ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 13:41

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 
6 ივლისს კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
 
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კახეთში ავარიული დაშვება განახორციელა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 12:11

მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

სირიაში რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 11:06

სირიაში, რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 31 დეკემბერს სირიაში Mi-24 ტიპის ვერტმფრენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენში მყოფი ორივე მფრინავი ადგილზევე დაიღუპა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 15:53

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უამინდობის გამო თუშეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ომალოში მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. 

”ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ერთი მამაკაცი, რომლის სიცოცხლეს, ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება, მაშველების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. თუშეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ნებისმიერი სახის შესაძლო შეფერხება თავიდან იყოს აცილებული. 
აგრეთვე გაცნობებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე - უცხოელი ვიზიტორების მზარდი რიცხვის ფონზე, თუშეთში კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, გასული წლის სეზონის მსგავსად, წლევანდელი ზამთრის მანძილზე, ყოველკვირეულად, რეგულარულად იფრენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიტანეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 28 აგვისტო 2017 13:12

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი - "მი-8" ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიტანეს. საფრენი აპარატის წყლიდან ამოტანის სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი მძიმე ტექნიკა იყო ჩართული.

ვერტმფრენის წყლიდან ამოტანის პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დაეწრო.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს დღეს თბილისში, ექსპერტიზაზე გადაიტანენ.

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 27 აგვისტო 2017 14:03

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა. 

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა. 

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 27 აგვისტო 2017 11:06

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი /მი-8/ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დღეს დილით მოულოდნელად ჩამოვარდა. ვერტმფრენი რეზერვუარის ავსების მომენტში, წყალში ჩავარდა. 

ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის 3 წევრი ჯერ ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად კი, თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადამოჰყავთ. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ. მათ მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. მინისტრი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.

პრემიერ-მინისტრის კომენტარი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 აგვისტო 2017 11:30

ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან, ტექნიკა არის მობილიზებული ხელოვნური წყალსაცავების გასაკეთებლად და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. 
ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს.
ხანძრის გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის.

აშშ-ში ტურისტული ვერტმფრენი წყალში ჩავარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 13:12

აშშ-ში ტურისტული სააგენტოს ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა პერლ ჰარბორის მემორიალთან. საფრენი აპარატი, რომლის ბორტზეც 5 ადამიანი იმყოფებოდა წყალში ჩავარდა.

მგზავრები გადარჩნენ. თუმცა ყველა მათგანი დაშავდა და ჰონოლულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ვერტმფრენი დაშვებას აპირებდა, მაგრამ ხმელეთს ვერ მიაღწია და სანაპიროდან რამდენიმე მეტრის დაშორებით წყალში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ტურისტები მაშველების მისვლამდე წყლიდან ადგილობრივებმა ამოიყვანეს.

ტურისტული ჯგუფების ვერტმფრენით მომსახურებას კიდევ ერთი კომპანია განახორციელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 17:15

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ გერმანულ კომპანიაზე „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ზამთრის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონაში კომპანია  „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ოპერირებას 4 თებერვლიდან 31 მარტამდე განახორციელებს. კომპანიისთვის ფრენების ნებართვის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მომართა.  

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ის კუთვნილი AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, ქართული კომპანია „ჰელიქსირი“ გუდაურის საკურორტო ზონაში მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებას, კერძოდ, „Heli-skiing” ტურებს განახორციელებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“ მეორე უცხოური ვერტმფრენების კომპანიაა, რომელიც წელს საქართველოს ზამთრის ტურისტულ ზონებში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიულ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელების ნებართვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით გასცა.

აღნიშნული კომპანიების ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური