მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ვენეციის კომისიის კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება.

აღინიშნა, რომ ვენეციის კომისია მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში და ხელისუფლება კომისიის მოსაზრებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების როლზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის დახვეწის პროცესში და გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აპრილი 2019 15:53

პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. 

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა დეტალურად გააცნო.

დელეგაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის საერთო მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და მისი პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა. ვენეციის კომისიის წევრებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ვენეციის კომისია ეწვია

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 12:33

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა.

 ამ მიზნით, სისტემის შიგნით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნასთან ერთად, სამინისტრომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა დაიწყო, რაც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს.
 
სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომელსაც ვენეციის კომისია შეაფასებს. ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და პარლამენტის დეპუტატებთან 2019 წლის 11-12 თებერვალს გამართავს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში ვენეციის კომისიის დელეგაციას მინისტრის მოადგილეებმა - ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ უმასპინძლეს.

საქართველოს პრემიერი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 12:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

საუბარი შეეხო მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუციის შექმნას ემსახურება. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე შეიმუშავა, საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს; უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მთავრობას; კიდევ უფრო მეტად აკონკრეტებს პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციებს; უზრუნველყოფს ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, რაც 2024 წლიდან იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებით ხდება, რაც დიდი მიღწევაა და ეს საკითხი არც ერთი ხელისუფლების პირობებში, დღის წესრიგშიც არ დამდგარა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 10:04

გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით. 
„ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ  შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია.
შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და რომელიც იქნება დაფუძნებული ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას.
იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში, პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული, რაღაც უაღრესად დასწრაფებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების  ირგვლივ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცისაკენ მიმართული ცვლილება.
„უარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ- ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და ვენეციის კომისიამ.
ამ ვითარებაში, ის, რაც დარჩა სახელიდან - კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები- და  მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს მიიღებდა კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით: ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია. იმ სულისკვეთებაზე, რომელიც მიმართულია რეალურად, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით სწორედ, ამ ვერსიამდე”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკონენდაციები ასახული არაა" - საია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 17:14

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ასახული არაა. 
საია-ს წევრი გიორგი გოცირიძის აზრით, ეს პრეზიდენტს, პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პოლიტიკური შეთანხმების გამო მოხდა. მისი თქმით, პრეზიდენტის შენიშვნებში ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად არის გათვალისწინებული მხოლოდ და მხოლოდ 3 თვიან ვადასთან მიმართებაში. 
”მაღალ კვორუმთან დაკავშირებით კვლავ პრობლემა რჩება, რადგან ორგანული კანონის მისაღებად იგივე კვორუმია საჭირო, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში იყო აუცილებელი - 7 წევრი უნდა ესწრებოდეს და 6-მა უნდა მისცეს ხმა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ანუ ამ ნაწილში პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ასევე არ არის გათვალისწინებული იმასთან დაკავშირებით, რომ ნორმა შესაჩერებლად კოლეგიიდან პლენუმს არ უნდა გადაეცეს და თავად კოლეგიამ უნდა შეაჩეროს ნორმა, თუკი ამის საფუძველს ხედავს, ვინაიდან კოლეგიიდან პლენუმისთვის საქმის გადაცემა ნორმის შეჩერების აუცილებლობას საფრთხეს შეუმქნის”, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე აზრით, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას სწორედ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შემდგარი პოლიტიკური შეთანხმების გამო არ აპირებს.
 

"ვეტოს დაძლევის აუცილებლობას ვერ ვხედავ" - ზვიად ძიძგური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 17:10

ზვიად ძიძიგური ვეტოს დაძლევის აუცილებლობას ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ "გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები „საკონსტიტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტს, პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის კონსენსუსის შედეგია"

„ეს ვეტო არის სრულიად განსხვავებული იმ თვალსაზრისით, რომ ვიდრე პრეზიდენტი "საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ" ორგანულ კანონს ვეტოს დაადებდა, მანამდე ეს კანონი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა. თქვენ იცით, რა სერიოზული ხმაური მოჰყვა „საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ“ კანონს, მათ შორის, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, ოპოზიციური პარტიებისგან და ა.შ. ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო 3 ძირითადი შენიშვნა, ხოლო დანარჩენზე - დადებითი რეცენზიები. ვენეციის კომისიის შენიშვნების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრემიერის ადმინისტრაციას და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შედგა კონსულტაციები და შენიშვნები, რომელსაც პრეზიდენტი აგზავნის პარლამენტში, არის ერთგვარი კონსესუსის შედეგი. ვეტოების ჯაჭვს თუ გადავხედავთ, ეს პირველად მოხდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის შენიშვნები შეჯერებული ვარიანტით მოდის. მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ვეტოს დაძლევის არავითარი აუცილებლობა და საჭიროება არ არის, იმიტომაც გაკეთდა ეს ყველაფერი რომ უფრო ლეგიტიმური იყოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ის ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის ნაწილის შეფასებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გარიგება შედგა და გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სინამდვილეში გათვალისწინებული არ არის.
„ჩვენ რასაც ვეძახით, რომ მოხდა კონსენსუსი, შეთანხმება, შეჯერება - სხვამ შეიძლება ამას გარიგება დაარქვას. ეს შეფასების საკითხია და ვისაც როგორ სიამოვნებს, ისე იტყვის, მაგრამ მე გეტყვით, რომ ნამდვილად იყო შემხვედრი ნაბიჯები პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერის ადმინისტრაციის მხრიდან“, - აღნიშნა მან.

ვენეციის კომისიის დელეგაცია არასამთავრობოებს ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 16:49

ვენეციის კომისიის საექსპერტო დასკვნა მარტში გამოქვეყნდება. მანამდე კი კომისიის ექსპერტები საქართველოში ჩამოვიდნენ და საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიღების მიზნით, შეხვედრებს მართავენ. 

ვენეციის კომისიის წევრები ამ წუთებში არასამთავრობო სექტორს ხვდებიან. 

კომისიის ექსპერტები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ. 

მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი და შესატანი ცვლილებები იყო. 

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ის, თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, პრობლემას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, მთავარია, ოლქების სიდიდის განსაზღვრისას გათვალისწინებული იყოს გეოგრაფიული მდებარეობა.

ვენეციის კომისიის წევრების შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 14:41

საარჩევნო კოდექსი და კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის წარმომდგენლები საპარლამენტო უმრავლესობას ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ვენეციის კომისიის წვლილი ქართული საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაში არის დიდი დამათ ვიზიტსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოპოზიციის ერთ ერთი მთავარი პრეტენზია კოდექსთან დაკავშირებით არის 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება .საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ რომ ვენეციის კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ვენეციის კომისიიის წარმომადგენლების ვიზიტი ერთდღიანია. პოლიტიკური ძალების გარდა ისინი შეხვედრას არასამთავრობოებთანაც გეგმავენ.

ვენეციის კომისიის დასკვნა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მარტში გამოქვეყნდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 13:36

საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ განუცხადა.

ამასთან, მანუელ გონსალეს ოროპეზა არ იზიარებს ქართული ოპოზიციის წუხილს იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დაგვიანებული იქნება და საარჩევნო კოდექსის შეცვლა ვერ მოესწრება. 

მისი თქმით, სესიის თარიღი დადგენილია, ვენეციის კომისია წელიწადში ოთხჯერ მართავს მსგავს სხდომებს და მას არ შეუძლია სპეციალური სესიის მოწვევა საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების შესაფასებლად, მაგალითად მომავალი კვირას. 

"ჩვენც გვჭირდება დრო. დელეგაციის შემადგენლობაში სამი წევრი ვართ. როგორც კი გვექნება მოსაზრება, უკვე 60 ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ მას", - განაცხადა გონსალეს ოროპეზამ.

ვენეციის კომისიის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო. ექსპერტებმა აუდიენცია უკვე გამართეს ცესკოში, ასევე ოპოზიციასთან - პარლამენტში. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური