ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მაისი 2020 15:47

2020 წლის 28 მაისს, ქართული მხარის ინიციატივით,  გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.
 
ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ.
განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება  ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.  
 
ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. 
 
განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები  და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.                                                   
 
ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 
 
მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი  შეჩერება.
ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა.
 
სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან.

აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.
 
გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 აგვისტო 2019 12:12

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების საკითხზე საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულ სურათს ფლობს სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესისა და საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების შესახებ.

სატელეფონო საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პარალელურად, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმბეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით ისედაც რთულ მდგომარეობას, და წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკს თხოვნით მიმართა, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და გატაცებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნება საკუთარ ოჯახებში.

დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ასევე სთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემის მაღალ დონეზე წამოწევა. სატალეფონო საუბრისას ასევე აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.

ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარადჭერა და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრატხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018 11:55

დღეს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. პირველ შეხვედრას ნატოს მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მამუკა ბახტაძეს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე თავდაცვის მინისტრსაც შეხვდება. ჯეიმს აპატურაი მოლაპარაკებებს გამართავს ოპოზიციასთან - მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპატურაის განაცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაეცნოს და საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გეგმებზე ისაუბროს.

„ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს პრეზიდენტთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებებს გავმართავთ ასევე ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება. ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიების ტონი ძალზედ მკაცრი იყო, მსოფლიო თანამეგობრობა ელოდება მხარეებს შორის შერიგებას,“- აცხადებს აპატურაი. დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატო-ს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება. ჩვენ ძალიან კარგი 2018 წელი გვქონდა, ბევრი კონკრეტული სამუშაო იქნა დასრულებული, დღესდღეობით ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. მთავრობასთან და მომავალ ლიდერთან უნდა განვიხილოთ 2019 წლის გეგმები, ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და აგრეთვე მეტი საქართველო ნატოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნატოს-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით 2019 წლის გეგმა იქნება. აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

ცესკოში ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018 20:31

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს  ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების საარჩევნო უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.  ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ეუთოს უმაღლეს კომისარსა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია ეროვნული უმცირესობებისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

როგორ ხორციელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლების ინფორმირების კამპანია, რომელი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რა კეთდება კენჭისყრის დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლისთვის საარჩევნო უბანზე - ამ და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ცესკოს მუშაობა პოზიტიურად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ლამბერტო ზანიერი უმაღლესი კომისრის რანგში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი საქართველოს 21 სექტემბერს დატოვებს.

გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 16:10

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას იტალიის ელჩი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, კონფლიქტის დარეგულირების საკითხს და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას.
გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ეუთოს როლი განიხილა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, განიხილეს მავთულხლართების გავლებისა და ბანერების აღმართვის ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საარსებო საშუალებებზე.

ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევნილის მიერ გახსნილი სამკერვალო სალონი მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 16:05

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენდერულ საკითხებში, ელჩმა მელან ვერვერიმ ქალაქ რუსთავში, დევნილ ლეილა ბურნაძის მიერ ახლადგახსნილი სამკერვალო სალონი მოინახულეს. 

ლეილა ბურნაძე ერთ-ერთია იმ 30 დევნილს შორის, რომლებმაც ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) პროექტის ფარგლებში, დაფინანსება მიიღეს. 

პროექტი „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მის მიზანს დევნილი მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და შემოსავლის წყაროების შექმნა/გაძლიერება წარმოადგენს. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, გრანტის გაცემისას გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები და დაფინანსებულთა მინიმუმ 40%-ს ქალები შეადგენენ. 

ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში ელჩი მელან ვერვერი საქართველოს 20 ნოემბერს ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენს. 

სახალხო დამცველის ოფისს ეუთოს წარმომადგენელი ეწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 11:39

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს გენდერულ საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი მელანი ვერვეერი ეწვია.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატისა და აპარატის საქმიანობის შესახებ გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით სახალხო დამცველის აპარატის როლსა და შესაძლებლობებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხოდ დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა ლობჟანიძე.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ საკანონმდებლო გამოწვევებზე, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, ქალთა ჩართულობაზე მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე ქალის როლთან დაკავშირებით.

დამკვირვებლების კომენტარი არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 15:07

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს აკეთებენ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ არჩევნების დღე არ არის გადამწყვეტი, არამედ ზოგადად, პროცესზე დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" წერს.

„პოლიტიკური პარტიებისთვის უნდა იყოს თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, არჩევანის და მედიაგარემოს თავისუფლება. საარჩევნო პროცესი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს, რაც მთავარია, როგორც პირველი ტურის დროს, ისე გადატვირთული არ არის საარჩევნო უბანი, რის გამოც დათვლის პროცესი მაშინ შეფერხებებით მიმდინარეობდა,“- განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კელთჩევსკიმ.

NDI-ის ანგარიშში მეორე ტურის საბოლოო შეფასება მოხვდება, რომელსაც ორგანიზაცია მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

„ჩვენ 10 დღის წინ პირველი ტურის შეფასება მოვახდინეთ და პოლიტიკურ სუბიექტებს მოვუწოდეთ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან, რათა ამომრჩეველს მშვიდ ვითარებაში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს. ასევე ცესკოს მუშაობაში ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა,“- განაცხადა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.

ბურჯანაძე ეუთო-ს გრძელვადიან დამკვირვებლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 14 ოქტომბერი 2016 13:08

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა და მთავარი საბჭოს წევრებმა ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფთან მეორე შეხვედრა გამართეს. 
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ მისიის ხელმძღვანელს ალექსანდრე კეჩევსკის გააცნო პარტიის პრეტენზიების საფუძვლები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუ რატომ თვლის „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ რომ არჩევნები იყო მანიპულირებული და რატომ არ ეთანხმება ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს. 
”პარტიის წარმომადგენლებმა დამკვირვებლებს გადასცეს გაყალბებული და დაუბალანსებელი ოქმების ასლები და ყველა ის მტკიცებულება, რომლებითაც მიმართეს ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს და აპირებენ მიმართონ სასამართლოს. 
მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათი წამომადგენლები აუცილებლად დაესწრებიან სასამართლო პროცესებს და ყურადღებით დააკვირდებიან „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მძრაობის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და პრეტენზიების განხილვას. მხარეები შეთანხმდნენ შეთანხმდნენ შემდგომ შეხვედრაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში .

პაატა ბურჭულაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2016 14:31

სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა და დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. 
როგორც პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საუბარი შეეხებოდა საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, მათ სადამკვირვებლო მისიას მათთვის უცნობი ფაქტები მიაწოდეს. 

„საინტერესო საუბარი გვქონდა, გავაცანით თუ როგორ ჩაიარა ჩვენთან არჩევნებმა. ვისაუბრეთ, თუ რა სახის დარღვევები იყო. მათ გაუკვირდათ ბევრი რამ, რადგან არ ჰქონდათ ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, სწორ დასკვნას გამოიტანენ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალექსანდრე კელჩევსკის ინფორმაციით, შეხვედრა იყო ტრადიციული, რომელსაც მათი ორგანიზაცია არჩევნების დასრულების შემდეგ მართავს ხოლმე პარტიებთან.

„შეხვედრა მიზნად ისახავდა იმას, რომ ინფორმირებული ვყოფილიყავით პარტიების შეფასებებზე არჩევნების შესახებ“, - განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კელჩევსკიმ. 

შეხვედრას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ესწრებოდა პაატა ბურჭულაძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ჯანდიერი.

გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური