ევროპელებს უცხოური სამხედრო ბაზების არ სჯერათ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 21:33

"სპუტნიკ-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, ევროპული ქვეყნების მოქალაქეები მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ სამხედრო ბაზებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკთხების გადაწყვეტას არ ანდობენ. გამოკითხვაში მონაწილე გერმანელთა მხოლოდ 4% და იტალიელთა 5% მიიჩნევს, რომ უცხოურ სამხედრო ბაზებს უკეთ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა, ვიდრე ეროვნულ არმიას.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო სპუტნიკის დაკვეთით ჩაატარა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ 587 სამხედრო ობიექტია განლაგებული. ევროპაში სამხედრო ობიექტების მეტნაკლებად დიდი რაოდენობა გერმანიაშია განთავსებული, იტალიაში ასევე იმყოფებიან სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი და აშშ-ის არმია. კითხვაზე, „რომელი შეიარაღებული ძალები დაიცავენ თქვენს ქვეყანას უკეთ?“ გერმანელთა (38%) და იტალიელთა (34%) მესამედმა უპასუხეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ეროვნული არმია უცხოური ძალების დახმარების გარეშე შეძლებს. ამასთან, გერმანიაში გამოკითხულთა 37% და იტალიაში გამოკითხულთა 34% თანახმაა, რომ ქვეყანა ეროვნულმა არმიამ და უცხოურმა სამხედრო ბაზებმა ერთობლივად დაიცვან. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ გერმანიაში რესპონდენტების 21%-ს, იტალიაში კი 27%-ს.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო სპუტნიკის დაკვეთით გერმანიასა (1004) და იტალიაში (1002) 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაატარდა. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

ცნობა პროექტ „სპუტნიკ-მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. სპუტნიკი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

 

 

 

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი სამი წლის გახდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 15:13

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან სამი წელი შეუსრულდა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. საზეიმო ცერემონია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის "კრწანისის" საწვრთნელ ბაზა "ალგეთში" გაიმართა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ცენტრის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გენერალური შტაბის უფროსმა ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

„მიხარია რომ ახალ ქართველ სამხედროებს შევხვდი. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად რთული პროგრამისა ყველა მათგანი ბოლომდე მიაღწევს. ცენტრი უნარიანი სერჟანტებით და ოფიცრებითაა დაკომპლექტებული. მათ აქვთ ჯარისკაცთან მუშაობის გამოცდილება. სასიხარულოა, რომ ხუთას კაცში თოთხმეტი ქალბატონია და მათი შემართება დასაფასებელია. ეს ხალხი არის ძალა, რომელმაც უნდა შეავსოს პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა რიგები“ - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ცერემონიის ბოლოს, ცენტრის შვიდ სამხედრო მოსამსახურეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის ოჯახი სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრეს.

უფროსი  სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 2013 წელს დაარსდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება.     

იენს სტოლტენბერგის მადლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 11:55

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წერილი მიიღო. იენს სტოლტენბერგი პოზიტიურად აფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიასთან შეხვედრას და საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირების კუთხით მინისტრის მიერ დასახულ გეგმებს. ნატოს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს, ალიანსის წარმომადგენლების ვიზიტს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზეც წერს.

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში.
სასიამოვნო იყო თქვენი გეგმებისა და მიზნების მოსმენა, რაც, მჯერა, რომ ჩვენს ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესანიშნავი დასაწყისია როგორც საქართველოში, ისევე ნატოს შტაბბინაში. ქართველმა სამხედროებმა ბევრჯერ დაამტკიცეს მამაცობა, პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ერთობლივ მისიაში ავღანეთში. 
ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობა, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ვიზიტის ამ ნაწილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა წევრის მიერ მაღალი შეფასება მიიღო.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირებაზე დიალოგს და საქართველოს წვლილს რეგიონულ უსაფრთხოებაში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.
მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას“ - ნათქვამია ნატოს გენარალური მდივნის წერილში.

 

თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სწავლის დაწყება მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 17:40

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სკოლის დაარსების 6 წლის იუბილე და სწავლის დაწყება აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
კადეტებს სამხედრო ლიცეუმის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა და კადეტი გოგონებისთვის სპეციალური სტიპენდიის დაწესებაზეც ისაუბრა.
„წელს ლიცეუმმა პირველად მიიღო გოგონები თავის რიგებში და ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე როგორც ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში, ქალი და კაცი ერთად იდგება ქვეყნის სადარაჯოზე. აქედან მინდა გითხრათ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, რომ ეს ქვეყანა ძალიან ძლიერია. ძლიერია თავისი წარსულით და ძლიერია თავისი მომავლით, თავისი ტრადიციებით, რომელთანაც არასდროს წყვეტს კავშირს. გიორგი კვინიტაძის თანამებრძოლი იყო მარო მაყაშვილი. ასე, ტრადიციულად, ისტორიულად, ქართველი ქალი მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველი კაცის გვერდით იდგა.

საუკუნეების წინ დაწესებული სტანდარტი - ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია - დღესაც ცოცხლობს და გრძელდება. მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, ლიცეუმის ახალო მოსწავლეებო, გოგონებო. მინდა გამოვიდე ინიციატივით, რომ თქვენი სულიერი თანამებრძოლის გიორგი კვინიტაძის და სულიერი თანამებრძოლის მარო მაყაშვილის ხსოვნიდან გამომდინარე, გოგონებისთვის ლიცეუმში დავაარსო საგანგებო სტიპენდია. დარწმუნებული ვარ, ეს პირველ წელს კიდევ უფრო წაახალისებს იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში თქვენს ძლიერ და მტკიცე დგომას განაპირობებს“,- განაცხადა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კადეტთა ლიცეუმის მსმენელებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ლიცეუმის წვლილზე ისაუბრა.
„დღევანდელ დღეს, 15 სექტემბერს ორმაგი დატვირთვა აქვს ლიცეუმში. პირველი ის, რომ, ზოგადად, საქართველოში იწყება სასწავლო პროცესი და თქვენც იწყებთ სწავლას და, მეორე, რაც მნიშვნელოვანია, არის თქვენი იუბილე. აქ სწავლას, სწორედ, ორმაგი დატვირთვა აქვს - თქვენ აყალიბებთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას თქვენი ქვეყნის წინაშე, როგორც ყველა სხვა სასწავლებელი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განათლების მიღებასთან ერთად, აქვთ პასუხისმგებლობა, ჩამოაყალიბონ კანონმორჩილი, პატრიოტი მოქალაქეები. ამ ქალაქში სწავლობდა ერთი დიდი მეცნიერი, რომელმაც ამ პროცესს უწოდა მოქალაქეობრივი განწყობის ჩამოყალიბება. დარწმუნებული ვარ, ამ პასუხისმგებლობას, რასაც ჰქვია საქართველოს ღირსეული მოქალაქე, ეს სკოლა ღირსეულად ატარებს თქვენი ჩამოყალიბების თვალსაზრისით. სკოლამ ასევე უნდა ჩამოგიყალიბოთ განწყობა უმრავლეს თქვენგანს, რომ თქვენს ქვეყანას ემსახუროთ ოფიცრებად. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდით ოჯახის წევრებთან ერთად, ბუნებრივია, გააზრებული გქონდათ, თუ რა დიდ სამსახურს ეწევით თქვენი ქვეყნისთვის მომავლისთვის. ამ გადაწყვეტილებას იღებთ, სწორედ, იმ ასაკში, როდესაც ინდივიდი ჩამოყალიბებას იწყებს. ამიტომ, ეს გააზრებული გადაწყვეტილება, მზაობა, რომ ემსახუროთ ქვეყანას, იყოთ ღირსეული გამგრძელებლები იმ ტრადიციებისა, რომელსაც ჩვენი ოფიცრები ატარებდნენ და ატარებენ, არის მართლაც დასაფასებელი“, - მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კადეტებს და აღნიშნა, რომ კადეტთა ლიცეუმი მსმენელებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდეთ აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით და დრო რაციონალურად გაანაწილონ.

გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი, საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა და მსმენელებს წარმატებები უსურვა.
კადეტთა ლიცეუმში გამართულ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წარმომადგენლები, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და სამხედრო ლიცეუმის კადეტების მშობლები დაესწრნენ.

სამხედრო ლიცეუმში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა, მათ შორის 8 გოგონაა. დაარსებიდან დღემდე ლიცეუმი 390-მა მსმენელმა დაამთავრა. სასწავლებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2010 წელს, ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა.

უკრაინული დელეგაცია გენერალურ შტაბში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 16:22

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით პიოტრ გეტმანის სახელობის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი პავლო ტკაჩუკი იმყოფება. დღეს, უკრაინულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ ძალიან კარგად ვერკვევით ჩვენი ქვეყნების გარშემო არსებულ სიტუაციაში და გვაქვს ერთნაირი ხედვა. ვაპირებთ უკრაინელ კოლეგებს გავუზიაროთ ცოდნა ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების გამოცდილება ჰიბრიდულ ომებთან დაკავშირებით. მსგავსი ცოდნის გაზიარება ორივე მხარეს წაგვადგება. რაც მთავარია იგეგმება სტუდენტების და სამხედრო პედაგოგების გაცვლა ჩვენს სასწავლებლებში, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება“- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეხვედრაზე უკრაინასა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამხედრო განათლების განვითარების საკითხებს.

„მადლობას ვუხდით გენერალური შტაბის უფროსს საქართველოში მოპატიჟებისთვის. ჩვენ ერთმანეთს ცოტა ხნის წინ ლვოვის აკადემიაში შევხვდით, სადაც გენერალ-მაიორი კაპანაძე დაწესებულების სწავლის პროცესს და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მეთოდებს გაეცნო. ჩემი ვიზიტის მიზანია ინფორმაცია მივიღო თქვენი სამხედრო სასწავლებლების შესახებ. გვაინტერესებს სწავლის მეთოდები, რომლითაც საქართველოში ოფიცრებს, სერჟანტებს და სხვადასხვა დანაყოფებს ამზადებთ. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში“ - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა პავლო ტკაჩუკმა.

დღესვე, უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მონახულება.

ეს იყო თანამებრძოლების ერთად ყოფნა ბრძოლაში, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 15:47

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT - 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა და სწავლებაზე მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT - 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი  წვრთნები გამართეს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა სწავლების  მონაწილეებს, საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობა შეაფასა  და აღნიშნა, რომ დღევანდელ უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

"დღეს აქ გაისმა 6 ქვეყნის ჰიმნი. თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან, იცავდნენ თავგამოდებით და 21-ე საუკუნეში მოიყვანეს ძალიან ძლიერი მაგრამ მცირერიცხოვანი ერი.

დღეს თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სურათი გვაჩვენეთ. ეს იყო ნამდვილი თანამებრძოლების ერთად ყოფნა ბრძოლაში. ეს იყო ერთი სულისკვეთებით მოქმედი ჯარისკაცების ბრძოლა, რომელიც ნამდვილად მომავალი გამარჯვებების იმედს გვაძლევს.

ყველაზე მეტად შთამბეჭდავი იყო თქვენი მეგობრული სული.

ეს მეგობრული სული იმარჯვებდა ყოველთვის და მომავალშიც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები მტრისაგან და გარეშე აგრესიისგან.

ღმერთმა არასდროს თქვენი საბრძოლო უნარები რეალობაში არ გამოგაყენებინოთ და ისე დაგაცვევინოთ თქვენი სამშობლო.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას ვისი ჯარისკაცებიც დღეს აქ ერთობლივად იმყოფებიან," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს.

საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT - 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ დიპლომატები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენშტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

 

 

საქართველოში ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 15:56

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციას ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი მეელის კილი ხელმძღვანელობს.

ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის საკითხზე და ამ მიმართულებით ესტონური გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

დღესვე, ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდნენ. ეროვნული გვარდიაში მისულ სტუმრებს უწყების სტრუქტურა გააცნეს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

დღის ბოლოს სტუმრები თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გაემგზავრებიან. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელსაც შეხვდებიან.

 

თანამშრომლობის მემორანდუმი კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 17:34

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ  კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი   ვეტერანი მებრძოლების  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით,  კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის  მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.  კიბერუსაფრთხოების ბიუროში,  სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებს გადაამზადებენ.

ანდრია გოცირიძის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ბიურო მზად არის, სხვა უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოყოფილი თანამშრომლები მოამზადოს,  რომლებიც კიბერინციდენტებთან დაკავშირებით ლექციებს მოისმენენ.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური რეაბილიტაცია და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში  ინტეგრაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის მემორანდუმის  გაფორმებით,  მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება.

დღესვე,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფრასტრუქტურა  დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 15:35

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელ  ცვლილებებთან დაკავშრებით გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.

"მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელ  ცვლილებებთან დაკავშრებით არის დაუზუსტებელი და მცდარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მართლაც იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან მიმართებში, თუმცა, ეს არ გულისხმობს დეპარტამენტის გაუქმებას, არამედ მიმართულია მის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ფუნქციურად მეტი დატვირთვისკენ. 

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ორგანიზაციულ-სტრუქტურული რეფორმის პროცესი ემყარება ერთის მხრივ, შექმნილი ობიექტური მოცემულობის შეფასებასა და ანალიზს და მეორეს მხრივ, ნატოს ოფისის, საერთაშორისო ექსპერტებისა და მრჩევლების რეკომენდაციებს, ოპტიმიზაციისა და რაციონალური ერთიანი პოლიტიკის წარმოების კუთხით.

კერძოდ, დღეს არსებული სიტუაციით, თავდაცვის სამინისტროში არსებობს დუბლირებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამოცანების მქონე დეპარტამენტები, შესაბამისად, გაბერილი შტატებით. ადგილი აქვს ფუნქციების იდენტურობასა და ურთიერთგადაფარვას. საგულისხმოა, რომ შტატების სიმრავლე არ არის გამოწვეული შესასრულებელი ამოცანების სიმრავლით. პირიქით, დეპარტამენტების დატვირთვა მინიმალურია და შესაბამისად, მათი საქმიანობაც ნაკლებად ეფექტიანი. რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესში სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აქტიურ კონსულტაციებს უწევენ ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფი CUBIC, დიდი ბრიტანეთის მრჩევლები; ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა ნატოს ოფისთან და არსებითი პაკეტის წარმომადგენლებთან. მათ ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას თავდაცვის დაგეგმვის, მართვისა და შიდა კოორდინაციის მექანიზმების ინტეგრირების გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროში მოვლინებული დიდი ბრიტანეთის მრჩევლებიდან ერთ-ერთი, უშუალოდ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს უწევს სარეკომენდაციო მომსახურებას.

სწორედ ნატოს ოფისისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში სამინისტროს ბრიტანელი მრჩევლის რეკომენდაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება დეპარტამენტის სახეცვლილების შესახებ, რის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდება სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება, საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ კოორდინირებული საქმიანობა და ერთიანი პოლიტიკა, რაც გაზრდის როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობების ეფექტიანობას,'- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიის დასრულება მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 18:21

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და კურსდამთავრებულებს მიმართა.

„ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიის ინტელექტუალურ სამჭედლოში. იქ, სადაც მზადდებიან მომავალი ოფიცრები და სამშობლოს დამცველები.

მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს პროფესია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურს და თითოეული მოქალაქის დაცვას ემსახურება.

თქვენ დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლებელში ხართ, თქვენ იუნკერების სახელს ატარებთ, თქვენ აგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ მცირე, მაგრამ ამაყმა და მამაცმა ერმა დაიწყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერებისადმი მიმართვაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებს კურსდამთავრებულები სასწავლებელში მიღებული ცოდნით უნდა დაუპირისპირდნენ.

„თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმით და გამოცდილებით თქვენ უნდა მიაღწიოთ მთავარს, რასაც უნდა მიაღწიოს ჯარისკაცმა, ეს არის სისხლისღვრის და ბრძოლის გარეშე ომების მოგება.

ეს ის მთავარი ცოდნაა, რომელიც სწორედ ჯარისკაცის ინტელექტუალურ პოტენციალზე გადის და მე მჯერა, რომ თქვენ, ჩვენ ყველანი ამ სამსახურში გამარჯვებულები ვიქნებით.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე ვისი გმირობის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ დღეს აქ ვიდგეთ, ვისი გმირობის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა ყალიბდება და ვითარდება, როგორც განსაკუთრებული, გამორჩეული, უნიკალიური.

მადლობა მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის და მადლობა თქვენ იმისთვის რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ და გააკეთებთ. მე მჯერა თქვენი და მუდამ თქვენთან ვარ, ისევე როგორც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან ეამაყებით.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა და მისმა მოადგილემ თეონა აქუბარდიამ, საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკმა მიულოცეს.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური