ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 ივლისი 2020 13:16

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან.
საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით,  პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე.
ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამით გადაღებული კადრების ექსპერტიზის შედეგი ცნობილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 13:35

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეში ერთერთი ბრალდებულია, FBI-სა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ასაჯაროებს.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ გასროლიდან იარაღების აღმოჩენამდე, კადრი უწყვეტია. პირველი წყვეტა, დასკვნის თანახმად, 5 წუთსა და 9 წამზე ფიქსირდება.

 

 

შსს-მ დიდი ოდენობით ე.წ. ექსტაზი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 13 დეკემბერი 2015 11:40

საქართველოს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ჭ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3669 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით).

ბუკიას ბაღთან აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილობას ექსპერტიზა უტარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 10:03

ბახტრიონის ქუჩაზე აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილობას ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება. ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს.

ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის მოწყობილობა აღმოაჩინეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ მანქანაზე. ექსპერტიზის პასუხი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ ბახტრიონის ქუჩაზე აფასეთქებელი მოწყობილობა იყო, რის შემდეგაც ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში შს სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობდნენ.

შემოწმების პროცესში მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელებულოა. როგორც ცნობილია ავტომობილი, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ეკუთვნოდა. 

ექსპერტის პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:27

საქალაქო სასამართლოში სამხარაულის ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილის დაკითხვა დასრულდა. მან პროცესი ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დასკვნა პაატა სალიას მიმართვის საფუძველზე დადო.

კითხვაზე, რა წერია დასკვნაში ექსპერტმა განმარტა, რომ წერია თუ რა ოდენობას შეადგენდა „რუსთავი 2“-ის ქონება. თუმცა თანხას ივანაშვილი არ აკონკრეტებს.

კითხვაზე, რა დოკუმენტაცია წარმოგიდგინათ დამკვეთმა ივანაშვილმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი მოსამართლესთან გააკეთა.

„დამკვეთმა წარმომიდგინა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა და გაიცა შესაბამისი დოკუმენტაცია. დანარჩენი დეტალები მოსამართლესთან ვილაპარაკე. მინდა გითრათ, რომ დამკვეთის მიერ ჩემთვის ინფორმაცია არასრული არ ყოფილა. საუბარი იყო ერთ-ერთ მფობელთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი გაიცა“, - აღნიშნა ივანაშვილმა.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატები მტკიცებულებებიდან ექსპერტ ივანაშვილის დასკვნის ამოღებას ითხოვენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:02

"რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა დემურაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტ ივანაშვილის დაკითხვის პარალელურად მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ექსპერტის მიერ დადებული დასკვნა არაობიექტურია.

მისი თქმით, დასკვნა სავარაუდოდ ერთ დღეში იქნა დაწერილი.

„ამის გათვალისწინებით დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ მტკიცებულებების ნუსხიდან ექსპერტ ივანაშვილის მიერ დადებული დასკვნა ამოღებული იქნას. ექსპერტი ივანაშვილი აკეთებს ქიბარ ხალვაშის მხარის სასარგებლო განცხადებებს. ექსპერტი სრულიად უსუსური და არაკომპეტენტური ჩანს. მან ახალი ტერმინი შემოგვთავაზა, საორიენტაციო ფასთან დაკავშირებით. ასეთი განმარტება არსად არ არის. რჩება შთაბეჭდილება, რომ დასკვნა მომზადებულია ერთ სამუშაო დღეში მოსარჩელის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე „რუსთავი 2“-ის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ მტკიცებულებების ნუსხიდან ამოღებული იქნას“, - ამბობს დემურაშვილი.

საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტი იკითხება, რომელმაც 2006 წლის მდგომარეობით ტელეკომპანიის ღირებულება შეაფასა. არსებობს ვარაუდი, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს.

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 10:49

საქართველოას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს „Baikal MP-654“-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი, დანა და „Haenel Shmeiser“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას მიეკუთვნება და სასროლად ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

კაბალში საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 10:01

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა. ლაგოდეხის რაიონში წუხელ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო,  კომპანია "დელტამ" სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც ჭურვის სახლს დაეცა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოჯახში არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სახლის სახურავი და კედელი, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები.

კრიმინალისტებმა ჭურვი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით აღიძრა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური