აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 15:58

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა სტუმარს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ლევან იზორიამ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გატარებას განაგრძობს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან კვლავ გაგრძელდება მტკიცე მხარდაჭერა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს პოლიტიკის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება.
ლევან იზორიამ გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს კონტრიბუციაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2017 წლის ბოლომდე დარჩებიან.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმზე“, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. საუბარი შეეხო 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას, რომელსაც ხელი შეხვედრის შემდეგ მოეწერა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონული უსაფრთხოება იყო. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის ახალი სტრატეგიული ხედვა შეიმუშავა, რომელიც ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. სტრატეგიული განვითარება წარიმართება 5 მიმართულებით: თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემების ინტეგრირების ხარისხის გაზრდა; ძალების ოპტიმიზაცია; ძალების მზადყოფნა; ინსტიტუციური რეფორმები და საერთაშორისო ჩართულობა.

მინისტრმა მაიკლ კარპენტერს ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესზე, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის ტრანსფორმაციაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, გენერალური შტაბის წამყვან პოზიციებზე დასავლეთში განათლებამიღებული პროფესიონალები დაინიშნენ.
მხარეები აშშ-ის ახალ საწვრთნელ მისიას - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამერიკის მხრიდან მსგავსი სახის ჩართულობა შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი სწავლებების Agile Spirit და Noble Partner მნიშვნელობა. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ერთობლივი წვრთნები, როგორც აშშ-საქართველოს ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ეგიდითაც.

თავდაცვის მინისტრმა პენტაგონის წარმომადგენელს ნოემბერში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართული ნატო-საქართველოს სწავლების წარმატებით ჩატარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ალიანსის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს მსგავსი სახის სწავლებებისა და გადასროლისწინა წვრთნებისთვის JTEC-ის ინფრასტრუქტურა შესთავაზოს.

კონფერენცია - „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:19

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კონფერენცია თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ გახსნა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტებმა უსაფრთხოების სექტორში გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების დასასრულს კი, მომხსენებლებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმამაია ავალიანმა სერტიფიკატები გადასცეს.  

კონფერენციის ფარგლებში, გამოფენა ,,დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919 -1921" გაიმართა, რომელიც მონაწილეებს საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ წარუდგინა.

კონფერენცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა. ფორუმი პროექტის ,,გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის'' ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

უწმინდესმა საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 10:40

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო. უწმიდესმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა. პატრიარქთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უწმიდესს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

 „თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ყოველდღიური მხურვალე ლოცვისთვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ქართული შეიარაღებული ძალები გრძნობს თქვენგან. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვას, იმიტომ რომ, ადამიანი ვერ იქნება თავგანწირული, თუ რწმენა არ აქვს, თუ შინაგანად ძლიერი არ არის. ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს რწმენა აძლიერებს ქართველ ჯარისკაცს. ჩვენთან თითქმის ყველა დანაყოფშია ეკლესია, რომელიც უშუალოდ ჯარისკაცების ენერგიით, შრომით არის შექმნილი. ეკლესია გვაქვს ავღანეთშიც, რომელიც ასევე ჩვენი ჯარისკაცების მიერ არის აშენებული. თითოეული დანაყოფი, რომელიც იქ ექვს თვეში ერთხელ ჩადის, რაღაც ახალს სძენს ამ ეკლესიას, პირველ რიგში კი, თავად იძენს სულიერ სიმტკიცესა და რწმენას. ჩემთვის და ჩვენი ჯარისთვის, თქვენს ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერის გაერთიანებისთვის, ქართული საქმისთვის,  ქვეყნის მთლიანობისთვის“. - განაცხადა ლევან იზორიამ. 

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწმინდესს ახლადდანიშნული მოადგილეები წარუდგინა და ახალ გუნთან ერთად დასახული მიზნების განხორციელებას დაჰპირდა. 

„ჩვენ აქ, თქვენთან მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართული მისწრაფება. არსებობს ქართული გამოთქმა, „ერი და ბერი“, ეს იქნება იმის დასაწყისი, რომ ჩვენი მაგალითით, „ერის და ბერის“ ერთად დგომით, იმ დიდი სახელმწიფო მიზნებისკენ ერთად მივისწრაფოდეთ და მივაღწიოთ იმ სასურველ მიზნებს, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. თქვენ, ჩვენი სულიერი მამა და მოძღვარი ბრძანდებით. თქვენს ლოცვებს დიდი ძალა აქვს. თქვენი ლოცვა-კურთხევით გავაგრძელებთ იმ მართალ საქმეს, რომელიც დაწყებულია. მინისტრს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო, ახლა დამტკიცდა ახალი მთავრობა და ჩვენ, როგორც ერთი გუნდი, გავაძლიერებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ეკლესიასთან. ჩვენ, ასევე გვყავს სხვა მრწამსის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ შეიარაღებულ ძალებში და მათთან ერთად ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული“. - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

პატრიარქმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე, შეიარაღებული ძალების განვითარებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც, უწმინდესის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო სამსახურის სრულყოფისთვის.

„ჩვენ ვემზადებით სინოდის სხდომისთვის, სადაც  ერთ-ერთი საკითხი იქნება, საკვირაო სკოლები. კვირას და კვირის სხვა დღეებში, დღის მეორე ნახევარში, შეისწავლიან საღვთო სჯულს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ხელობას, მშენებლობას, ან საოჯახო საქმიანობას. ეს, ძალიან საჭიროა. ადამიანი ჯარიდან რომ წავა, მან უნდა შეინახოს თავისი ოჯახი“.- განაცხადა უწმინდესმა.

ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პატრიარქს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ტილო უსახსოვრეს, რომელიც სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი კოლექციიდან გახლავთ.

შემფასებელთა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:18

ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოში პირველად ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეფასებით ამის გამო აღნიშნულმა კურსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

სწავლება 14-დან 18 ნოემბრამდე გრძელდებოდა და მასში 19 ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 4 ქართველი, მონაწილეობდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და ნატოს შემფასებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბეჯები გადაეცათ.
მონაწილეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა. მან კურსის დირექტორს, მაკედონიელ ვიცე-პოლკოვნიკ იგორ კუზმანოსკის და მის თანაშემწეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სიმბოლური ფასიანი საჩუქრები მიიღეს კურსის უცხოელმა თუ ქართველმა მონაწილეებმაც.

შემფასებელთა კურსის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის წვრთნებსაც დაესწრნენ და მისი შეფასებაც განახორციელეს.

18 ნოემბერი სამხედრო დაზვერვის დღეა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:24

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო მზვერავებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 18 ნოემბერს სამხედრო დაზვერვას 25 წელი შეუსრულდა.1991 წლის 18 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაზვერვის სამმართველო შეიქმნა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩინეთის თვადაცვის ატაშეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:21

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალ თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. პოლკოვნიკი ჰუ დეიუნგი თავდაცვის სამინისტროში ყოფილ კოლეგასთან, პოლკოვნიკ ლიუ ვენდოუსთან ერთად იმყოფებოდა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლიუ ვენდოუს, რომელიც საქართველოში თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე 2013-2016 წლებში მუშაობდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილე მ ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ლევან იზორიას მიერ დანიშნული პირების მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 2016 11:16

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.”გაჟღერებულ ბრალდებებზე გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა. შედეგების გაცხადების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა იქნება და როგორ”, - აცხადებენ სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან აღნიშნული პირები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
ამასთან, "მოამბის" ინფორმაციით, მათ ის დოკუმენტიც მოიპოვეს, რომელშიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მინისტრ იზორიას სთხოვს დანიშნოს ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონვე მიუთითებს, ნინუა და ცაბაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. 

”გთხოვთ, გადაწყვეტილებას ვიცე-პოლკოვნიკ ნინუასა და ვიცე-პოლკოვნიკ ცაბაძის წარმოდგენილ თანამდებობზე დანიშვნის შესახებ, გამონაკლისის სახით, შერჩევის უმაღლეს საბჭოზე განხილვის გარეშე... დამატებით მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხებით განსაზღვრულ ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს”, - ნათქვამია ჩაჩიბაიას მიერ იზორიასთვის გაგზავნილ წერილში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის გვარეობის ”პოლკოვნიკის” თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: მინიმალური ნამსახურები წლები ოფიცრის თანამდებობაზე და უცხო ენის ცოდნა. 

გარდა ამისა, საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრის მიერაა გამოცემული.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ”მინისტრს აქვს უფლებამოსილება საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება“.
რაც შეეხება უშუალოდ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნის მოტივს, გელაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ნინუასა და ცაბაძის ხედვა ემთხვევა გენშტაბის ხედვებს. 

აღსანიშნავია, რომ ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. როგორც შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან ”ნაციონალური მოძრაობის” კადრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით პირადი შემადგენლობის მიმართ.

”სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების დროს პირად შემადგენლობას დედას აგინებდნენ, მწყობრში მუნდირიდან ახევდნენ სამხედრო ნიშნებს. მათი მხრიდან იყო მოწოდებები, რომ თუ ”ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემდნენ ხმას, მათი ცხოვრება დამთავრდებოდა ძალიან ცუდად. აღნშნული დაწინაურება არანაირ საკადრო ფორმას არ ემორჩილება. მათ არ აქვთ შესაბამისი განათლება, წარსული და გამოირჩევიან აგრესიული პოლიტიკური ქმედებებით, რომელიც აკრძალული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ნებისმიერი რანგის სამხედრო პირისთვის”, - აცხადებს დავით ნემსაძე მიმართვაში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:48

ერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ლევან იზორიას ავღანეთში, ქართველი სამხედროების მიერ, გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

 ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ ლევან იზორიასთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქართველი სამხედროების ეს ქმედება დასტურია საქართველო-გერმანიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა. „ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო, გასულ კვირას მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანიის გენერალურ საკონსულოზე განხორციელებული საშინელი თავდასხმის შემდეგ, მინდა ამ გზით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჯარისკაცების პროფესიული ქმედებისათვის. ქართველი ჯარისკაცებისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალების დაუყოვნებელი მოქმედებით, შესაძლებელი გახდა მოვლენების უფრო უარესი განვითარების თავიდან აცილება და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ეს აქტიური ქმედება კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და გერმანიას შორის უკვე მრავალი წლის მანძილზე არსებული შესანიშნავი თანამშრომლობისა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწევთ ამ ერთობლივი მისიის განხორციელებისას“. - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის მინისტრის წერილში.

ვაზიანში ნატოს შემფასებელთა კურსი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 14:37
ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დაიწყო. სწავლება, რომელშიც 19-ი ქვეყნის 40-მდე ოფიცერი მონაწილეობს, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. კურსის მიზანი ნატოს ძალებთან, ალიანსის პარტნიორი ქვეყნების თავსებადობის გაზრდაა.
 
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და ნატოს შემფასებელთა კურსის დირექტორმა, მაკედონიის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა იგორ კუზმანოვსკიმ.
 
სწავლებაში საქართველოს გარდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ ისინი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის წვრთნებს დაესწრებიან და მათ შესაძლებლობებს შეაფასებენ.

 

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ბაზა "მარმალი" მოინახულა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:15

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის გენერალ ვოლკერ ვიკერის მიწვევით ავღანეთში მაზარ-ი-შარიფში გერმანული ბაზა "მარმალი" მოინახულა. ლევან იზორიამ მეორე საერთაშორისო ვიზიტიც ავღანეთში გამართა. ბაზა „მარმალზე“ თავდაცვის მინისტრი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდნენ. ბრიგადის გენერალმა ჰარტმუნტ რენკმა საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და მართვის ცენტრი დაათვალიერებინა.

ლევან იზორია და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა "მარმალზე" დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„თქვენ აქ იცავთ ჩვენს ქვეყანას, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას, თითოეული ქართველის ოჯახის უსაფრთხოებას და ეს არის პირველ რიგში, ქართული საქმე. ეს არის თქვენი სიყვარულის გამოხატვა თქვენი სამშობლოს მიმართ და თქვენი პატრიოტიზმის მაღალი დონე. ამისთვის, უდიდესი მადლობა. თქვენი აქ ყოფნა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება თქვენი გამოცდილება, ჩვენ გვჭირდება თქვენი აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რათა შევძლოთ გავხდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრები. მერწმუნეთ, რომ ყველაზე გადამწყვეტ სიტყვას ამ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა, იტყვით თქვენ. თქვენი პროფესიონალიზმით და თქვენი იმ შესაძლებლობებით და ამას თქვენ იმსახურებთ და აკეთებთ.“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს უშუალოდაც გაესაუბრა, მოისმინა მათი პრობლემები და დახმარებას დაჰპირდა. თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ქართველ ქვედანაყოფთან ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი მასპინძლობდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური