულ კვირას თბილისში ჩატარდა ქართველი ჟურნალისტებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი ოთხდღიანი სასტარტო სემინარი. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) - ტერეზა ტალჰამერი სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელი და მედიის განვითარების ფონდი (MDF) - თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი. შეხვედრის მხარდამჭერი - სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

ერთობლივი სასტარტო სემინარის საგნობრივი ხელმძღვანელები იყვნენ: ტომას ვიერნი, მრჩეველი საკონსტიტუციო და მედიასამართლის დარგში, ტობიას ბრინგს–ვიზენი, კიოლნის უნივერსიტეტის კომუნიკაციისა და მედიასამართლის ინსტიტუტი, მანფრედ პროტცე, გერმანული პრესის საბჭო, დოქტორი ფრედერიკ ფერეაუ, კიოლნის უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი და ბერნდ ჰოლცნაგელი, მიუნსტერის უნივერსიტეტი.

ერთობლივი სასტარტო სემინარის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“. კერძოდ:

• მედიის ამოცანები დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში

• სახელმწიფოსა და გაერთიანების ზედამხედველობისგან

თავისუფალი მედია 

• ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვა, ინფორმაციის

სანდოობა

• ინფორმაციისა და მისი გავრცელების თავისუფლება

• მრავალფეროვნება, როგორც დემოკრატიული აზრის

ჩამოყალიბების წინაპირობა

• ახალგაზრდობისა და მომხმარებლების დაცვა

• მიმწოდებლის სამეწარმეო თავისუფლება

• პიროვნული უფლებებისა და ღირსების დაცვა

• გამჭვირალეობა როგორც რეგულირების მიზანი

ყველა თემის მოკლე მიმოხილვის და დისკუსიის შემდეგ, მონაწილეების მხრიდან მიმდინარეობდა განსაკუთრებული პრობლემების გამოვლენის პროცესი.

სემინარის მუშაობის მომდევნო დღეები დაეთმო ცალკეული და კონკრეტული თემების განხილვას, ანუ როგორიც იყო პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, სოციალური ქსელის რეგულირება, შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით, ქართული სამართლებრივი მდგომარეობის და ბაზრის წარდგენა და სხვა.

თემების განხილვის შემდეგ მიმდინარეობდა აქტუალური დისკუსია პრობლემების გადაჭრის მოძებნის გზებზე, რის შემდეგაც სემინარის მონაწილეებმა მაშაობა დაიწყეს შემაჯამებელი დოკუმენტის შექმნაზე. ამის შემდეგ მოხდა დასკვნითი დოკუმეტის ერთობლოვი შემუშავება სამუშაო ჯგუფის შედეგებით და რჩევების გათვალისწინებით. 

ერთობლივი სასტარტო სემინარის ბოლო დღეს გაიმართა დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: სოციალური ქსელის რეგულირება და დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით. ამას კი მოყვა შემუშავებული შედეგების საბოლოო განხილვა, სემინარების შედეგების შეჯამება, სემინარის შეფასება, შემდეგი ნაბიჯების და სამომავლო გეგმების განხილვა.

ერთობლივი სასტარტო სემინარის ორგანიზატორებისა და ჟურნალისტების შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა და გამოითქვა მზადყოფნა, რათა ანალოგიური სემინარი, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებისათვის უკვე სხვა საინტერესო თემებზე, მომავალ წელსაც ჩატარდეს.

 ავთანდილ ოთინაშვილი

მამუკა ბახტაძე - ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 15:47

ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

„სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ექსპორტი და შემცირდეს არსებული მძიმე სავაჭრო დეფიციტი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა - საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 17:30

საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება იშვიათი და დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში გააღრმავოს. „ჩვენ ჩინეთის განვითარებას ვუყურებთ როგორც მსოფლიოსთვის იშვიათ და დიდ შესაძლებლობას, გამოწვევის ნაცვლად. სწორედ ამიტომ საქართველომ ხელი მოაწერა გასულ წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთამაშეა გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას.„როდესაც ვსაუბრობთ სხვადსხვა ერებს შორის ეკონომიკურ ან კულტურულ დიალოგზე, არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს ნდობაზე დაფუძნებული, პროდუქტიული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, გაერო-ში ჩინეთის როლის გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ჩინეთთან ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ შესახებ. „თუ შეხედავთ ინიციატივის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ ფარგლებში პროექტებს, აღმოაჩენთ უამრავ მარშრუტს. თუმცა საქართველოს გზა ყველაზე მარტივი და საინტერესოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა შეუძლია.

1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 11:21
2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 

შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%). 

2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული მოდის პოპულარობას მთელ მსოფლიოში

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 10 ნოემბერი 2017 18:08

ევროკავშირი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ამ ქვეყნების კომპანიებს ახალ პერსპექტივებს სთავაზობს. თბილისში მდებარე მოდის სახლი „მატერია“ ერთ-ერთი მათგანია, აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული სტატიაში.
მოდის სახლი, რომელიც თავის მომხმარებლებს მაღალი კლასის ტანსაცმლის ხაზს და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს სთავაზობს, საკუთარ ტანსაცმელს ასევე საქართველოს სხვადასხვა საჯარო უწყებებზე ყიდის, რომელთა შორის არის არმია, პოლიცია, ფოსტა და მრავალი სხვა.
ის მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან ფორმების საწარმოებლად როგორც ეროვნული გუნდის იუნიორი მოთამაშეებისთვის, ისე რაგბის არაერთი სხვა კლუბისთვის, რომელთა შორის არის გორის „ჯიქი“, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული.
კომპანიამ უზრუნველყოფილი დაფინანსება მიიღო საკუთარი აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის და დანერგა ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სათანადო პრაქტიკა ახალი ტანსაცმლის ფაბრიკისთვის, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ეს დაეხმარება მოდის სახლს სრულად ისარგებლოს ექსპორტის პერსპექტივებით. კომპანია იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business)-ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზით ისარგებლა.

"თავისუფალი პლატფორმის" კლასტერპოლის შედეგები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ოქტომბერი 2017 10:26

არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი „თავისუფალი პლატფორმა“ 21 ოქტომბერს ახორციელებდა პარალელურ დათვლას, თბილისში განთავსებული საარჩევნო უბნების კლასტერული შერჩევის მეთოდის მეშვეობით.
სულ დათვლის პროცესში დამუშავდა 37 577 ამომრჩევლის მონაცემი.

დათვლის შედეგები, რომლებიც ასახავდნენ თბილისის მერობის კანდიდატების ელექტორალურ მხარდაჭერას შემდეგნაირად განაწილდა:
41 - ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო) კახა კალაძე - 52.5%; 42 - ( საინიციატივო ჯგუფი) ალეკო ელისაშვილი - 16.81%;5 - (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ზაალ უდუმაშვილი - 16.17%; 2 - (ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო) ელენე ხოშტარია -7.46%; 8 - (პატრიოტთა ალიანსი) ირმა ინაშვილი -2.95%; 27 - (ერთობა -ახალი საქართველო) გიორგი ვაშაძე -1.78%.პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელი:41. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო- 54.47%; 5. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16.63%; 2. (ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო) -9.28%; 8. პატრიოტთა ალიანსი -5.62%; 27. გიორგი ვაშაძე -ერთობა -ახალი საქართველო გიორგი ვაშაძე -3.25%; 10. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია -3.52%; 3.ლორთქიფანიძე, კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველო -3.08%.კლასტერული შერჩევით ჩატარებული დათვლის ცდომილება არ აღემატება 0.5+/-%

 

თბილისში თავისუფალი ოლიმპიადა გაიმართება

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 23 სექტემბერი 2017 12:03

თავისუფალი ოლიმპიადა მესამედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისში ჩატარდება. ოლიმპიადას მათემატიკის ტური 15 ოქტომბერს გახსნის. მონაწილეებს საინტერესო ტესტი ელით წინ, რომლის 50% სასკოლო მასალის მიხედვითაა შედგენილი, 50% კი ზოგად ცოდნას ამოწმებს.

ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 30 მოსწავლე ჰოვერბორდებით დასაჩუქრდება.

მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები კი მიიღებენ უფასო სასწავლო კურსებს, ატრაქციონებისა და კინო-თეატრების ვაუჩერებს, ფასდაკლების ბარათებს სხვადასხვა კომპანიებისგან და ა.შ.

საგნებზე რეგისტრაცია 22 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება საიტზე friad.ge

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა. მეორე ტურში გადასულები ასპარეზობისთვის 15 ლარს გადაიხდიან. რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ ტურს, ის მოსწავლეებისთვის კვლავ უფასოა.

2017 წლის შემოდგომის სეზონზე ოლიმპიადა თბილისში ჩატარდება, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
მომდევნო წლის გაზაფხულის სეზონზე თავისუფალი ოლიმპიადა გეგმავს ოლიმპიადა ჩაატაროს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

სამომავლო გეგმები

საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა თავისუფალი ოლიმპიადის სამომავლო გეგმაა. გუნდი აქტიურად იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიადებსა და განათლების ხარისხის გაზრდისთვის გატარებულ რეფორმებს. საუკეთესო ნიმუშების გაანალიზებასა და დანერგვას  კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აპირებს.  

აღსანიშნავია, რომ გარდა ევროპული სტანდარტებისა, მაგალითი განათლების აზიური სისტემიდანაც უნდა ავიღოთ. ამ მხრივ მოწინავეები დუბაი და სინგაპური არიან, რომელთა მთელი რესურსი განათლებისკენაა მიმართული. ყველა სკოლაში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, წიგნები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დუბაის სკოლის მოსწავლეებს ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებში, ვიდრე რომელიმე არაბულ ქვეყანას.

ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კურსების გარდა მოსწავლეების ეუფლებიან ბიზნესის საფუძველებს, ინოვაციას და არაფორმალურ განათლებას.

დუბაიში კარგი კომუნიკაციაა დამყარებული განათლების სექტორსა და შრომის ბაზარს შორის. თუ გავითვალისწინებთ დუბაის გამოცდილებას და ჩავთვლით, რომ ოდესღაც მათაც საკმაოდ დაბალი საფეხურიდან დაიწყეს განათლების შენება, ჩვენი გეგმების რეალობად ქცევა შესაძლებელია. 

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 16:47

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად აუცილებელია ორივე ქვეყანაში დასრულდეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და მოხდეს ორი ქვეყნის საკანონმდელო ორგანოთა მიერ შეთანხმების რატიფიკაცია. მისი განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აგრეთვე ინდუსტრიული მიმართულება. პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას. 

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთაანამრომლობას და ხელს შუწყობს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ შეხვედრის შემდეგ. 

მა ფეიჰუას განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია, საქართველოს მთავრობა ეფექტურად მუშაობს და არსებული ბიზნეს გარემო ქმნის კარგ პირობებს უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად. „ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ოცზე მეტი ჩინური ბიზნესი და მე მჯერა, რომ ორმხრივი პოლიტიკური ნდობით და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაღრმავებით, მომავალში ჩვენ გვექნება ბუმი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით. მე მართლა მჯერა, რომ საქართველოს ლამაზი ბუნების, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ტრადიციებს გასაცნობად საქართველოში მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური