​თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018 10:05

თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით დღეს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვია, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კერსტი კალიულაიდი ვიზიტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყებს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან. გიორგი მარგველაშვილის სახელით ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტ კალიულაიდის ვიზიტი კიდევ ერთხელ ნათელი გამოხატულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის.
"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, ჩვენს პარტნიორთან დაგეგმვა იმ შემდგომი ნაბიჯებისა, რომლებიც კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს მაკკეინის კონფერენციაში, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად თბილისში, სადაც სწორედ მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სწორედ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძე.

გიორგი მარგველაშვილი - ესტონეთი საქართველოს ძლიერი პარტნიორია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017 10:50

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაში, რომელიც ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართეს და საქართველოს და ესტონეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
"ეს მართლაც განსაკუთრებული ვიზიტია; ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურული თანამშრომლობა.
ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერია; მხარდამჭერი საქართველოსი და ასევე იმ ერთ-ერთი მთავარი ღირებლების, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს აერთიანებს - თავისუფლება და თავისუფლებისათვის თავდადება.
ეს ვიზიტი ასევე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ, რომელიც ცნობილია საკუთარი სტუმართმოყვარეობის ტრადიციით მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო ესტონელი მეგობრებისგან ამ განსაკუთრებული მიღებით. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს გამოცდილებაში, როდესაც სტუმრები მასპინძლობენ მასპინძელს. ნება მიბოძეთ გაგიმხილოთ დიპლომატიური საიდუმლო - გუშინდელ სადილს მთლიანად ესტონური მხარე უძღვებოდა, რომელმაც იცის საქართველოს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ჩვენზე უკეთესადაც.
ქალბატონო პრეზიდენტო, ეს იქნება დაუვიწყარი ვიზიტი. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე.
პრეზიდენტებმა საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017 15:31

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს წარმომადგენლობითი დელეგაციის თანხლებით საქართველოში პირველი ვიზიტისათვის, რომელიც საქართველო - ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს დაემთხვა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა პირადად ესტონეთის პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ადვოკატირებისათვის და საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტი კალიულაიდი, ყველა შესაბამის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აქტიურად აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ესტონეთს საკუთარი წვლილი შეაქვს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ კონტექსტში 2018 წელს ნატო-ს სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური პროგრესის დემონსტრირებისათვის.
მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ 2018 წელს ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების მოსამზადებელი სამუშაოებისათვის კონკრეტული ნაბიჯების კოორდინაციის თაობაზე.
საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში. ამჟამად საქართველო ჩართულია საერთაშორისო სამშვიდობო  მისიებში.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატო-საქართველოს მაღალი დონის შეხვედრებს, რადგან ეს აშკარად აჩვენებს საქართველოს ევროატლანტიკური პროცესისადმი ნატო-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოიწვია, რომელიც 2018 წლის 26 მაისს გაიმართება.

ჯანელიძე: რეალობაა რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს გვაქვს განვითარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 12:01

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ტალინში ევროკავშირის ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს
ღონისძიება ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით იმართება და მასზე მონაწილეები იმსჯელებენ 24 ნოემბერს ქ.ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, მოიწვია ეს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები”-განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასოცირებულ ქვეყნებს გააჩნიათ  ევროინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგი, ასევე  პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის  დასახულია თანამშრომლობის გეგმა - 2020-სთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს  ჩვენი რეგიონის მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გააგრძელოს ეფექტური ქმედებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდეს პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების მოძიებას და ასევე ქვეყნების ინტერესების შესაბამისად განვითარებას. დღეს უკვე რეალობაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ჩვენ გვაქვს განვითარების და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე. შესაბამისად, ასოცირებული ქვეყნების ერთობა, საერთო  პოზიცია  არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ საერთო ინტერესი გვაკავშირებს. ეს არის უფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან”-განაცხადა მინისტრმა.
ქ. ტალინში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასოცირებული ქვეყნების საქართველო-უკრაინა-მოლდოვა, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან.

ესტონეთში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:30

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუშაო ვახშამზე ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. 

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ესტონეთის მხრიდან დიდა ინტერესი ქართული ღვინით და ქართული ღვინის იმპორტი ბოლო წლების განმალობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონური მხრიდან ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დაინტერესება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. 

პრემიერ-მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 17:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ელჩს პრიიტ ტურკის შეხვდა. საუბარი შეეხო  ორ ქვეყანას შორის არსებულ  ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.  ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის დღის წესრიგზედა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგადასახადო რეფორმის პროცესში ესტონელი ექსპერტების დახმარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხზე.  მხარეებმა გამოთქვეს სამძიმარი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით.

საქართველოში ესტონეთის ელჩის საჯარო ლექცია

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 22 მარტი 2016 15:31

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - პრიიტ ტურკმა შეხვედრა გამართა სკოლის მსმენელებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

შეხვედრა, 2016 წლის 21 მარტს, ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა.

ლექცია: ,,საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, ელჩმა დამსწრე საზოგადოებისათვის წაიკითხა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლა 2016 წლის პირველი ნაკადისთვის 15 მარტს განახლდა. საჯარო მოსამსახურეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან (მარნეული, წალკა, ლამბალო, ბოლნისი, დმანისი, ახალქალაქი, ლაგოდეხი, გარდაბანი, საგარეჯო, ნინოწმინდა, ცაგერი, ამროლაური, ხარაგაული, ყაზბეგი, დუშეთი, შუახევი) გადამზადებას საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივ კურსებზე გადიან.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.

სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა და საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება.

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.

 

დავით დონდუა ესტონეთს ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 17:01

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, თანმხლებ უწყებათაშორის დელეგაციასთან ერთად ესტონეთს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი დოლიძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი, ნატა ქორიძე; თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ნატო-ში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თინათინ მზარელუა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, თეა ახვლედიანი.
 
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კიულლიკე სილლასტე-ელლინგთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მიკო ჰალიასთან; ასევე, შედგა ქართული დელეგაციის შეხვედრები ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის  კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიჰკელსონთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სვენ მიკსერთან. 11 მარტს, საელჩოს ორგანიზებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“.
 
გამართული შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის განვითარებაზე,  ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ იმპლემენტაციასა და  ვარშავის სამიტის მიმართ საქართველოს მოლოდინებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით მიღწეულ პროგრესს,  საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებს, საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. 
 
ესტონელ კოლეგებთან შეხვედრებისას, დავით დონდუამ ფართოდ მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები; რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში, ისევე როგორც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობასა და ბოლოდროინდელ განვითარებებზე; საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის კუთხით გადადგმულ ცალმხრივ ნაბიჯებსა და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე, „მცოცავი ანექსიის“, საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „შეთანხმებების“ და უკანონო „ბორდერიზაციის“ ჩათვლით. საუბარი შეეხო აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტებს. ამ კონტექსტში, დავით დონდუამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნის მნიშვნელობაზე. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ამ კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებს, ხაზი გაესვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს წვლილის მნიშვნელობას და ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებს.
 
ესტონურმა მხარემ  ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.  
 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტონელები სტუმრობენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 17:53

საქართველოში სტუმრად ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ ტიკი და კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის მრჩეველი ანგელიკა უუსი იმყოფებიან. ესტონელი სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ესტონურმა მხარემ აღნიშნული პროექტის ლიდერად ანგელიკა უუსი წარმოადგინა. ქართულმა მხარემ ესტონელ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 13:43
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში ვიზიტი დაასრულა. ესტონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან,პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან  და მეწარმეთა კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან.
 
მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში. აღსანიშანვია, რომ  საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტის ფარგლებში პირველად ახლდა საქართველოს ბიზნეს-დელეგაცია. ბიზნეს ფორუმზე განხილულ იქნა ესტონელი და ქართველი  ბიზენსმენების მიერ საერთო პროქეტების წარმოების პერსპექტივა, საქართველოში ესტონური ბიზნეს ინვესტიციების განხორციელების საკითხები.
 
ვიზიტის ფარგლებში  მინისტრმა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“.
 
„ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.  გვაქვს სრული მხარდაჭერა ესტონეთის მხრიდან პრემიერის ინიციატივებისადმი, იმ ოთხ პუნქტიანი გეგმისადმი, რომელიც უნდა განხორციელდეს, რათა შეიქმნას უფრო მეტი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარებისათვის" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში ვიზიტის შეფასებისას.
 
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონური მხარიდან გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ესტონეთი სრულად მხარს უჭერს საქართველოსთან ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესს. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური