"ნიუ ორლეანთან" მარცხიან მატჩში ფაჩულია დალასელთაგან საუკეთესო იყო

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 03 იანვარი 2016 11:03

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - ზაზა ფაჩულიას ჩვეულად ქცეული ულუფის შესასრულებლად მცირედი დააკლდა, თუმცა საერთო შედეგიანობით ქართველი ცენტრი „ნიუ ორლეანთან“ დალასში 98:105 წაგებულ მატჩში თავის გუნდში საუკეთესო იყო.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ვესლი მეთიუზთან ერთად მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი - 35 წუთი გაატარა. ზაზამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია. კარიერის საუკეთესო შედეგი კი 5 ერთეულს შეადგენს.
დალასელთაგან ყველაზე მეტი - 24 ქულა დირკ ნოვიცკიმ მოაგროვა, თუმცა გერმანელ სუპერვარსკვლავს სხვა კომპონენტებში ჰქონდა შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა და შესაბამისად, შედეგიანობით ადგილი ფაჩულიას შემდეგ დაიკავა. ასევე იყო ვესლი მეთიუზიც, რომელმაც 18 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ნიუორლეანელთა შორის საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომელმაც 31 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა, ომერ აშიკმა შეხვედრა 1 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა.
19 მოგებითა და 15 წაგებით „დალასს“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი მყარად უჭირავს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ დალასში, ჩვენი დროით 5 იანვრის გარიჟრაჟზე, „საკრამენტო კინგსთან“ ელის.

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი-აქცია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 14:20

29 დეკემბერს  20:00 საათზე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება მატჩი-აქცია ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად. საქართველოს ნაკრების ცენტრი მონაწილეობას იღებს გამოკითხვაში, რომელმაც NBA-ის სასტარტო ხუთეულების წევრები უნდა დაასახელოს. მთელი საქართველო ზაზას მხარს უჭერს.

აქციის ორგანიზატორია დეველოპერული კომპანია Royal Group და საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგა. აქციის მხარდამჭერები არიან სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, მაღაზია GURU და კომპანიაPSM.

 მატჩში მიიღებენ მონაწილეობას სპორტული მედიის წარმომადგენლები. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი. იქნება სამახსოვრო პრიზები და გათამაშებები.



ფაჩულიას 10 ქულა, 18 მოხსნა და სეზონის მე-15 ორმაგი დუბლი "მემფისთან" მოგებულ მატჩში

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 12:24

ზაზა ფაჩულიას მორიგი დიდებული მატჩი. დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მუდმივ მეზობელ „მემფის გრიზლისთან“ მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 ქულასთან ერთად 18 მოხსნა მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვებაში ხომ დიდად დაეხმარა, პირად ანგარიშზე სეზონის მე-15 ორმაგი დუბლი ჩაიწერა და ლიდერთა შორის დაბრუნდა.
ბოლო მატჩებია „დალასი“ და „მემფისი“ ცხრილში თანაბრად მიდიან. დღევანდელ მატჩამდეც ორივე გუნდი ცხრილში გვერდი-გვერდ იყვნენ. პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში ფაჩულიამ თავი ისახელა და 18 მოხსნით ფარზე საკუთარი დომინირება დაადასტურა. ზაზას და ტეხასური გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეების მეოხებით „დალასმა“ შეხვედრა 97:88 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილიდან „მემფისი“ ჩააჩოჩა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 12-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრი შეუდარებელი იყო ფარქვეშ და აცილებულ ბურთებს იშვიათად თუ ვინმეს ანებებდა. მოპოვებულ 10 ქულას ზაზამ გამორჩეულად ბევრი - 18 მოხსნა მოხსნა მოაყოლა, რაც ამ მატჩში მემფისელთა საუკეთესო 2 მომხსნელის ერთად აღებულ მონაგარზე მეტია. „გრიზლისში“ ყველაზე მეტი მოხსნა მარკ გასოლმა და ზაკ რენდოლფმა მოაგროვეს. თითოეულმა 8 ბურთი მოხსნა.
რაკი ფარქვეშ ფაჩულიას სახით საიმედო ბურჯი ჰყავდათ, დალასელებმა მეტოქე პერიმეტრიდან „დაბომბეს“ და საბოლოოდ საქმე იოლად მოუთავეს. ქართველ ცენტრს 10 ქულასა და 18 მოხსნასთან ერთად თითო პასი და ჩაჭრა ჰქონდა.  დასალელთა სხვა ლიდერთაგან 20 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა, 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი ჩენდლერ პერსონსმა მიითვალა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
15 მოგებითა და 12 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გამყარდა. მომდევნო ჯახი კი ფაჩულიას გუნდს ჩვენი დროით 23 დეკემბრის გარიჟრაჟზე, ტორონტოში „რეპტორსთან“ ელის. სწორედ ტორონტოში უნდა გაიმართოს 14 თებერვალს ნბა-ს ოლ სტარი, სადაც თამაშის შანსი ზაზა ფაჩულიასაც აქვს.
„მემფისთან“ მატჩის წინ ოლ სტარის გამოკითხვაში დალასელი ლიდერებისთვის მხარდასაჭერი ბანერებით იყო გავსებული „ამერიქან აირლაინ ცენთერის“ სავარძლები. შეგახსენებთ ნბა-ს ოლ სტარში ხმის მიცემის პროცედურას:
შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას. თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://secure.nba.com/membership/user/register/
ხმის მიცემა შესაძლებელი ფეისბუქიდანაც. პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #NBAVote და ვაბამთ მხარდასაჭერი კალათბურთელის სახელს და გვარს - ამ შემთხვევაში ზაზა ფაჩულიას. ანუ ჩვენი სტატუსი შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: #NBAVote zaza pachulia
ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც.
ორმაგ დუბლებს რაც შეეხება, ფაჩულია კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფება. ქართველ ცენტრს 2 დღის წინ ნიუორლეანელმა სუპერვარსკვლავმა ენტონი დევისმა გადაასწრო, თუმცა დღევანდელი ორმაგით ზაზა დევისსს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა.

ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას!

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:01

ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთულების შესარჩვი გამოკითხვა დაიწყო. რიგით 65-ე ოლ სტარი პირველად ჩატარდება ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ და მას კანადური ტორონტო უმასპინძლებს. ეს ქალაქი კანადის კია, თუმცა ნბა-ს ფერხულში აქტიურადაა ჩაბმული და უკვე 20 წელია, ამერიკის ნაციონალურ საკალათურთო ასოციაციაში „რეპტორსის“ სახელით გუნდი გამოჰყავს.

ნბა-ს ერთადერთი მოქმედი ქართველი მოთამაშე ზაზა ფაჩულია, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, გამოკითხვაში დასავლეთ კონფერენციის ცენტრებშია წარმოდგენილი. ნებისმიერ მსურველს, რომელიც ნბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა დარეგისტრირებული (ან დარეგისტრირდება), შესაძლებლობა აქვს, მხარი დაუჭიროს ქართველ კალათბურთელს.

ზაზასთან ერთად საჭიროა კიდევ 9 კალათბურთელი შევარჩიოთ და მივცეთ ხმა. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის შედეგად მხოლოდ ხუთულები შეირჩევა, ხოლო ყველა ვარსკვლავის მატჩის დარჩენილ 14 (7-7 თითო გუნდიდან) მოთამაშეს  მწვრთნელები შეარჩევენ.

ყველა ვარსკვლავის მატჩი 2016 წლის 14 თებერვალს, ტორონტოს "ეარ კანადა სენთერი" უმასპინძლებს.

შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbarდა მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.

თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე:https://secure.nba.com/membership/user/register/

ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდანაც. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ zaza pachulia და ვაბამთ #nbavote. ანუ შემდეგნაირად: zaza pachulia #nbavote და ამ ტექსტს ვფოსტავთ ფეისბუქის სტატუსად. 

ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც. 

ზაზა ფაჩულიას შედეგიანი თამაში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:26

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

პირველ ნოემბერს ფაჩულიას "დალას მავერიქსი", "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და 103:93 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და ორმაგი დუბლი მიითვალა - 29 წუთში, 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

დალასელთაგან საუკეთესო დირკ ნოვიცკი იყო 25 ქულით, 9 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით. "დალასი" მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს საკუთარ მოედანზე "ტორონტოსთან" გამართავს.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ახალი სეზონი ორმაგი დუბლით და გამარჯვებით გახსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 11:43

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი "დალასში" დებიუტი წარმატებული თამაშით გახსნა.
29 ოქტომბერს, თბილისის დროით გამთენიას, ფაჩულიამ სადებიუტო ოფიციალური მატჩი ჩაატარა - "დალასი" NBA-ს სეზონის პირველი თამაში სტუმრად "ფინიქსს" შეხვდა და ანგარიშით 111:95 (24:22, 30:23, 34:21, 23:29) გაიმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი დაჰყო და მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა . მის ანგარიშზე 10-10 ქულა და მოხსნაა. ზაზამ 10-იდან 2 ორქულიანი და 6-იდან 6 საჯარიმო ჩააგდო, რასაც სამი შედეგიანი პასიც დაუმატა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი მისი ახალი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო.
მომდევნო მატჩს "დალასი" სტუმრად "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ხვალ გამართავს.
31 წლის ზაზა ფაჩულიასთვის მიმდინარე სეზონი მე-13-ა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სადაც ქართველი ცენტრი 2003 წლიდან თამაშობს.
"დალას მავერიქსი" ზაზასთვის მე-4 გუნდია, "დალასში" გადასვლამდე ფაჩულია "ორლანდო მეჯიქში", "ატლანტა ჰოუქსში" და "მილუოკი ბაქსში" თამაშობდა.

საქართველოს ნაკრები ლიტვასთან ბრძოლაში დამარცხდა და ევრობასკეტს ღირსეულად დაემშვიდობა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 01:11

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად ემშვიდობება. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში ტოლი არაფერში დაუდო ტურნირის მოქმედ ვერცხლის პრიზიორ ლიტვას და თანაბარ, ღირსეულ ბრძოლაში - 81:85 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა არსებობის მანძილზე პირველად ითამაშა ევროპირველობის პლეი ოფში და ცოტა დააკლდა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად.
მატჩის პირველ მეითხედში საქართველომ ტოლი არაფერში დაუდო ძლიერ მეტოქეს. ქართველები დალაგებულად თამაშობდნენ დაცვაში, შეტევაში კი სწრაფად გადადიოდნენ და კომბინარებულად უტევდნენ. ლიტველებს თავიდან ფარქვეშ წაუვიდათ თამაში, რასაც ჩვენი ნაკრების ჯარიმები მოჰყვა და ლიტველებმა პირველ მეოთხედში 8 საჯარიმო ესროლეს. ქართველებს კი არც ერთხელ უსვრიათ საჯარიმო, თუმცა შესანიშნავად ლაშქრავდნენ მეტოქის კალათს ახლო და შორი მანძილებიდან, რისი წყალობითაც პირველი მეოთხედი 20:17 მოიგეს.
ქართველებმა პირველ მეოთხედში 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდეს, ხოლო პერიმეტრსშიგნიდან გაცილებით ზუსტად უტევდნენ - 10-დან 7 ორიანი ჩააგდეს და ამის წყალობით ლიდერობდნენ კიდეც. მეორე პერიოდიდან ლიტველებმა საქმე ვერ გამოაკეთეს. ზაზა ფაჩულიამ ფარქვეშ პოზიციები გაიმაგრა და ერთ-ერთ შეტევისას იონას ვალანჩუნასს მე-3 ჯარიმა აჰკიდა. ზაზამ ეგრედ წოდებული „ენდ ვანი“ ჩააგდო და ქართველების პირველ ტაიმის სარეკორდო უპირატესობაც დაფიქსირდა - 33:24 მეორე პერიოდის მე-5 წუთისთვის.
ლიტვის ნაკრები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ზონურ დაცვაზე გადაეწყო, რამაც გაამართლა. ქართველები ვერ ახერხებდნენ საჯარიმოში შესვლას, ხოლო შორი სროლები ვერ გამოიყენეს. სიტველებმა ამით ისარგებლეს და სწრაფი შეტევებით ჩანმორჩენა შეამცირეს. დიდი შესვენებისთვის საქართველოს 9-ქულიანი ლიდერობიდან 1 ქულა დარჩა - 40:39.
მეორე ტაიმი ლიტველებმა შედეგიანად დაიწყეს და ის , რაც მთელი პირველი ტაიმი არ გამოსდიოდათ, საწყისწუთებშივე მოახერხეს. კალნიეტისის და მასიულისის ქულებით ბალტიელები 7:0 გაიქცნენ და 46:40 დაწინაურდნენ. ქართველების პასუხი უკეთესი იყო - სანიკიძის 5 ქულით და ფაჩულიას ორიანით ქართველებმა ლიდერობა დაიბრუნეს - 47:46. ამით თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. ზაზა ფაჩულიამ 2 ზუსტი შორეული ორქულიანი ჩააგდო, რასაც გიორგი ცინცაძის ულამაზესი პასი მოჰყვა მარკოიშვილის მისამართით და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3,30 წუთით ადრე საქართველო 6 ქულით დაწინაურდა - 55:49. ლიტველებმა ეს უპირატესობაც გაგვიბათილეს და მასიულის-კუზმინსკასის შედეგიანობით ისევ 1 ქულამდე მოგვიახლოვდნენ. ქართველებს შეეძლოთ ხელჩასაჭიდი ლიდერობით დაესრულებინათ მესამე პერიოდი, მაგრამ.. ბოლო წუთზე შეტევაში შეცდომების გამო 6-ქულიანი ლიდერობა გაანიავეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ მხოლოდ 1 ქულას იგებდნენ - 62:61.
ბოლო პერიოდში საქართველოსთვის ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. თორნიკე შენგელიამ მე-4 პერსონალური მიიღო თორნიკე შენგელიამ და სანამ მოედნიდან გავიდოდა, მსაჯებმა მეხუთეთიც დააჯარიმეს და ქართველებს ერთ-ერთი მთავარი იმედი თამაშის დასრულებამდე 7,30 წუთით ადრე გამოაკლდათ. ლიტეველებმა ამ მომენტში ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა ქართველები არ გატყდნენ და შეხვედრა ბოლო წუთებამდე თანაბრად გაგრძელდა.
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო წუთებზე 2 გაცუდებული შეტევა, რაც ლიტველებმა არ გვაპატიეს და ზუსტი შეტევებით მატჩის დასრულებამდე 1:48 წუთით ადრე უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს - 79:71. საბოლოოდ საქართველომ ვერ მოახერხა მატჩის შემოტრიალება და მატჩს, რომელსაც მეტოქეზე მეტ ხანს იგებდა, დასანანად წააგო.ქართველებმა 8-ქულიანი ჩამორჩენა საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე 1 ქულამდე შეამცირეს და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ლიტველთა ამ მატჩის გმირმა იონას მასიულასმა შორეული სამქულიანი ჩააგდო და ბალტიელთა ლიდერობა 4 ქულამდე გაზარდა. ჯეიკობ პულენმა დასრულებამდე 7 წამით ადრე საჯარიმოებით 81:83 გახადა ანგარიში, მაგრამ გამოცდილმა ლიტველებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს - 85:81.

თბილისის მერიის თასი იტალიამ მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 17 აგვისტო 2015 00:36

თბილისის მერიის ტურნირი იტალიის ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სიმონე პიანიჯანის გაწვრთნილმა სკუადრა აძურიმ საქართველოს ეროვნულ გუნდს 87:67 მოუგო და გამარჯვებულისთვის დაწესებული საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძისა და თბილისის მერის მოადგილე ლევან ლექვინაძისგან ჩაიბარა.

იტალიის ნაკრებმა მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა. პიანიჯანის გუნდი დაცვაშიც კარგად თამაშობდა და შეტევაშიც. სტუმრები თითქმის უშეცდომოდ ესროდნენ როგორც ახლო, ისე შორი დისტანციებიდან. თვის მხრივ ქართველებიც შედეგიანად უტევდნენ და პირველ ტაიმში საკმაოდ ბევრი - 40 ქულა ჩააგდეს, თუმცა მეტოქე მეტი შედეგიანობით გამოირჩა და დიდი შესვენებისთვის 52:40 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. იტალიელები შედეგიან თამაშს აგრძელებდნენ და სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ნაკრებს ჰქონდა დადებითი ეპიზოდები და ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა 10 ქულაზე დაბლა იტალიელთა ლიდერობა არ ჩამოსულა.

მატჩი ისე დასრულდა, იტალიელთა მოგებას საფრთხე არ დამუქრებია. საბოლოოდ სკუადრა აძურამ 20 ქულის სხვაობით მოიგო და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გახდა. სტუმრებს ალესანდრო ჯენტილემ 20 ქულით ულიდერა, 17 ქულა ჩააგდო დანილო გალინარიმ, ხოლო ლუიჯი დატომეს ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი ზაზა ფაჩულია გახდა, რომელმაც 21 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა გიორგი ცინცაძემ, მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე კი 9 ქულა დაგროვდა. ორმაგ დუბლს მიუახლოვდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 10 მოხსნა და 8 ქულა მიითვალა.

მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მეორე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები ვეტერანმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ სამახსოვრო პრიზი დააწესა, რომელიც იტალიელთა ერთ-ერთ ლიდერ დანილო გალინარის აღნიშნული კომპანიის პრეზიდენტმა დავით გიორგობიანმა გადასცა.

 

 
გვერდი 5/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური