დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 12:40

25-26 თებერვალს მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში. 25 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილესთან საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ტრეისი ან ჯაკობსონთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ ქმედებების კოორდინაციაზე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბალკანეთის, შავი ზღვისა და კავკასიის დირექტორთან, ვიქტორია ტეილორთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის პოლიტიკას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით.     
 
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენ უოლაკს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორს სტივენ ნიქსს. განხილულ იქნა საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული რეფორმები. საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის გაგზავნა.

ერდოღანი ვაშინგტონს მოუწოდებს, აირჩიოს, თუ ვის უჭერს მხარს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 18:47

თურქეთის პრეზიდენტი შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის სპეციალური წარმომადგენლის სირიაში ვიზიტს აკრიტიკებს. ერდოღანი ვაშინგტონს მოუწოდებს, აირჩიოს, თუ ვის უჭერს მხარს, თურქეთს თუ სირიელ ქურთებს, რომელსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. პრეზიდენტის თქმით, სპეცწარმომადგენელი სირიელ ქურთებთან ვიზიტით იმ დროს ჩავიდა, როდესაც ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ერდოღანი მიიჩნევს, რომ სპეცწარმომადგენელმა დაარწმუნა სირიელი ქურთები, რომ პოლიტიკური გზით საკითხის გადაჭრის პროცესში მათი ინტერესები გათვალისწინებული იქნება და ქურთები ამ პროცესის მონაწილეები არიან.

ბარაკ ობამამ ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში მიიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 11:11

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იწვევს, რომელიც ვაშინგტონში 2016 წლის 31 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ღონისძიების ფარგლებში უმასპინძლებს თავისუფალ და ღია დიალოგს იმ ზომების შესახებ, რომელთა მიღება შესაძლებელია გლობალური ბირთვული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

„ვიმედოვნებ, შემომიერთდებით მუშაობაში ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, მე განვიხილავ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი ვალდებულებების საკითხს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები განაცხადებს 2016 წლის სამიტზე. საქართველომ ცხადყო გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტისა და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებასა და ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის წევრობაში. სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ სამიტზე, ასახულია კონკრეტული ზომები, რომლებსაც ჩვენ, როგორც შესაბამისი ინსტიტუტებისა და ინიციატივების წევრები, მივიღებთ, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურა. მივესალმები თქვენ მოსაზრებებს იმ გზების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება 2016 წელსა და მის შემდგომ სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებაში. ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლა დღესაც მნიშვნელოვანი საკითხია ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში. გამოვთქვამ იმედს, საქართველო მომავალშიც განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს, რათა წინ აღუდგეს მარეგულირებელი კონტროლის მიღმა ბირთვული და რადიოლოგიური მასალების არსებობას და პარტნიორ ქვეყნებს გაუზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას ამ სფეროში. ისევე, როგორც მისი წინამორბედები, 2016 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ტერორიზმისგან თავდაცვის განმტკიცების მხრივ. იმედის თვალით შევყურებ თქვენს ვიზიტს ვაშინგტონში მომავალი წლის გაზაფხულზე, რათა ერთად აღვნიშნოთ მიღწეული პროგრესი და დავსახოთ უსაფრთხო და მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის გზები", - ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან მიიღო ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტი და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც ძალაში წლის ბოლომდე შევა.

„რადგან ეს იქნება ამ ფორმატის ბოლო სამიტი, ჩვენ გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა, გავაძლიეროთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტები და ინიციატივები, რომლებიც შეადგენენ ბირთვული უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ჩვენი, როგორც ლიდერების, ვალდებულებაა სამიტის მიერ უზრუნველყოფილი მუხტის შენარჩუნება, რათა მზარდი საფრთხეების ფონზე განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებული ბირთვული მასალების უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ბირთვული მასალების კონტრაბანდის პრევენციისკენ. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე, არ მოვადუნოთ ყურადღება და შევამციროთ საფრთხეები, სანამ ისინი არსებობენ", - ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში.

ვაშინგტონი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას გააქტიურებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 10:55

ვაშინგტონი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას გააქტიურებს. როგორც სააგენტო AFP იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. 
"ჩვენ გადავდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს და ვაპირებთ უფრო მეტი გავაკეთოთ "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებისკენ მიმართული ჩვენი სტრატეგიის განსახორციელებლად", - განაცხადა ეშტონ კარტერმა. 
მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების პირობით 7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამაც გამოვიდა.

ვაშინგტონში კაპიტოლიუმის ნაძვის ხე გაანათეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 14:15

ვაშინგტონში კაპიტოლიუმის ნაძვის ხე გაანათეს. ცერემონიას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და 10 წლის ალიასკელი გოგონა უძღვებოდნენ.

სწორედ ალიასკიდან ჩაიტანეს ვაშინგტონში 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც განათებებთან ერთად, ალიასკელი ბავშვების მიერ დამზადებული ორნამენტებით არის გაფორმებული.

აქტიური საშობაო სამზადისია თეთრ სახლშიც, სადაც მიშელ ობამამ საშობაო დეკორაციები პირველი სამხედრო ოჯახების წევრებს დაათვალიერებინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა წელს 62 ნაძვის ხითა და 70 ათასი ორნამენტით მორთეს. 

თბილისი და ვაშინგტონი "რუსთავი 2"-ის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 10:07

12 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი და მისი მოადგილე ენტონი ბლინკენი მონაწილეობდნენ. ქართულ მხარეს კი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენდა.

მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოებისათვის თავისუფალი სივრცეების არსებობის მნიშვნელობა. ვაშინგტონი მიესალმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რაც შესაძლებელს ხდის რუსთავი 2-თან დაკავშირებით სააპელაციო პროცედურების გაგრძელებას და საქართველოში მედია პლურალიზმის შენარჩუნებას.განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მიღწევებსა და რეფორმებზეც ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური და სასჯელაღსრულებითი სისტემა.

"აშშ კმაყოფილებით აღნიშნავს რუსთავი 2-ის საქმის სააპელაციო განხილვასთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარებას, რომელიც წინსვლისა და მედია პლურალიზმის დაცვის შესაძლებლობას ქმნის. ორივე მხარემ აღნიშნა ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობა. ამერიკული მხარე იწონებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მართლმსაჯულების, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით და გამოთქვამს იმედს, რომ სიღრმისეული რეფორმები გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო ასევე პრაქტიკულ დონეზე. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და გაძლიერებისთვის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.", - ნათქვამია განცხადებაში.

ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადებს გადახედა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 12:25

ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადებს გადახედა. ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით 9 ათას 800–სი ჯარისკაცი ავღანეთში 2016 წლის ბოლომდე დარჩება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ ავღანეთის შეიარაღებულ ძალები არ არის საკმარისად ძლიერი რომ არსებულ საფრთხეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.

ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას პენტაგონის ხელმძღვანელმაც დაუჭირა მხარი. თავდაცვის უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ამერიკის მოკავშირეები დამატებით კონტინგენტებს გამოჰყოფენ და ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

ვაშინგტონში საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 12:03

რუსეთის მიერ სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყებას ვაშინგტონი უკმაყოფილებით შეხვდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია წერს.

როგორც მასალაშია აღნიშნული, კრემლი აცხადებს, რომ სირიაში წარმოებული ოპერაცია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის პოლიტიკის ყოფილი დირექტორი და იეილის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას გრემი ამბობს, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის გამყარებას ცდილობს და მისი პირველადი სამიზნე ისლამური სახელმწიფო არ არის. "არ მგონია, ისლამური სახელმწიფო ამ ეტაპზე პრიორიტეტული სამიზნე იყოს. მთავარი მიზანი ასადის რეჟიმის კონსოლიდაციაა. რუსებმა რამდენიმე ისლამისტური ძალა დაბომბეს, მათ შორის, ალ ნუსრაც. მაგრამ იმ სახედრო ტექნიკითა და იმ შესაძლებლობებით, რომლებიც რუსებს სირიაში აქვთ განლაგებული, კრემლს ისლამურ სახელმწიფოზე იერიშის მიტანა ძალიან გაუჭირდება", - განაცხადა გრამმა.

გრემი დარწმუნებულია იმაში, რომ სირიაში ოპერაციის დაწყების გამო ისლამისტები რუსეთს სამიზნედ ამოიღებენ. შედეგად, ტერორისტული აქტები არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ, შესაძლოა, მოსკოვშიც გახშირდეს. ამის შემდეგ კი, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.
"რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთისკენ სულ რამდენიმე გზა მიდის და ერთ-ერთი საქართველოზე გადის. საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულ ფაქტორად უნდა აღიქვას არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ თემაზე რუსეთი საუბრობს. თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სიტუაცია სრულად აკონტროლოს და საქართველოდან პოტენციური მებრძოლების გადინება აღკვეთოს. ეს მათ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთონ და თან ცალი თვალი რუსეთზე ეჭიროთ",- განაცხადა გრამმა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტი ანა ბორჩევსკაია ამბობს, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია სამომავლოდ რუსეთს დიდ ზიანს მოუტანს. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ ეს სიტუაცია პუტინმა საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენოს.

"რუსეთის სირიაში ჩართულობის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ პუტინი ადგილობრივი ტერორიზმის მასშტაბების გაფართოების რისკზე მიდის. თუმცა, ეს შეიძლება პუტინისთვის მოსახერხებელ საბაბად გამოდგეს და მან ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერი ლიდერის იმიჯი დამკვიდრება ისევ სცადოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლამ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა - ალბათ, გახსოვთ მოსკოვის ბინების აფეთქები. მანამდე პუტინს არავინ იცნობდა, მისი რეიტინგი ძალინ დაბალი იყო. ტერორიზმთან ბრძოლამ მას პოპულარობა მოუტანა", -განაცხადა ანა ბორჩევსკაიამ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთმა სირია შესაძლოა, ყურადღების გადამტან ფაქტორად გამოიყენოს და კავკასიაში ჯარების გადააადგილება დაიწყოს. სიტუაციისთვის თავის გასართმევად ბორჩევსკაია ამბობს, რომ საქართველომ აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოკავშირეებს და დასავლეთში დაფუძნებულ ექსპერტებს.

"დასავლეთთან კომუნიკაცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, პარტინიორებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. უკრაინაში ვნახეთ, რომ რუსეთის მასობრივმა პროპაგანდამ დაბნეულობა გამოიწვია, რაც ანალიტიკოსებს სიტუაციის სწორ შეფასებაში დღემდე ხელს უშლის. ამიტომაც, საქართველომ დასავლეთს ზუსტი ინფორმაცია უწყვეტად უნდა მიაწოდოს", - განაცხადა ბორჩევსკაია.

"რუსეთთან წარსული გამოცდილებიდან და კრემლის მიერ პანკისის ფაქტორის არაერთხელ საბაბად გამოყენების შემთხვევებიდან გამომდინარე, ვაშინგტონში საქართველოს, სირიის მოვლენების ფონზე, უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ", - ნათქვამია "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მასალაში.

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური ვაშინგტონში ჩავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 15:00

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ცზინპინი სპეცრეისით დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ჩაფრინდა, სადაც გაგრძელდა მისი ოფიციალური ვიზიტი ამერიკაში.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

მათი ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ვაშინგტონში, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების აეროდრომზე დაეშვა. სი ცზინპინსა და მის მეუღლეს პენ ლიუანს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დახვდა.

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური ვაშინგტონში სიეტლიდან ჩავიდა, საიდანაც იგი ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოაცილეს.

ვაშინგტონი ჩინეთის პრეზიდენტისთვის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მეორე გაჩერებაა. მოგვიანებით ჩინეთის ლიდერი გაეროს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის მიწვევით, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური 22-25 სექტემბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით ამერიკას ესტუმრა და შეხვედრები გამართა ამერიკის სახელმწიფოს პირველ პირებთან.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური