შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 ივლისი 2020 14:12

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.

საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
 
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ყველა შესაძლო ვერსიაზე.
 
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
 
ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ "112"- ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე, ვასაჯაროებთ "112"- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.
 
რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
 
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.
 
სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:
 
საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:
 
• გამოკითხულია 93 პირი;
• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან - ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
• ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;
• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;
• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი;
• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
 
ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.
 
აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად.
შსს-ს პრეს-რელიზი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 26 ივნისი 2020 14:04

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.
კერძოდ:
2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.
ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 ივნისი 2020 14:30

დღეს სამინისტროში გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4- დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.
გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი , დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან, განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური