უკრაინული ვიკილიქსის გვერდი დაბლოკილია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 20:14

ვებგვერდი www.wikileaks.center,  რომელმაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, ასევე სააკაშვილისა და სხვა პირების როგორც სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერები, ასევე სააკაშვილის შესახებ მომზადებული პუბლიკაციები გამოქვეყნა ამჟამად დაბლოკილია.

ვებგვერდზე შესულ მომხმარებელს ხვდება შეტყობინება, რომ საიტის გათიშვის მიზეზი ან მომსახურების ღირებულების გადაუხდელობა, ან საიტის ჰოსტინგით სარგებლობის წესების დარღვევა გახდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ვიკილიქსის მომსახურებას რუსული კომპანია ახორციელებდა.

გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 22:20

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული. დღეს საღამოს ტელევიზიის ოფისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და არხის ხელმძღვანელს უწყება ჩააბარეს, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამია დაკითხვაზე ხვალ 4 ნოემბერს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

გვარამიას დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში რუსული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.  

აშშ-ის საელჩო უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 01 ნოემბერი 2015 13:45

აშშ-ის საელჩო საქართველოში, უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს.
„ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ადგილი არ არის.
მივესალმებით პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დავით ბაქრაძის განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:50

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით ის ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებული შეტევაა. ბაქრაძის განცხადებით ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და რ2-ის დასაცავად და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ კონსტიტუციური მეთოდებით აპირებს:

„მინდა პარტიის სახელით გამოვეხმაურო ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბულობა, რატომ ვიმყოფებით კრიზისში. პასუხი არის ერთადერთი და მარტივი, ყველაფერი ხდება იმიტომ , რომ მთავრობა ცდილობს ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2 , იმიტომ რომ მთავრობა მოსამართლის და ხალვაშის ხელით ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. სიტუაციის განმუხტვა სწორედ ამ პროცესების შეჩერებით არის შესაძლებელი. მეორე მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო, ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მტავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-მდე ოფისი დაარბიეს რეგიონებში, არცერთ ჩვენს აქტივისტს საპირისპირო ნაბიჯი არ გადაუდგამს, იმიტომ , რომ ჩვენ ვიბრვით კანონიერების ფარგლებში და ჩვენი ამოცანაა ეს ხელისუფლება კონსტიტუციურად და მშვიდობიანად გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე და დამდგარ ეკონომიკაზე. ამას ყველაფერ უპირიუსპირდება მტავრობა , რომელსაც სურს , რომ ყველაფერი გადაიტანოს დაპირისპირების პრიზმაში. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ ვიბრძოლებთ კონსტიტუციურად, ვიბრძოლებთ ბოლომდე სიტყვის თავისუფლებისთვის, რუსთავი 2-ის თავისუფლებისთვის. მინდა მივმართო რუსთავი ორის ჟურნალისტებს, ამ დრეების განმავლობაში თქვენ კიდევ ერათხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის გუნდი. ამიტომ ჩვენი ერთობლივი ბრძოლა არ დგას იმაზე, რომ ვინმე ვინმეს თანამებრძოლად განიხილავს. მე მოვდივარ და მოვალ რ2-ის ეზოსთან არ აიმიტომ, რომ ენმ-ს წევრი ვარ არამედ იმიტომ რომ მე ვარ ამ საზოგადოების წევრი და ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველო არ დაინახონ მხოლოდ 2030-ის ობიექტივიდან. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ჩემი უღრმესი პატივისცემა რ2-ის ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ყოველგვარი ძალადობისგან გამიჯვნით, ჩვენ კონსტიტუციურად გავაგრძელებთ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის. ეს ხაზი კი რუსთავი2-ის დაცვაზე გადის და ქართულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ეს მიხეილ სააკაშვილის სტილია, პირველად არ გაგვიგია-ხიდაშელის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 14:55

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიასთან საუბრის ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოახდინოს "ასეთი ტიპის სისულეების" პრევენცია. „საქმე რომ უნდა აღიძრას, ამაში, მე ვფიქრობ, ეჭვი არ არსებობს. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ქუჩაში მაქვს გატარებული რომელიღაც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში მყოფს. არასოდეს, ჩემს სიცოცხლეში, თავში აზრად არც მე მომსვლია, არც ჩემს მეგობრებს, და არც არავისგან, ვისთან ერთადაც ამ ბრძოლაში ვყოფილვარ, არასდროს არ მომისმენია საუბარი იმის შესახებ, რომ გამოიწვიე საცემრად და სასროლად. ეს მიხეილ სააკაშვილის სტილია, პირველად არ გაგვიგია. სახელმწიფო თუ ხარ და ხელისუფლობის პრეტენზია თუ გაქვს, მთავარი ამოცანაა, რომ პრევენცია გააკეთო ასეთი ტიპის სისულეების. ჩვენ ვნახეთ აუდიოჩანაწერი უკრაინულ საიტზე. პასუხი როგორ გაგცეთ, ვინ უსმენდა, რატომ უსმენდა, ან კანონიერად უსმენდა თუ უკანონოდ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

"თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული, ეს დანაშულია და ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ" - საია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:03

ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას მესამე სექტორში შეფასებები მოჰყვა. არასამთავრობოების ნაწილის აზრით, ეს ადასტურებს, რომ ისევ გრძელდება მოსმენები და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს ფაქტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს იმ კითხვას, რამდენად კანონიერად არის ჩანაწერი მოპოვებული. თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული და უკანონო მოსმენები კვლავ გრძელდება, ეს დანაშულია და ამ დანაშაულისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს უსაფრთხოება დაცული იყოს, მაგრამ სახელმწიფოს უსაფრთოხებისთვის ასევე საფრთხის შემცველია თუ ხელისუფლება თავად არღვევს კანონს,“-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა. საუბარია 

უკრაინული გამოცემის  მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას რუსთავი 2 ის აღსრულებისგან დასაცავად ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს.

უსუფაშვილი უკრაინულ ვიკილიქსზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 17:28

პარლამენტის თავმჯდომარე სუს-ის მიერ 315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, დღეს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით მნიშვნელოვანია ის თუ რა მასალები გააჩნია გამოძიებას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა თუ გამოძიება მხოლოდ უკრაინული ვიკილიქსის მასალებზე დაყრდნობით აპირებს გამოძიებას, ეს ფაქტი გამოძიების მწარმოებელ ადამიანებზე დადებითად არ აისახება. ამასთანავე უსუფაშვილი არ დაეთანხმა „ნაციონალური პარტიის“ წარმომადგენლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ენმ-ს მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ხელისუფლება ახალისებს.

„არავითარი ძალადობის წახალისება არ ხდება, აღნიშნულ ფაქტებს შესაბამისი ორგანოები მიაქცევენ ყურადღებას.“- აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით მნიშვნელოვანია რომ სუს-ის მიერ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მალე გამომზეურდება, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა გამოძიების დაწყება:

„თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის დოკუმენტი, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს იქნება უკიდურესად დამაზარალებელი იმ ადამიანებისთვის ვინც ასეთი გამოძიება დაიწყო ასეთ დოკუმენტზე, თუ სხვა საფუძველი აქვთ ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია, რომ ასეთი საკითხების გამოძიებაც და სასამართლო წარმართვაც იყოს გამჭვირვალე, არ დაირღვეს ადამიანების უფლება.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ე.წ ვიკილიქსი, კეზერაშვილის საქმე და მოსამართლეები - ადვოკატების განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 14:26

დავით კეზერაშვილის უფლებების დამცველები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ. ადვოკატები გიორგი ჩივიაშვილი და შოთა მინდელი ე.წ უკრაინული ვიკილიქსით გავრცელებულ ინფორმაციაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მიხეილ სააკაშვილის და დავით კეზერაშვილის საუბრის სტენოგრამაა ასახული. ადვოკატების თქმით, აღნიშნულ მასალაში ნახსენებია მოსამართლეები - ზაზა მეიშვილი და გიორგი შავლიაშვილი. გიორგი ჩივიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული მოსამართლეების კოლეგიალობა იხილავს, დღეს დავით კეზერაშვილის საქმეს, საუბარია ე.წ სპირტის საქმეზე, რომელზეც პირველ და მეორე ინსტანციაში გამამართლებელი განაჩენი დადგა. დავით კეზერაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, რუსეთში დარეგისტრირებულ ე.წ ვიკილქსის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშილსა და დავით კეზერაშვილს შორის საუბარი ოდესში, მიხეილ სააკაშვილის სამუშაო კაბინეტში მოხდა, ჩივიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მის დაცვის ქვეშ მყოფს ინგლისი არ დაუტოვებია. ასევე საუბარში ნახსენები ერთ-ერთი პირი კი საერთოდ ერთი წლის წინ არის გარდაცვლილი.

"კონტექსტიდან არის ამოგლეჯილად ამ ორი ადამიანის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ე.წ ვიკილიქსში ჩასმა. დღეს მათი კოლეგიალობა იხილავს დავით კეზერაშვილის მიმართ, რომელიშიც ის სრულად არის გამართლებული, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე მეორე ინსტანციაში - სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად ხელისუფლება ან ვიღაცას მასთან დაახლოებულ პირი, ვინც ასეთ უნიჭო ზღაპრებს უკვეთავს რუსეთში დარეგისტრირებულ ე.წ ვიკილქს, რომელის უკრაინში ფუნქციონიერებს, აქვს მცდელობა, ზემოქმედება მოახდიონოს და ზეწოლა მოახდინოს ამ მოსამართლეებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ასევე გამოქვეყნდა მეორე შეხვედრის ფაქტი, თურმე დავით კეზერაშვილს შეხვდა, მიხეილ სააკაშვილი ოდესაში, მის სამუშაო კაბინეტში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დავით კეზერაშილს არ დაუტოვებია თითქმის 2 წელია ინგლისში. საერთოდ არ ყოფილა უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და უფრო მეტიც , ასევე აღმოჩნდა, რომ იმ ტექსტში მოცემული პიროვნება, ჩეჩნური წარმოშობის ადამიანი, ერთი წლის წინ არის გარდაცვლილი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი ხანჯალს ჩუქნის. მაგრამ აქ მთავრია ერთი რამ, როდესაც ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასეთი ტიპით მცდელობა შანტაჟის, ზეწოლის, რომ თითქოს ეს ადამიანები არიან დაახლოებული წინა ხელისუფლებასთან და მაინც და მაინც ამ ადამაიანებთან დაკავშირებთ ხდება კონტექსტიდან ამოგლეჯილი მათი სახელების და გვარების მოხსენიება, ამ რუსეთის სპესამსახურების მიერ, დარეგისტრირებულ საიტზე მიგვანიშნებს, რომ ეს არის მათ მიერ ზეწოლის და შანტაჟის მცდელობა. მე ვერ მოვისმინე ამ დღეეებში არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რაიმე სახის განცხადება, მოსამართლეების დასაცავად. ვერ მოვისმინე, ისუტიციის საბჭოს ვერანაირი განცხადება, მით უფრო, რომ მეორე სტატიაში ასევე გაჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის სახელი და გვარი. პრაქტიკულად ამ ადამიანზეც მიმდინარეობს გარკვეული ტიპის შანტაჟის მცდელობა. ალბათ გახსოვთ, ეს ადმიანი არის ის, რომელიც ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ბოლო პერიოდში, იგი იცავს სასამართლოს თავისუფლებას და იმ კანონპროექტების წინააღმდეგ გამოვიდა ხმამაღალი განცხადებებით, რომელიც შეზღუდავს და ზღუდავს სასამართლოს თავისუფლებას. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ამ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ასეთი ტიპის განცხადებებით, ასეთი ტიპის გადაუმოწმებელი ე.წ ვიკილიქსით, რომელიც არ არის ვიკილიქსი რეალურად, შანტაშჟის მცედლობა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უზენაესი სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ეს ბატონები ასეთ შანტაჟს არ აყვებიან და ისინი მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ იმ გადაწყვეტიელებას რომელიც არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე",-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილიმა

ადვოკატ შოთა მინდელს მიაჩნია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლით, ხელისუფლებამ მონახა ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ დავით კეზერაშილის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

"როგორც ჩანს ხელისუფლებას პრობლემად ექცა, რომ დღემდე კეზერაშვილის მიმართ, არ არის მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად როგორც ჩანს ეს მათ უქმნით გარკვეულ დისკომფორტს და პრობლემას, როგორც ქვეყნის შიგნით და ასევე როგორც ჩანს ქვეყნის გარეთაც. ამას დაემატა ისიც, რომ - შეგახსენებთ, რომ ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება და კეზერაშვილზე საერთოდ ძებნა შეწყვიტა და ამოიიღო ის ძებნილ პირთა სიიდან. ყველაფრი ამის შემდეგ უკვე როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იერიში მიიტანოს უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, აქვე შემიძლია როგორც ერთმა რიგითმა იურისტმა გითხრათ, რომ თვითონ აღნიშნული ქეისი ე.წ სპირტის საქმე საერთოდაც არ წარმოადგენდა დასაშვებ საქმეს უზენაეს სასამართლოში განსახილველად, თუმცა სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და უზენაეს სასამარლოში დღეს არის ჩანიშნული ეს სხომდა, მაგრამ დასაშვებობასთან ერთად ასევე ცნობილი ხდება ამ ჩანაწერების თაობზე, რომელიც გამოქვეყნდა და პირდაპირ ამას მივიჩნევთ ერთგვარ მცდელობას იმისა, რომ მაოხდინონ ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე და მათ მიაღებინონ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილება, რადგან ეს ხელისუფლებისათვის აღმოჩნდა ყველაზე მოკლე გზა, რათა დავით კეზერაშილის მიმართ, მათ ქონდეთ უკვე გამამტყუნებელი განაჩენი. მე იმედს გამოვთქვამ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ აღმოჩნდებიან ამ შანტაჟის ქვეშ და ისინი მიიღებენ მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ უკვე წლების განმავლობაში იხილებოდა ეს საქმე, აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემების გარეშე დადგა გაგამართლებელი განაჩენი და ჩვენ ასევე ველოდებთ უზენაესი სასამართლოსგან ისევ გამამართლებელ განაჩენს, თუმცა ამ ტიპის ფაქტები რა თქმა უნდა ჩვენ მიგვანიშნებს, რომ უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები არიან ზეწოლის ქვეშ და სამწუხაროა ასევე ის ფაქტი, რომ არ ხდება კონკრეტულად უზენაესი სასამართლოს, თუნდაც თავმჯდომარის მხრიდან, მათ მიმართ გარკვეული განცხადების გაკეთება ამ შანტაჟისაგან დასაცავად",-განაცხადა შოთა მინდელმა

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს-თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:49

"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. ჩერგოლეიშვილის თქმით მისი მეუღლის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით მას დაუკავშირდნენ.

„მირეკავს ვინმე კონსტანტინე სადათიერაშვილი სუსიდან. გიგას ვერ ვპოულობ უწყება რომ ჩავაბარო და დაკითხვაზეა დაბარებული მოწმის სახით მოდულის შენობაშიო. უწყებას პარტიაში მიიტანენ და მერე ვისაც ცირკი გაინტერესებთ, მოდით მოდულის შენობასთან“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

სავარაუდოდ საქმე უკავშირდება ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც,  გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო დაბეჭდილი. 

 

უკრაინული "ვიკილიქსი" 4თვის წინ რუსეთში დარეგისტრირდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:00

მედიაში გავრცელებული მასალები, რომელზეც ძალოვანი უწყებები სავარაუდოდ თავის განცხადებებში საუბრობენ - ე.წ. უკრაინული ვიკილიქსია. ვებგვერდი 4 თვის წინ რუსეთშია რეგისტრირებული და მასზე განთავსებულია სულ 30-მდე სტატია, რომელთაგან უმეტესობაში სააკაშვილი ფიგურირებს.

რუსულ ვებგვერდზე განთავსებულ სხვადასხვა სტატიის მიხედვით, სააკაშვილის დავალებით უკრაინაში ყოფილი მებრძოლების ორგანოებით ვაჭრობენ, მისი და მაკკეინის ერთობლივი გეგმით, ის სირიაში ქართველი მებრძოლების გადაყვანას უზრუნველყოფს და ასე შემდეგ.

ახალ სტატიაში, რუსულმა ვებგვერდმა გუშინ გამოაქვეყნა, გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დიალოგი, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, თურქეთში შედგა. სტატიის მიხედვით, იგეგემბა რუსთვი 2-ში პროვოკაციის მიზნით არეულობის მოწყობა და ერთი თანამშრომელის მკვლელობაც კი.

მასალა, რომელიც ამ დრომდე, სულ 6 ათასმა ადამიანმა ნახა, მალევე თარგმნეს და გაავრცელეს ქართული მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური