ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 11:26

ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. 
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი. 
შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სახალხო დამცველი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოთხოვნას სქესის ნიშნით დისკრიმინაციად მიიჩნევს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 12:07

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საახალწლო კონცერტის წამყვანად მამაკაცს ეძებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დასაქმების სფეროდან ქალთა სეგრეგაციის მიზნით სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება, სამწუხაროდ, დღეს ისევ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ქალთა გამორიცხვის მსგავსი აშკარა მცდელობა საჯარო ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით საგანგაშოა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შესაბამისი პირობები შექმნას ქალების მიერ შრომის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველობის ორგანო თავად უწყობს ხელს დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციული შეხედულებების დამკვიდრებას.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, გამოცხადებული კონკურსის დროს ყველას თანასწორი პირობები შეუქმნას, რაც, მათ შორის,  გულისხმობს, რომ დისკრიმინაციული შეზღუდვებით არ ჩამოართვას შესაძლებლობა კონკრეტული სქესის ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ სამუშაოს უფლებაზე.  ქალისა და მამაკაცის როლის გათანაბრებასთან ერთად თანდათან ქრება განსხვავება ქალისა თუ მამაკაცის მიერ შესასრულებელ სამუშაოებს შორის და ქალები მეტ-ნაკლებად ემანსიპირებულნი არიან შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, თუმცა, ზოგიერთ დამსაქმებელს კვლავ აქვს სტერეოტიპული შეხედულებები შესასრულებელი სამუშაოსადმი გენდერული კუთვნილების თაობაზე, რაც წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული პრაქტიკის ჩამოყალიბებას იწვევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, რომ აღმოფხვრას დისკრიმინაციული მიდგომა და საახალწლო ღონისძიების წამყვანის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა მისცეს კანდიდატებს არა მათი სქესის, არამედ შესასრულებელ სამუშაოსთან მათი კვალიფიკაციის შესაბამისობის გათვალისწინებით. ასევე, მომავალში დასაქმების თუ სხვა სფეროში, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული მიდგომებისგან.

ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 18:39

შალვა კიკნაველიძე: “მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიურობისკენ და შევახსენო, რომ თითოეული მათგანის ხმა გადამწყვეტია“ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ საკუთარი არჩევანი ზესტაფონის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით მისი არჩევანი ქვეყნის სტაბილური განვითარება, თავისუფლება და კეთილდღეობაა. „დღეს გადამწყვეტი დღეა, მოსახლეობამ ერთხელ უკვე გააკეთა არჩევანი თავისუფალი, განვითარებული საქართველოს სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, დღეს ამ არჩევანს კიდევ უფრო განვამტკიცებთ. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიურობისკენ და შევახსენო, რომ თითოეული მათგანის ხმა გადამწყვეტია“- განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

შალვა კიკნაველიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 19:24

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ზოვრეთის, ქვედა საქარისა და არგვეთის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრებზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირველ ტურში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, აქტიურობისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ზესტაფონელი ხალხი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, აღარასდროს გააკეთებს არჩევანს წარსულის სასარგებლოდ და მხარს თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას დაუჭერს.

 „ვფიქრობ, 30 ოქტომბერს მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება. პირველ ტურში ზესტაფონელებმა დაამტკიცეს, რომ მათი არჩევანი უსაფრთხო, თავისუფალი და სტაბილური მომავალია. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა არჩევანს წინსვლის, კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს. ჩვენ აღარასდროს აღარ დავბრუნდებით წარსულში“,- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

 

ძლიერი ხანძარი ზესტაფონში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 23:43

ხანძარი ზესტაფოში. ცეცხლი დაახლოებით 22:00 ე.წ. "ძველ ბაზარში" მდებარე სავაჭრო ობიექტებს მოეკიდა. ამ სავაჭრო სივრცეში ძირითადად ტანსაცმლისა და ტექსტილის მაღაზიებია განთავსებული.

ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, დამხმარე ბრიგადები ქუთაისიდან და თერჯოლიდან გამოძახეს. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესშია ჩართულია ფეროშენადნობთა ქარხნის სამაშველო ეკიპაჟები. 

ხანძრის გამომწვები მიზეზი უცნობია, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

"ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზესტაფონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 10:18

"ზესტაფონში წარმოგიდგენთ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას. ბატონი შალვა, მართალია, ახალგაზრდაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, უკვე გამოცდილი პარლამენტარია. ახლახან შემოგვიერთდა პარტიაში, ,,ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ზესტაფონელია, კარგად იცის ზესტაფონელების ყველა პრობლემა და ისიც იცის, რომ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს პარლამენტიდან," - ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზესტაფონში.

საპროტესტო აქცია ზესტაფონში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 13:12

დღეს, ზესტაფონში ფეროშენადნობი ქარხნის ასამდე თანამშრომელმა  საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. 
აქციის მონაწილეები  გამაფრთხილებელ აქციების ჩატარებას გეგმავენ და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება  მუშაობას შეწყვეტას აპირებენ.

ზესტაფონი–ქუთაისის მონაკვეთზე მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 19 იანვარი 2016 11:40

E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთზე,5 კმ-მდე მანძილზე,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცალი მიმართულებით, ახალ გზაზე გადაერთო.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,  15.2 კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები.

აღნიშნული გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.

ზესტაფონი–ხობის მონაკვეთზე მოძრაობა გართულებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 18:18

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, გართულებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი–ხობის მონაკვეთზე.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისაგან. ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ისარგებლონ ზამთრის პერიოდის შესაბამისი ავტოტრანსპორტითა და საბურავებით.



საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის განცხადება

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 11:00

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური  ბოლო დღეებში, კლუბის ირგვლივ  განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური ამ ბოლო დღეებში ჩვენი კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას გაგაცნობთ:

 როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს ჩვენი გუნდი გორის "დილას" წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამის რეალური მიზეზი გახლდათ ის, რომ ჯერაც დაუდგენელმა პირებმა "ზესტაფონის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გორელებთან შეხვედრის "დათმობა" შესთავაზეს.

 იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის კლუბს არ მოეპოვებოდა გარიგების მცდელობის შესახებ სრული ინფორმაცია, ჩვენ, რეალურად არსებული და მასმედიის საშუალებებში არაერთგზის გაჟღერებული ფინანსური პრობლემების მოტივით, ფედერაციას მატჩის გადადების თხოვნით მივმართეთ. თუმცა, პარალელურად, შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ბატონი რევაზ არველაძე და მას ფედერაციის მხრიდან შექმნილ სიტუაციაში საჭირო ზომების მიღება და კლუბში შიდა მოკვლევის ჩატარების მიზნით მატჩის გადადება ვთხოვეთ.

 იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებისა და, პირდაპირ ვთქვათ, კრიმინალური ქმედების ჩადენის მცდელობას, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ბოლო მომენტამდე ელოდა მატჩის გადადების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, ეს მოლოდინი არ გამართლდა. არსებული ვითარებისა და სხვა მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ფედერაციის მხრიდან სიტუაციის გარკვევის მიზნით რაიმე ნაბიჯი, თუ არ ჩავთვლით ჩვენი კლუბის ჩემპიონატიდან მოკვეთას, დღემდე არ გადადგმულა.

 ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ინტერნეტსივრცეში შექმნილ უადგილო აჟიოტაჟსა და "ზესტაფონისა" და გორის "დილას" დაპირისპირების უღირს მცდელობებს. მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ კომენტარებში ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს გორის „დილას“ წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია. საუბარია ჩვენთვის დიდად პატივსაცემი გუნდის სახელს ამოფარებულ და ამ სახელის ბოროტად გამომყენებელ უღირს ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთელს სიბინძურისაკენ უბიძგებენ, ქართული კლუბების სახელებით მანიპულირებენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას.

ჩვენთვის ჯერაც უცნობია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ სააშკარაოზე მათი გამოყვანა შედის როგორც „ზესტაფონის“, ასევე გორის „დილას“ და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ინტერესებში! დღეს ჩვენი კლუბი მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებულია იმ შეხვედრის დრო და ადგილი, სადაც ფეხბურთელმა გარიგების თაობაზე შემოთავაზება მიიღო. დანარჩენი კი სამართალდამცავების კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება.

აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი - დიდი ალბათობით გორელებს ამ ზაფხულს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშიორისო ასპარეზზე მოუწევთ და ჩვენ რომ 19 აპრილს გასამართ მატჩზე გავსულიყავით, დარტყმის ქვეშ პირველ რიგში სწორედ „დილას“, მის რეპუტაციასა და გორული კლუბის ინტერესებს დავაყენედით. ალბათ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს თურქული „ბეშიქთაშის“ ამასწინანდელი ამბები და ამ გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთა...

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ "ზეტაფონის" მოკვეთის თაობაზე დისციპლინართა გადაწყვეტილებას, ჩვენ მას უსამართლოდ მივიჩნევთ და საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური