დავით ზალკალიანი პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აპრილი 2019 10:16

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრას გამართავს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუგუშტუ სანტუშ სილვასთან, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის  პრეზიდენტთან ფრანსისკო რიბიეროსთან.

პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის მიმდინარე თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
 
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანმა უკვე გამართა შეხვედრა პორტუგალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საგარეო პოლიტიკის წარმატებებზე, ასევე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვაზე.
 
მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ცალკეული პროექტები, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებას, მათ შორის საკვირაო სკოლების გამართულ ფუნქციონირებას, დიასპორული პროექტების დაფინანსებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ეფექტური კომუნიკაციის ქსელის დამკვიდრებას.
 
შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა ევროკავშირთან ინტეგრაციის წარმატებული პროცესი და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების როგორც   პოლიტიკურ ასევე პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, რომლითაც ისარგებლა საქართველოს 600 ათასამდე მოქალაქემ.  დავით ზალკალიანის განცხადებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს ევროკავშირის/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმის არამართლზომიერ გამოყენებას, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მის შემდგომ  შენარჩუნებაზე. როგორც შეხვედრაზე  მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მცდელობა ფუჭია, რადგან პარტნიორების მხრიდან საქართველო განიხილება უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად და განაცხადები ფატქობრივად არ კმაყოფილდება. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის საზღვარგარეთ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი თანამემამულეების საკითხის გამოყენების გამო. 
 
დავით ზალკალიანის განცხადებით ევროკავშირთან  უვიზო მიმოსვლა მთელი ერის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და ყველას ვალია მას გაუფრთხილდეს. მან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა ამ საკითხზე სწორი კომუნიკაცია ჰქონდეთ საქართველოში დარჩენილ ახლობლებთან. მისივე განცხადებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებების გაფორმებისთვის, რაც თავის მხრივ შეამცირებს უკანონო მიგრაციას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პორტუგალიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში დიასპორის დიდ როლს და აღინიშნა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა დიასპორულ ცხოვრებაში. 

დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 15:23

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, რომელიც საქართველოში სამუშაოვიზიტით - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, რაც გახლავთ ლიეტუვას მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისია.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებს. ლინას ლინკევიჩიუსი დაინტერესდა მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობით და ქართულ მხარეს ამ პროცესში ლიეტუვის მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარების გამოყენება შესთავაზა.
განსაკუთრებით აღინიშნა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიეტუველ კოლეგას საქართველოს მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით გამოჰყო ის ფაქტი, რომ ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც დააწესა შეზღუდვები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირებისთვის.
დავით ზალკალიანმა ასევე საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს პოლონელ და ლატვიელ კოლეგებთან და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრთან ერთად ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავს უკავშირდებოდა.
მინისტრებმა, ასევე, გაუზიარეს ერთმანეთს შეფასებები ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მათ დადებითად შეაფასეს წლის განმავლობაში ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ლინკევიჩიუსი მონაწილეობს 2018 წლის 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“.
მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ხოლო დღის განმავლობაში დაგეგმილია მისი სამუშაო შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018 11:36

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ძი იენჩისთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო პოლიტიკური და ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების დიდ მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს მონაწილეობას ა.წ. 30-31 აგვისტოს ჩინეთის ქ. ურუმჩიში დაგეგმილ ჩინეთ-ევრაზიის გამოფენაში და ა.წ. 5-10 ნოემბერს ჩინეთის ქ. შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ურყევი პოზიციის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარის ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი. 

ძი იენჩიმ დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

„რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“-დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018 09:46

„სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ამიტომ ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და იმ ძირითად პრინციპს, რომელიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება“-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ საკითხის სიმწვავისა, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა ვითარების დეესკალაციის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით პროგრესი არ ყოფილა.

„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა იმისთვის,  რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია და ამას ჰქონოდა პოზიტიური ასახვა  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც, სამწუხაროდ პოლიტიკური მოწესრიგების კუთხით არ ყოფილა პროგრესი, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო ინიციატივების წინ წამოწევას, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას“-აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი განცხადებით, საქართველო განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკას, რისი დასტურიც არის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზის იქით მცხოვრები თანამემამულეების ყოფის გაუმჯობესებისკენ, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ყველა იმ სიკეთეებსა და ბენეფიტებზე, რასაც საქართველო იღებს, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.   

დავით ზალკალიანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 17:28

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დუმას უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული ურთიერთობების აქტუალურ საკითხების განხილვას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას. 

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

დავით ზალკალიანმა გაეროს განვითარების პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:47

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს განვითარების პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ დავით ზალკალიანმა მაღალი დონის თემატურ სესიაზე ისაუბრა, რომელიც გაიმართა თემაზე “კონფლიქტის პრევენცია, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობა“. თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოში გაეროს მიერ პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას და ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადაწყვეტაში  საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულების აუცილებლობა, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ყველა ღონე იხმაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესის სრულყოფის მიზნით.

დავით ზალკალიანი ამერიკული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 16:04
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ანგრიშს ეხმაურება. სადაც საუბარია, რომ საქართველომ შესაძლოა დასავლური ორიენტაციით სვლა შეაჩეროს. „ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, სადაც მისი მხირდან იყო მკაფიოდ ხაზგასმული, ეს დოკუმენტი და ეს განხილვა უნდა იყოს ჩვენი მხრიდან აღქმული იმ მიმართულებით, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ყურადღების მიქცევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ქვეყნის გარედან,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ენერგეტიკის მინისტრი დავით ზალკალიანს ღირსეულ პიროვნებად ახასიათებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 იანვარი 2016 14:33

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება.

ენერგეტიკის მინისტრი ზალკალიანს ღირსეულ პიროვნებად ახასიათებს.

„დათო არის უაღრესად პატიოსანი ადამიანი, ღირსეული პიროვნება,” - აღნიშნავს კახა კალაძე.  

მიუხედევად ამისა, კალაძე თავისუფალი დემოკრატების მიერ ოპოზიციაში წასვლას იხსენებს და აცხადებს, რომ დავით ზალკალიანმა მის მიერ მაშინ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებები უნდა გააკეთოს.

„ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვა კოალიცია და ვფიქრობ, სწორი იქნებას, ამ განცხადებებზე მან განმარტებები გააკეთოს,“ - აცხადებს კახა კალაძე. 

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იბრუნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 18:32

დავით ზალკალიანია საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრუნდება. იგი მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, ზალკალიანმა შემოთავაზება გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო.

"პრემიერმა შესთავაზა მას ეს თანამდებობა. ვფიქრობ, ახალი პრემიერის ეს ნაბიჯი გვიჩნევებს, რომ ის ორიენტირებულია პროფესიონალ კადრებზე", - ამბობს დოლიძე.

თავისუფალი დემოკრატები არ დაიშლება-ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 12:47

თავისუფალი დემოკრატები დავით ზალკალიანმა დატოვა, - ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ თავად დაადასტურა. 

ალასანიას ინფორმაციით საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ პარტია დატოვა და ის სამუშაოდ ერთ-ერთ ფონდში გადავიდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავისუფალ დემოკრატებს სხვა წევრებიც ტოვებენ, ალასანიამ არ დაადასტურა. 

"ნუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ თავისუფალი დემოკრატები დაიშლება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მზადებას არჩევნებისთვის,"- აცხადებს ირაკლი ალასანია. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს განცხადება მცხეთაში გააკეთა. ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური