ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 06 მარტი 2020 16:14

აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სტაბილური და თანმიმდევრული დინამიკა, რომელსაც 2020 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაც ადასტურებს. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში შეხვედრებს წელს საქართველო უმასპინძლებს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შეხიდების ხეივანი“ მოინახულა და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 11:30
სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
 
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
 
მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ბაგრამის ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის 5 სამხედრო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 11:14

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019 10:20
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე, ასევე სამმხრივ ფორმატში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.
შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 15:19

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება: „რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო - ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019 15:37
14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
 
გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
 
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 27 მაისი 2019 10:55

თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 11:31

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცა და მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედროებს და მათ მშობლებს ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ სურვილის შემთხვევაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცეთ : „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებს ჰქონდეთ მაქსიმალური განვითარების საშუალება თავდაცვის ძალებში, მაქსიმალურად იყვნენ ისინი ინტეგრირებული, ჰქონდეთ ქართული ენის უკეთ დაუფლების საშუალება და პროფესიული განვითარების ყველა პირობები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მინისტრის გადაწყვეტილებით 21 და 22 მარტს მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დაისვენებენ.

ნოვრუზ ბაირამობა ახალ დღეს, გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ლევან იზორია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მარტი 2019 14:47

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“ გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმები განიხილეს და 2019 წელს დაგეგმილ სწავლებებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლებაზე, ნატოს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

ლევან იზორია გიორგობას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:06

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გიორგობის დღესასწაულის მისალოცად ჩავიდნენ. 

წმინდა დიდმოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქართველი სამხედროების მიერ აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ეწვივნენ და ტაძარს წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირეს. 

მოგვიანებით ლევან იზორია ბაგრამის ბაზაზე დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ნაკურთხი ხატები, 90-ე ფსალმუნი და წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ ფილმი - "წინამბრძოლი" ჩაუტანა. 

ღონისძიების ბოლოს ლევან იზორიამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. გამოჩენილ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის სახელით ასევე გადაეცათ მაჯის საათები. 

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბაგრამის შემდეგ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინის ბაზაზე ჩაფრინდება და რელიგიურ დღესასწაულს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს მიულოცავს. იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან, აშშ-ის არმიის გენერალთან ოსტინ სკოტ მილერთან. 

ავღანეთში ვიზიტს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულებს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური