საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ავღანეთში მომხადრ ინციდენტთან დაკავშირებით
სამუშაო შეხვედრა DIB სკოლაში
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიება შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელიც ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროექტის“ დაფინანსდებით ხორციელდება. ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი, შვედი, ირლანდიელი, ბრიტანელი და ესპანელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის საჭირო მოდელებსა და მეთოდოლოგიებს აცნობენ, რაც სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.
DIB სკოლაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები იღებენ.
პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გუშინ ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გაიხსნა. მასში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა მიესალმნენ. პროექტის შესახებ კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სამი დღე გაგრძელდება.
თავდაცვის მინისტრის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში
თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა. ლევან იზორიამ როზარია პულისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელება და მიმდინარე წლის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როზარია პულისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების პროცესში ნატოს მხარე აქტიურად იქნება ჩართული.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, კრისტიან კოკვიკი დაესწრნენ.
როზარია პულისმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლიდან უილიამ ლაჰიუ შეცვალა. 2017 წლის აპრილიდან როზარია პულისი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა
ახალი 2018 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად აღნიშნა. მინისტრთად ერთად სამხედროებს ახალი წელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.
ახალი წლის შესახვედრად სენაკში იმყოფებოდა ავღანეთიდან ნოემბერში დაბრუნებული 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც. ქვედანაყოფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, 23-ე ბატალიონის სახელით, საჩუქრად სამახსოვრო დაფები გადასცა.
ახალი წლის დადგომას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან და სამხედროებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ თეიმურაზ ბოკუჩავას შვილი -ალექსი ბოკუჩავაც შეხვდა.
საახალწლო ღონისძიება ჯარისკაცების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით გაგრძელდა. ალექსი ბოკუჩავამ კი, ლექსები წაიკითხა.
ახალი წლის აღნიშვნა II ქვეით ბრიგადაში ფეიერვერკების გასროლით დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ რობერტ ნელერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სწორედ, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები ამზადებს ქართველ სამხედროებს საქართველოსა და გერმანიაში იმისათვის, რომ მათ ავღანეთის რესპუბლიკაში საპასუხისმგებლო მისია შეასრულონ. მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების - Agile Spirit-ის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული. შეხვედრაზე სურვილი გამოითქვა, რომ Agile Spirit-ს საზღვაო კომპონენტიც დაემატოს.
თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სტუმარს კათოლიკური შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური ქართველ და საქართველოში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერტებულ შტატებში თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრით დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პენტაგონში გაიმართა, რის შემდეგაც კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანს აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯეიმს მატისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები მისი განცხადებით: „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს.“
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.
ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება - „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. „ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და ქვეყნის მდგრადობისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ლინდსი გრემთან.
თავდაცვის მინისტრი ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციას წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. სამდღიანი კონფერენციის თემაა „გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში“. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო, კულტურული და სოციალური დაახლოების კუთხით ჰუმბოლდტის ფონდის წვლილზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს, რაც პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ღირებულებების განმტკიცების მიზნით, ქართველი სამხედროები გერმანელ, ასევე სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სამშვიდობო მისიას ასრულებენ.
გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე მსგავსი მიზნები ამოძრავებთ და ორივე ქვეყანა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და აგრესიის პირისპირ დგას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინაში და გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობას და უკრაინის მხარდაჭერას ყველა ფორმატში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ პირადი წვლილისათვის, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში.
შეხვედრისას საუბარი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის მზადების საკითხებს შეეხო, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.
შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის ინტენსიურ თანამშრომლობას მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.