„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო გაძლიერდება“ - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 16:51

2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ის სენატორის ჯონ მაკკეინის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით აღნიშნული ვიზიტით სენატორი მაკკეინი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გამოხატავს. „ახალი წელი ყოველთვის გარკვეულ იმედებთან და პოზიტივთან არის დაკავშირებული. სიმბოლურად ამ დღეს ჯონ მაკკეინის საქართველოში ჩამოსვლა ხაზს უსვამს იმას, რომ სენატორი და აშშ-ის ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის პიროვნება, რომელმაც 2008 წელს მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უფრო გაძლიერდება. ამის დასტურად შეგვიძლია აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმი შეგახსენოთ, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაღრმავებას ეხება. დაახლოებით ერთი თვის წინ ბატონი კარპენტერის სახით მნიშვნელოვანი სტუმარი გვყავდა, რომელთანაც სამ წლიანი თანამშრომლობის გეგმა გავაფორმეთ“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ს თავდაცვის სფეროში ამბიციური გეგმები აქვს და მომავალი წლების განმავლობაში ამ გეგმებს საქართველო მასთან ერთად განახორციელებს. „მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გატარებული რეფორმები ერთგვარი საფუძვლის შექმნაა იმისთვის, რასაც მომავალში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ. თავდაცვის უწყების ფარგლებში განხორციელებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების და ერთობლივი მუშაობის შედეგად არის მიღებული. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სენატორ მაკკეინსაც გავაცნოთ ჩვენი გეგმები. დარწმუნებული ვარ მისი პიროვნული აქტიურობა და ჩართულობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამყარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იქნება“.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლევან იზორია აშშ-ის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერასაც შეეხო. „ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. არსებობს საგარეო თავდაცვის ფონდი (FMF), რომლითაც აშშ ცალკეულ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც ეხმარება. ამ ფონდში მობილიზებულია საკმარისი თანხები, რომ ჩვენი მხარდაჭერა მოხდეს. მარტო 2017 წლისთვის მობილიზებული თანხების რაოდენობამ 48 მილიონი დოლარი შეადგინა. სამ წლიანი გეგმის ფარგლებში ყოველ წელზე 20 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. „FMF“ თანხები ჩვენს ბიუჯეტთან ერთად კარგ შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, მეტი წვრთნისა და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა ასევე საშუალებას მოგვცემს საბრძოლო მზადყოფნით უფრო მაღალ ხარისხში ვიყოთ ვიდრე ვიყავით წარსულში“.

 

სამინისტროს გეგმის მთავარი მიზნები ნატოსთან თავსებადობა, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 12:22

„სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმის მთავარი მიზნები ნატოსთან თავსებადობაა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და სათანადო აღჭურვაა. თუ ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, ჩვენ არ ვიქნებით მართლები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან და ბუნებრივია, დავრჩებით მხოლოდ განცხადებების დონეზე, როდესაც ვლაპარაკობთ ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას. ამიტომ, ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები ამ რეფორმის ფარგლებში განპირობებული იყო იმ ვალდებულებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გამყარებას უკავშირდება,“ - აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა.

ეროვნული გვარდია 26 წლის იუბილეს აღნიშნავს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 14:55

საქარველოს ეროვნული გვარდია 26 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ცერემონიას გენერალური შტავის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ესწრებოდნენ.


საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

”მინდა გულითადად მოგილოცოთ იუბილე. ეროვნული გვარდია ყველაზე მეტად ასახავს საქართველოს უახლეს ისტორიას. ეს ისტორია მოიცავს ძმებს შორის დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანიობისთვის ბრძოლას როგორც სამაჩაბლოში ისე აფხაზეთში და რასაკვიურველია რუსეთ-საქართველოს ომსაც. ყველა ამ ეტაპზე გვარდიამ საქართველოს დაცვისთვის ღირსეული სიტყვა თქვა. მინდა დიდი პატივისცემა, მოკრძალება და მადლიერება გამოვხატო თქვენს წინაშე და ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც მთელი ეს ისტორია თქვენთან ერთად განვლო. ბატონი გენშტაბის უფროსიც თავის მოღვაწეობას სწორედ გვარდიის ფარგლებში იწყებდა. ეროვნული გვარდიის სარდლის საუკეთესო წლებიც გვარდიის ჩამოყალიბების სათავეებს უკავშირდება. ამ ადამიანებთან ერთად მინდა მადლიერებით ავღნიშნო ის ცოცხალი გმირები, რომლებიც დღესაც ღირსეულად აგრძელებენ სამშობლოსთვის სამსახურს. მე ერთ გვარს დავასახელებ, ბატონ გია ყარყარაშვილს, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყისა და ჩვენი ღირსების დასაცავად. თქვენთან ერთად იმ ადამიანების სახელებიც მინდა მოვიხსენიო, რომლებმაც სამაგალითო თავგანწირვა გვიჩვენეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ყველანი ამ ისტორიის მონაწილეები ვართ, რადგან ეს ისტორია ჩვენს წინ იქმნებოდა. ჩვენ ყველას გვაქვს მოგონების, გახსენების და პატივისცემის განსაკუთრებული ემოცია და ეს გრძნობა ღირსეულად უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ. 


თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, გვარდია უნდა იყოს იმ მოთხოვნების ადეკვატური რა მოთხოვნებსაც საერთაშორისო საზოგადოება უყენებს მას.

„ისტორია მხოლოდ წარსულს არ უკავშირდება. ისტორია იქმნება თქვენთან ერთად დღესაც. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები იმ ფუნქციების შესასრულებლად რაც განსაკუთრებით და ძირითადად რეზერვის მომზადებას და გადამზადებას უკავშირდება. ჩვენი კონცეფციის თანახმად არა მხოლოდ პროფესიული არმიით გვინდა შემოვიფარგლოთ, არამედ წვევამდელთა სისტემა და რასაკვირველია ძლიერი რეზერვის სისტემითაც უნდა განვსაზღვროთ. ჩვენ ვართ მცირე ერი დიდი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ვიზიარებთ სხვა მცირე ერების გამოცდილებებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს ეროვნული გვარდიის სარდალს. ახლო მომავალში ვაპირებ ესტონეთში და სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტს. ეს ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საზოგადოების ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში. რეზერვი იქნება ეგრეთ წოდებული ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ქვაკუთხედი და ჩვენ ყველანაირ პირობას შევქმნით შემდეგი წლების განმავლობაში იმისთვის, რათა გვყავდეს ღირსეული რეზერვი თქვენი ხელმძღვანელობით და მომზადებით. მინდა იმ რეფორმებს, იმ ოპტიმიზაციის გეგმებს სწორედ იმ ინტერესით შეხედოთ რა ინტერესიც სწორედ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და თითოეული თქვენთაგანის განვითარებას უკავშირდება. ჩვენთან ერთად ამისთვის მოწადინებულია გენშტაბის უფროსი და ეროვნული გვარდიის სარდალი. თითოეულ მათგანს ექნება ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა ამ მიზნებს ღირსეულად მივაღწიოთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 


ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა რადგან 26 წლის წინ სწორედ ეროვნული გვარდიის რიგებში გავწევრიანდი. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო გვარდიელების გვერდზე მსახური. სხვა სამხედრო შენაერთებისგან განსხვავებით 26 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ყველაზე მძიმე და რთული გზა გაიარა. ეს იყო დრო როდესაც შეიარაღებული ძალები ახლად ყალიბდებოდა და საქართველოს რესპუბლიკაც ახალ ჩამოყალიბებული იყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ 4 ომი გამოიარა და ყოველ ომში გვარდიას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაეცა ბრძოლის ველზე და პირველ რიგში დღევანდელი დღე მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივულოცო. გვარდია ყოველთვის იყო პიონერი შეიარაღებულ ძალებში და სწორედ თქვენს ბაზაზე დაფუძნდა თანამედროვე საქართველოს შეიარაღებული ძალები. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და წარმატებები გისურვოთ მომავალში,“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ტალახაძემ მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ მიიღო.

ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით კი 39 გვარდიელს მადლობა გამოეცხადა.
ცერემონიის დასასრულს ეროვული გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა. 
საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა.

ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებისას 650-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფო შიდა გვარდიებთან, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და ურკაინის ეროვნულ გვარდიებთან.

2015 წლიდან კი ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში.

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 17:55

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.   

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს თბილი დახვედრისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკაა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება. მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ, კიბერუსაფრთხოებისა და განათლების სფეროში  გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე  ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ლევან იზორიას თქმით, ერთობლივი ძალისხმევით ფორმატი კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. მომავალ წელს სამმხრივი თანამშრომლობის დონის შეხვედრა საქართველოში უკვე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე იგეგმება.  

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო.  

თავდაცვის სამინისტროში კანადის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 13:59

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კანადის თავდაცვის ატაშეს, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტან ივან ალაინს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ლელა ჩიქოვანის განცხადებით, კანადის ატაშესთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო-კანადის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა. „გავაღრმავებთ ორმხრივ საქმიანობას განათლებისა და წვრთნების მიმართულებით. იგულისხმება განათლების კურსით თანამშრომლობა არა მხოლოდ ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან, არამედ კურსები კანადაშიც. შესაბამისად, ეს ქართველ ოფიცრებს ნატოსთან თავსებადობის კუთხით განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც შეიარაღებულ ძალებს თვისობრივად ახალ საფეხურზე ასვლაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისა და სამხედრო სფეროში ქართულ-კანადური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - აღნიშნა  მინისტრის მოადგილემ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა გადაუხადეს. ქართულმა მხარემ კანადის ატაშეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.

სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმა ივან ალაინმა ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, კანადის გენერალური შტაბის უფროსის სახელით, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 15:58

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა სტუმარს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ლევან იზორიამ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გატარებას განაგრძობს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან კვლავ გაგრძელდება მტკიცე მხარდაჭერა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს პოლიტიკის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება.
ლევან იზორიამ გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს კონტრიბუციაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2017 წლის ბოლომდე დარჩებიან.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმზე“, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. საუბარი შეეხო 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას, რომელსაც ხელი შეხვედრის შემდეგ მოეწერა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონული უსაფრთხოება იყო. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის ახალი სტრატეგიული ხედვა შეიმუშავა, რომელიც ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. სტრატეგიული განვითარება წარიმართება 5 მიმართულებით: თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემების ინტეგრირების ხარისხის გაზრდა; ძალების ოპტიმიზაცია; ძალების მზადყოფნა; ინსტიტუციური რეფორმები და საერთაშორისო ჩართულობა.

მინისტრმა მაიკლ კარპენტერს ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესზე, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის ტრანსფორმაციაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, გენერალური შტაბის წამყვან პოზიციებზე დასავლეთში განათლებამიღებული პროფესიონალები დაინიშნენ.
მხარეები აშშ-ის ახალ საწვრთნელ მისიას - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამერიკის მხრიდან მსგავსი სახის ჩართულობა შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი სწავლებების Agile Spirit და Noble Partner მნიშვნელობა. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ერთობლივი წვრთნები, როგორც აშშ-საქართველოს ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ეგიდითაც.

თავდაცვის მინისტრმა პენტაგონის წარმომადგენელს ნოემბერში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართული ნატო-საქართველოს სწავლების წარმატებით ჩატარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ალიანსის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს მსგავსი სახის სწავლებებისა და გადასროლისწინა წვრთნებისთვის JTEC-ის ინფრასტრუქტურა შესთავაზოს.

კონფერენცია - „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:19

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კონფერენცია თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ გახსნა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტებმა უსაფრთხოების სექტორში გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების დასასრულს კი, მომხსენებლებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმამაია ავალიანმა სერტიფიკატები გადასცეს.  

კონფერენციის ფარგლებში, გამოფენა ,,დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919 -1921" გაიმართა, რომელიც მონაწილეებს საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ წარუდგინა.

კონფერენცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა. ფორუმი პროექტის ,,გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის'' ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

უწმინდესმა საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 10:40

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო. უწმიდესმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა. პატრიარქთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უწმიდესს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

 „თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ყოველდღიური მხურვალე ლოცვისთვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ქართული შეიარაღებული ძალები გრძნობს თქვენგან. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვას, იმიტომ რომ, ადამიანი ვერ იქნება თავგანწირული, თუ რწმენა არ აქვს, თუ შინაგანად ძლიერი არ არის. ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს რწმენა აძლიერებს ქართველ ჯარისკაცს. ჩვენთან თითქმის ყველა დანაყოფშია ეკლესია, რომელიც უშუალოდ ჯარისკაცების ენერგიით, შრომით არის შექმნილი. ეკლესია გვაქვს ავღანეთშიც, რომელიც ასევე ჩვენი ჯარისკაცების მიერ არის აშენებული. თითოეული დანაყოფი, რომელიც იქ ექვს თვეში ერთხელ ჩადის, რაღაც ახალს სძენს ამ ეკლესიას, პირველ რიგში კი, თავად იძენს სულიერ სიმტკიცესა და რწმენას. ჩემთვის და ჩვენი ჯარისთვის, თქვენს ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერის გაერთიანებისთვის, ქართული საქმისთვის,  ქვეყნის მთლიანობისთვის“. - განაცხადა ლევან იზორიამ. 

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწმინდესს ახლადდანიშნული მოადგილეები წარუდგინა და ახალ გუნთან ერთად დასახული მიზნების განხორციელებას დაჰპირდა. 

„ჩვენ აქ, თქვენთან მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართული მისწრაფება. არსებობს ქართული გამოთქმა, „ერი და ბერი“, ეს იქნება იმის დასაწყისი, რომ ჩვენი მაგალითით, „ერის და ბერის“ ერთად დგომით, იმ დიდი სახელმწიფო მიზნებისკენ ერთად მივისწრაფოდეთ და მივაღწიოთ იმ სასურველ მიზნებს, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. თქვენ, ჩვენი სულიერი მამა და მოძღვარი ბრძანდებით. თქვენს ლოცვებს დიდი ძალა აქვს. თქვენი ლოცვა-კურთხევით გავაგრძელებთ იმ მართალ საქმეს, რომელიც დაწყებულია. მინისტრს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო, ახლა დამტკიცდა ახალი მთავრობა და ჩვენ, როგორც ერთი გუნდი, გავაძლიერებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ეკლესიასთან. ჩვენ, ასევე გვყავს სხვა მრწამსის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ შეიარაღებულ ძალებში და მათთან ერთად ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული“. - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

პატრიარქმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე, შეიარაღებული ძალების განვითარებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც, უწმინდესის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო სამსახურის სრულყოფისთვის.

„ჩვენ ვემზადებით სინოდის სხდომისთვის, სადაც  ერთ-ერთი საკითხი იქნება, საკვირაო სკოლები. კვირას და კვირის სხვა დღეებში, დღის მეორე ნახევარში, შეისწავლიან საღვთო სჯულს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ხელობას, მშენებლობას, ან საოჯახო საქმიანობას. ეს, ძალიან საჭიროა. ადამიანი ჯარიდან რომ წავა, მან უნდა შეინახოს თავისი ოჯახი“.- განაცხადა უწმინდესმა.

ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პატრიარქს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ტილო უსახსოვრეს, რომელიც სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი კოლექციიდან გახლავთ.

შემფასებელთა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:18

ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოში პირველად ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეფასებით ამის გამო აღნიშნულმა კურსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

სწავლება 14-დან 18 ნოემბრამდე გრძელდებოდა და მასში 19 ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 4 ქართველი, მონაწილეობდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და ნატოს შემფასებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბეჯები გადაეცათ.
მონაწილეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა. მან კურსის დირექტორს, მაკედონიელ ვიცე-პოლკოვნიკ იგორ კუზმანოსკის და მის თანაშემწეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სიმბოლური ფასიანი საჩუქრები მიიღეს კურსის უცხოელმა თუ ქართველმა მონაწილეებმაც.

შემფასებელთა კურსის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის წვრთნებსაც დაესწრნენ და მისი შეფასებაც განახორციელეს.

18 ნოემბერი სამხედრო დაზვერვის დღეა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:24

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო მზვერავებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 18 ნოემბერს სამხედრო დაზვერვას 25 წელი შეუსრულდა.1991 წლის 18 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაზვერვის სამმართველო შეიქმნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური