ფაჩულია All-Star-ის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, მაგრამ შანსი არსებობს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 11:48

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 2017 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში 1 528 941 ხმა (!) მიიღო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა, თუმცა, გამოკითხვის ახალი ფორმატის თანახმად, მაინც სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ქართველი ცენტრი ნბა-ს მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა დააღალატეს, რომელთაც ზაზას, შესაბამისად, მე-12 და მე-10 ადგილები მიუჩინეს. შედეგად, ფაჩულიას კოეფიციენტი 6.25-ს გაუტოლდა და ის დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ცხადია, ეს ქართველი კალათბურთელისთვის მაინც დიდი წარმატებაა, რადგანაც ის კონფერენციაში მხოლოდ დურანტს, კავაინ ლეონარდს, ენტონი დევისს, დემარკუს კაზინსსა და დრეიმონდ გრინს ჩამორჩა, უკან კი მარკ გასოლი, კარლ-ენტონი თაუნსი, ლამარკის ოლდრიჯი და დეანდრე ჯორდანი მოიტოვა.
ზაზას “ოლ სტარში” მოხვედრის შანსი ჯერაც აქვს, თუკი, მას დასავლეთ კონფერენციის გუნდის თავკაცი, რომელიც “გოლდენ სტეიტში” მისივე დამრიგებელი სტივე კერი იქნება, მას სათადარიგოთა შორის დაასახელებს.

  გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთ კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროზანი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანტეტოკოუნმპო, ჯიმი ბატლერი.

 დასავლეთ კონფერენცია

ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

 

ფაჩულიას გამარჯვება ჩემპიონ "კლივლენდთან"

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 15:09

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ბოლო წლების მთავარ მეტოქეს უმასპინძლა და ისე მოუგო, შანსი არ დაუტოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდ კავალერსი“ 126:91 გაანადგურა, ქართველი ლეგიონერი კი ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მოზიარე იყო. ფაჩულია თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად მატჩის საუკეთესო მომხსნელი გახდა - ზაზას არ ჰყავდა კონკურენტი ფარზე - მან 13 მოხსნა 21 წუთში მოიპოვა.

„გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდთან“ გასული სეზონის ფინალური სერია თადმა, ხოლო 25 დეკემბერს კლივლებდში ბოლო წამებზე 108:109 დამარცხდა. დღევანდელი გამარჯვება იყო სრული რევანში გასული წაგებებისთვის. ოკლენდელებმა მოქმედი ჩემპიონი 35 ქულის სხვაობით დაამარცხეს.

ზაზა ფაჩულიამ 13 მნოხსნა მოიპოვა, რითაც თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად მატჩის საუკეთესო მეფარე გახდა. ზაზამ სასტარტო ხუთეულში - 21 წუთი ითამაშა და ნახსენებ 13 მოხსნასთან ერთად 4 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველ ცენტრს მეტოქე მეფარეებიდან კონკურენტი არ ჰყავდა. ფაჩულიამ მატჩის უმეტესი მოხსნა მიითვალა თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად.

 „გოლდენ სტეიტმა“ უშუალო კონკურენტის ძლევით კიდევ უფრო გაიმყარა დასავლეთ კონფერენციისაა და სრულიან ნბა-ს ლიდერობა. 35 მოგებითა და 6 მარცხით ოკლენდელები საუკეთესო შედეგს ფლობენ და მორიგ მატჩს 19 იანვარს, სტუმრად „ოკლაჰომასთან“ გამართავენ. 

 

ფაჩულიას მორიგი გამარჯვება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 13 იანვარი 2017 11:24

"გოლდენ სტეიტ უორიორზმა" მორიგი მატჩი მოიგი, ზაზა ფაჩულიამ კი მორიგ მძლავრ ოპონენტთან დაპირისპირება წარმატებით ჩაატარა. ოკლენდელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის კერკეტ წარმომადგენელ "დეტროიტს" უმასპინძლეს, რომლის ლიდერიც გოლიათი ცენტრი ანდრე დრამონდი გახლავთ.  შეხვედრა "გოლდენ სტეიტმა" დამაჯერებლად - 127:107 მოიგო, რაშიც ოკლენდელთა აღიარებულ ლიდერებთან ერთან სოლიდური წვლილი ქართველ ცენტრსაც ეკუთვნის. 

ფაჩულიას სტეფ კარის, კევინ დიურანტისა და კლეი ტომპსონის დარად ქულები უხვად არ მოუხვეჭავს, თუმცა მისმა კარგმა დაცვამ ანდრე დრამონდს პროდუქტულობა შეუზღუდა, ხოლო ქართველის გონივრულმა ბლოკებმა ოკლენდელ მექულეებს სროლების განსახორციელებლად სივრცეები გაუთავისუფლა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბლოკისას, მატჩის მე-5 წუთზე დაშავდა დეტროიტელთა ძირითადი მსროლელი კენტავიუს პოუპი, რომელიც სტეფ კარის მისდევდა და გზად ჩამდგარ ზაზა ფაჩულიას მასიურ ტანს შეეჯახა. პოუპს მხარი დაუშავდა და მოედნიდან რომ გავიდა, აღარც დაბრუნებულა. კარიმ კი ის სროლაც ჩააგდო და ფაჩულიას ბლოკების შემწეობით შემდეგ კიდევ  - არაერთიც.


ზაზა სასტარტო იყო, რისი აღნიშვნაც უკვე აღარცაა საჭირო, რადგან მას ამ სეზონში ყველა შეხვედრა ძირითად ხუთეულში აქვს ნათამაშები. ფაჩულიას სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაეზარდა და თუკი ახალ წლამდე საშუალოდ 17 წუთს აძლევდნენ, იანვარში გამართულ 6 შეხვედრაში ის მოედანზე საშაუალოდ 23 წუთით გადის.

ქართველმა ცენტრმა დაცვაში სიჩაუქეს შეტევაში მოპოვებული 7 ქულა მიამატა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და დრამონდზე განხორციელებული 1 დაფარება მიითვალა. ზაზა 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ორჯერ დაკარგა. რაც შეეხებათ  ოკლენდელ ბომბარდირებს,  დიურანტმა 25 ქულა მოაგროვა, კარიმ - 24 და ტომპსონმა - 23. დეტროიტელმა ანდრე დრამონდმა კი შეხვედრა 12 ქულით, 10 მოხსნით და 6 დაკარგვით დაასრულა.

34 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" ლიგის ლიდერობას განაგრძობს. მორიგი ჯახი ოკლენდელებს სარევანშო აქვთ - 17 იანვარს "კლივლენდს" მასპინძლობენ, რომელთანაც შარშანდელ ფინალში ტიტული, გასულ თვეში კი რეგულარული ჩემპიონატის მატჩი დათმეს (108:109).

 

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ოლ სტრის გამოკითხვაში ლიდერთა შორისაა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 13 იანვარი 2017 11:00

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” მეორე შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია კვლავ მეორე ადგილზეა.საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრ ზაზა ფაჩულიას 823 736 ხმა აქვს და დასავლეთ კონფერენციის წინა ხაზის ლიდერ თანაგუნდელ კევინ დურანტს  163 743 ხმით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში ფაჩულიამ ჯამში 768 112 ხმა მიიღო. როგორც მოგეხსენებათ წელს წესები შეიცვალა და შერჩევაში გულშემატკივრების წილი მხოლოდ 50% იქნება, 25-25%-ანი წილი კი კალათბურთელებსა და ჟურნალისტებს ექნებათ. ხმის მიცემა 16 იანვარს დასრულდება, სასტარტო ხუთეულებს კი 20 იანვარს ტელეკომპანია TNT-ს პირდაპირ ეთერში დაასახელებენ.

ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა, - ზაზა ფაჩულია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 13:22

ზაზა ფაჩულიამს"გოლდენ სტეიტმა" საკრამენტოში "კინგსი" 117:106 დაამაარცხა. მატჩის შემდეგ, ტრადიციულად მატჩის საუკეთესო მოთამაშესთან, რომელიც ზაზა ფაჩულია გახდა, ბლიც ინტერვიუ შედგა:

"საკრამენტოს" ლიდერ დემარკუს კაზინსს მეორე ტაიმში ბევრი არაფერი გამოუვიდა. რა იყო მის წინააღმდეგ კარგად თამაშის გასაღები?

- იგი მაღალი დონის კალათბურთელია, ბურთს ხსნის, შეტევებში კარგად გადადის, საშუალო ტყორცნებსაც მშვენივრად აგდებს, სამქულიანებსაც, კარგად იყენებს "პიკ ენდ როლს". ასეთი კალათბურთელის წინააღმდეგ მთავარია გონივრული თამაში, ბევრი მუშაობა, ძალისმიერი თამაშით საქმის გართულება. თუმცა, ვთვლი, რომ მთელმა გუნდმა კარგად იმუშავა.

- ასეთი სწრაფი, ფიზიკური თამაში ყველასთვის რთულია...

- დარბაზში დიდ დროს ვატარებთ, ზედმეტ წონასაც ვაგდებთ და ვძლიერდებით.

- შეტევაში ძალიან აქტიური იყავი - ხუთი მოხსნა მეტოქის ფარზე. რატომ?

- რატომაც არა?! შეტევებისას ბევრი ბურთი აგვიცდა, მე მათი დაუფლებისთვის ვიბრძოდი.

- მატჩის ყველაზე ეფექტურ მომენტი: დურანტის დაფარება, ფაჩულიას ზურგსუკნიდან პასი, კარის ორქულიანი...

- ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა, უნდა ეცადო ლამაზად განაგრძო თანაგუნდელის ეფექტურად დაწყებული. ბურთი მეტოქის კალათისკენ ზურგით მდგომმა მოძრაობაში მივიღე, იყო გარბენის დაფიქსირების ალბათობაც. ამიტომ დაუფიქრებად ზურგსუკან, გარღვევაზე მყოფ კარის გადავაწოდე.

- ბავშვი წინა რიგში იჯდა. რას ნიშნავს საკუთარი შვილის წინაშე კალათბურთის თამაში?

- ეს ოცნებაა. მის ასაკში ასეთი გამოცდილება დიდი ბედნიერებაა. ბევრს სწავლობს, წიგნებს კითხულობს და მეც ვცდილობ, შრომა დავუფასო. როცა შესაძლებლობა მაქვს, ჩემს გვერდით მყავდეს.

- რა ჰქვია?

- დავითი.

- დარწმუნებული ვარ, დავითიც ამაყობს.

 

ფაჩულიამ დემარკუს ქაზენსი გაჩერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 13:16

ზაზა ფაჩულიას ყოველთვის შეეძლო პრინციპული მატჩების მაღალ დონეზე თამაში. საქართველოს ნაკრებში მას არც ერთი პრინციპული მატჩი არ ჩაუგდია და ყოველთვის, ღირსეულად უკაპიტნია გუნდისთვის. მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდში მას დღეს, გამთენიისას თავისი პრინციპული მატჩი ჰქონდა და ფაჩულიამ არც ამჯერად უღალატა საკუთარ ტრადიციას.

ერთი შეხედვით, რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგითი მატჩი გახლდთ, რომელსაც „გოლდენ სტეიტი“ სამეზობლოში, „საკრამენტო კინგზთან“ ატარებდა, თუმცა ქართველი ცენტრისთვის ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ, როცა ნბა-ს ოლ სტარის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ფაჩულია დასავლელ წინახაზელებს შორის მეორე გახლდათ, ხოლო საკრამენტოელი დემარკუს ქაზენსი მე-6, Youtube-ზე და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ქაზენსმა აღშფოთება გამოთქვა - აქაოდა, ზაზა რატომაა მეორეზე და მე სადღაც ქვემოთო. ამ ვიდეო-რგლის ავთენტურობა საეჭვოა და არავინ იცის, ქაზენსი ნამდვილად გულისხმობდა თუ არა კონკრეტულად ოლ სტარტის გამოკითხვას, როცა ამბობდა, სასაცილოაო. 

ასე თუ ისე, რამდენიმე დღეში ფაჩულიას (და ქაზენსსაც) შესანიშნავი შანსი გაუჩნდათ საიმისოდ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე, პირად დაპირისპირებაში დაემტკიცებინათ. ქაზენსი ძალიან მაგარი ცენტრია და მიმდინარე სეზონში მატჩში საშუალოდ მითვლილი მისი 28,5 ქულა და 10 მოხსნაც ნებისმიერ მეფარეს მოსჭრის თვალს. შესძლოა, მავანმა სწორედ ამ რიცხვების გამო ჩათვალოს, რომ ქაზენსი იმსახურებს ოლ სტარში თამაშს და ეს ალბათ ასეცაა, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მასსა და ფაჩულიას შორის თუკი არჩევანი იქნება გასაკეთებელი, ოლ სტარში მოხვედრას უპირველესად ქართველი ცენტრი იმსახურებს.

ხასიათის არამდგრადობისა და არაპროფესიონალიზმის გამო დათმო ქაზენსმა დღეს, გამთენიისას ფაჩულიასთან დუელი, ხოლო მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტთან“ წაგო. ქართველ ცენტრთან ორთაბრძოლაში თამაში ისე დალაგებულად, რომ არ მისდიოდა, როგორც ზოგადად სჩვევია, ქაზენსი განრისხდა, ტექნიკური ჯარიმა მიიღო, ხოლო მოედნიდან გასულმა სათადარიგოთა სკამს დასცხო ჯერ წიხლი, შემდეგ კი მუშტებიც მიაყოლა. ზაზა კი ამ დროს აუღელვებლად, უსიტყვოდ და რაც მთავარია შედეგიანად თამაშობდა. ფაჩულიას არ აქვს იმგვარი შთამბეჭდავი სტატისტიკა, როგორიც ქაზენსს, მაგრამ იმ დროში, რამდენსაც ქართველი ცენტრი საშუალოდ თამაშობს, ქაზენსზე გაცილებით სასარგებლოა. 

იმ მომენტისთვის ქაზენსი წყობილებიდან გამოვიდა, რიტმიდან ამოვრდა და ეს უპირველესაც ფაჩულიას დამსახურება გახლდათ, რომელმაც ბურთი რამდენჯერმე ჩაუჭრა ქაზენსს და კარგი დაცვით მას მაქსიმალურად შეუზღუდა ქულების და მოხსნების მოპოვების შესაძლებლობა. მართალია, საბოლოოდ საკრამენტოელმა გოლიათმა ზაზაზე 3-ით მეტი მოხსნა მიითვალა, მაგრამ ფაჩულიას დომინაცია ამ კომპონენტში თვალსაჩინო იყო: ერთი, რომ საკრამენტოელმა ზაზაზე 5 წუთით მეტი ითამაშა, თუმცა ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარზე 5 ბურთი მოხსნა, დემარკუს ქაზენსმა კი - ვერც ერთი.

„საკრამენტოს“ მთავარმა ლიდერმა შეხვედრა 17 ქულით დარულა, რაც მის საშუალო მონაგარზე ბარე 12 ქულით ნაკლებია. აფროამერიკელმა ცენტრმა ქართველ ვიზავიზე გაცილებით ცუდი შედეგიანობით ესროლა. ზაზამ თამაშიდან შესრულებული 5 სროლიდან 4 ჩააგდო, ქაზენსმა კი 11-დან 4.

კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რითაც ფაჩულიას უპირატესობას დავინახავთ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ზაზას გუნდმა მოიგო, ხოლო ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამერიკელებმა, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე კარგად ესმით კალათბურთი, საუკეთესოდ არა 30 ქულის მიმთვლელი სტეფ კარი, ანაც 28 ქულის მომგროვებელი კევინ დიურანტი დაასახელეს, არამედ  საუკეთესოობა 10 ქულისა და 7 მოხსნის გამჩარხველ ფაჩულიას არგუნეს, რომელმაც მეტოქის მთავარი ლიდერი გააჩერა და წყობილებიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც მასპინძელთა გუნდის დამრცხება სირთულეს აღარ წარმოადგენდა და ასეც მოხდა: „გოლდენ სტეიტმა“ 117:106 მოიგო და ლიგაში ლიდერობა 38-დან მოგებული 32 მატჩით განიმტკიცა.

რაც შეეხება ფაჩულიას სრულ სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურაება: 22 წუთი, 10 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა, 2 პასი. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2017 წელს ზაზამ 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივეში უწია 10-ქულიან ზღვარს. ფაჩულია დღეს ისეთივე პოპულარულია ნბა-ში, როგორც ლებრონი, დიურანტი, კარი ან ნებისმიერი სხვა სუპერვარსკვლავი. ამხელა ყურადღების ცენტრში მყოფი ქართველი ლეგიონერი ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს საკუთარ ძალას.

მორიგი გამოცდა ფაჩულიას და მის „გოლდენ სტეიტს“ 11 იანვარს, შინ „მაიამისთან“ ელით.

 

 

 

ზაზა ფაჩულია მე-2 ადგილზეა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 06 იანვარი 2017 11:02

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” შუალედური გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრ ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა მოუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის წინა ხაზში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დიურანტს (541 209) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში ფაჩულიამ ჯამში 768 112 ხმა მიიღო და სანუკვარ მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა (მის წინ, გამსვლელ ადგილზე მყოფ კავაი ლეონარდს 782 339 ხმა ჰქონდა). ახლა, პირველი შუალედური შედეგებით, ზაზა გაცილებით უკეთეს მაჩვენებელზე მიდის და მართალია, წლეულს გამოკითხვის წესებიც შეიცვალა (შერჩევაში გულშემატკივრების წილი მხოლოდ 50% იქნება, 25-25%-ანი წილი კი კალათბურთელებსა და ჟურნალისტებს ექნებათ), არსებობს შანსი, ქართული კალათბურთისთვის ისტორიული ფაქტი მაინც დაფიქსირდეს.

2017 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის” დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული ქომაგთა გამოკითხვის მიმდინარე შედეგებით რომ დგებოდეს, მასში “გოლდენ სტეიტ უორიორსის” 3 კალათბურთელი მოხვდებოდა: კევინ დიურანტი (“გოლდენ სტეიტი”), ზაზა ფაჩულია (“გოლდენ სტეიტი”), კავაი ლეონარდი (“სან ანტონიო”), სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”).
თავის მხრივ, ასეთი სახე ექნებოდა აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულს: ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), იანის ანტეტოკოუნმპო (“მილუოკი”), კევინ ლავი (“კლივლენდი”), კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), დუეინ უეიდი (“ჩიკაგო”).

ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ:
“ოლ სტარის” გამოკითხვის მე-2 შუალედური შედეგები 13 იანვარს გამოქვეყნდება, ხმის მიცემა კი 16 იანვარს დასრულდება. სასტარტო ხუთეულების საბოლოო ვარიანტს 20 იანვარს ტელეკომპანია TNT-ს პირდაპირ ეთერში დაასახელებენ.

1. Facebook-ის სტატუსად ვწერთ: NBAVOTEZazaPachulia (24 საათში ერთხელ)
2. Twitter-ის სტატუსად ვწერთ: NBAVOTEZazaPachulia (24 საათში ერთხელ)
3. Google-ის საძიებო ველში ვწერთ "NBA Vote All-Star". წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden State-ს, მოთამაშეებიდან კი ზაზა ფაჩულიას და ვაძლევთ ხმას (24 საათში ერთხელ)
4. www.nba.com/vote ამ საიტით, ან მისი მობილური აპლიკაციით (24 საათში ერთხელ)

 
 
 

 

 

ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და "გოლდენ სტეიტის" იოლი გამარჯვება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 14:21

ზაზა ფაჩულიამ დენვერში სამი ოთხიანი დასვა. ქართველმა ცენტრმა 14 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა, მისმა „გოლდენ სტეიტმა“ კი „ნაგეტსი“ 125:101 გაანადგურა.

4 ჩაჭრა მატჩის საუკეთესო და ფაჩულიას პირადსარეკორდო შედეგი იყო. რაც „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა, 7 საგამფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში ზაზას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია. დღეს კი დენვერში დაცვითი თამაშის მასტერკლასი ჩაატარა და 14 წუთში 4 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და ორივე სროლა წარმატებით დააგვირგვინა. ზაზამ 2 ბურთი საკუთარ, ორიც მეტოქის ფარზე მოხსნა. ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქეს შავი დღე აყარეს. სტეფ კარიმ ამჯერად 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა 18 ქულა მოაგროვეს.

7 მოგებითა და 2 მარცხით გოლდენსტეიტელები დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე არიან, ხოლო შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, შინ „ფინიქსთან“ გამართავენ.

 

"ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა" - ზაზა ფაჩულია რობერტ დე ნიროს შეხვდა (ფოტო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 ნოემბერი 2016 13:32

ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ, რომელიც ამჟამად NBA-ის კლუბ „გოლდენ-სტეიტ უორიორსის“ ღირსებას იცავს , ფეისბუკზე ლეგენდარულ რობერტ დე ნიროსთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ოცნება აისრუ;ა.

 

"უდიდესი პატივია შეხვდე ერთ-ერთ საუკეთესო და ჩემს საყვარელ მსახიობს რობერტ დე ნიროს დღეს, ლოს-ანჯელესში. ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა“ - წერს ფაჩულია.

დაძაბული ბრძოლა და მარცხი რუსეთთან ოვერტაიმში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 10:13

უაღრესად დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები 97:100 დამარცხდა რუსეთთან და თბილისის მერიის თასი რუსებმა მოსკოვში წაიღეს. მოგება კარგია და ქართველებს რომ ემარჯვათ, სპორტის სასახლეში მოსული 7 ათასზე მეტი მაყურებელი იმაზე მეტად გაიხარებდა, როგორც რუსებთან მატჩში ქართველების მიერ გამოჩენილი ბრძლისა და თავდადების შემხედვარემ გაიხარა. საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, თითქმის უიმედო მატჩი შემოატრიალა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ფორტუნამ რუსებს გაუმართლა.

ამაზე კარგ გაკვეთილს საქართველოს ნაკრები ვერსად მიიღებდა. დაძაბული, დრამატული ფინალი, ოვერტაიმი და ექსტრა კლასის მეტოქე. ილიას ზუროსი ნამატჩევს უკმაყოფილო არ იყო. პირიქით, ბერძენმა სპეციალისტმა სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი ნაკრების წევრთა მიმართ. ქართველი კალათბურთელები ნატურალიზებულ ამერიკელ მაიკლ დიქსონთან ერთად ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი და ყველაფერს აკეთებდნენ იმის ფარგლებში, რასაც ამ ეტაპზე მათი მომზადებისა და შეთამაშების დონე აძლევდათ.

არც მოსამზადებელ და არც საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველებს არ ეყოლებათ იმაზე ძლიერი მეტოქე, დღეს რომ ჰყავდათ რუსეთის სახით. სერგეი ბაზარევიჩის ნაკრებს მიზეზთა გამო წამყვანი მოთამაშეები - ტიმოფეი მოზგოვი და ალექსეი შვედი აკლდათ. ეს დანაკლისი რუსებმა იოლად გადაიტანეს და რაკი ქართველებთან ფარქვეშ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, შეტევის ასპარეზად შორი სროლები და სწრაფი გარღვევები აირჩიეს. ძნელია, მსოფლიოს მასშტაბით  საკალათბურთო მატჩებში მოიძებნოს ისეთი მატჩები, როცა ერთმა გუნდმა მოხსნები 33:56 დათმო, მაგრამ თამაში მოიგო. სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს ქართველებმა ფარზე, მაგრამ რუსებმა ეს ჩამორჩენის კომპენსირება სწრაფი შეტევებით და რაც მთავარია, შორი სროლებით მოახერხეს.

რუსეთმა ქართველებთან მატჩამდე, ჰოლანდიასთან საკუთარი ისტორია დაწერა 19 ზუსტი სამქულიანით. ეს ძალიან ბევრია და დღეს ამდენი არ ჩაუგდიათ - ქართველებთან რუსებმა 14 სამიანი, ანუ მეტოქეზე ორჯერ მეტი ჩააგდეს და მიუხედვად იმისა, რომ ქართველებმა საჯარიმოების შესანიშნავი შედეგი აჩვენეს (34-დან 30), საბოლოოდ გამარჯვებული მაინც რუსეთი გამოვიდა. ვიტალი ფრიდზონი - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი გახდა შეუჩერებელი და მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის გუნდი მესამე პერიოდში 9 ქულით - 50:41 დაწინაურდა, მისი შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით რუსებმა თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს და ბოლო პერიოდში სოლიდურადაც დაწინაურდნენ.

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ქართველებმა უკანასკნელ წუთებზე მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილება და ბოლო წუთზეგამარჯვებას თვალებში ჩახედეს. შენგელიამ გამთანაბრებელი ორიანი ჩააგდო და პლუს მეურვე აიძულა, დაჯარიმებულიყო. ძირითადი დროის დასრულებამდე 4,3 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმო ააცილა, რუსებმაც შედეგიანად ვეღარ გამოიყენეს დარჩენილი დრო და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც დიდი ბრძოლის შედეგად რუსებმა 3 ქულით იმარჯვეს.

თბილისის მერიის თასზე მეორე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულ რუსეთს თასი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

მატჩის შესვენებაზე საერთაშორისო ბრენდმა „სნეპ - ფიტნრსმა“ გაათამაშა 4 სამთვიანი ულიმიტო ვაუჩერი, რომლებიც იმ გულშემატკივრებს ერგოთ, რომლებმაც მოედნიდან ტრიბუნებზე ნასროლი ბურთები დაიჭირეს, შემდეგ კი საჯარიმოს სროლებში გამოიჩინეს თავი. შესვენებაზევე, მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ Fight Nights Georgia-ს მებრძოლები, რომლებიც 27 აგვისტოს Black See Arena-ზე საქართველოს სახელს უცხოელ მებრძოლებთან დაიცავენ.

ხვალ, 15 აგვისტოს ეროვნული გუნდი დაისვენებს და 16-დან ვარჯიშებს თბილისის სპორტის სასახლეში განაახლებს.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური