ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" გადავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 10:45

ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ერთადერთი მოქმედი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც გასული სეზონი „დალას მავერიკსში“ გაატარა, რამდენიმე საათის წინ „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ გადავიდა. ის დათანხმდა ოკლენდელთა შეთავაზებას, რაც ერთწლიან ხელშეკრულებას და 2,9 მილიონ დოლარს გულისხმობს.

2015 წლის ჩემპიონი და აწ დასრულებულ სეზონში "კლივლენდთან" ტიტულის ბოლო წამს დამთმობი „გოლდენ სტეიტი“ ერთიორად გაძლიერდა, რაც „ოკლაჰომა სიტიდან“ კევინ დიურანტი გადაიბირა. გოლდენსტეიტელებმა შეინარჩუნეს სტეფ კარი, ანდრე იგუდალა, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი - ანუ ყველა ძლიერი მოთამაშე, რომლებსაც დიურანტისა და ფაჩულიას დამატება მომავალ სეზონში ტიტულის მოგების უპირველეს კანდიდატად აქცევს.

რაც ყველაზე საინტერესოა, დიდი შანსია, ზაზა „გოლდენ სტეიტის“ ძირითადი ცენტრი გახდეს. ამ ეტაპზე გუნდში არავინ ირიცხება ისეთი, ცენტრის პოზიციაზე ფაჩულიას კონკურენცია რომ გაუწიოს. გუნდი დატოვა ავსტრალიელმა გოლიათმა - ანდრე ბოგატმა, ხოლო ოკლენდურ გუნდში დარჩენილი ცენტრები - მარის სპეიტსი და ფესტუს ეზელი არც ფაჩულიას დონისანი არიან და არც ზაზას დარი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

ფაჩულიასთვის გასული სეზონი მის 13-წლიან კარიერაში საუკეთესო იყო. ზაზა ოლ სტარამდე დალასელთა გუნდში საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებდა და ყველა ვარსკვავის მატჩში მოხვედრამდე ძალიან მცირედი დააკლდა. ოლ სტარის შემდეგ მას სათამაშო დრო შეუმცირდა და ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლებიც ორმაგ ნიშნულს ჩამოსცდა. ქართველმა ცენტრმა სეზონი საშუალოდ 8.6 ქულითა და 9.4 მოხსნით დაასრულა და „დალასში“ „მილუოკიდან“ გამოყოლილი 4-წლიანი კონტრაქტიც ამოეწურა. ზაზას თავისუფალი აგენტობა დიდ ხანს არ გაგრძელებია და ის დღეიდან კევინ დიურანტთან, სტეფ კარისთან და კლეი ტომპსონთან ერთად ნბა-ს 2016-17 წლების სეზონში ჩემპიონობის მოგების უმთავრესი პრეტენდენტია.

 

 

ფაჩულიამ სეზონი სამმაგი დუბლის ზღვარზე, რეკორდული 9 პასით დაასრულა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 26 აპრილი 2016 14:19

2015- 2016 წლების სეზონი ზაზა ფაჩულიამ სარეკორდო და თავისთავად გამორჩეული შედეგით დაასრულა. „დალას მავერიკსის“ ქართველი ცენტრი „ოკლაჰომასთან“ საპლეიოფო სერიის მე-5 მატჩში სამმაგ დუბლამდე მივიდა - ფაჩულიამ 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რაც მის პლეი ოფის შეხვედრაში მისი სარეკორდო შედეგია.

„დალასმა“ ფავორიტად მიჩნეულ და სერიაში 3:1 დაწინაურებულ „სანდერთან“ მე-5 მატჩი 104:118 წაგო და სერიასთან ერთად სეზონიც დაასრულა. ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში - 32 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

დირკ ნოვიცკიმ 24 ქულა მიითვალა, დუაიტ პუელმა - 16, ხოლო ჯასტინ ანდერსონის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. გამარჯვებუებს ტრადიციულად ორმა აღიარებულმა ლიდერმა ულიდერა - რასელ ვესტბრუკმა 26 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, ხოლო კევინ დიურანტმა - 33 ქულა.

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გასული „ოკლაჰომა“ „სან ანტონიოს“ შეხვდება. სერიის პირველი მატჩი მომავალ შაბათს გაიმართება.

 

ფაჩულიას "დალასმა" ოკლაჰომაში გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 16:13

პირველ მატჩში 38 ქულით წაგებისა და პირადსაკლუბო ანტირეკორდების დამყარების შემდეგ დალასელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, ბობოქარ „სანდერს“ მისსავე გუშემატკივრებით სავსე ტრიბუნების წინ არაფერი დაუთმეს და ოკლაჰომა სიტიდან გამარჯვება წამოიღეს.

დრამატულ, უდაძაბულეს მატჩში ზაზა ფაჩულიას გუნდმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგებამ დალასელებს მოედნის უპირატესობა მოუტანა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1 და მომდევნო 2 შეხვედრა დალასში - 22 და 24 აპრილს გაიმართება.

მატჩი ძალიან დაძაბული იყო, რომლის ფინალური წუთებიც დრამატიზმით სავსე გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძები 78:71 იგებდნენ, თუმცა ტეხასელები არ დანებდნენ და ვესლი მეთიუზის, სალაჰ მეჯრის და რეიმონდ ფელტონის ქულებით 79:78 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა და საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე მეთიუზის ორქულიანით დალასელები 85:81 გალიდერდნენ.

დასრულებამდე 9 წამით ადრე კევინ დიურანტი სამქულიანით მინიმუმამდე ამცირებს ჩამორჩენას, ფელტონი კი საპასუხო შეტევაში ორივე საჯარიმოს აცილებს და ოკლაჰომელებს 7 წამი რჩებათ. სწრაფ შეტევაში ჯერ დიურანს უფარებს დალასელი ჯასტინ ანდერსონი, თუმცა ბურთს რასელ ვესტბრუკი ეუფლება და ისიც აცილებს. მესამე ცდა, რომელიც სტივ ადამსმა შეასრულა, წარმატებული აღმოჩნდა და საფინალო სირენის შემდეგ ოკლაჰომელები გამარჯვებას ზეიმობენ. ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდეოგადახვევამ აჩვენა, რომ სტივ ადამსს ბურთი ჯერაც ხელში უჭირავს, საფინალო სირენა რომ გაისმის.

ქართველმა ლეგიონერმა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო. ზაზა ფაჩულია ძირითადად დაცვითი კუთხით გამოირჩეოდა და მეტოქე ცენტრებს ზღუდავდა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 6 მოხსნით და 1 ჩჭრით დაასრულა. დალასელთა მეორე ცენტრი, ტურნისელი სალაჰ მეჯრი მოედანზე 28 წუთი იმყოფებოდა და თავი 12 ქულას მოუყარა. ყველაზე შედეგიანი ფელტონი გახლდათ 21 ქულა - 11 მოხსნით, დირკ ნოვიცკის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.

რეგულარულ ჩემპიონატში გალაღებულმა ოკლაჰომას ლიდერებმა დიდი ვერაფერი შედეგიანობა აჩვენეს. დიურანტმა 21 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რასელ ვესტბრუკმა კი 19 ქულას 14 მოხსნა მოაყოლა.

 

ზაზა ფაჩულიას “დალასი“ პლეი ოფში ითამაშებს!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 11:14

რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი „დალას მავერიკსმა" სოლტ ლეიკ სიტიში „იუტას" მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დალასელები პლეი ოფის პირველ წრეში ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „სან ანტონიოს" შეხვდებიან.

იუტაში გამართული მატჩი ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობის იყო. იუტელთათვის საერთოდ ყოფნა-არყოფნის გახლდათ, რადგანაც წაგების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს ფაქტობრივად კარგავდნენ. ასეთ შემთხვევაში „ჯაზმენები" საკუთარ თავზე აღარ იქნებოდნენ დამოკიდებულნი, რადგან კონკურენტმა „ჰიუსტონმა" მინესოტაში იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში „საკრამენტოს" ძლევა ჰიუსტონელებს პლეი ოფში გასასვლელ ბოლო საგზურს უნაღდებდა. დალასელებს რომ წაეგოთ, ბოლო მატჩში „სან ანტონიოს" ხვდებოდნენ და ასეთ მონსტრთან გამარჯვების მოპოვება ურთულესი საქმე იქნებოდა.

ერთი სიტყვით, შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ქართველი გულშემატკივრების გასახარად, რომლებიც დალასელებს ფაჩულიას ხათრით ქომაგობენ, „მავერიკსმა" 101:92 იმარჯვა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. 4-დან 3 მეოთხედი დალასელებმა 2-2 ქულით მოიგეს, ხოლო ერთში მეტოქეს 3 ქულით აჯობეს.

დალასელებს გამარჯვებისკენ დირკ ნოვიცკი გაუძღვა. ვეტერანმა გერმანელმა კალათბურთელმა 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 23 ქულა მიაშველა ტეხასელებს ექსიუტელმა დერონ უილიამსმა, ხოლო ვესლი მეთიუზმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშა და თავი 5 ქულას, 9 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სათადარიგო ცენტრმა სალაჰ მეჯრიმ 16 წუთში 7 ქულა დააგროვა. „იუტაში" 26 ქულით ბომბარდირი გორდან ჰეივარდი გახდა, თუმც მას მიზანი აერია და 9-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.

„დალასს" 42 გამარჯვების წილ 39 მარცხი აქვს და როგორც ვთქვით, დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში, 14 აპრილს, სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომცემ მატჩში ფაჩულიას გუნდი „სან ანტონიოს" უმასპინძლებს. შეხვედრას უფრო დაზვერვითი ასიათი ექნება, რადგან სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს პლეი ოფის პირველ წრეში.

ფაჩულიას 5 წუთი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:10

„დალას მავერიკსმა“ დრამატული მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „პორტლენდს“ უმასპინძა და დამატებით დროში 132:120 დაამარცხა.

37 წლის დირკ ნოვიცკიმ ოვერტაიმში ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 40 ქულა მიითვალა და დალასელებს გაამარჯვებინა. 31 ქულა და 16 პასი გაიღო დერონ უილიამსმა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ახალბედა ცენტრმა, ტუნისელმა სალაჰ მეჯრიმ, რომელმაც 32 წუთში 13 ქულა, 14 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა.

გასულ 3 მატჩში სათადარიგოდ ყოფნის შემდეგ ფაჩულია სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 2 აცილებული ორქულიანით დაასრულა.

35-35 მოგებ-წაგებით „დალასი“ „ჰიუსტონთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციაში 7-8 ადგილებს იყოფს. მე-6 საფეხურზე „პორტლენდია“, რომელსაც 1 მოგებით მეტი გააჩნია. შემდეგ მატჩს ფაჩულიას გუნდი ისევ „პორტლენდთან“, 24 მარტს, სტუმრად გამართავს.

 

ფაჩულიას 6 ქულა და 6 მოხსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 04 მარტი 2016 15:07

„დასალ მავერისკმა“ „საკრამენტო კინგსთან“ 22-მატჩიანი საშინაო წარმატებული სერია შეწყვიტა. გასულ იანვარში ამ გუნდების დალასური მატჩი მასპინძლებმა დრამატულ ბრძოლაში მოიგეს, როცა ეორე ოვერტაიმში 10 ქულით ჩამორჩენილებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და წარმატებული სერია 22 მოგებამდე გაზარდეს. ამჯერად დალასელებმა ვერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში - 101:104 დათმეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 ქუთი გაატარა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და მატჩი 6 ქულით, 6 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. ფაჩულიას საკრამენტოელმა ოპონენტმა დემარკუს ქაზენსმა 36 წუთში 22 ქულა13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „დალასში“ 28 ქულით საუკეთესო ჩენდლერ პერსონსი გახლდათ, დირკ ნოვიცკიმ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. ერთადერთი დალასელი, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა დევიდ ლი იყო, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

33 მოგებითა და 29 მარცხით „დალასი“ დასაველთ კონფერენციაში 6-7 ადგილებს „პორტლენდთან“ იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს დენვერში, 7 მარტს ელის.

ზაზა ფაჩულიას 24-ე ორმაგი დუბლი NBA-ში

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 13:14

აქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 24-ე ორმაგი დუბლი შეასრულა. 

„დალას მავერიკსის" ქართველმა ცენტრმა „ორლანდო მეჯიქთან" მატჩში 17 ქულა და 10 მოხნა მოაგროვა, რითაც ტეხასური გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო.

„დალასი" აგრძელებს წარმატებული მატჩების სერიას. ტეხასელებმა „ორლანდოს" 121:108 ძლევით ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს. ფაჩულიას პაექრობა მოუწია ორლანდოელთა მონტენეგროელ ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩთან, რომელსაც ფრთები გვარიანად შეუკვეცა. ვუჩევიჩი ბოლო მატჩებში 20 ქულაზე ნაკლებს არ იხვეჭდა და ფარქვეშ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. „დალასთან" ვუჩევიჩი 18 ქულას და 7 მოხსნას დასჯერდა, რითაც ორლნდოელებს წარმატების შანსი მინიმუმამდე შეუმცირდათ.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთად ზაზამ 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიას მსგავსად 17-17 ქულა მოაგროვეს ჩანდლერ პერსონსმა და ჯეიჯეი ბარეამ. 21 ქულით ბომბარდირი ვესლი მეთიუზი გახდა, დირკ ნოვიცნის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.

„დალასი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პორტლენდთან იყოფს 6-7 ადგილებს. ორივე გუნდს 33 მოგება და 28 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩი 4 მარტს დალასში, „საკრამენტოსთან" გამართავს.

მესის საჩუქარი ზაზა ფაჩულიას

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 18:19

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავისგან ზაზა ფაჩულიამ საჩუქარი მიიღო.  "ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და "დალას მავერიკსის“ კალათბურთელს თავისი მაისური უსახსოვრა, რომელსაც თან ავტოგრაფიც აქვს.

"დიახ, ეს ნამდვილია," - წერს სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულია.  

სეზონის 22-ე ორმაგ დუბლამდე ფაჩულიას 1 ქულა დააკლდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 14:45

ზაზა ფაჩულიას სეზონის 22-ე ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა, თუმცა მისი შედეგიანობით „დალასმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტეხასურმა გუნდმა „ფინიქს სანსს“ უმასპინძლა და 91:78 დაამარცხა.

დირკ ნოვიცკის არ უთამაშია. ის დალასელთა მწვრთნელმა დაასვენა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36 წუთში 9 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი დალასელთაგან დერონ უილიამსმა დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა ჩენდლერ პერსონსმა.

„დალას მავერიკსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მიმდინარე სეზონის 50 მატჩიდან ფაჩულიას გუნდმა 28 მოიგო. მომდევნო შეხვედრას ტეხასელები ჯორჯიის შტატში გამართავენ, სადაც 2 თებერვალს ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ „ატლანტას“ დაუპირისპირდებიან.

საბოლოოდ, ზაზა ფაჩულია all star-ის მატჩში ვერ ითამაშებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 10:27

გულშემატკივრის თავდადებული ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "დალას მავერიკსის“ კალათბურთელი  ზაზა ფაჩულია NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში ვერ ითამაშებს.  ხმის მიცემის დასრულების სემდეგ, რჩემოდა მცირე შანსი, რომ ქართველი მწვრთნელთა სარეზერვო სიაში მოხვდებოდა. 

28 იანვარს NBA-ს მწვრთნელებმა მიერ შერჩეულ all star-ის მატჩში მონაწილე სათადარიგო  მოთამაშეები დაასახელეს, სადაც ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა.

დასავლეთის კონფრენციაში  შემდეგი კალათბურთელები შეარჩიეს: კრის პოლი, ჯეიმს ჰარდენი, დრეიმონდ გრინი, ენტონი დევისი, კლეი თომპსონი, დემარკუს კაზინსი და ლამარკუს ოლდრიჯი.
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში გასვლამდე 14 000 ხმა დააკლდა. 

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 14 თებერვალს ტორონტოში ჩატარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური