პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 22 ივლისი 2019 12:49

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

„Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

„Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 14:30
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
 
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ლელა ჩიქოვანმა აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 13:39

საქართველოში აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია იმყოფება. საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს აშშ-ის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებს.

მხარეებმა აშშ-საქართველოს სტარტეგული პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და ყურადღება გაამახვილეს აშშ-სთან ერთად ყველაზე ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენ და ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის უზრუნველყოფისკენაა  მიმართული. 

დღესვე აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის დასკვნითი საჩვენებელი სწავლება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018 17:47

„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო შეასრულა. სწავლების ამოცანა ქვედანაყოფის მიერ რაიონული თავდაცვის განხორციელება იყო, რათა ბრძოლაში ჩართვის არეალში პირობითი მოწინააღმდეგე დაემარცხებინა და დივიზიისთვის კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი რეჯინალდ ნილი დაესწრნენ. მე-11 პოლიგონზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითდი ჯგუფის ექსპერტები.

წელს საჩვენებელ სწავლებაში ქართველმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსი „ჯაველინი“. საჩვენებელ წვრთნაში ასევე, პირველად მონაწილეობდა ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩი“. საჩვენებელი საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ „მარდერი“, ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანამ „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებულმა T-72 ტანკებმა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა აღმოუჩინეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 11:57

„ძალა პარტნიორობაშია“  - ამ მთავარი გზავნილით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები - აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი, ჯორჯიის შტატის არმიის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი  ჯონ გრონსკი.

სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავენ და საერთაშორისო მრავალეროვნული წვრთნისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილებენ ყურადღებას - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდება. დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება - ბუნკერის გაწმენდაა. ოპერაციის დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის“ ვერტმფრენებით ჩამოქვეითდება. სამხედროების ერთი ნაწილი საცეცხლე მხარდაჭერას განახორციელებს, ხოლო მეორე - სამანევრო ოპერაციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.   

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე  სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც დაესწრებიან.   

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

ლევან იზორიამ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 მაისი 2018 11:42

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი იმყოფება. დღეს ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყების ცერემონიასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნას დაესწრება.

ვაზიანში გამგზავრებამდე ლევან იზორიამ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ გენერალ კურტის სკაპაროტს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედების პროცესში ამერიკელი პარტნიორების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მებრძოლ სულს“ (Agile Spirit), რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით საქართველოში წელსაც ჩატარდება. ამერიკელმა გენერალმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი გაიხსენა.

შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, თავდაცვის ატაშე და ამერიკული დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ვაზიანში, სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 16:05

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ემზადება.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მიმართეს. მათ ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. იან კელიმ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ქართველი სამხედროების გასაცილებლად ვაზიანში თავდაცვის მინიტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე იმყოფებოდნენ.

გაცილების ცერემონიალს აშშ-ის ევროპის სარდლობის საზღვაო ქვეითები და მშვიდობისმყოფელების ოჯახი წევრები დაესწრნენ. პირადი შემადგენლობა ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

III ქვეითი ბრიგადა და 31-ე ქვეითი ბატალიონი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიურად არის ჩართული. ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მეოთხე როტაციას ახორციელებს. ავღანეთში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა გადასროლისწინა მომზადება და შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში, ბაზა „ჰოჰენფელსზე“ გაიარეს.

საარტილერიო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 09:05

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა. I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიულმა ბატალიონმა 3-კვირიანი მომზადება საბრძოლო სროლებით დაასრულა. დასკვნით სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. 

საარტილერიო წვრთნაში რამდენიმე ერთეული 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა BM-21 მონაწილეობდა. საველე გეგმიური სწავლება 5 ივნისს დაიწყო და მასში I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და დამკვირვებელ-მაკონტროლებლები მონაწილეობდნენ. გეგმიური საველე წვრთნა სამ ეტაპად განხორციელდა. დასკვნით ფაზაზე 72-საათიანი სწავლება დაიგეგმა, რომელსაც I საარტილერიო ბრიგადის შტაბის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. 

საარტილერიო საველე წვრთნის მიზანს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის დახვეწა წარმოადგენდა.

ვაზიანში მანევრის კაპიტნის სასწავლო კურსი გრძელდება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 16:27

მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელთა მზადების მორიგი ფაზა საველე სწავლებით დასრულდა. წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გრძელდებოდა. კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს, სწავლების ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ ბრძანებები გაეცათ  ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართული პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მესამე ასეულისთვის, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების ჯგუფისთვის.  ბრძანების თანახმად სწავლებაში ჩართულ  ქვედანაყოფებს დასახლებულ პუნქტში არსებულ შენობებში გამაგრებულ პირობით მტერზე უნდა მიეტანათ იერიში და გაენადგურებინათ.  ქვედანაყოფებმა ბრძანება წარმატებით შეასრულეს.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, სამხედროების მიერ, ჯავშანმანქანების დახმარებით, დაჭრილების ევაკუაცია მოხდა. მეწინავე ოპერატიულ ბაზა „გაგრაზე“ დაბრუნების შემდეგ კი, საერთო საჯარისო ცენტრისა და კურსის ხელმძღვანელებმა მსმენელებს სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე მიუთითეს. საველე სწავლებისას კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებმა თეორიაში ნასწავლი პრაქტიკულად განახორციელეს. სწავლებას საერთო საჯარისო ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი იროდი ქადაგიშვილი ესწრებოდა. 

ვაზიანში ნატოს შემფასებელთა კურსი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 14:37
ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დაიწყო. სწავლება, რომელშიც 19-ი ქვეყნის 40-მდე ოფიცერი მონაწილეობს, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. კურსის მიზანი ნატოს ძალებთან, ალიანსის პარტნიორი ქვეყნების თავსებადობის გაზრდაა.
 
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და ნატოს შემფასებელთა კურსის დირექტორმა, მაკედონიის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა იგორ კუზმანოვსკიმ.
 
სწავლებაში საქართველოს გარდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ ისინი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის წვრთნებს დაესწრებიან და მათ შესაძლებლობებს შეაფასებენ.

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური