ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 11:10

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

მშვიდობის მომტანი ოლიმპიადა

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
პარასკევი, 09 თებერვალი 2018 10:54

9-25 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ კორეის საკურორტო ქალაქ პიონჩანგ ჩატარდება ზამთრის XXIII ოლიმპიურთამაშები. მასში მონაწილეობას მიიღებს 3000 სპორტსმენი - სპორტის 7 სახეობაში და 15 დისციპლინაში. ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს 93 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის არის საქართველოც. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით უკვე პიონჩანგში იმყოფება.

პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების ჩატარების წყალობით, სამხრეთ კორეა მეორე ქვეყანა გახდება იაპონიის შემდეგ, რომელიც უმასპინძლებს ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადებს. როგორც ცნობილია ზაფხულის ოლიმპიადა სეულში ჯერ კიდევ 1988 წელს ჩატარდა. ამის შესახებ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში კიმ ინ ჰანმა „ნიუსდეი საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურთამაშები უდიდეს წვლილს შეიტანს სამხრეთ კორეის განვითარების საქმეში. ამავე დროს ეს ოლიმპიადა დიდ როლს ითამაშებს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შესუსტების საქმეშიც“, - აღნიშნა კიმ ინ ჰანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ოლიმპიადაში  მონაწილეობას მიიღებს 3000 სპორტსმენი (სპორტის სახეობა – 7, დისციპლინა 15), მსოფლიოს 93 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

‘ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გვერდით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც მონაწილეობს და იმედი მაქვს, რომ მათი გამოსვლა პიონჩანგის ზამთრის  ოლიმპიურთამაშებზე წარმატებული იქნება“, - დაამატა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

კიმ ინ ჰანის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საერთო გუნდი იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია ჩრდილოეთ კორეელმა სპორტსმენებმა ვერ მოახერხეს ლიცენზიების მოპოვება და ამის გამო ვერ შეძლებდნენ პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეის ამ ინიციატივას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება უყოყმანოდ დაეთანხმა და ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე 9 თებერვალს, ისინი ერთობლივი დროშის ქვეშ იდგებიან, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულია გამოსახული“, - განაცხადა კორეელმა დიპლომატმა.

როგორც კიმ ინ ჰანმა აღნიშნა, ოლიმპიადის ჩასატარებლად კორეის ხელისუფლება საგულდაგულოდ მოემზადა. სტადიონების, საავტომობობილო-სარკინიგზო მაგისტრალების ასაშენებლად, ხელისუფლებამ 1,2 მილიარდი დოლარი გამოყო. ხოლო, სხვა ინფრასტრუქტურის განსავითარებლად კიდევ 300 მილიონი დოლარი დახარჯა. გარდა ამისა, დიდ წარმატებად ითვლება სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა აეროპორტიდან ქვეყნის აღმოსავლეთისკენ, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს ამ რეგიონის განვითარებას. „მთლიანობაში ოლიმპიადის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ სანუგეშოა ის ფაქტი, რომ რაც კეთდება ყველაფერი ეს კორეის შემდგომ განვითარებას მოხმარდება“, - დასძინა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

ის რომ პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, იაპონიის პრემიერი სინძო აბე, გაეროს გენერალური მდვანი ანტონიო გუტერეაში და სხვა ქვეყნების მთავრობის მაღალი დონის პირები.

რაც შეეხება საქართველოს, - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება 24 ადამიანი. მთ  შორის: ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ - იასონ აბრამაშვილი - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაური - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), მორის ყვითელაშვილი - სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა), გიორგი სოღოიანი - სპორტსმენი (საციგაო სპორტი).

ვალტერ ჰუბმანი - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი), დანილ გლეიხენგაუზი - მწვრთნელი (ფიგურული სრიალი), ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (საციგაო), მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი და რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი.

ოლიმპიური სოფლის გარეთ: ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი,ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, მიხეილ გიორგაძე - კულტურის და სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი, ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი და ზურაბ კოსტავა - სათხილამურო სპორტის ფედერაციიის პრეზიდენტი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ოლიმპიადის ჩატარებით ჩვენს წვლილს შევიტანთ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შესუსტების საქმეში და ერთად განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, რათა ჩვენს ნახევარკუნძულზე ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს მშვიდობამ“, - დასძინა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში.

ესაუბრა: ავთანდილ ოთინაშვილი

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 14:02
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სამთო მომზადების საბაზისო კურსს მასპინძლობს. ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადება დღეს გუდაურში დაიწყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ქართველ სამხედროებთან ერთად ლატვიიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი სამხედროები თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს დაეუფლებიან. სამთო მომზადების ფარგლებში სამხედროებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენება მოუწევთ.
კურსი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტესტირებები სხვადასხვა სახეობაში ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.
საბაზისო სამთო კურსი 2 თებერვალს დასრულდება.
 

2018 წლის ფხიონჩხანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დამსწრე გულშემატკივრებს Visa გადახდის ახალ პორტატულ აქსესუარებს სთავაზობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 16:13

გულშემატკივრები და Visa-ს გუნდის სპორტსმენები ისარგებლებენ Visa-ს გადახდის ფუნქციის მქონე მოსახერხებელი და ელეგანტური ხელთათმანებით, სტიკერებითა და სამახსოვრო ოლიმპიური გულსაბნევებით

სან-ფრანცისკო, კალიფორნიის შტატი – 8 ნოემბერი, 2017წ. – ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ექსკლუზიურმა პარტნიორმა ტექნოლოგიების სფეროში - Visa-მ (NYSE: V), დღეს წარმოადგინა სამი კომერციულად ხელმისაწვდომი პორტატული გადახდის მოწყობილობა. სპეციალურად ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის Visa-მ  შექმნა უკონტაქტო (NFC) გადახდის ხელთათმანები, სამახსოვრო სტიკერები და ოლიმპიური გულსაბნევები, რომლებიც გულშემატკივრებს და სპორტსმენებს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ შეუფერხებელი და უსაფრთხო გადახდები  ნებისმიერი უკონტაქტო ანგარიშსწორებისას.

„ჩვენ მოუთმენლად ველით, ფხიონჩხანის ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრე ნებისმიერ ადამიანს შევთავაზოთ დაუვიწყარი გამოცდილება გადახდების სფეროში“ - განაცხადა ლაინ იამიესონმა, Visa-ს სამხრეთ კორეის რეგიონალურმა მენეჯერმა. “იმისთვის, რომ ოლიმპიური თამაშების სტუმრებს ჰქონოდათ საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, Visa დაუღალავად მუშაობდა, რომ ყველა ოლიმპიური ობიექტი აღჭურვილი ყოფილიყო გადახდის უახლესი საშუალებებით.“

Visa-ს და „Lotte Card “-თან  (რომელიც სამხრეთ კორეაში რეგისტრირებული საცალო ვაჭრობის გიგანტის „Lotte Department Store“-ს ფინანსურ ქვედანაყოფს წარმოადგენს) თანამშრომლობის შედეგად ახალი წინასწარი გადახდის აქსესუარების შეძენა სამხრეთ კორეაში 9 ნოემბრიდან  იქნება შესაძლებელი. პროდუქტების შესახებ:

 

  • სამახსოვრო ოლიმპიური გულსაბნევი: ოლიმპიურ თამაშებზე სამახსოვრო გულსაბნევების შეგროვების ტრადიცია Visa-ს შთაგონების წყაროდ იქცა, რის შედეგადაც მან ბაზარზე შემოიტანა ოთხი უნიკალური გულსაბნევი, რომლებზეც გამოსახულია ფხიონჩხანის 2018 წლის დიზაინი. გადახდის ფუნქციის მქონე სუვენირების გამოყენება ადგილზე იქნება შესაძლებელი და ის განკუთვნილია გულშემატკივრებისა და სპორტსმენებისთვის. თითოეული გულსაბნევის ღირებულება 5000 სამხრეთ კორეული ვონია[1], რასაც ემატება სასურველი წინასწარ გადახდილი თანხა 30,000 ან 50,000 სამხრეთ კორეული ვონის ოდენობით.
  • გადახდის ფუნქციის მქონე ხელთათმანები: ფხიონჩხანში საშუალო ტემპერატურა – 4.8°C[2]-ს შეადგენს, შესაბამისად, ხელთათმანი აუცილებელი აქსესუარი იქნება. გადახდის ფუნქციის მქონე ხელთათმანის მეშვეობით გულშემატკივრები შეძლებენ უსაფრთხო გადახდის განხორციელებას, ისე რომ ხელები არ გაეყინებათ. ხელთათმანებს ჩამონტაჟებული აქვს ორმაგი ინტერფეისის მიკროსქემა უკონტაქტო ანტენასთან ერთად, რომლითაც შესაძლებელია შესყიდვების განხორციელება ოფიციალურ ოლიმპიურ ობიექტებზე და თავსებადი წამკითხველების მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით. ხელთათმანები გაიყიდება მასზე მოთავსებული წინასწარი გადახდის თანხით, 30,000  ან 50,000 სამხრეთ კორეული ვონის ოდენობით.

 

  • სტიკერი: თხელი და მოქნილი წებოვანი დიზაინის, ჩამონტაჟებული უკონტაქტო (NFC) ორმაგი ინტერფეისის მიკროსქემისა და ანტენის მეშვეობით ამ მიკროეტიკეტების მიწებება თითქმის ყველა ნივთზე შეიძლება, შეუფერხებელი წამიერი გადახდების განსახორციელებლად. პორტატული სტიკერი ხელმისაწვდომია 30,000, 50,000, 100,000, 200,000 სამხრეთ კორეული ვონის ნომინალში. კოლექცია მოიცავს 8 განსხვავებულ დიზაინს, მათ შორის ვეფხვ სუჰორანგს, რომელიც 2018 წლის ფხიონჩხანის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სიმბოლოა – სამხრეთ კორეულ დროშას და სხვ.

 

„როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდთან მუშაობა, როგორიცაა Visa.  ის არა მხოლოდ  მხარს უჭერს სპორტსმენებს, არამედ ასევე დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს ოლიმპიურ თამაშზე დამსწრე გულშემატკივრებს. განაცხადა მიქაელა შიფრინმა, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელმა  და Visa-ს გუნდის სპორტსმენმა აშშ - დან. „ოლიმპიური გულსაბნევი ყოველთვის ყველაზე სასურველი სუვენირია, ხოლო Visa-ს  სუვენირები კიდევ უფრო განსაკუთრებულია“.

9 ნოემბრიდან სტიკერების და გულსაბნევების შეძენა შესაძლებელი იქნება "Lotte Card“-ის მომხმარებელთა ცენტრებსა და "Lotte Card“-ის ვებგვერდზე. თამაშების დროს სამივე პორტატული მოწყობილობა ასევე ხელმისაწვდომი იქნება ოლიმპიურ მაღაზიებში, რომლებშიც განთავსებული იქნება Visa-ს  სავაჭრო აპარატები.

„სამხრეთ კორეაში გავიზარდე და ვამაყობ, რომ ჩემი მშობლიური ქვეყანა 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, ამიტომ მე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ Visa-ს  გადახდების ინოვაციები დანარჩენ მსოფლიოს გავაცნო“, განაცხადა სამხრეთ კორეის ციგურებით სირბილის გუნდის და Visa-ს  გუნდის სპორტსმენმა,  სეუნგ-ჰი პარკმა.  „მაშინაც კი როდესაც ცივა, ეს ხელთათმანები მარტივი გადახდის შესაძლებლობას იძლევა“.

პორტატულ აქსესუარებთან ერთად კომპანია Visa - ოლიმპიური თამაშების პარტნიორი ექსკლუზიური გადახდების მიმართულებით, გადახდების სრული სისტემის ინფრასტრუქტურას და ქსელს მართავს ოლიმპიური თამაშების ყველა ობიექტზე. ეს მოიცავს 1,000-ზე მეტ POS ტერმინალს, რომლითაც შესაძლებელია მობილური და პორტატული გადახდების განხორციელება.

გადახდების ინდუსტრიის პლასტიკური ბარათებიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის ტენდენციის ზრდასთან ერთად, Visa-ს და მისი პარტნიორების ტექნოლოგიური მიღწევები მომხმარებლებს მარტივ და უსაფრთხო შესყიდვის შესაძლებლობას სთავაზობს. Visa-ს და მის მიერ ოლიმპიური თამაშების სპონსორობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს:

https://usa.visa.com/about-visa/sponsorships-promotions/olympics-partnership.html.

Visa-ს შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

 

[1] 1000 სამხრეთ კორეული ვონი = 2.3413 ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის მიმართ ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით, 07.11.2017

[2] ფხიონჩხანის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი: https://www.pyeongchang2018.com/en/pyeongchang-weather-conditions

 

რიჩარდ პაუნდი სოკ-ს აფრთხილებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 18 აგვისტო 2017 10:15

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პირველი პრეზიდენტი რიჩარდ პაუნდი  სოკ-ს აფრთხილებს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ინსტიტუციონალური დოპინგ-სისტემის ჩამოყალიბებისთვის  რუსეთის მიმართ მხოლოდ ფულადი ჯარიმით არ უნდა შემოიფარგლოს და  უფრო მკაცრი სანქცია გამოიყენოს. პაუნდი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი ადექვატურად არ დაისჯება, სოკ-ის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრება და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ შეეზღუდება.

თავის მხრივ, სოკ-ი უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ყველაფერი მთლიანად დამოკიდებული იქნება სოკ-ის ორი კომისიის დასკვნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, წლეულს ოქტომბერში გამოქვეყნდება. მხოლოდ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები.

WADA -ას ფუძემდებლის რიჩარდ პაუნდის აზრით,  თუ სოკ-ი რუსეთისგან ფულს აიღებს, მისი რეპუტაცია ისეთივე იქნება, როგორიც დღეისათვის საზოგადოების თვალში აქვს ფიფა-ს.

პაუნდი 2015 წელს ხელმძღვანელობდა რუსეთის მძლეოსნობაში დოპინგ-დარღვევების საგამოძიებო კომისიას, გამოძიება კი იმით დასრულდა, რომ რუსეთს შეუჩერდა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წევრობა, რუსმა მძლეოსნებმა კი გამოტოვეს რიოს ოლიმპიადა და სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები.

მოგვიანებით,  კანადელი იურისტის რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით შეიქმნა WADA -ას დამოუკიდებელი კომისია, რომლის დასკვნაც  ორ ნაწილად გამოქვეყნდა 2016 წლის 18 ივლისს და 9 დეკემბერს. ამ დოკუმენტში საუბარია რუსეთში დოპინგ-სინჯებით მანიპულირების ინსტიტუციონალური სისტემის არსებობაზე, რომელშიც ჩართული იყო ათასამდე რუსი სპორტსმენი. სოკ-მა კომისიის მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის შესასწავლად და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე  რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადასამოწმებლად შექმნა ორი კომისია: სადისციპლინო  კომისია სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის მეთაურობით, რომლის დანიშნულებაცაა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-ტესტების გადამოწმება. და მეორე კომისია სამუელ შმიდის მეთაურობით, რომელიც იკვლევს ინფორმაციის რეალობას ანტიდოპინგურ სისტემაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.

რამდენიმე თვის წინ WADA-ს ხელმძღვანელმა  კრეიგ რიდიმ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება, რათა  რუსეთის დელეგაციას აეკრძალოს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.  სხვადასხვა  ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები ასევე მოუწოდებენ სოკ-ს არ დაუშვას რუსი სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.

მორის ყვითელაშვილი: „არანაირი საფუძველი არა მაქვს, რაიმეზე გული მწყდებოდეს"

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017 10:28

ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, ვისაც მოპოვებული აქვს ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. მორისი  22 წლისაა, ვარჯიშობს მოსკოვში ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელით გამოდის 2016 წლიდან. ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე დაიკავა მე-6 ადგილი, მსოფლიოს ჩემპიონატზე _ მე-13 ადგილი, რამაც ოლიმპიადის საგზური მოუტანა.

დღეს გამოქვეყნდა LENTA. RU-ს  ჟურნალისტის ვრცელი ინტერვიუ მორის ყვითელაშვილთან. ის საუბრობს სამომავლო გეგმებზე, მწვრთნელებზე, პირად ცხოვრებაზე, საოლიმპიადო პერსპექტივებზე, საქართველოსთან მის დამოკიდებულებაზე, მოქალაქეობის გამოცვლის მიზეზებზე: „ეს გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიმიღია, _ ამბობს მორისი, _  ვფიქრობდი, რომ თუ წელს არ გამომივიდოდა, მაშინ ყველაფერი დამთავრებული იყო. ახლოვდებოდა ოლიმპიური წელი. ძალიან მინდოდა ოლიმპიადაზე გამგზავრება, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობა. რუსეთის სახელით რომ გამოვსულიყავი, ამ შეჯიბრებებში მოხვედრის მცირე შანსი მქონდა. ამიტომაც ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა _ უფრო რეალური და აწონილი."

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ნანობს მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მორისი ასე პასუხობს: „არანაირი საფუძველი არა მაქვს, რაიმეზე გული მწყდებოდეს. საქართველოს სახელით  შემიძლია ვიასპარეზო უმაღლესი დონის შეჯიბრებებში. მე გავთავისუფლდი, მხრებში გავიშალე, ვსრიალებ უფრო სუფთად და უკეთესად. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის  პრეზდენტს მაკა გიორგობიანს: ის ყველაფერს და უფრო მეტსაც აკეთებს იმისთვის, რომ მე წარმატებით გამოვიდე სერიოზულ სტარტებზე. რა თქმა უნდა, არ შემიძლია მხარდაჭერისთვის მადლობა არ ვუთხრა საქართველოს სპორტის სამინისტროს და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს."

მორისი დეტალურად საუბრობს ახალ საშეჯიბრო პროგრამაზე, მომავალ მნიშვნელოვან  შეჯიბრებებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოყოფს მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 2018 წლის თებერვალში სამხრეთ კორეულ პიონჩანგში გაიმართება: „ოლიმპიური თამაშები გამორჩეული, პლანეტარული მასშტაბის შეჯიბრებაა, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს.  გაგიკვირდებათ, მაგრამ მე ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც პიონჩანგის საგზური ერგო. ვიცი, რომ საქართველოში არიან ძლიერი მოციგავეები და მოთხილამურეები, თუმცა მათი შესარჩევი შეჯიბრებები ჯერ არ გამართულა. "

მორის ყვითელაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს სახელით დიდ გამარჯვებებს მიაღწევს, მერე კი გეგმავს ფიგურული ციგურაობის სკოლის გახსნას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური