ქართველი ბავშვების საფეხბურთო ოცნება (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 19:17

მესი, კასილასი, რამოსი, სუარესი, ტერ შტეგენი -  ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები და მათი გამცილებელი ბავშვები - ახდენილი ოცნება, გადაცემა "აქტუალური თემა - სპოტის" რუბრიკაში SPORT STAR-ი.  რუბრიკის სტუმრები არიან ბავშვები რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისში ჩამოსული ფეხბურთის ვარსკვლავების გვერდით იდგნენ, ფეხბურთელების გამცილებელი ბავშვები, რომლებიც მოედანზე ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გაიყვანეს. 

უყურეთ „სტარვიზიას“ და უსმინეთ რადიო STAR FM-ს. 

 

 

 

"ჯვაროსნებმა" გიბრალტარი დაამარცხეს, წინ გერმანიაა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 22:15

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები 4:0 დაამარცხა. ჯვაროსნებმა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა 8 ოქტომბერს "დინამო არენაზე" გამართეს. მატჩი ნაკლებად სანახაობრივი აღმოჩნდა, ანგარიში 30-ე წუთზე მათე ვაწაძემ გახსნა, 5 წუთში კი თორნიკე ოქრიაშვილმა ტერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და სხვაობა 2-მდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს მათე ვაწაძემ დუბლი გაიფორმა, 3:0. მატჩის საბოლოო ანგარიში 4:0 ვაკო ყაზაიშვილმა 87-ე წუთზე დააფიქსირა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიფციგში "რედ ბულ არენაზე" გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

 

მინისტრები და ვეტერანები მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 15:32

6 ოქტომბერს 19:00 საათზე „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე, მსოფლიოს თასზე წარმატებით მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება, სადაც მონაწილეობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ.

ამხანაგური მატჩის - "მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისათვის" მიზანია ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.

5 ოქტომბერს 19:00 საათზე „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე, მატჩის წინამოსამზადებელი შეხვედრა იგივე - კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, სადაც შეხვედრის ორგანიზატორმა მინისტრებმა ვეტერანებთან ერთად ივარჯიშეს და საქართველოს ნაკრებს 7 ოქტომბრის მნიშვნელოვანი მატჩის წინ წარმატება უსურვეს.

საქართველოს ნაკრები დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას 7 ოქტომბერს ნამიბიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" საუკეთესო 12 ნაკრებს შორის მოხვდებიან 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს გაინაღდებენ.

ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 14:13

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ კენჭისყრაზე გაირკვა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქე გუნდების ვინაობა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იტალიის, გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნულ ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის. ევროპის ჩემპიონატს წყალბურთში ბელგრადი 10-23 იანვარს უმასპინძლებს.

A ჯგუფი 

მონტენეგრო
ესპანეთი
ჰოლანდია
სლოვაკეთი

B ჯგუფი

სერბეთი
ხორვატია
საფრანგეთი
მალტა

C ჯგუფი

იტალია
რუმინეთი
გერმანია
საქართველო

D ჯგუფი

უნგრეთი
საბერძნეთი
რუსეთი
თურქეთი

ეროვნული ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 10:29

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩისთვის მზადებას იწყებს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრისთვის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე 5 ოქტომბრიდან მოემზადება. კახა ცხადაძემ მოახლოებული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" წევრი, გუგა ფალავანდიშვილი.

მეკარეები:
 გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი", კვიპროსი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე („რიზესპორი“, თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო)

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)

საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი "დინამო არენაზე" 8 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება. გერმანია კი საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიფციგში უმასპინძლებს. შეხვედრა "რედ ბულ არენაზე" თბილისის დროით 22.45 წუთზე ჩატარდება.

საქართველო VS გიბრალტარი - ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 18:10

ახლოვდება საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ევროშესარჩევის მორიგი საშინაო მატჩები.

7 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მატჩის დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

8 ოქტომბერს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს დაიწყო. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. ორშაბათიდან, 5 ოქტომბრიდან კი, ბილეთების შეძენას უკვე „დინამო არენას“ სალაროებში შეძლებთ.

ეროვნული ნაკრების მატჩის ხილვას, ასევე შეძლებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

ლარი გამყარებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 17:32

ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ეროვნულმა ბანკის ახალი გაცვლითი კურსის თანახმად ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარი 2.3816 ლარი ეღირება. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარი 2.3854 ლარი ღირდა.

 

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 11:13

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა 25-27 სექტემბერს ისრაელში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური წარმატებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ტურის E ჯგუფში ფავორიტ ჰოლანდიასთან ფრედ 5:5 ითამაშეს, ხოლო ისრაელი და ლიტვა შესაბამისად 17:6 და 18:6 დაამარცხეს და ჯამში, 2 შესარჩევი ტურის შედეგად მოპოვებული მე-2 გამსვლელი ადგილით და 13 ქულით, სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ, სადაც 16 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატი ბელგრადში 2016 წლის 10-23 იანვარს ჩატარდება.

ბორჯრალოსნები ბოლომდე იბრძვიან

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 20:35

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში არგენტინის ნაკრებს ხვდება. ბორჯღალოსნები თავდადებით თამაშობენ და ბოლომდე იბრძვიან. ამ წუთებში დასრულდა პირველი ტაიმი, არგენტინელები 14:9 გვიგებენ. არგენტინელებმა 1 ლელო და 3 ჯარიმა გაიტანეს.  მერაბ კვირიკაშვილმა სამი  ჯარიმა გაიტანა და ბორჯღალოსნებს 9 ქულა შესძინა.  

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გთავაზობთ.

დღეს "ბორჯღალოსნები" არგენტინელ "პუმებს" დაუპირისპირდებიან

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 09:58

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. 
აქამდე ბორჯღალოსნები და პუმები სამჯერ, შეებნენ ერთმანეთს - ორჯერ 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე და ერთხელაც 2013 წელს სან ხუანში, როდესაც არგენტინის რაგბის კავშირმა მიგვიპატიჟა  ივნისის ტესტ სერიისას სათამაშოდ. სამივე შემთხვევაში გამარჯვება პუმებს დარჩათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო მატჩით ანგარიშში სხვაობა მცირდება. ასევე სამჯერ გვითამაშია ‘იაგუარებად’ წოდებულ არგენტინის ‘ა’ ნაკრებთან, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 2009 წლის ნოემბერში 24:22 გავიმარჯვეთ, ხოლო 2011 წელს ბუქარესტში  და შარშან, თბილისის თასზე ავჭალაში, მოგება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ.

საქართველო-არგენტინის  შეხვედრა  თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური