„კოლხიდა 2017“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 11:50

საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების (CMEP)  ხუთდღიანი უწყებათაშორისო სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო. ტრენინგი მიზნად ისახავს ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას.   

დღეს ეროვნულ გვარდიაში სწავლების პროცესი ოპერატიულ დონეზე განიხილეს, სადაც ტრენინგის მონაწილეები თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ. ეროვნულ გვარდიაში  ოპერატიულ დონეზე სამხედრო მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მთავარი ამოცანა  ადამიანური რესურსებითა და საჭირო ტექნიკით კრიზისის ლოკალიზაციის მხარდაჭერაა. ხვალიდან კი, აქტიური ფაზა დაიწყება, რომლის განმავლობაშიც კრიზისზე რეაგირების გათამაშება მოხდება.

ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით  წარიმართება.  სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კრიზისის ლოკალიზების მიზით გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე - ეროვნულ გვარდიაში, შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზა თბილისის ზღვაზე და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში მიმდინარეობს.

„კოლხიდა 2017“-ს ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო  უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. მასში ჩართულია  სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებები და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“. სწავლების მხარდამჭერია აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი.

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 16:53

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებსა და უშიშროების საბჭოს მდივანს სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს.

ახალი სტრატეგიული ხედვა ოთხწლიან დაგეგმვის პერიოდს მოიცავს და მისი მიზანია ძლიერი, ეფექტური თავდაცვის სისტემებისა და ქმედითუნარიანი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი და შედეგზე ორიენტირებული შეიარაღებული ძალების ფორმირება, რომელიც არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ასევე,  ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად იქნება დაბალანსებული, მოქნილი, ადაპტირებადი და თვითმყოფადი. სტრატეგიული ხედვა ფართო შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის ფორმატში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ლევან იზორია სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ უწყების ინიციატივების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან განხილვის ტრადიცია ჩამოყალიბდება. „ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებთან არის დაკავშირებული. გვინდა გარკვეული ფორმატი და ტრადიცია ჩამოვაყალიბოთ. ამ ინიციატივების წარდგენამდე ყველა დაინტერესებულ უწყებას, განსაკუთრებით კი, საკანონმდებლო ორგანოსა და უშიშროების საბჭოს დავპატიჟებთ იმისთვის, რომ წინა მომზადების ეტაპზე განვიხილოთ საკითხები, რომლებიც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარვადგინოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის უწყებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, დეპუტატების ჩართულობა და ინფორმირებულობა რეფორმების განხორციელების პროცესში სახელისუფლებო შტოების ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. კომიტეტის თავმჯდომარემ უწყებაში ჩატარებული რეფორმისა და ოპტიმიზაციის პროცესი დადებითად შეაფასა. „აღნიშნულ რეფორმებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრი სპეკულაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმები დაანონსებული იყო 4-5 თვის წინ. ბატონმა მინისტრმა, მართლაც, გაბედული ნაბიჯი გადადგა.  ყველამ ვიცოდით - წინა მინისტრებმაც, პარლამენტის მნიშვნელოვანმა რგოლმა, რომ თავდაცვის უწყებაში მთელი რიგი სტრუქტურული, საშტატო რეფორმები განსახორციელებელი იყო. რაც გაკეთდა, აუცილებელი იყო. თუმცა, ნებისმიერი უწყებისთვის რეორგანიზაცია - ეს აუტანელი სიტყვაა. განხორციელებული რეფორმა იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ამ უწყებებში სიტყვა რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია აღარ უნდა გავიგოთ. რიგით თანამშრომელს, ჯარისკაციდან დაწყებული გენერლით დამთავრებული, უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა, კარიერული დაგეგმვის შესაძლებლობა; უწყებას ჰქონდეს ძლიერი სტრუქტურა, რომ განვითარდეს და გაფართოვდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.    

უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი   პროცესს  ყურადღებით აკვირდება. „პრეზიდენტი ჩართულია და აღნიშნულ პროცესს ყურადღებით აკვირდება. რეფორმა, რომელიც შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, მნიშვნელოვანია რომ გატარდეს, რადგან ქვეყანას არსებული საფრთხეების ადეკვატურ მზაობასთან მიიყვანს. არის რიგი საკითხები, რომლებსაც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში უშიშროების საბჭოზე განვიხილავთ“ - განაცხადა მან.

გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  განხორციელებული რეფორმები გააცნეს. კერძოდ, საუბარი შეეხო უწყების ხედვას, რეფორმების მიზანს, გამოწვევებს, განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებს, რომლებიც შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საუბარი შეეხო უწყებაში საშტატო წოდებრივი ოპტიმიზაციის, წოდებრივი ანაზღაურების, ასევე, პროცესის შედეგად დაზოგილი თანხების შეიარაღებული ძალების ინფრასრტუქტურული პროექტებისკენ მიმართვის საკითხებს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხები და ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გამოთქვეს.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 15:47
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 19 დეკემბერს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანებები, საშტატო სტრუქტურების რეორგანიზაციის შესახებ.
 
შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით 2016 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა არსებული საშტატო სტრუქტურები და ოპტიმიზაციისათვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა. სამუშაო ჯგუფმა შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას.
რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა.
 
მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან:
 
1. შტატგარეშე - 400
2. შტატიანი - 1350
სულ 1750 სამოქალაქო პირი.
 
შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირები:
1. ოფიცერი - 217
2. სერჟანტი - 123
 
სულ 340 სამხედრო. აქედან 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით:
 
• ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი -10 ათასი ლარი.
• კაპიტანი - 14 ათასი ლარი
• მაიორი -18 ათასი ლარი
• ვიცე-პოლკოვნიკი - 23 ათასი ლარი
• პოლკოვნიკი - 29 ათასი ლარი.
 
ოპტიმიზაცია შეეხო - ძირითადად სამოქალაქო პირებს.
ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, როგორც სამოქალაქო ოფისში ასევე შეიარაღებულ ძალებში.
 
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა.
 
რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.
 
ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა, შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. რის შედეგადაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიზოგა.
 
2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33 % ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება.

ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 10:57

ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის  გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართველ სამხედროებს ალექსეევკის აეროპორტში დახვდა და ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება პირადად მიულოცა.

„დღეს დანაკარგის გარეშე, უვნებლად დაგვიბრუნდა II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული. მე ორჯერ მქონდა შესაძლებლობა ჩავსულიყავი მათთან ავღანეთში და გერმანელი ოფიცრებისგან მათი საქმიანობის შესახებ დიდი შეფასება მომესმინა.  ყოველთვის სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა, რომ ვიყავი ქართველი. მათ გამოიჩინეს სიმამაცე, პროფესიონალიზმი, როდესაც გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს მაზარ-ი-შარიფში იმოქმედეს ძალიან ოპერატიულად და ამ ქმედებების შედეგად გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს გენერალური მდივნისგან პირადად მოვისმინეთ მადლობის სიტყვები, ჩვენ მივიღეთ მადლობის სიტყვები გერმანიის თავდაცვის მინისტრისგან. ნატოს წევრი ყველა ქვეყანა აღიარებს ჩვენს პროფესიონალიზმს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს სამშობლოში დაბრუნება გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართელოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმაც მიულოცეს. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში  ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდნენ. ქართულმა ქვედანაყოფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა და სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თავი გამოიჩინა. მათ შორის, 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ქართულმა ასეულმა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეფექტურად შეძლო და ამოცანა წარმატებით განახორციელა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის გერმანული სარდლობისგან  მაღალი შეფასებები მიიღეს.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის ასეულმა ჩაანაცვლა.

"შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში"

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 12:58

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში“ სემინარი გაიხსნა. სემინარის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სემინარს ორი გერმანელი ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი მარტინ გერსტერი და კაპიტანი ფრანკ მაგინსკი წარმართავენ. 

სემინარის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სამხედრო ოფიცრებისა და სამოქალაქო პირების ინფორმირება გერმანიის ბუნდესვერში არსებული შიდა მართვის კონცეფციისა და მისი ცალკეული ელემენტების შესახებ.

კურსი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება. სამდღიან ტრენინგს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო გაძლიერდება“ - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 16:51

2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ის სენატორის ჯონ მაკკეინის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით აღნიშნული ვიზიტით სენატორი მაკკეინი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გამოხატავს. „ახალი წელი ყოველთვის გარკვეულ იმედებთან და პოზიტივთან არის დაკავშირებული. სიმბოლურად ამ დღეს ჯონ მაკკეინის საქართველოში ჩამოსვლა ხაზს უსვამს იმას, რომ სენატორი და აშშ-ის ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის პიროვნება, რომელმაც 2008 წელს მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უფრო გაძლიერდება. ამის დასტურად შეგვიძლია აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმი შეგახსენოთ, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაღრმავებას ეხება. დაახლოებით ერთი თვის წინ ბატონი კარპენტერის სახით მნიშვნელოვანი სტუმარი გვყავდა, რომელთანაც სამ წლიანი თანამშრომლობის გეგმა გავაფორმეთ“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ს თავდაცვის სფეროში ამბიციური გეგმები აქვს და მომავალი წლების განმავლობაში ამ გეგმებს საქართველო მასთან ერთად განახორციელებს. „მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გატარებული რეფორმები ერთგვარი საფუძვლის შექმნაა იმისთვის, რასაც მომავალში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ. თავდაცვის უწყების ფარგლებში განხორციელებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების და ერთობლივი მუშაობის შედეგად არის მიღებული. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სენატორ მაკკეინსაც გავაცნოთ ჩვენი გეგმები. დარწმუნებული ვარ მისი პიროვნული აქტიურობა და ჩართულობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამყარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იქნება“.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლევან იზორია აშშ-ის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერასაც შეეხო. „ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. არსებობს საგარეო თავდაცვის ფონდი (FMF), რომლითაც აშშ ცალკეულ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც ეხმარება. ამ ფონდში მობილიზებულია საკმარისი თანხები, რომ ჩვენი მხარდაჭერა მოხდეს. მარტო 2017 წლისთვის მობილიზებული თანხების რაოდენობამ 48 მილიონი დოლარი შეადგინა. სამ წლიანი გეგმის ფარგლებში ყოველ წელზე 20 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. „FMF“ თანხები ჩვენს ბიუჯეტთან ერთად კარგ შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, მეტი წვრთნისა და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა ასევე საშუალებას მოგვცემს საბრძოლო მზადყოფნით უფრო მაღალ ხარისხში ვიყოთ ვიდრე ვიყავით წარსულში“.

 

სამინისტროს გეგმის მთავარი მიზნები ნატოსთან თავსებადობა, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 12:22

„სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმის მთავარი მიზნები ნატოსთან თავსებადობაა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და სათანადო აღჭურვაა. თუ ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, ჩვენ არ ვიქნებით მართლები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან და ბუნებრივია, დავრჩებით მხოლოდ განცხადებების დონეზე, როდესაც ვლაპარაკობთ ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას. ამიტომ, ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები ამ რეფორმის ფარგლებში განპირობებული იყო იმ ვალდებულებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გამყარებას უკავშირდება,“ - აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა.

ეროვნული გვარდია 26 წლის იუბილეს აღნიშნავს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 14:55

საქარველოს ეროვნული გვარდია 26 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ცერემონიას გენერალური შტავის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ესწრებოდნენ.


საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

”მინდა გულითადად მოგილოცოთ იუბილე. ეროვნული გვარდია ყველაზე მეტად ასახავს საქართველოს უახლეს ისტორიას. ეს ისტორია მოიცავს ძმებს შორის დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანიობისთვის ბრძოლას როგორც სამაჩაბლოში ისე აფხაზეთში და რასაკვიურველია რუსეთ-საქართველოს ომსაც. ყველა ამ ეტაპზე გვარდიამ საქართველოს დაცვისთვის ღირსეული სიტყვა თქვა. მინდა დიდი პატივისცემა, მოკრძალება და მადლიერება გამოვხატო თქვენს წინაშე და ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც მთელი ეს ისტორია თქვენთან ერთად განვლო. ბატონი გენშტაბის უფროსიც თავის მოღვაწეობას სწორედ გვარდიის ფარგლებში იწყებდა. ეროვნული გვარდიის სარდლის საუკეთესო წლებიც გვარდიის ჩამოყალიბების სათავეებს უკავშირდება. ამ ადამიანებთან ერთად მინდა მადლიერებით ავღნიშნო ის ცოცხალი გმირები, რომლებიც დღესაც ღირსეულად აგრძელებენ სამშობლოსთვის სამსახურს. მე ერთ გვარს დავასახელებ, ბატონ გია ყარყარაშვილს, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყისა და ჩვენი ღირსების დასაცავად. თქვენთან ერთად იმ ადამიანების სახელებიც მინდა მოვიხსენიო, რომლებმაც სამაგალითო თავგანწირვა გვიჩვენეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ყველანი ამ ისტორიის მონაწილეები ვართ, რადგან ეს ისტორია ჩვენს წინ იქმნებოდა. ჩვენ ყველას გვაქვს მოგონების, გახსენების და პატივისცემის განსაკუთრებული ემოცია და ეს გრძნობა ღირსეულად უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ. 


თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, გვარდია უნდა იყოს იმ მოთხოვნების ადეკვატური რა მოთხოვნებსაც საერთაშორისო საზოგადოება უყენებს მას.

„ისტორია მხოლოდ წარსულს არ უკავშირდება. ისტორია იქმნება თქვენთან ერთად დღესაც. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები იმ ფუნქციების შესასრულებლად რაც განსაკუთრებით და ძირითადად რეზერვის მომზადებას და გადამზადებას უკავშირდება. ჩვენი კონცეფციის თანახმად არა მხოლოდ პროფესიული არმიით გვინდა შემოვიფარგლოთ, არამედ წვევამდელთა სისტემა და რასაკვირველია ძლიერი რეზერვის სისტემითაც უნდა განვსაზღვროთ. ჩვენ ვართ მცირე ერი დიდი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ვიზიარებთ სხვა მცირე ერების გამოცდილებებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს ეროვნული გვარდიის სარდალს. ახლო მომავალში ვაპირებ ესტონეთში და სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტს. ეს ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საზოგადოების ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში. რეზერვი იქნება ეგრეთ წოდებული ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ქვაკუთხედი და ჩვენ ყველანაირ პირობას შევქმნით შემდეგი წლების განმავლობაში იმისთვის, რათა გვყავდეს ღირსეული რეზერვი თქვენი ხელმძღვანელობით და მომზადებით. მინდა იმ რეფორმებს, იმ ოპტიმიზაციის გეგმებს სწორედ იმ ინტერესით შეხედოთ რა ინტერესიც სწორედ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და თითოეული თქვენთაგანის განვითარებას უკავშირდება. ჩვენთან ერთად ამისთვის მოწადინებულია გენშტაბის უფროსი და ეროვნული გვარდიის სარდალი. თითოეულ მათგანს ექნება ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა ამ მიზნებს ღირსეულად მივაღწიოთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 


ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა რადგან 26 წლის წინ სწორედ ეროვნული გვარდიის რიგებში გავწევრიანდი. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო გვარდიელების გვერდზე მსახური. სხვა სამხედრო შენაერთებისგან განსხვავებით 26 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ყველაზე მძიმე და რთული გზა გაიარა. ეს იყო დრო როდესაც შეიარაღებული ძალები ახლად ყალიბდებოდა და საქართველოს რესპუბლიკაც ახალ ჩამოყალიბებული იყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ 4 ომი გამოიარა და ყოველ ომში გვარდიას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაეცა ბრძოლის ველზე და პირველ რიგში დღევანდელი დღე მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივულოცო. გვარდია ყოველთვის იყო პიონერი შეიარაღებულ ძალებში და სწორედ თქვენს ბაზაზე დაფუძნდა თანამედროვე საქართველოს შეიარაღებული ძალები. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და წარმატებები გისურვოთ მომავალში,“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ტალახაძემ მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ მიიღო.

ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით კი 39 გვარდიელს მადლობა გამოეცხადა.
ცერემონიის დასასრულს ეროვული გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა. 
საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა.

ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებისას 650-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფო შიდა გვარდიებთან, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და ურკაინის ეროვნულ გვარდიებთან.

2015 წლიდან კი ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში.

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 17:55

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.   

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს თბილი დახვედრისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკაა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება. მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ, კიბერუსაფრთხოებისა და განათლების სფეროში  გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე  ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ლევან იზორიას თქმით, ერთობლივი ძალისხმევით ფორმატი კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. მომავალ წელს სამმხრივი თანამშრომლობის დონის შეხვედრა საქართველოში უკვე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე იგეგმება.  

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო.  

თავდაცვის სამინისტროში კანადის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 13:59

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კანადის თავდაცვის ატაშეს, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტან ივან ალაინს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ლელა ჩიქოვანის განცხადებით, კანადის ატაშესთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო-კანადის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა. „გავაღრმავებთ ორმხრივ საქმიანობას განათლებისა და წვრთნების მიმართულებით. იგულისხმება განათლების კურსით თანამშრომლობა არა მხოლოდ ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან, არამედ კურსები კანადაშიც. შესაბამისად, ეს ქართველ ოფიცრებს ნატოსთან თავსებადობის კუთხით განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც შეიარაღებულ ძალებს თვისობრივად ახალ საფეხურზე ასვლაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისა და სამხედრო სფეროში ქართულ-კანადური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - აღნიშნა  მინისტრის მოადგილემ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა გადაუხადეს. ქართულმა მხარემ კანადის ატაშეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.

სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმა ივან ალაინმა ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, კანადის გენერალური შტაბის უფროსის სახელით, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური