თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 16:25

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ, 4 ეპიდემიოლოგი ჩამოყვა.

ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებსაც საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული ჰქონდათ 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგინეს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციას.

ღონისძიების მონაწილე სხვა პირებს, რომლებმაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას სასაზღვრო - გამშვებ პუნქტში ვერ შეძლეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდათ და ტესტის პასუხების მიღებამდე ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

საქართველოში UNWTO-ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად, ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზაობას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა პანდემიის გამო, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. 

მასპინძელი ქვეყნის ხელახალი შერჩევისას საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. ამ მხრივ, მაღალი დონის შეხვედრის მასპინძლობა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას ისეთ ქვეყნად, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შეუძლია, ნებისმიერი მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლოს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.

პრემიერ-მინისტრის მილოცვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017 15:11

ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დამტკიცებას. ეს არ არის მარტო მისი წარმატება, ეს საქართველოს აღიარებაა, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილ კანდიდატს UNWTO-ს გენერალური ასამბლეა ერთხმად უჭერს მხარს და იგი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას.

პრემიერმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 10:01

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს საკუთარი კანდიდატი ეყოლება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, 2018-2021 წლების ვადით, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უდიდეს როლს ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის შენარჩუნების მამოძრავებელი ძალის, განმტკიცებაში და გენერალური მდივნის პოსტზე სათანადო კანდიდატის შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოცდილება, რომელიც ამჟამად არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში, ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რთული საქმიანობის შესასრულებლად.

„ბატონი პოლოლიკაშვილი ასრულებდა წამყვან როლს საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში და ტურიზმის სექტორში უცხოური ინვესტიციებისა და ინოვაციების მოზიდვასა და ინოვაციების წახალისებაში. თავისი საქმიანობით მან გზა გაუკაფა ტურიზმის სფეროში მდგრად პრაქტიკას და სიღარიბის აღმოფხვრისკენ გამიზნულ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო იქცა ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ცენტრად რეგიონში," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, ზურაბ პოლოლიკაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ამბიციური მიზნების მიღწევის საქმეში.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისგენერალური მდივნის თანამდებობაზე2018-2021 წლების ვადით წარდგენილიკანდიდატების შერჩევის პროცესი 2017 წლის მაისში გაიმართება ორგანიზაციისაღმასრულებელ საბჭოში, რომელიც 33 ქვეყანას აერთიანებს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური