მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 30 ივლისი 2019 11:04

„მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 მაისი 2019 10:05

სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“  ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის  ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა მიმართეს.

სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა. „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ,  ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.  

სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის  (ODC) წარმომადგენლები და  სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.

მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 01 იანვარი 2018 11:34

ახალი 2018 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად აღნიშნა. მინისტრთად ერთად სამხედროებს ახალი წელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.

ახალი წლის შესახვედრად სენაკში იმყოფებოდა ავღანეთიდან ნოემბერში დაბრუნებული 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც. ქვედანაყოფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, 23-ე ბატალიონის სახელით, საჩუქრად სამახსოვრო დაფები გადასცა.

ახალი წლის დადგომას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან და სამხედროებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ თეიმურაზ ბოკუჩავას შვილი -ალექსი ბოკუჩავაც შეხვდა.

საახალწლო ღონისძიება ჯარისკაცების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით გაგრძელდა. ალექსი ბოკუჩავამ კი, ლექსები წაიკითხა.

ახალი წლის აღნიშვნა II ქვეით ბრიგადაში ფეიერვერკების გასროლით დასრულდა.

საქართვველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:31

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია კატარღით გონიოს საზღვაო აკვატორიაში შევიდნენ და წვრთნების დროს დაკარგული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების სამხედრო მოსამსახურეები, I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა და კაპრალმა იაგო შარაძემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. 

დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მოსაძებნად გატარდა ინტენსიური ღონისძიებები, რომელშიც ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის ავიაცია. ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში ასევე, ჩართული იყო თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა. დაზვერვით და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა სათანადო პერსონალით, ტექნიკით, აპარატურითა და რადარებით აღჭურვილი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაღმმძებნი ხომალდი. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, პირველივე დღიდან მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. 

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა კურსანტების იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა.

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 10:52

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დღეს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქალაქ ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო. მინისტრმა დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა, მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ უმცროსმა სერჟანტმა, მდინარი ბებიაშვილმა თავი საქართველოს ინტერესებს შესწირა.
სამხედრო მოსამსახურის ოჯახს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და II ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამაც მიუსამძიმრა. 
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას, მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა, ავღანეთში, ISAF-ის მისიაში ორჯერ, 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა, მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში“ მონაწილეობისთვის.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი შეხვედრა სამხედროებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 13:03

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი შეხვედრა სამხედროებთან დასავლეთ საქართველოში გამართა. ქუთაისში, III მსუბუქ ქვეით ბრიგადაში ყოფნისას გენერალური შტაბის უფროსმა სამხედროებს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია ძირითადად უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება. ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი, ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება, გამოთავისუფლებული სახსრები კი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება. რეფორმის უმთავრეს მიზანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება წარმოადგენს.

III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ კიკნაველიძემ გენერალური შტაბის უფროსს ბრიგადაში მიმდინარე აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ქუთაისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალური შტაბის უფროსი, ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონსაც ესტუმრა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის მიზნით, გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობის ყველა სამხედრო ქვედანაყოფს ესტუმრება და მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 14:44

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განკარგულების თანახმად,  ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

ვინც ექვემდებარება გაწვევას, ყველა გაწვეული იქნება“ - ვლადიმერ ჩაჩიბაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 15:35

„ვინც ექვემდებარება გაწვევას, ყველა გაწვეული იქნება,“ - ეს განცხადება ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, ჯარში სავალდებულო გაწვევა აღდგება. ამ თემაზე დღეს განმარტება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. 

„ყველა სამხედრო მოსამსახურე თუ სამოქალაქო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ექვემდებარება გაწვევას, ყველა გაწვეული იქნება. ვინც ექვემდებარება გაწვევას, ყველა გაწვეული იქნება,“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

კვლევითი ცენტრის სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე ლევან იზორიას გადაწყვეტილებას ნაჩაქარევს უწოდებს.

„იმ ფორმით, როგორც საქართველოში გაწვევის სისტემა ფუნქციონირებს, ეს არაფერს არ გვაძლევს არც განვითარებას უწყობს ხელს და არც არაფერს. ძირითადად ვიცით, რომ წვევამდელები ვერც კარგ მომზადებას გადიან და ძირითადად ციხეების გუშაგებად უწევთ მათ ყოფნა,“ - შორენა ლორთქიფანიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური