ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 09:25

გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ზაალ ანჯაფარიძე - ცესკოს კრიტიკა აქტუალური აღარ არის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018 19:24

ე.წ. ჩანაწერების სკანდალებს  და კომპომატების ომს,   საარჩევნო პროცესსა  და  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაზე რაიმე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი და რჩება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს მიერ არჩევნებისთვის მზადება, კანდიდატთა საარჩევნო კამპანია და ჩანაწერებით ომი,   ორ პარალელურ, ერთმანეთისგან განყენებულ სიბრტყეში მიმდინარეობს.

„მედიიდან თითქმის გაქრა დამკვირვებელი  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების  პრეტენზიები და ბრალდებები ცესკოს მიმართ, რითაც უხვად იყო დატვირთული გასული თვენახევარი. ცესკოს კრიტიკა აღარ არის აქტუალური.  მითუმეტეს, როცა  სერიოზული ხელჩასაჭიდიც არ არსებობს. თუმცა, ეს შეიძლება ქარიშხლის წინ არსებული სიჩუმე იყოს და დამკვირვებლები შესაფერის  მომენტს ელოდებიან. რას შეიძლება შეეხოს კრიტიკა? ბიულეტენის ბეჭდვას და დროულად მიწოდებას საარჩევნო უბნებზე, პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში ხმების მიცემას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

 მისივე თქმით, რადგან პოლიტიკური ტემპერატურა არჩევნების წინ საკმაოდ აწეულია და დესტრუქციული ქმედებების ალბათობაც შედარებით მაღალი, ცესკოს მხრიდან ნებისმიერი, თუნდა მცირე პროცედურული დარღვევა, მაშინვე გაბუქებული და  გამოყენებული იქნება ცნობილი ჯგუფების მიერ. 

ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 22:00

არის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მესამე სექტორის დელეგიტიმაციის მცდელობა, უნდა დაეფიქსირებინათ  თუ არა პოზოცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ნიკა გვარამიას განცხადებებზე და რა გავლენა ექნება ხელისუფლებისა და მესამე სექტორის დაპირისპირებას წინასაარჩევნო პროცესზე.  თემაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა მათი დელეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.  რა გავლენას იქონიებს ეს წინასაარჩევნო პროცესზე?

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იყო საკმაოდ ხისტი,   მგალითად,  სიტყვა „ფაშიზმის“ ხმარება, თუმცა ეს იყო მისი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მის გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგიტიმაციის მცდელობა ვერ დავინახე. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ბ-ნი კობახიძე სხვა რიტორიკით და ტერმინებით ისაუბრებდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მესამე სექტორმა იმით გამოიწვია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე რომელიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს. ამჯერად კი, გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე დუმული არჩიეს.  კობახიძეს არ დაუკავშირებია ეს კრიტიკა არასამთავრობების კრიტიკულ განცხადებებთან, რომლებიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხებოდა. ამასთან, მინდა ყურადღება მივაქციო არასამთავარობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადების ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პასაჟს. როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციაზე, პოლიტიკურ კრიზისსა  და არაფორმალური მმართველობაზე, იყენებენ სიტყვას-  „სავარაუდო“  და სწორადაც იქცევიან, რადგანაც ვიდრე დამაჯერებლად ვიტყოდეთ რომ ეს მართლაც ასეა,  ამ ყველაფერს ჯერ უტყუარი ფაქტებით სჭირდება დამტკიცება.  ნიშანდობლივია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ხელს მხოლოდ რვა ორგანიზაცია აწერს, მაშინ როდესაც საქართველოში რამდენიმე ასეული აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ეს სიტყვიერი ფარიკაობა ირაკლი კობახიძესა და ენჯეობის ამ მცირე ჯგუფს შორის, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო პროცესზე, რომელიც მცირე ინციდენტების მიუხედავად ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ მოხსენიებული ენჯეოები მაგიდასთან დასხდებიან და იქ განიხილავენ  ყველა საკამათო საკითხს, რაც ხელს შეუწყობდა დაძაბულობის და გაუგებრობის განმუხტვას.   

რა შეიძლება გამოიწვიოს არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებამ.  როგორ ფიქრობთ, არჩევნების შეფასებისას, შესაძლებელია თუ არა მესამე სექტორმა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ განსაკუთრებული, ხისტი პოზიცია დაიკავოს?

არ მგონია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა რაღაც კონიუნქტურული ინტერსების და წყენის გამო,   საკუთარ თავს ასეთი დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის,   მესამე სექტორის დონორების წინაშე ანგარიშვალდებულება.  თუ ეს მართლაც მოხდა,  ეს კონკრეტული ორგანიზაციები შესაძლო დაპირისპირებაში მხარე აღმოჩნდნენ და საზოგადოებაში ასეთი აღქმა შეიქმნა, სწორედ ეს იქნებოდა მათი დელეგიტიმაციის დასაწყისი. მე არ ვისურვებდი მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას.

საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი პრელუდიაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 15:11

ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნები სავსებით ლოგიკურად განიხილება როგორც ერთგვარი პრელუდია ან ძალების მოსინჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. -ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

 მისი თქმით,  ხელისუფლების მიზანია  პრეზიდენტი იყოს ისეთი ფიგურა,  რომელიც არ შექმნის დამატებით პოლიტიკურ პრობლემებს.  იმოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით და დაკავებული იქნება მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებით. ხოლო ოპოზიციას, ვისაც გარკვეული შანსები აქვს, სურს პრეზიდენტის თანამდებობის დაუფლების შემდეგ დაიწყოს მისი მიზნების რეალიზება. პოლიტიკურ ველზე შეავიწროვოს მმართველი პარტია და შეეცადოს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება საპარლამენტო არჩევნებზეც განავრცოს.

ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო ფონი დაძაბულია, საარჩევნო კამპანიის პროცესში მეტოქე სუბიექტების მიერ ერთმანეთზე მიტანილი საინფორმაციო თუ ფსიქოლოგიური შეტევებია, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სახელისუფლებო კანდიდატის,  სალომე ზურაბიშვლის მიმართ,  საერთაშორისო დამკვირვებლები წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებენ.

 „აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრუბელებელმა ახლახანს საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს სისტემის განვითარების კუთხით,  მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დადებითად ფასდება ცესკოს მუშაობაც,  მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც საჯარო სივრცეშია და ცესკოც აქტიურად ავრცელებს, ვფიქრობ, მზადყოფნა არის. რაც მთავარია, დანერგილია რიგი ახალი სერვისები ამომრჩევლისთვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ მცირდება ცესკოზე შეტანილი საჩივრების რაოდენობაც. „- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური