საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 თებერვალი 2019 16:33

მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს - ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2018 წლის 28 ივნისს, ჰონგ კონგში „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. 

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება გაზრდის საქართველოსა და არსებული ბიზნეს კლიმატის შესახებ ცნობადობას და ხელს შეუწყობს ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას  და წარმოადგენს ერთ - ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო საფინანსო საერთაშორისო  ცენტრს. 

წარმოდგენილი შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

ჩინეთი ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 09 დეკემბერი 2018 16:35

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო სააგენტოს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას უსასყიდლოდ გადმოსცემს. საუბარია  შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული  სპეციალისტები გაუწევენ. საქართველოში შემოსვლამდე აღნიშნულ ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს ექნება გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან არსებულ ტექნიკას დაემატება 20 ბორბლებიანი ტრაქტორი შემასხურებლით და 20 სატვირთო პიკაპი.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის მრჩეველმა ვან ლიენფომ.

აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე  შემოვა.

ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში სს „ელმავალმშენებელს“ ეწვია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 13:22

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სს „ელმავალმშენებელს“ ეწვია, როგორც ერთერთ კომპანიას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩეხურ კომპანიებთან და აქვს საერთო პროექტები.
ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დაათვალიერა საწარმო და გაესაუბრა ქარხანაში დასაქმებულ მუშებს. აღინიშნა, რომ ჩეხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე ქვეყნისთვის. მარტა ნოვაკოვამ ასევე მოინახულა საზოგადოების საწარმოო ფართი, ქარხნის მუზეუმი, სადაც გაეცნო მის ისტორიას. აქვე გაიმართა ოფიციალური შეხვედრა სს „ელმავალმშენებელი“ კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
სს „ელმავალმშენებელი“ (საქართველო, ქ.თბილისი) და კომპანია „შკოდა ელექტრიკი“ (ქ. პლზენი, ჩეხეთი) ერთობლივად ახდენენ ასინქრონულ ამძრავიანი ორსექციანი რვაღერძიანი მუდმივი დენის მაგისტრალური სატვირთო ელმავლის ახალი მოდელის (8E1A) შექმნის პროექტის რეალიზაციას. პროექტი ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში 45 ერთეული ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო მაგისტრალური ელმავლის შეძენაზე. დღეისათვის ყველა საპროექტო და საორგანიზაციო სამუშაოები დასრულებულია და სს „ელმავალმშენებელი“ თავის ძირითად თანაშემსრულებელთან „შკოდა ელექტრიკთან“ ერთად ელოდება აღნიშნული კონკურსის დასრულებას და აქვთ გამარჯვებულის სტატუსის მინიჭების ყველანაირი საფუძველი.
2016 წლის 20 ოქტომბერს სს „ელმავალმშენებელში“ (საქართველო, ქ.თბილისი) გაიმართა სს „ელმავალმშენებელის“ და „შკოდა ელექტრიკის“ ერთობლივი ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8E1A ელმავლის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გამართეს სს „ელმავალმშენებელის“ გენერალურმა კონსტრუქტორმა ნიკოლოზ მანჯავიძემ და „შკოდა ელექტრიკის“ ტექნიკური განვითარების დირექტორმა ლადისლავსობოტკამ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშპერნიცკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ირიპრეცლიკ, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზაგაბუნია, სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსდანდრექორელი, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

ავთანდილ ოთინაშვილი

12-14 სექტემბერს საქართველოში გაიმართება ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 07 სექტემბერი 2018 17:30

მიმდინარე წლის 12-14 სექტემბერს საქართველოში გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მარტა ნოვაკოვას ოფიციალური ვიზიტი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მ.წ. 13 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა სს „ელმავალმშენებელს“, როგორც ერთერთ კომპანიას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩეხურ კომპანიებთან და აქვს საერთო პროექტები.

სს „ელმავალმშენებელი“ (საქართველო, ქ.თბილისი) და კომპანია „შკოდა ელექტრიკი“ (ქ. პლზენი, ჩეხეთი) ერთობლივად ახდენენ ასინქრონულ ამძრავიანი ორსექციანი რვაღერძიანი მუდმივი დენის მაგისტრალური სატვირთო ელმავლის ახალი მოდელის (8E1A) შექმნის პროექტის რეალიზაციას. პროექტი ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში 45 ერთეული ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის  სატვირთო მაგისტრალური ელმავლის შეძენაზე. დღეისათვის ყველა საპროექტო და საორგანიზაციო სამუშაოები დასრულებულია და სს „ელმავალმშენებელი“ თავის ძირითად თანაშემსრულებელთან „შკოდა ელექტრიკთან“ ერთად ელოდება აღნიშნული კონკურსის დასრულებას და აქვთ გამარჯვებულის სტატუსის მინიჭების ყველანაირი საფუძველი.

2016 წლის 20 ოქტომბერს სს „ელმავალმშენებელში“ (საქართველო, ქ.თბილისი) გაიმართა სს „ელმავალმშენებელის“ და „შკოდა ელექტრიკის“ ერთობლივი ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8E1A ელმავლის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გამართეს სს „ელმავალმშენებელის“ გენერალურმა კონსტრუქტორმა ნიკოლოზ მანჯავიძემ და „შკოდა ელექტრიკის“ ტექნიკური განვითარების დირექტორმა ლადისლავსობოტკამ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშპერნიცკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ირიპრეცლიკ, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზაგაბუნია, სს „საქართველოს რკინიგზის“  სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსდანდრექორელი, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს სს „ელმავალმშენებელში“  ვიზიტისას ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დაათვალიერებს საზოგადოების საწარმოო ფართებს, ქარხნის მუზეუმს, სადაც გაეცნობა მის ისტორიას, გაიცნობს კომპანიის ხელმძღვანელებს.

საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა - საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 17:30

საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება იშვიათი და დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში გააღრმავოს. „ჩვენ ჩინეთის განვითარებას ვუყურებთ როგორც მსოფლიოსთვის იშვიათ და დიდ შესაძლებლობას, გამოწვევის ნაცვლად. სწორედ ამიტომ საქართველომ ხელი მოაწერა გასულ წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთამაშეა გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას.„როდესაც ვსაუბრობთ სხვადსხვა ერებს შორის ეკონომიკურ ან კულტურულ დიალოგზე, არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს ნდობაზე დაფუძნებული, პროდუქტიული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, გაერო-ში ჩინეთის როლის გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ჩინეთთან ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ შესახებ. „თუ შეხედავთ ინიციატივის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ ფარგლებში პროექტებს, აღმოაჩენთ უამრავ მარშრუტს. თუმცა საქართველოს გზა ყველაზე მარტივი და საინტერესოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა შეუძლია.

ინიციატივის „იტალიური ივნისი“ და თბილისი-ბოლონიის ავიარეისის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 20:32

2018 წლის 4 ივნისს, ორშაბათს, 11:00სთ-ზე სასტუმროში Iota Hotel Tbilisi (მისამართი: ლერმონტოვის ქ. 10) ჩატარდება პრესკონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE), ქ. ბოლონიის ტურიზმის ორგანიზაციასთან Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტთან თანამშრომლობით.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინიციატივა „იტალიური ივნისი“ და ავიაკომპანია Georgian Airways-ის თბილისი-ბოლონიის ახალი, პირდაპირი რეისის შესაძლებლობები. პრესკონფერენციაში, რომელსაც გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მონაწილეობას მიიღებენ სააგენტო ICE-ს დირექტორი, ორგანიზაციის Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტის წარმომადგენლები.

ინიციატივის „იტალიური ივნისი“ მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიაში წარმოებული პროდუქციის (Made in Italy) პოპულარიზაციას საქართველოში. Made in Italy, რომელიც ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზი და ხარისხის, კრეატიულობის, სილამაზისა და სანდოობის სინონიმია, იტალიური ცხოვრების წესის (Vivere ALL'italiana) მთავარი შემადგენელი ნაწილია. ინიციატივაში მონაწილეობენ სხვადასხვა სექტორებთან - პარფიუმერიასთან, კოსმეტიკურ ნაწარმთან, მოდასთან, ოპტიკასთან, აქსესუარებთან, ავეჯთან, დიზაინთან, საკვებ პროდუქტებთან და სხვ. - დაკავშირებული ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები და იმპორტიორები. ინიციატივაში ჩართული კომპანიები, რომლებიც საქართველოში იტალიური პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ, მომხმარებელს შესთავაზებენ სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს მთელი ივნისის თვის განმავლობაში. სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე www.italiuriivnisi.ge შესაძლებელია ინიციატივაში მონაწილე მაღაზიების ჩამონათვალის ნახვა. 

1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 11:21
2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 

შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%). 

2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული მოდის პოპულარობას მთელ მსოფლიოში

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 10 ნოემბერი 2017 18:08

ევროკავშირი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ამ ქვეყნების კომპანიებს ახალ პერსპექტივებს სთავაზობს. თბილისში მდებარე მოდის სახლი „მატერია“ ერთ-ერთი მათგანია, აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული სტატიაში.
მოდის სახლი, რომელიც თავის მომხმარებლებს მაღალი კლასის ტანსაცმლის ხაზს და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს სთავაზობს, საკუთარ ტანსაცმელს ასევე საქართველოს სხვადასხვა საჯარო უწყებებზე ყიდის, რომელთა შორის არის არმია, პოლიცია, ფოსტა და მრავალი სხვა.
ის მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან ფორმების საწარმოებლად როგორც ეროვნული გუნდის იუნიორი მოთამაშეებისთვის, ისე რაგბის არაერთი სხვა კლუბისთვის, რომელთა შორის არის გორის „ჯიქი“, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული.
კომპანიამ უზრუნველყოფილი დაფინანსება მიიღო საკუთარი აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის და დანერგა ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სათანადო პრაქტიკა ახალი ტანსაცმლის ფაბრიკისთვის, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ეს დაეხმარება მოდის სახლს სრულად ისარგებლოს ექსპორტის პერსპექტივებით. კომპანია იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business)-ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზით ისარგებლა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 16:47

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად აუცილებელია ორივე ქვეყანაში დასრულდეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და მოხდეს ორი ქვეყნის საკანონმდელო ორგანოთა მიერ შეთანხმების რატიფიკაცია. მისი განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აგრეთვე ინდუსტრიული მიმართულება. პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას. 

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთაანამრომლობას და ხელს შუწყობს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ შეხვედრის შემდეგ. 

მა ფეიჰუას განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია, საქართველოს მთავრობა ეფექტურად მუშაობს და არსებული ბიზნეს გარემო ქმნის კარგ პირობებს უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად. „ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ოცზე მეტი ჩინური ბიზნესი და მე მჯერა, რომ ორმხრივი პოლიტიკური ნდობით და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაღრმავებით, მომავალში ჩვენ გვექნება ბუმი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით. მე მართლა მჯერა, რომ საქართველოს ლამაზი ბუნების, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ტრადიციებს გასაცნობად საქართველოში მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:06

2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის. ამ ეტაპზე შეთანხმება ძალაში შევა მხოლოდ საქართველოს, ნორვეგიასა და ისლანდიას შორის. საქართველოს, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინის შორის შეთანხმება ძალაში შევა შვეიცარიისა და ლიხტენშტეინის მიერ შეთანხმების რატიფიცირებიდან 3 თვის შემდეგ.  

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 27 ივნისს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში ქ. ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია).  

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა სამ რაუნდში. 

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე.

შეთანხმება მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინტელექტუალური საკუთრება; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრად განვითარება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური