ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 13:49

10 აპრილს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ სტრასბურგში მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზას დაიტანენ: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თ. ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი: საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 23 მაისი 2018 20:10

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ როგორ ემზადებიან საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო ფესტივალისთვის

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Discover Silk Road Star — „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" 25 აგვისტო –1 სექტემბრის პერიოდში გაიმართება, რომელშიც 14 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსზე გამოვლენ ახალგაზრდა შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიდან.

ღონისძიების პარტნიორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik–ი იქნება.   „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ღონისძიების ქართველი ორგანიზატორებისა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის წარმომადგენელი კონკურსანტების მონაწილეობით ვიდეოხიდი გაიმართა.

 „მალე ჩვენ ფესტივალ  „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის“ ფარგლებში შევხვდებით. ის 25 აგვისტოს აიღებს სტარტს და ჩვენ ყველა ბათუმში შევიკრიბებით. მადლობა თქვენ საქართველოსადმი თბილი დამოკიდებულებისთვის. მე ყველას გგულშემატკივრობთ, არ შემიძლია რომელიმე მონაწილის გამოყოფა. თითოეულ თქვენგანს მთელი გულით დაგიჭერთ მხარს“, – განაცხადა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ნინო შალამბერიძემ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 26 აგვისტოს გაიმართება, რა დროსაც მონაწილეები მსოფლიო ჰიტებს შეასრულებენ. კონკურსის მომდევნო ეტაპზე – 28 აგვისტოს, კონკურსანტები საკუთარი ქვეყნის პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ. მაყურებელს ყველაზე საინტერესო ბოლო ეტაპზე ელოდება, როდესაც ახალგაზრდა მომღერლები კომპოზიციებს ქართულ ენაზე შეასრულებენ. როგორც ვიდეოხიდის დროს თავად მონაწილეებმა აღნიშნეს, მათთვის ყველაზე ამაღელვებელი ბოლო ეტაპია.

ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანია, რომელიც ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას. 

„ჩემთვის ძალზე საინტერესო იქნება თქვენთან მუშაობა და მოუთმენლად ველოდები ფესტივალს. ბათუმში არამარტო ქართველი მაყურებელი, არამედ ტურისტებიც შეიკრიბებიან. ამ ღონისძიებით ჩვენ გვსურს ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში შეუძლიათ საერთაშორისო მასშტაბის სიმღერის კონკურსების ჩატარება“, – აღნიშნა ონიანმა.

მისი სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ფესტივალი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ სხვებისგან იმით იქნება გამორჩეული, რომ მისი ორგანიზებით მსოფლიო მასშტაბის გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდია დაკავებული.

ფესტივალზე აზერბაიჯანს ახალგაზრდა ემილია იაკუბოვა წარადგენს, ყირგიზეთს აბაი სერიკოვი, ტაჯიკეთს დანიელ  რუსტამოვი და ყაზახეთს – რუსტემ ჟუგუნუსოვი.

„მე ძალიან  მინდა მალე ვნახო  საქართველოს ღირსშესანიშნაობები და გავიცნო პროექტის სხვა მონაწილეები. ამ დროისთვის გულმოდგინედ ვემზადები ფესტივალისთვის. მე უკვე შევარჩიე ორი სიმღერა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე, პროექტში რომელი სიმღერით გამოვალ. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა იაკუბოვამ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსზე თუ ვინ წარადგენს საქართველოს, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე არ არის ცნობილი თურქეთისა და ჩინეთის წარმომადგენლების ვინაობა.

 „მონაწილის ვინაობა, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა, ჯერჯერობით, არ გარკვეულა. ჩვენ გვინდა, რომ ის მოსახლეობამ შეარჩიოს სახალხო ხმის მიცემის გზით. თვის ბოლოსთვის ჩვენს საიტზე ხუთი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და ნებისმიერს შეუძლია საკუთარ ფავორიტს დაუჭიროს მხარი, გამარჯვებული კონკურსზე გავა“, – განაცხადა შალამბერიძემ.

„სიმღერის კონკურსის გამართვასთან ერთად ჩვენ გვინდა მონაწილეებს საქართველო გავაცნოთ – მოვუთხროთ ჩვენი კულტურის შესახებ, დავათვალიერებინოთ ულამაზესი კუთხეები. ამიტომ ჩვენ ექსკურსიები გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ავთანდილ გვასალიამ.

ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება და მომავალში არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ჩატარდება.

„წელს ფესტივალში 14 ქვეყანა მონაწილეობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მონაწილეების რიცხვი ოცს მიაღწევს“, – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა თამარ აფციაურმა.

ფესტივალი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ ბათუმის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური