„ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს ეფექტური და მდგრადი შეიარაღებული ძალების შექმნაში“
სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
დღეს კრწანისის სამხედრო ბაზაზე, საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მსმენელებს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.
პირად შემადგენლობას სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და საერთო საჯარისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 11-მა კურსდამთავრებულმა 22-კვირიანი სპეციალიზირებული კურსი სამხედრო-საინჟინრო კუთხით გაიარა. სასწავლო კურსი მსმენელებისათვის სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებდა. მათ ფორტიფიკაციის, დანაღმვის, განაღმვის, საინჟინრო დაზვერვისა და სხვა სპეციალიზირებული საკითხები შეისწავლეს. სასწავლო კურსს საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
დამოუკიდებლობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდამ იყო ქართველების საზრისი, - ლევან იზორია
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პარლამენტში 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
იუნკრები სობოროს ტაძრის ეზოში (ახლანდელი საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზო) არიან დაკრძალულები და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში აღევლინა.
დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე იუნკრების შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.
იუნკრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არსებული იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველებისთვის მუდამ იყო მთავარი ღირებულება და ეს სულისკვეთება უწყებაში გატარებული წარმატებული, მნიშვნელოვანი და დემოკრატიული რეფორმების სახით დღესაც გრძელდება.
„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ გმირების წინაშე, რომლებმაც მაგალითი გვიჩვენეს თუ რა არის ქართული და ეროვნული ღირებულებები. საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდამ იყო ქართველების საზრისი, რისთვისაც თავი გაწირეს იუნკრებმა და ეს თავგანწირვა ჩვენ დღესაც გვაძლიერებს. სწორედ ამ სულისკვეთებამ მოგვიყვანა ქართველი ერი დღეს აქამდე. მათ სულისკვეთებას ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებით, იმ რეფორმებით ვაძლიერებთ, რასაც დემოკრატიული რეფორმები ჰქვია, რადგან საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს თავისუფლად და მისი ღირსეული არსებობა ოპტიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ვაძლიერებთ ამ სულისკვეთებას და თავდაცვის უწყებაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, გორის ეროვნული აკადემია იუნკერთა გამორჩეული სასწავლებელია და მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ კარგი იქნება თუ მსგავსი დონის სასწავლებელი დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნება.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ახალგაზრდა გოგოებმა და ბიჭებმა შეგნებულად გაწირეს თავი ქვეყნისთვის. 186 იუნკერი, რომელსაც თავიდანვე გააზრებული ჰქონდა რომ თავისი ქვეყნის დასაცავად სიკვდილზე მიდიოდა, ეს ჩვენთვის გენეტიკური გაკვეთილია იმისა, რომ ქვეყნის ერთიანობა, თავდაცვა მხოლოდ ჩვენს პროფესიონალიზმზე და თავგანწირვაზე გადის. რა თქმა უნდა, ეს დიდი მაგალითია ჩვენი თანამედროვე ისტორიისთვის და ვაფასებთ ამას“ - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ღონისძიებას მარო მაყაშვილის შთამომავალი, ლეიტენანტი გიორგი როსტომაშვილი დაესწრო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში მსახურობს. მისი თქმით, მთავარი მოტივაცია რომ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო სწორედ მისი წინაპარი, მარო მაყაშვილი იყო.
პარლამენტის ეზოში იუნკრების ფოტოგამოფენაც გაიმართა, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო
ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში ბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 21 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ლიტვიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან მოვლენილი სამხედროები ქართველ პარტნიროებთან ერთად, სამი კვირის განმავლობაში, ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროები თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწევთ.
კურსი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.
სამკვირიანი სამთო კურსი 10 მარტს დასრულდება.
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებსა და უშიშროების საბჭოს მდივანს სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს.
ახალი სტრატეგიული ხედვა ოთხწლიან დაგეგმვის პერიოდს მოიცავს და მისი მიზანია ძლიერი, ეფექტური თავდაცვის სისტემებისა და ქმედითუნარიანი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი და შედეგზე ორიენტირებული შეიარაღებული ძალების ფორმირება, რომელიც არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად იქნება დაბალანსებული, მოქნილი, ადაპტირებადი და თვითმყოფადი. სტრატეგიული ხედვა ფართო შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის ფორმატში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ლევან იზორია სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ უწყების ინიციატივების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან განხილვის ტრადიცია ჩამოყალიბდება. „ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებთან არის დაკავშირებული. გვინდა გარკვეული ფორმატი და ტრადიცია ჩამოვაყალიბოთ. ამ ინიციატივების წარდგენამდე ყველა დაინტერესებულ უწყებას, განსაკუთრებით კი, საკანონმდებლო ორგანოსა და უშიშროების საბჭოს დავპატიჟებთ იმისთვის, რომ წინა მომზადების ეტაპზე განვიხილოთ საკითხები, რომლებიც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარვადგინოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის უწყებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, დეპუტატების ჩართულობა და ინფორმირებულობა რეფორმების განხორციელების პროცესში სახელისუფლებო შტოების ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. კომიტეტის თავმჯდომარემ უწყებაში ჩატარებული რეფორმისა და ოპტიმიზაციის პროცესი დადებითად შეაფასა. „აღნიშნულ რეფორმებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრი სპეკულაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმები დაანონსებული იყო 4-5 თვის წინ. ბატონმა მინისტრმა, მართლაც, გაბედული ნაბიჯი გადადგა. ყველამ ვიცოდით - წინა მინისტრებმაც, პარლამენტის მნიშვნელოვანმა რგოლმა, რომ თავდაცვის უწყებაში მთელი რიგი სტრუქტურული, საშტატო რეფორმები განსახორციელებელი იყო. რაც გაკეთდა, აუცილებელი იყო. თუმცა, ნებისმიერი უწყებისთვის რეორგანიზაცია - ეს აუტანელი სიტყვაა. განხორციელებული რეფორმა იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ამ უწყებებში სიტყვა რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია აღარ უნდა გავიგოთ. რიგით თანამშრომელს, ჯარისკაციდან დაწყებული გენერლით დამთავრებული, უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა, კარიერული დაგეგმვის შესაძლებლობა; უწყებას ჰქონდეს ძლიერი სტრუქტურა, რომ განვითარდეს და გაფართოვდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პროცესს ყურადღებით აკვირდება. „პრეზიდენტი ჩართულია და აღნიშნულ პროცესს ყურადღებით აკვირდება. რეფორმა, რომელიც შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, მნიშვნელოვანია რომ გატარდეს, რადგან ქვეყანას არსებული საფრთხეების ადეკვატურ მზაობასთან მიიყვანს. არის რიგი საკითხები, რომლებსაც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში უშიშროების საბჭოზე განვიხილავთ“ - განაცხადა მან.
გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. კერძოდ, საუბარი შეეხო უწყების ხედვას, რეფორმების მიზანს, გამოწვევებს, განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებს, რომლებიც შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საუბარი შეეხო უწყებაში საშტატო წოდებრივი ოპტიმიზაციის, წოდებრივი ანაზღაურების, ასევე, პროცესის შედეგად დაზოგილი თანხების შეიარაღებული ძალების ინფრასრტუქტურული პროექტებისკენ მიმართვის საკითხებს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხები და ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გამოთქვეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია
ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა
ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართველ სამხედროებს ალექსეევკის აეროპორტში დახვდა და ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება პირადად მიულოცა.
„დღეს დანაკარგის გარეშე, უვნებლად დაგვიბრუნდა II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული. მე ორჯერ მქონდა შესაძლებლობა ჩავსულიყავი მათთან ავღანეთში და გერმანელი ოფიცრებისგან მათი საქმიანობის შესახებ დიდი შეფასება მომესმინა. ყოველთვის სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა, რომ ვიყავი ქართველი. მათ გამოიჩინეს სიმამაცე, პროფესიონალიზმი, როდესაც გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს მაზარ-ი-შარიფში იმოქმედეს ძალიან ოპერატიულად და ამ ქმედებების შედეგად გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს გენერალური მდივნისგან პირადად მოვისმინეთ მადლობის სიტყვები, ჩვენ მივიღეთ მადლობის სიტყვები გერმანიის თავდაცვის მინისტრისგან. ნატოს წევრი ყველა ქვეყანა აღიარებს ჩვენს პროფესიონალიზმს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს სამშობლოში დაბრუნება გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართელოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმაც მიულოცეს. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.
II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდნენ. ქართულმა ქვედანაყოფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა და სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თავი გამოიჩინა. მათ შორის, 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ქართულმა ასეულმა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეფექტურად შეძლო და ამოცანა წარმატებით განახორციელა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის გერმანული სარდლობისგან მაღალი შეფასებები მიიღეს.
II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის ასეულმა ჩაანაცვლა.
"შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში"
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში“ სემინარი გაიხსნა. სემინარის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სემინარს ორი გერმანელი ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი მარტინ გერსტერი და კაპიტანი ფრანკ მაგინსკი წარმართავენ.
სემინარის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სამხედრო ოფიცრებისა და სამოქალაქო პირების ინფორმირება გერმანიის ბუნდესვერში არსებული შიდა მართვის კონცეფციისა და მისი ცალკეული ელემენტების შესახებ.
კურსი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება. სამდღიან ტრენინგს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.
„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო გაძლიერდება“ - ლევან იზორია
2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ის სენატორის ჯონ მაკკეინის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
ლევან იზორიას განცხადებით აღნიშნული ვიზიტით სენატორი მაკკეინი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გამოხატავს. „ახალი წელი ყოველთვის გარკვეულ იმედებთან და პოზიტივთან არის დაკავშირებული. სიმბოლურად ამ დღეს ჯონ მაკკეინის საქართველოში ჩამოსვლა ხაზს უსვამს იმას, რომ სენატორი და აშშ-ის ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის პიროვნება, რომელმაც 2008 წელს მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უფრო გაძლიერდება. ამის დასტურად შეგვიძლია აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმი შეგახსენოთ, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაღრმავებას ეხება. დაახლოებით ერთი თვის წინ ბატონი კარპენტერის სახით მნიშვნელოვანი სტუმარი გვყავდა, რომელთანაც სამ წლიანი თანამშრომლობის გეგმა გავაფორმეთ“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ს თავდაცვის სფეროში ამბიციური გეგმები აქვს და მომავალი წლების განმავლობაში ამ გეგმებს საქართველო მასთან ერთად განახორციელებს. „მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გატარებული რეფორმები ერთგვარი საფუძვლის შექმნაა იმისთვის, რასაც მომავალში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ. თავდაცვის უწყების ფარგლებში განხორციელებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების და ერთობლივი მუშაობის შედეგად არის მიღებული. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სენატორ მაკკეინსაც გავაცნოთ ჩვენი გეგმები. დარწმუნებული ვარ მისი პიროვნული აქტიურობა და ჩართულობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამყარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იქნება“.
შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლევან იზორია აშშ-ის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერასაც შეეხო. „ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. არსებობს საგარეო თავდაცვის ფონდი (FMF), რომლითაც აშშ ცალკეულ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც ეხმარება. ამ ფონდში მობილიზებულია საკმარისი თანხები, რომ ჩვენი მხარდაჭერა მოხდეს. მარტო 2017 წლისთვის მობილიზებული თანხების რაოდენობამ 48 მილიონი დოლარი შეადგინა. სამ წლიანი გეგმის ფარგლებში ყოველ წელზე 20 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. „FMF“ თანხები ჩვენს ბიუჯეტთან ერთად კარგ შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, მეტი წვრთნისა და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა ასევე საშუალებას მოგვცემს საბრძოლო მზადყოფნით უფრო მაღალ ხარისხში ვიყოთ ვიდრე ვიყავით წარსულში“.
სამინისტროს გეგმის მთავარი მიზნები ნატოსთან თავსებადობა, - ლევან იზორია
„სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმის მთავარი მიზნები ნატოსთან თავსებადობაა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და სათანადო აღჭურვაა. თუ ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, ჩვენ არ ვიქნებით მართლები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან და ბუნებრივია, დავრჩებით მხოლოდ განცხადებების დონეზე, როდესაც ვლაპარაკობთ ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას. ამიტომ, ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები ამ რეფორმის ფარგლებში განპირობებული იყო იმ ვალდებულებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გამყარებას უკავშირდება,“ - აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა.